Category: ახალი ამბები

  • მოგვწერეს, რომ კიდევ შეეცდებიან ხელშეკრულების გაუქმებას – ფრონტერა მთავრობაზე

    მოგვწერეს, რომ კიდევ შეეცდებიან ხელშეკრულების გაუქმებას – ფრონტერა მთავრობაზე

    ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ამერიკული კომპანია, ფრონტერა წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს პრემიერისა და აშშ–ში საქართველოს საელჩოს განცხადებას ეხმიანება. კომპანიის განცხადებით, გახარიას განცხადებიდან მეორე დღეს მთავრობამ წერილი მისწერა, რომელშიც ეწერა, რომ ხელშეკრულებას კვლავ გაუუქმებენ.

    “გასულ კვირას, 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ მედიას მოულოდნელად განუცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩვენთან კონტრაქტი 27 ივლისს არ შეჩერებულიყო, როგორც ამას აპრილიდან იმუქრებიან. მიმდინარე კვირაში იგივე შეტყობინება გაავრცელა შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ, რათა გარკვეულწილად შექმნლიყო შთაბეჭდილება, რომ დიდსულოვანი გადაწყვეტილება ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შეჩერების შესახებ აშშ-საქართველოს პოზიტიური ურთიერთობების სახელით მიიღეს.

    საქართველოს მთავრობამ მედიასა და აშშ-ს ოფიციალურ პირებს სრული ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. პრემიერ – მინისტრის მიერ განცხადების გაკეთებიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, გამოგვიგზავნეს იურიდიული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ იგი კვლავ შეეცდება ჩვენი ხელშეკრულების გაუქმებას და მხოლოდ “დროებით შეაჩერებს” ამ მიზნის განხორციელების მცდელობებს”,– წერს ფრონტერა.

    ამერიკული კომპანია პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას მოუწოდებს, შეაჩერონ “გამიზნულად მცდარი, ზიანის მომტანი და არაგულწრფელი პროპაგანდა” და ამის ნაცვლად, გულწრფელი დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან, აშშ-ს ოფიციალურ პირებთან და კომპანიასთან უშუალოდ იმუშავონ.

    მათი განცხადებით, მთავრობის მიერ ბიზნესის დაშინების მცდელობა არ არის ნორმალური ქცევა, “როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ეს ნამდვილად არ არის წამახალისებელი რეკლამა ამერიკის კერძო სექტორის იმ პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებიც დაშინების ამ სახალხო თეატრს უყურებენ”,– წერია ფრონტერას განცხადებაში.

    “სპექტაკლი, რომელიც დასრულდა ცილისმწამებლური მედიაკამპანიით, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი კომპანიის დაცინვას და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით ყალბი განცხადებების გავრცელებას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას საარბიტრაჟო სასამართლოს ბოლოდროინდელი განჩინება, პატივი სცეს ჩვენი ხელშეკრულების პირობებს, გამართოს ჩვენთან კონსტრუქციული შეხვედრა და მოგვცეს გარანტია, რომ მუშაობის გაგრძელებას საფრთხეების, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე შევძლებთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

    ცნობისთვის, 23 ივლისს ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ „ფრონტერას” კონტრაქტს აღარ გაუწყვეტს. უწყება აცხადებდა, რომ კომპანიას სახელმწიფო საძიებო ტერიტორიების მხოლოდ 1%-ზე მუშაობის უფლებას დაუტოვებენ, რადგან დარჩენილი 99% საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სახელმწიფოს დაუბრუნდა.

    საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკულ კომპანია ფრონტერას შორის დავა წლებია გრძელდება. ამან კონგრესმენების კრიტიკა გამოიწვია, რის გამოც 16 მაისს 6-მა სენატორმა და კონგრესმენმა, სენატორ ტედ კრუზის მონაწილეობით, ამერიკის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და სახაზინო დეპარტამენტის მდივანს მიწერეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამერიკული ბიზნესების შევიწროებაზე იყო საუბარი. ისინი მაგალითად, ფრონტერას ასახელებდნენ.

    მთავრობა კონგრესმენების კრიტიკას მათ ბიზნესინტერესებსა და ლობისტების მუშაობას უკავშირებს.

    საწვავის მომპოვებელი ამერიკული კომპანია „ფრონტერა” საქართველოში 1997 წელს შემოვიდა.

  • რატომ მიიყვანეთ განადგურების პირას ინფექციური საავადმყოფო? – ცერცვაძე სერგეენკოს მიმართავს

    რატომ მიიყვანეთ განადგურების პირას ინფექციური საავადმყოფო? – ცერცვაძე სერგეენკოს მიმართავს

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ჯანდაცვის ყოფილ მინისტრსა და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით სერგეენკოს, ღია წერილით მიმართავს.

    ცენტრის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ეხმიანება სერგეენკოს “იმედის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ მინისტრს მარტო არაფრის გაკეთება შეუძლია, გაფუჭება კი – ბევრის. ინფექციური საავადმყოფო ითხოვს, დააკონკრეტოს, რა გაუფუჭა და რა გაუკეთა მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

    “ა.წ. 21და 26 ივლისს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემებში, “არენა” და “იმედის კვირა” ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, “მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე”. ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა თქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს “მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია”, ხოლო “გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია”.

    მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს “რა გაუკეთა” და “რა გაუფუჭა” (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად, რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და “რა გაუფუჭა” (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა “ეროსტრატეს” სახელით.

    ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები.” – წერია წერილში.

    დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე “ქართული ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი იყო.

    ახლა ის ქართული ოცნების საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევათა რაოდენობა 1145–მდე გაიზარდა. გარდა ამისა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი, მთლიანობაში 927 პაციენტი. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.

  • აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია გახარიას ფეისბუქ გვერდზე, პომპეოს ტვიტერის გვერდზე და სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

    “დღეს პრემიერმინისტრ  გიორგი გახარიასთან საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვისაუბრე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინაშე” – დაწერა პომპეომ ტვიტერზე.

    აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით  პომპეომ კონსტიტუციური ცვლილებები შეაფასა და ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

    გიორგი გახარიასა გვერდზე კი უფრო ვრცელი ინფორმაცია ქვეყნდება, რომლის მიზედვით აშშ–ს სახელმწიფო მდივანსა და გახარიას შორის სატელეფონო საუბრისას  მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

    “სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა კოვიდ-19-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.


    მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა მაღალი შეფასება მისცა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯებს.


    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მათ შორის ლუგარის ცენტრის შექმნის, ასევე პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის. მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მრავალმხრივ დახმარებას, რაც ორი ქვეყნის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველია.


    გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკლ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს.


    საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას მთელი რიგი მიმართულებებით. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე – ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კოვიდ-19 ის კრიზისის მიუხედავად, რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე. პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.


    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.


    საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების როლს რეგიონის და ზოგადად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორს შავი ზღვის რეგიონში.


    მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე.


    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობა და ქართველი სამხედროების მიერ გამოვლენილი განსაკუთრებული პროფესიონალიზმი.


    სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პარლამენტმა ასევე გაითვალისწინა ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ელჩ კელი დეგნანის ჩართულობის როლს ამ პროცესში და აღნიშნა, რომ დიპლომატს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში.


    საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.“–ნათქვამია გახარიას გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • კომპანია „ზეგის“ იურისტი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

    კომპანია „ზეგის“ იურისტი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფება

    თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე კომპანია „ზეგის“ იურისტი ქეთი მირიანაშვილი იმყოფება.

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილის შ.პ.ს „ზეგის“ თანამშრომელი იყო.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს – რამიშვილი

    ალბათ, მოვითხოვ აშშ-დან, ფედერალური ბიუროდანაც ექსპერტების მოწვევას, რომ კომპიუტერის გახსნა მოხდეს – რამიშვილი

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს სპეციალისტები ჩაერთონ.

    ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა.

    როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან უკვე მიმართა საელჩოს და უახლოეს პერიოდში აპირებს განცხადებით, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გასახსნელად ამერიკიდან სპეციალისტების მოწვევას.

    „აღარ გვინდა რაღაც-რაღაცების დეკორატიული შეფუთვები, ეს არის მთელი ერის ტრაგედია. გლოვის ზარები ყველას ოჯახში არ უნდა ჩამოიკრას. ამიტომ კეთილი ინებოს შინაგან საქმეთა მინისტრმაც და გენერალურმა პროკურორმაც.

    უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    წამყვანის კითხვაზე: ამ კომპიუტერში დევს პასუხი კითხვაზე რა დაემართა თამუნა ბაჩალიაშვილს? – რამიშვილმა უპასუხა: „შესაძლებელია. მე წინასწარ ვერ გეტყვით რა დევს, მაგრამ ფაქტი არის, რომ რაღაცები შეიძლება იყოს აღმოჩენილი“, – განაცხადა რამიშვილმა.

  • ნაცმოძრაობას მივმართავ! ნუ გრცხვენიათ, გაბედეთ  დაასახელეთ პრემიერ მინისტრად სააკაშვილი – მურმან დუმბაძე

    ნაცმოძრაობას მივმართავ! ნუ გრცხვენიათ, გაბედეთ დაასახელეთ პრემიერ მინისტრად სააკაშვილი – მურმან დუმბაძე

    “ნაცმოძრაობას მივმართავ! ნუ გრცხვენიათ, გაბედეთ დაასახელეთ პრემიერ მინისტრად სააკაშვილი “- ამის შესახებ, აჭარის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.

