Category: ახალი ამბები

  • ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადაიტანა

    ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსი გადაიტანა

    ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ Covid19 გადაიტანა. ის ყოველთვის სკეპტიკურად ეკიდებოდა კორონავირუსს.

    “ბოდიშს გიცდით ჩემი ხმისთვის. ბოლო დროს ბევრი ლაპარაკი მიწევს. მაგრამ, ყველაზე საოცარი ის არის, რომ დღეს თქვენ ხვდებით ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი ფეხზე გადაიტანა. ასეთი დასკვნა გააკეთეს გუშინ ექიმებმა. უსიმპტომოდ გადავიტანე“– ციტირებს პრეზიდენტს სააგენტო ბელტა.

    ბელორუსის პრეზიდენტი იმით არის ცნობილი, რომ ყველას მოუწოდებდა პანდემიის საფრთხე არ გაეზვიადებინათ. 9 მაისს მინსკში გამარჯვების აღლუმიც შედგა, როცა მაგალითად მოსკოვში აღლუმი ივნისისთვის გადაიტანეს. ბელორუსის ფეხბურთის ჩემპიონატი ერთადერთი იყო ევროპაში, რომელიც კორონავირუსის გამო არ შეჩერებულა.

    ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არ გამოუცხადებიათ. ქვეყნის საზღვრები არ ჩაუკეტავთ. ბელორუსთან საზღვარი სხვა ქვეყნებმა – რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და უკრაინამ ჩაკეტეს.

    განცხადება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი გადაიტანა ლუკაშენკომ შსს–ს ძალების საბრძოლო ნაწილში სტუმრობისას გააკეთა.

    “როგორც ვამბობდი, ჩვენი მოსახლეობის 97 %–ს ეს ინფექცია უსიმპტომოდ გადააქვს. მადლობა ღმერთს, მოვახერხე ამ უსიმპტომოების კოჰორტაში მოხვედრა. ბოლოს და ბოლოს მეც მოვხვდი ბელორუსის ამ ოქროს ფონდში“– იხუმრე ბელორუსის პრეზიდენტმა.

    28 ივლისის მდგომარეობით ბელორუსში 67 000–ზე მეტი კოვიდ ინფიცირებულია დარეგისტრირებული. პანდემიის პერიოდში სულ 543 პაციენტი გადაიცვალა.

  • პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, მე კაბინეტები არ მექნება, ვიქნები ხელმისაწვდომი – ვაშაძე

    პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, მე კაბინეტები არ მექნება, ვიქნები ხელმისაწვდომი – ვაშაძე

    “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხალხისთვის.

    ვაშაძე აღნიშნავს, რომ თუ პრემიერი გახდება, ყველასთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება.

    „მე არ ვარ კაბინეტის ადამიანი. კაბინეტი რომ საერთოდ არ მაქვს იცით?! პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ხალხთან, უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, პრემიერ-მინისტრს პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეს იმ ადამიანებთან, ვისაც უჭირს, უნდა უსმენდეს უმუშევრებს, უნდა ფიქრობდეს ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებაზე, უნდა ფიქრობდეს პენსიონერების იმ მძიმე ყოფაზე, რაც სესხების პროცენტით უღელად დაადეს ისედაც მცირე პენსიის პირობებში, პრემიერ-მინისტრი უნდა მუშაობდეს ახალგაზრდებთან. პირდაპირ გეტყვით, კაბინეტები კი არ მექნება, მე ვიქნები გამჭვირვალე. ხელმისაწვდომი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    მისივე თქმით, იუსტიციის სახლი სწორედ იმიტომ გააკეთა, რომ ხალხთან ახლოს ყოფილიყო.

    „თავიდან კაბინეტი დამხვდა და მქონდა. მერე კი ვიჯექით , აი, ასე [ხალხთან ერთად]. მე მიყვარს ხალხთან ერთად ყოფნა, ყველაფერს კედლებზე ვწერთ, ჩემთან ყველა პროექტი კედლებზეა დაწერილი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებენ. ახალი ძალის პრემიერობის კანდიდატი ვაშაძე იქნება.

  • საქართველოს მიმართ ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ – დეგნანი

    საქართველოს მიმართ ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ – დეგნანი

    საქართველოში აშშ–ს ელჩი, კელი დეგნანი გახარია–პომპეოს საუბარს ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ.

    დეგნანი აღნიშნავს, რომ არჩევნები არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს.

    “ძალიან პოზიტიურია და სასარგებლოა როცა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ ძალიან ფართოდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად, სხვადასხვა არხებით. რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება და ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

    27 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები.

    პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

    ოპოზიციიმ ეს ზარი გამაფრთხილებელ ნიშნად აღიქვა, ხელისუფლებამ კი მყარი პარტიონორობის კიდევ ერთ დადასტურებად.

  • დედოფლისწყაროში დაკარგული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი თბილისში იპოვეს

    დედოფლისწყაროში დაკარგული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი თბილისში იპოვეს

    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაკარგული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი თბილისში იპოვეს.

    შსს–ს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მეორე მოზარდის ადგილმდებარეობა.

    ახალგაზრდები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.

    გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

  • აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავებს თამარ ბაჩალიაშვილი არც მოუძებნიათ – მიხეილ რამიშვილი

    აღმოჩნდა, რომ სამართალდამცავებს თამარ ბაჩალიაშვილი არც მოუძებნიათ – მიხეილ რამიშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის გოგოს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, სამართალდამცავები გოგონას გამოჩენას ელოდებოდნენ და ის არ მოუძებნიათ.

    „დარწმუნებული ვარ უკვე იმაშიც, რომ ალბათ საგამოძიებო ორგანოებმა, რომლებმაც მიიღეს განცხადება, რომ ბავშვი არ ჩანდა ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა გოგოა, ეტყობა მანქანით გაისეირნა თავის მეგობრებთან და დაბრუნდება რამდენიმე დღეში. უბრალოდ გააკეთეს განცხადება, რომ ვეძებთ. ის 15 კილომეტრი მერე აღმოჩნდა, რომ არც მოუძებნიათ. ელოდებოდნენ, რომ 2-3 დღეში ბავშვი დაბრუნდებოდა, აი ეს არის შედეგი”,– თქვა რამიშვილმა.

    მისივე განცხადებით, სამართალდამცავების მოვალეობა იყო, ნებმისიერ შემთხვევაში მოეძებნათ დაკარგული გოგო.

    “არ შეიძლება, როდესაც ხარ გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელი უყურო ისე, რომ ბავშვი დაბრუნდება. თუ შენ პროფესიონალი ხარ, შენ თუ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი თანამშრომელი ხარ, არ შეიძლება, შეფასება დაიწყო, რომ ახალგაზრდაა და მოვა, შენი ვალდებულებაა ნებისმიერ სიტუაციაში რეაგირება მოახდინო ისე, როგორც გევალება“, – განაცხადა რამიშვილმა.

    მანვე აღნიშნა, რომ ახლა გამოძიება არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს და არაფერია იდეალურად.

    “არ არის არაფერი იდეალურად. არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს, ოჯახის წევრებთან გარკვეული ვაჭრობა განახორციელეს, გამოძიება არ მოიქცა ისე, როგორც იმ პერიოდში შვილდაკარგულ მამასთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა,”,– თქვა რამიშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • კოვიდ-19-ის პანდემია “ერთი დიდი ტალღაა” და არა სეზონური – ჯანმო

    კოვიდ-19-ის პანდემია “ერთი დიდი ტალღაა” და არა სეზონური – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსი არ მოქმედებს, როგორც გრიპი და ის სეზონური არ არის.

    “ადამიანები კვლავ ფიქრობენ სეზონებზე. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ახალი ვირუსია… და ის სხვაგვარად იქცევა” – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა.

    მარგარეტ ჰარისმა, ჟენევაში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე, ქვეყნებს სიფრთხილისკენ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ზომები მიღებისკენ მოუწოდა. კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვირუსი განსაკუთრებით, მასობრივი შეკრებების დროს ვრცელდება.

    ჰარისმა ასევე განმარტა, რომ ვირუსის ტალღებს ვადები არ აქვს. “ეს იქნება ერთი დიდი ტალღა. [კოვიდ-19-ის შემთხვევები] მაღლა აიწევს და შემდეგ ოდნავ დაბლა წამოვა. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ მრუდს გავასწორებთ და გავაკონტროლებთ” – აცხადებს ჯანმოს სპიკერი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, მათ აშანტაჟებენ და უთვალთვალებენ

    ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, მათ აშანტაჟებენ და უთვალთვალებენ

    ცენტრ ემპათიის დამოუკიდებელი ექსპერტების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ მათზე ზეწოლა, შანტაჟი, უკანონო თვალთვალი და მუქარა დაიწყო.

    მათი ინფორმაციით, რაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ისინი ოჯახმა დამოუკიდებელ ექსპერტებად წარადგინა, ზეწოლა გავრცელდა ადვოკატ მიხეილ რამიშვილზეც.

