Category: ახალი ამბები

  • პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

    პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

    პოლიციელ ლადო ფრიდონაშვილს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ავტომანქანით დაეჯახა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

    ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ არაგვისპირთან მოხდა, რის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა პოლიციელი დააკავეს.

    პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.

  • სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან

    სტადიონებზე გულშემატკივრები 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან

    სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეები სტადიონებზე 2 სკამის გამოტოვებით განთავსდებიან. აღნიშნულს ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო შეიმუშავა.

    შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში მიმდინარე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებას გულშემატკივრები უახლოეს პერიოდში შეძლებენ, ზუსტი პროტოკოლი კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

    მისივე განმარტებით, სტადიონებზე მაყურებლის 2 სკამის გამოტოვებით განთავსების გარდა, პროტოკოლის თანახმად, კვლავ აუცილებელ პირობად რჩება პირბადეების გამოყენება და ხელების ჰიგიენური დამუშავება.

    „სპორტული ღონისძიებებისას, ძირითადად ფეხბურთის მატჩის ჩატარებისას, ან ფეხბურთის შეჯიბრში მონაწილეობისას, სტადიონზე დამსწრეების ადგილი ისე უნდა მოინიშნოს, რომ დასაჯდომი ადგილების 33%, მესამედი იყოს დაკავებული. დამსწრეები სტადიონზე 2 სკამის გამოტოვებით უნდა განთავსდნენ.

    შიდა დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის გამოყენება აუცილებელია. შეჯიბრში მონაწილეთათვის და დამსწრეებისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის დაცვა 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით.

    შეჯიბრში მონაწილეებმა მინიმალურად უნდა გამოიყენონ საერთო სპორტული ინვენტარი, გარდა ბატუტისა და ბურთისა.

    მატჩის შემდგომ უნდა ჩატარდეს დასაჯდომი ადგილების დეზინფექცია. ასევე, უნდა იყოს გაკრული აბრები ყველასთვის, რომ არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და დაიცვან დისტანცია.

    სტადიონზე დამსწრეების ნახევარზე ნაკლები უნდა შევიდეს.

    სპორტის სხვა სახეობების, კალათბურთის, ხელბურთის, ან ფრენბურთის შემთხვევაშიც, აღნიშნული რეკომენდაციები იმოქმედებს“, – განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

    ამასთან, გულშემატკივრები სტადიონზე შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან.

  • YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი ალექსანდრ დუგინის ანგარიში დაბლოკა

    YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი ალექსანდრ დუგინის ანგარიში დაბლოკა

    Youtube-მა რუსული ტელევიზია “ცარგრად ტივისა” და მისი ყოფილი მთავარი რედაქტორის, ალექსანდრ დუგინის ანგარიშები დაბლოკა – მიზეზი სავაჭრო რეგულაციების  დარღვევაა.დაბლოკვამდე ტელევიზიის YouTube არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. Google-მა ის სამუდამოდ გააუქმა.

    დუგინი ვლადიმერ პუტინის აქტიური მხარდამჭერია. ის საერთაშორისო „ევრაზიული მოძრაობის“ იდეოლოგია, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის მთავრობას თბილისის დაპყრობას და პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას ურჩევდა. დუგინი ასევე დაკავშირებულია “ოჯახების მსოფლიო კონგრესთანაც”, რომლის რეგიონულ კონფერენციას 2014 წელს საქართველოში ლევან ვასაძემ უმასპინძლა.

  • სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს

    სვანეთში დაკარგული 13 წლის ილია ფილფანის ოჯახი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს

    სვანეთში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უკვე მე-12 დღეა ეძებენ. მოზარდი  სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან არ დაბრუნებულა. სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული.

    მოზარდს  ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე აჭარაშიც.  ბავშვის ოჯახი მოსახლეობას დახმარებას სთხოვს.

    შეგახსენებთ, რომ მოზარდი 18 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მეხანძრე-მაშველები. 13 წლის ბიჭს ეძებენ დრონებითაც. 20 ივლისს სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენიც ჩაერთო.

    13 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე გამოძიება143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

    სტატისტიკური მონაცემებით 2020 წლის იანვრიდან ამ დრომდე ეძებენ 20 ადამიანს, მათ შორის სამი არასრუწლოვანია. 8 გაუჩინარებული კი გარდაცვლილი იპოვეს.

  • საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული.

    გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 929-ს შეადგენს.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

  • თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი მოხსნილია. ექსპერტიზის ბიურომ ინფორმაციის კოპირება დაიწყო

    თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი მოხსნილია. ექსპერტიზის ბიურომ ინფორმაციის კოპირება დაიწყო

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დატოვა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნის პროცედურას ესწრებოდა.

    როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ უთხრა, ბიუროში მისვლის დროს, მას კომპიუტერის პაროლი მოხსნილი დახვდა, თუმცა ამოღებულია თუ არა იქიდან რაიმე სახის ინფორმაცია, ექსპერტიზის ბიუროსა და გამოძიების მიერ, რამიშვილი ვერ აკონკრეტებს.

