Category: ახალი ამბები

  • დავაკავეთ 3 პირი, რომლებმაც 15 წლის გოგო მოიტაცეს, ერთ–ერთმა ის გააუპატიურა – შსს

    დავაკავეთ 3 პირი, რომლებმაც 15 წლის გოგო მოიტაცეს, ერთ–ერთმა ის გააუპატიურა – შსს

    პოლიციამ მარნეულში ქორწინების მოტივით არასრულწლოვნის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის სამი პირი დააკავა. 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი, ხოლო 1998
    წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის
    ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს”,– წერია შსს–ს განცხადებაში.

    გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • „ქართულ ოცნებას” იდეა დაეკარგა და კოვიდს ებღაუჭება, იქნებ გადაარჩინოს – ბესელია

    „ქართულ ოცნებას” იდეა დაეკარგა და კოვიდს ებღაუჭება, იქნებ გადაარჩინოს – ბესელია

    პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის ნაზავია, რომელმაც იდეა დაკარგა და კორონავირუსს ებღაუჭება.

    “2012 წელს იყო იდეის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი, ადამიანები, რომლებიც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის, დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაზავი „ქართული ოცნება“, რომელსაც იდეა დაეკარგა და ერთადერთი კოვიდს ებღაუჭება, იქნებ კოვიდმა გადაარჩინოს”,– ამბობს ბესელია პალიტრანიუსის ეთერში.

    მისივე თქმით, 2012 წლის „ქართული ოცნება“ და დღევანდელი „ქართული ოცნება“ ცა და დედამიწასავით, შავი და თეთრივით განსხვავდება. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ორპოლუსიანობას დაანგრევს და კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

    „იმ ხალხისთვის და იმ ჩვენი თანამებრძოლებისთვის, ვინც პირველი ოქტომბერი შექმნა, ეს არის დამსხვრეული ოცნება. მოსახლეობამ ნახა, რომ წარსული იყო მძიმე, იმ წარსულში დაბრუნება არ უნდა არავის. აწმყოს მიმართ აქვს ნიჰილისტური დამოკიდებულება, დანარჩენი საზოგადოების უმრავლესობა რაღაც სხვას ითხოვს. მესამე ძალა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი არ იქნება. ალტერნატივა იქნება ყველა სხვა დანარჩენი ვინც ამ ორ, სააკაშვილი-ივანიშვილის, არჩევანში არ არის. ეს მესამე იქნება დიდი სხვა ერთობა. სწორედ დაბალბარიერიანი არჩევნები იქნება, რომელიც ანგრევს ორპოლუსიან სისტემას და სწორედ ეს ცვლილება განსაზღვრავს 2020-ის არჩევნებში ახალ კოალიციურ მთავრობას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 30 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    ისნის რაიონი

    10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, ფერიცვალების,  მეტეხის, რუისის, სევანის, ალიხანიანის, ფაღავას, წურწუმიას, ირბახის, ლაგოდეხის, ხერხეულიძის, ლადო მესხიშვილის, შავიშვილის, იორის, წინანდლის, სართიჭალის, იზაშვილის, ბოროდინის, ღვინის აღმართის, ურბნისის და დუტუ მეგრელის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის, პაატა გუგუშვილის და ბესო ბერიას ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩახრუხაძის, შავთელის, ავლევის, ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ალექსანდრე დიუმას, ეითიმ გურჯის და ვერცხლის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახალციხის, ბენაშვილის, იაროსლავის, ლენტეხის, ოსიაურის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მიხეილ ჭიაურელის, ახმეტელის, გიული ჭოხონელიძის, ესმა ონიანის და დავით რონდელის ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”. – აცხადებს თელასი

  • კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ვუშვებთ “ოცნებასთან” და გამოვრიცხავთ ენმ-სთან – ძიძიგური

    კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ვუშვებთ “ოცნებასთან” და გამოვრიცხავთ ენმ-სთან – ძიძიგური

    პარტია კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნას განიხილავს.

