Category: ახალი ამბები

  • გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    “ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პომპეო–გახარიას საუბარს ეხმიანება და  ოპოზიციას ურჩევს, გაერკვნენ, რა ფორმით იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე.

    იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს ვერ იყოფს.

    „აშშ-სა და საქართველოს პოზიციები, ცხადია, ემთხვევა იმ საკითხში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი გამჭვირვალობითა და სტანდარტით, ეს ნამდვილად ასე იქნება. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომლებიც ყველაფრის გაფუჭების გარდა არაფერს ცდილობენ, მე მათ ვურჩევდი, ჯერ გაერკვნენ, ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და მერე ისაუბრონ სხვა საკითხებზე, ვინაიდან, საზოგადოება ერთადერთს, რასაც მათგან ხედავს, არის ის, თუ როგორ ლანძღავენ და ებრძვიან ერთმანეთს, ხან სხვებს და ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს,”- განაცხადა იონათამიშვილმა.

    ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

    მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

    რაც შეეხება ოპოზიციას, მათ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქში შეთანხმებას მიაღწიეს. ენმ–მ გადაწვიტა, რომ დანარჩენ 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს. ევროპულმა საქართველომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. ენმ–ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა გირჩმაც.

  • გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რწმენა კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს – NDI

    გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რწმენა კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს – NDI

    NDI–ს კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავთ. ამ მოსაზრებას, მოსახლეობის 38% არ ეთანხმება, ხოლო 9% ამბობს, რომ არ იცის.

    რწმენის ინფიცირებისგან დაცვას ყველაზე ნაკლებად თბილისში ეთანხმებიან, ყველაზე მეტად  სოფლებში.  რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, მას ყველაზე მეტად არ ეთანხმება 18–34 წლის ასაკის ადამიანები, ხოლო ეთანხმება 34–54 წლის მოქალაქეთა კატეგორია.

    NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. მათი ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

    რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი.

    კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.

  • ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი – სამადაშვილი

    ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი – სამადაშვილი

    ენმ–ს წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპული საქართველოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ არჩევნების ბედს არა მაჟორიტარები, არამედ პროპორციული ნაწილი წყვეტს.

    „ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ და არანაირ დათმობაზე არ წავალთ, რაც დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რაც შეეხება პარტიული პროპორციული სიით რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, იმიტომ, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, პროპორციული არჩევნების გზით. ამიტომ ნუ შევიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში, რომ მაჟორიტარებზე გადის არჩევნების ბედი”, – განაცხადა სამადაშვილმა.

    მისი თქმით, ენმ საკუთარ მხარდამჭერებს იმას შესთავაზებს, რასაც მოელიან.

    „ჩვენ გავუკეთებთ საზოგადოებას იმ პოლიტიკურ შეთავაზებას, რომელსაც ჩვენი მხარდამჭერები მოელიან ჩვენგან. ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი მხარდამჭერები და ჩვენი ამომრჩევლები, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა, სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

    ცნობისთვის, გუშინ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

    მან ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. 

    ენმ–ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა პარტია გირჩმაც.

  • გახარია-პომპეოს საუბრის ფონზე ოპოზიციის სპეკულაციები უფრო სასაცილო ხდება – წულუკიანი

    გახარია-პომპეოს საუბრის ფონზე ოპოზიციის სპეკულაციები უფრო სასაცილო ხდება – წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერმინისტრი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემდეგ ოპოზიციის სპეკულაციები საქართველო–ამერიკის პარტნიორობაში ხინჯის შესახებ უფრო სასაცილო ხდება.

    “მხოლოდ გუშინდელი სატელეფონო საუბარი რომ ავიღოთ ორ პირს შორის, ამის ფონზე, მხოლოდ ამ ერთი კონტაქტის და მისი შინაარსის ფონზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სასაცილო ხდება ოპოზიციის სპეკულაციები და განცხადებები, რომ აშშ თავს ანებენს საქართველოს და ქართველ ხალხს და რომ ამ მეგობრობაში და პარტნიორობაში ჩნდება რაღაც ხინჯი, – თქვა თეა წულუკიანმა.

    ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

    მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

    პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

  • მოსახლეობის 73% ქვეყნის ეპიდსიტუაციას მთავრობას/ექიმებს უკავშირებს, 17% – რელიგიას/გენეტიკას –  NDI

    მოსახლეობის 73% ქვეყნის ეპიდსიტუაციას მთავრობას/ექიმებს უკავშირებს, 17% – რელიგიას/გენეტიკას – NDI

    NDI–ს კვლევით, საქართველოს მოქალაქეების 73 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

    NDI-მ კვლევისთვის სატელეფონო გამოკითხვა და ფოკუს ჯგუფების მეთოდოლოგია გამოიყენა. სატელეფონო გამოკითხვის შემთხვევაში, საველე სამუშაოები 26-30 ივნისს ჩატარდა და შედგა 1 550 დასრულებული ინტერვიუ. მათი ინფორმაციით, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა და ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია, თუმცა იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.

    რაც შეეხება ფოკუს ჯგუფებს, საველე სამუშაოები 24-30 ივნისს, ხუთ ქალაქში ჩატარდა: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, მარნეული, ახალქალაქი. თითოეულ ქალაქში 2 ფოკუს ჯგუფი იყო: შერეული ასაკი, სქესი და დასაქმების სტატუსი. მონაწილეები შეარჩიეს ორი მეთოდით: CRRC-ის კოორდინატორები მიდიან ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას, შემთხვევითად აჩერებენ ადამიანებს და ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობას სთავაზობენ და “თოვლის გუნდის” მეთოდი. ფოკუს ჯგუფში დისკუსიას პროფესიონალი მოდერატორი უძღვებოდა, ღია კითხვებით.