    “ნაციონალურ მოძრაობას დღეს ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს და საქართველოს პრემიერ მინსიტრიც იყოს მისი კანდიდატი. ვინ არის? მე გეტყვით ვინც არის, ის არის ახლა უკრაინაში. არ ვიცი მიშა ჩამოვა თუ არა აქ მარა მე ვამბობ მურმან დუმბაძე ვისაც გაბედულება აქვს ამის თქმის. ნაციონალურმა მოძრაობაც უნდა გაბედოს. ბიძინა ივანიშვილს მარტო მიხეილ სააკაშვილის ეშინია რადგან მარტო ის განიხილება ამ ქვეყნის ალტერნატივად. მიშამ წესრიგით ქვეყნის განვითარების ტემპით მოუგო ბიძინას. ნაცმოძრაობას მივმართავ! ნუ გრცხვენიათ, გაბედეთ დაასახელეთ პრემიერ მინისტრად სააკაშვილი”. – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

     

  • ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენაა – მამუკა ხაზარაძე

    ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენაა – მამუკა ხაზარაძე

    “ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენაა “- ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, სვანეთის და ქვეყნის მტერი დღეს უმუშევრობაა, რომელსაც ლელო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამარცხებს.

    “სვანეთი არის ის ადგილი, სადაც მოსახლეობა ყოველთვის იცავს ადათ-წესებს. ეს არის ადგილი, სადაც მტერი ვერასდროს ვერ შემოვიდა და ახლა ჩვენი მტერი უმუშევრობა და სიღატაკეა, ამიტომ ახლა გვაქვს გადამწყვეტი ბრძოლა, რომ ვაჯობოთ იმას, რამაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ჭაობურ და გაჩერებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა სვანური კოშკების აღდგენა იქნება. უნდა დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ისტორიულ ძეგლებს, რომლითაც ვამაყობთ ქართველი ხალხი”, –  აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

    “საგადასახადო შეღავათებზე კანონის გაუმართაობა არის შეცდომა, რადგან თანამედროვე სასტუმროების ქსელის განვითარება მაღალმთიან ზონებში არის მნიშვნელოვანი, რომ დასაქმდეს მოსახლეობა. ზემო სვანეთში ცხოვრობს თავისუფლების მოყვარული ხალხი. სწორედ აქ გადაიდგმება ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ვხვდებით მესტიის მოსახლეობას და გვაქვს საინტერესო დიალოგი, ერთმანეთს ვუცვლით აზრს. საინტერესო შეთავაზებები გვაქვს, რომ სვანეთი განვითარდეს და სრულიად სხვა ცხოვრების სტილი შეიქმნას. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სვანეთი იგრძნობს სარგებელს სახელმწიფოსგან და ამ ცვლილების მექანიზმს ჩვენ შევთავაზებთ”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

  • მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას – გირჩი

    მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას – გირჩი

    “მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას “- გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია  გიგი უგულავას ბრიფინგს ეხმაურება სადაც უგულავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე ვერ თანხმდება.

    “ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ არ დავაყენებდით არსად მაჟორიტარებს, რომ არ შეფერხებულიყო საერთო ოპოზიციური კანდიდატების დაყენების პროცესი. მოვუწოდებთ ნაციონალურ მოძრაობას, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი, მოხდეს ოპოზიციის კონსოლიდაცია და მან ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს, ნუ იქნება ამის შემაფერხებელი.

    თუკი ნაციონალური მოძრაობა არ დაუბრუნდება მაგიდას, ჩვენ, გირჩს მოგვიწევს, ინდივიდუალურად, მაჟორიტარების კანდიდატებთან საუბარი იმ იდეებზე, რაც გირჩს გააჩნია და ამის შემდეგ მხარდაჭერა. გვინდა რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარული კანდიდატებით გავიდეს არჩევნებზე. ეს არის გამარჯვების წინაპირობა”. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

  • პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებას

    პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის განცხადებას

    ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი კატეგორიულად უარყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს მისი შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ, მან უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“. როგორც ლადო ბაჭულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ განცხადების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და გამოძიება დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გარდაცვლილის ოჯახთან და რა სახის.

    „პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს დიდი მწუხარებით, ძალიან მეწყინა. დაბარებული ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც, რაც საერთოდ არ მითქვამს. კომპიუტერთან არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი გამომძიებელმა ამოიღო და პირდაპირ ექსპერტიზაზე წაიღო. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შევხვდი, ასევე სატელეფონო კავშირები მქონდა ოჯახთან იმიტომ, რომ დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლებოდა, წასულიყო. ეს ჩემი მხრიდან გამოკითხვა იყო“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

    მისი თქმით, მას გარდაცვლილის კომპიუტერთან შეხება საერთოდ არ ჰქონია.

    „ოჯახთან კომუნიკაცია მქონდა, როგორც პირადი, ასევე სატელეფონო. თუმცა, ის, რომ „შარშია“ ჩემგან არ თქმულა. როგორ ვეტყოდი, როცა საეროდ კომპიუტერთან შეხება არ მქონდა. ოჯახმაც იცოდა, რომ დღე და ღამეს ვათენებდი იმისთვის, რომ მეპოვა. აქციის დღეს საერთოდ არ მქონია მაგ კაცთან არც შეხება. შეიძლება დილით სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ საღამოს არა. ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური ჩართული იყო. ჩემი სახელი და გვარი პირველივე დღეს ვუთხარი, ასევე საკონტაქტო ტელეფონი. იცოდა, დირექტორის მოადგილე რომ ვიყავი, ჩემს კაბინეტში იყო და აბრა არის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე“,-აცხადებს ლადო ბაჭულაშვილი.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.