    ადვოკატი ამბობს, რომ ამჟამად კომპიუტერში არსებული ინფორმაციის კოპირება მიმდინარეობს, რასაც სავარაუდოდ რამდენიმე საათი დასჭირდება.

    რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის გაუქმებულ Facebook გვერდს,  მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები ამ ფაქტსაც სწავლობენ, ამ ეტაპზე კი რაიმე მოსაზრების გამოთქმისაგან, ადვოკატი თავს იკავებს.

    მიხეილ რამიშვილი კომპიუტერი გახსნის პროცედურაზე დასწრებას ითხოვდა.

    “კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წარმომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება. სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს. თუ ეს კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენს ამ საცოდავი გოგოს გარდაცვალებას” თქვა რამიშვილმა.

  • სოფელ მაწევანში მცხოვრები გოგო ყვება, რომ ბაჩალიაშვილი დაკარგვიდან მეორე დღეს ნახა

    სოფელ მაწევანში მცხოვრები გოგო ყვება, რომ ბაჩალიაშვილი დაკარგვიდან მეორე დღეს ნახა

    ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემას პოლიტმეტრთან ინტერვიუში, სოფელი მაწევანის მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს ნახა.

    “როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღესვე შევნიშნეთ, რომ თავისივე მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს, 19 ივლისს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით პოლიციელებს და უფროსებსაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი.

    ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი, ჩემი თვალით ვნახე”,– თქვა ეკატერინე ელბაქიძემ.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • მირიან ნიკოლაძემ ის ბილიკი ჩაირბინა, რომელზეც სავარაუდოდ შაქარაშვილს მისდევდნენ (ვიდეო)

    მირიან ნიკოლაძემ ის ბილიკი ჩაირბინა, რომელზეც სავარაუდოდ შაქარაშვილს მისდევდნენ (ვიდეო)

    გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ის ბილიკი ჩაირბინა, რომელზეც სავარაუდოდ შაქარაშვილს მდევრები მისდევნდნენ. ვიდეოში ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ ექსპერიმენტის მიზანია, დაადგინოს, “რა შესაძლებლობები არსებობს”, შეიძლება [მისი ჩარბენა] ფიზიკურად თუ არა.

    https://www.facebook.com/nino.shakarashvili/videos/3112838545417806/

    ბილიკის ჩარბენის შემდეგ ის და მისი თანმხლები მამაკაცი ამბობენ, რომ სხეულზე არანაირი დაზიანება არ აქვთ.

    “ანუ შეიძლება, რომ ისე ჩამოირბინო, რომ მარტო მობილურის ფანრის შუქზე აქ არაფერი დაგემართოს”,– ამბობს ნიკოლაძე. თუმცა, როგორც ცნობილია, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ ღამეს მობილური არ ჰქონია, შესაბამისად, ის გზას ვერ გაინათებდა. გარდა ამისა, 19 წლის ფეხბურთელი იმ ტერიტორიაზე მანამდე ნამყოფი არ იყო.

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც მიმდინარეობს, 109-ე მუხლის მეორე ნაწილი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ჯერჯერობით ამ მუხლით ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

  • დედოფლისწყაროში დაკარგული მეორე მოზარდიც თბილისში იპოვეს

    დედოფლისწყაროში დაკარგული მეორე მოზარდიც თბილისში იპოვეს

    პოლიციამ დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე არასრულწლოვანი იპოვა. ერთი მათგანი მათ ლილოში რამდენიმე საათის წინ იპოვა, მეორე კი – ისანში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

    ახალგაზრდები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.

    გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

  • თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება

    თამარ ბაჩალიაშვილის Facebook გვერდი აღარ იძებნება

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ზე დღეს აღარ იძებნება. რა არის ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

    ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, წინასწარ კომენტარისგან თავს შეიკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი თანდასწრების გარეშე კომპიუტერი არ გაიხსნებოდა.

    “ამის თაოაბზე არაფერს გეტყვით. მე მალე მივდივარ ექსპერტიზის ბიუროში კომპუტერთან დაკავშირებით და გავარკვევ, წინასწარ არაფერს გეტყვით. კომპუტერი არ გაიხსნება ჩემი თანდასწრების გარეშე, მე იქ ვიქნები ჩემს წამომადგენელთან ერთად; თუ ჩემი თანდასწრების გარეშე გახსნილი აღმოჩნდება კომპიუტერი – ეს დადასტურდება. სხვა შემთხვევაში, ჩავატარებ ყველანაირ ექსპერტიზას, იმისთვის, რომ დამატებითი კითხვები არ გამიჩნდეს.

    თუ ეს კომპიუტერი გაიხსნება, გასაჯაროვდება მხოლოდ ის, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიებას და მხოლოდ და მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ნათელს მოფენს ამ საცოდავი გოგოს გარდაცვალებას”,– თქვა რამიშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში.

    ცნობისთვის, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ფეისბუქ გვერდი არ იშლება, ის ხსოვნის გვერდად გადაკეთდება ხოლმე.