  • “90-იანი წლების რეტროსპექტივა” – ქართული ოცნების ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

    “90-იანი წლების რეტროსპექტივა” – ქართული ოცნების ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

    “90იანების რეტროსპექტივა”– სამართლიანობის საინიციატივო ჯგუფმა “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია–პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებს 90–იანი წლებისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელი ეცვათ და ხელში სათამაშო ცეცხლსასროლი იარაღები ეჭირათ. მათ გააჟღერეს რუსული კრიმინალური შინაარსის სიმღერაც.

    საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ 90–იანი წლების დამახასათებელი მოვლენები: კრიმინალი, მკვლელობა, ნარკოტიკების ჩადება და რუსეთის გავლენები გააძლიეროს. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის გუნდს ირონიულად მადლობაც გადაუხადეს.

  • მაიკ პომპეოს გახარიასთან საუბრის შინაარსი იყო – არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება! – გოცირიძე

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მთავარი გზავნილი გახარიასთან საუბრისას იყო, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება.

    “პრემიერ- მინისტრისა და აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია – გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ – მადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინაადეგოდ”,– ამბობს გოცირიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ აშშ–მ არჩევნების ჩატარებაში პრობლემები დაინახა, ამას უმკაცრესი შედეგი ექნება ხელისუფლებისთვის.

    |მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ- ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე იყო რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

  • ხატების ქურდობიდან დაიწყო მისი სულიერი მოღვაწეობა, სიმაღლეზე ასულა – კობახიძე მეუფე ანტონზე

    ხატების ქურდობიდან დაიწყო მისი სულიერი მოღვაწეობა, სიმაღლეზე ასულა – კობახიძე მეუფე ანტონზე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი მშენებლობიდან 1 მლნ 350 ათასი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა. 

    კობახიძის თქმით, მეუფემ მოღვაწეობა ხატების ქურდობით დაიწყო.

    “მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი დოლარი მიუთვისებია მეუფე ანტონ ბულუხიას სამშენებლო ბიზნესიდან. ხატების ქურდობიდან დაიწყო მისი სულიერი მოღვაწეობა და რამხელა სიმაღლეზე ასულა. არც მალავს, მეკუთვნოდა და წამოვიღეო, რას მიზამთ აბაო. სულ მე არ დამიტოვებია, ნაწილი პედოფილიაში ბრალდებულ ბორჯომის მაშინდელ მეუფე სერაფიმეს მივეციო.

    გამოძიება ვერაფერს უბედავს, საპატრიარქო დაზარალებულებს არც პასუხობს. პირიქით, ანტონის იუდასმიერი ძმის, მეუფე დანიელის პირით გაჰყვირის ანტიქრისტე მოახლოვდა, უფალი განრისხებულია, ეკლესიას გვებრძვიანო. რითი გებრძვიან? მილიონების შოვნაში და რეკეტში გიშლიან ხელს და მაგიტომ განრისხდა უფალი? კი, ჩვენი ეკლესიის ღმერთს უყვარს დოლარები, ოქროები, მარმარილოები, მიწები და ტყეები, მაგასაც უნდა გავუგოთ, მარტო ხომ არაა, ამდენი მეუფე მამაო ყავს სარჩენი”,– წერს ბასილ კობახიძე.

    სამშენებლო კომპანია “კეკელიძე 61″–ის დამფუძნებელის, დემურ გიორხელიძის თქმით, პროკურატურას რამდენიმე წლის წინ მიმართა, თუმცა გამოძიება არ მიმდინარეობს და მეუფესაც არ კითხავენ. 

    მეუფე ანტონი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ წლების წინ ნამდვილად უდასტურებდა ამხანაგობის გარდაცვლილ თავმჯდომარეს, ნანა ესაკიას ხელმოწერით იმას, რომ იგი ამ თანხებს ვანის და ბაღდათის ეპარქიას სწირავდა.

  • დავაკავეთ პირი, რომელიც სახელმწიფო ქონებას მოტყუებით დაეუფლა – საგამოძიებო სამსახური

    დავაკავეთ პირი, რომელიც სახელმწიფო ქონებას მოტყუებით დაეუფლა – საგამოძიებო სამსახური

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ქონებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლას ედავებიან.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კახეთში საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციის დროს დოკუმენტაციაში გაზარდა რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რის შედეგადაც 7 303 ლარს უკანონოდ დაეუფლა”,– აცხადებს უწყება.

    მათი ინფორმაციით, ბრალდებულმა მიყენებული ზიანი სრულად აანაზღაურა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და 362-ე პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თაღლითობასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • 8 ახალი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა – ეზუგბაია

    8 ახალი შემთხვევიდან ერთი მედპერსონალია, ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქრათველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო ლილოს ბაზრობაა, ერთის – გაჩიანი, ერთი დაავადებულთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ოთხი შემთხვევა კი იმპორტირებულია.

    ეზუგბაიას თქმით, ოთხი შემოტანილი შემთხვევიდან 2 სატვირთიო მანქანის მძღოლია.

    მისივე განცხადებით, მათ ცენტრში კვლავ 41 პაციენტია მოთავსებული, რომელთა უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

    “გვყავდა ორი მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა გუშინ გაუმჯობესდა და დღეს ისინი განხილებიან, როგოირც საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამ 41 პაციენტიდან დიდი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მეორე ნაწილის კი, მათზე მსუბუქი“,- თქვა ეზუგბაიამ.

    დღეს კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსი 1 145 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 927 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.