    „უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით გახშირდა მუქარისა და ზეწოლის ფაქტები ცენტრ „ემპათიას“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინას, უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილისა და ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ. აღნიშნული ზეწოლა გულისხმობს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელში ორგანიზებულ შეტევებს. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ, პირისპირი კომუნიკაციისას, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით”,– აცხადებენ “ემპათიაში”

    მათი თქმით, ზეწოლა მიმდინარეობს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების, ასევე „ტროლებისა“ და „ბოტების“ დახმარებით, მისი მიზანი კი ცენტრ „ემპათიას“ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პატივის, ღირსების და პროფესიული რეპუტაციის შელახვაა.

     

     

  • წარმოვადგენ თითოეული წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაშია – ცერცვაძე სერგეენკოზე

    წარმოვადგენ თითოეული წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაშია – ცერცვაძე სერგეენკოზე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს წინააღმდეგ მორიგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, წარმოადგენს თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც მის განცხადებაშია.

    მისი თქმით, 7 წლის განმავლობაში მის მიმართ უფრო მწვავე რიტორიკა ჰქონდა, თუმცა პოსტი ახლა დაწერა.

    „ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მე ამ რიტორიკით მივმართავდი 7 წლის განმავლობაში და შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით უფრო მწვავე და კატეგორიულია. რისი თქმაც მინდოდა, წერილში ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე და მკაფიოდ დავუსვი ბატონ სერგეენკოს კითხვები. ამ ეტაპზე არანაირ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ გავაკეთებ. თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის”,– ამბობს ცერცვაძე.

    ცნობისთვის, გუშინ თენგიზ ცერცვაძემ სერგეენკოს მიმართა და ინფექციური საავადმყოფოს გამიზნულად განადგურებაში დაადანაშაულა. ის ითხოვს, ყოფილა მინისტრმა დააკონკრეტოს, რა გაუფუჭა და რა გაუკეთა მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

    დავით სერგეენკო 2012 წლიდან 2019 წლამდე “ქართული ოცნების” მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი იყო. ახლა ის ქართული ოცნების საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია.

  • პარტნიორებისგან ველი უფრო მკვეთრ პოზიციებს, ივანიშვილს ენის მოჩლექვა არ ესმის – სააკაშვილი

    პარტნიორებისგან ველი უფრო მკვეთრ პოზიციებს, ივანიშვილს ენის მოჩლექვა არ ესმის – სააკაშვილი

    საქართველოს მე–3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც მაიკ პომპეოსა და გახარიას საუბარს ეხმიანება.

    მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან ივანიშვილის მიმართ უფრო მკვეთრ პოზიციებს ელის.

    სააკაშვილი აღნიშნავს, რომ “ივანიშვილს და მის დამქაშებს” დიპლომატიური ენა არ ესმით, ამიტომ პარტნიორებმა უფრო ზუსტი ფორმულირებებით უნდა ისაუბრონ, ყველაფერი კი აკეთკენ მიდის.

    27 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.

    მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

    ოპოზიციიმ ეს ზარი გამაფრთხილებელ ნიშნად აღიქვა, ხელისუფლებამ კი მყარი პარტიონორობის კიდევ ერთ დადასტურებად.

  • მაჟორიტარების გადანაწილების რა ვარიანტებს სთავაზობდა ევროპული საქართველო ენმ-ს

    მაჟორიტარების გადანაწილების რა ვარიანტებს სთავაზობდა ევროპული საქართველო ენმ-ს

    ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა.

    ბოკერიას განცხადებით, პირველი შეთავაზება იყო ფართო ვარიანტი 11/8–ზე, რაც ითვალისწინებდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში – თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა. ხოლო ნაციონალური მოძრაობა დაუჭერდა დანარჩენი პარტიების მხრიდან შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში – თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა.

    რაც შეეხება, მეორე, უფრო ვიწრო შეთანხმებას, ეს 8/4–ზე გადანაწილებას გულისხმობდა.

    “თუ ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა რომელიმე მოთამაშის ან ენმ-ის პოზიციის გამო, ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებასაც ჩვენ შორის. უფრო მარტივს. აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს – ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე… რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს – ეს არის ზემო აჭარა, ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე – ხონში.

    უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ვთავაზობთ, კონკრეტული, ძალიან მოქნილი შეთავაზებები გვქონდა”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

    მან აღნიშნა, რომ ეს წინადადება რამდენიმე დღე კიდევ ძალაშია.

    გუშინ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

    მან ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. 

    ენმ–ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა პარტია გირჩმაც.

    დღეს ამ მოწოდებებს ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმარა და თქვა, რომ არჩევნების ბედს არა მაჟორიტარები, არამედ პროპორციული ნაწილი წყვეტს, ამიტომ საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.