    „ორი პარტიაა, რომელსაც შეუძლია მთავრობის შექმნა. ერთი არის სააკაშვილთან აფილირებული ძალები და მეორე არის ქართული ოცნება. ჩვენ გაცილებით მეტი ბმა გვაქვს ქართულ ოცნებასთან, სააკაშვილთან არანაირი ბმა არ გვაქვს”, – თქვა ძიძიგურმა ფორმულასთან ინტერვიუში.

    მისი თქმით, თავად ქართულ ოცნებასთან ამ საკითზე ჯერჯერობით არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია და არც აპირებს რომ ჰქონდეს.

    „ქართულ ოცნებასთან არავითარი კონსულტაცია არ მქონია და არც ვაპირებ. ეს ჩვენი შეხედულებაა, ასე ვფიქრობთ და ასე ვაცხადებთ. ეს არ არის არანაირი გარიგება, ჩვენ მხოლოდ ჩვენს პოზიციაზე  ვსაუბრობთ. კოალიციის შექმნის შესაძლებლობას ჩვენ ვუშვებთ ქართულ ოცნებასთან და გამოვრიცხავთ ნაციონალურ მოძრაობასთან”, – აცხადებს ძიძიგური.

  • მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თავისუფლად, დაშინების გარეშე მივიდეს არჩევნებზე – დეგნანი

    მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი თავისუფლად, დაშინების გარეშე მივიდეს არჩევნებზე – დეგნანი

    საქართველოში აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამომრჩეველს არჩევნებზე თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ასევე, ამომრჩეველი არჩევნების შედეგებს უნდა ენდობოდეს.

    „მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები და განხორციელდა საარჩევნო რეფორმა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობამ არ ასახა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტებს გვქონდა, ეს იყო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ახლა მნიშვნელოვანია არჩევნების დროს საარჩევნო კანონმდებლობა პრაქტიკაში დაწვრილებით იყოს აღსრულებული, იმისთვის რომ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად, დაშინებისა თუ სხვა დაბრკოლების გარეშე მივიდეს არჩევნებზე და ჰქონდეს ნდობა, იმ შედეგებზე, რაც დადგება”,– თქვა კელი დეგნანმა.

    ის დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძეს შეხვდა, რომელთანაც 2020 წლის არჩევნებსა და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

    „ ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის მნიშვნელობაზე და იმაზე რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უკეთ მოახდინოს თავისი პრობლემატური საკითხების წამოჭრა ადგილობრივ მთავრობასთან მოგვარების მიზნით. ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, თავისუფალი და სამართლიანი რომ იყოს. ამ სიტუაციაში გასათვალისწინებელია კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაც. გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების საკითხსაც. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე, რაც იმერეთის რეგიონში ხორციელდება, რითაც საბოლოოდ რეგიონში მეტი დასაქმებული იქნება“,-განაცხადა კელი დეგნანმა.

  • ბოლო რამდენიმე წელიწადში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში – თურნავა

    ბოლო რამდენიმე წელიწადში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20-წლიან პერიოდში – თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ჰიდროელექტროსადგურების შენების თვალსაზრისით ბოლო რამდენიმე წელში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20–წლიან პერიოდში.

    მისი განცხადებით, “ბოლო 8 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 40-მდე ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეა 654 მგვტ.

    მინისტრის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში აშენდა და ამოქმედდა „შუახევიჰესი“, მშენებლობის პროცესში გადავიდა „ნამახვანი ჰესი“ და „ნენსკრა ჰესი“. გარდა ამისა, ექსპლუატაციაში შევიდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორი თბოელექტროსადგური გარდაბანში.

    „ენერგეტიკაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ენერგეტიკული რესურსი, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა “, – განაცხადა მინისტრმა.

  • გაიარა მანქანამ და მიამსგავსა, პოლიციაში არ დაურეკავს – ეკატერინე ელბაქიძის ბებია

    გაიარა მანქანამ და მიამსგავსა, პოლიციაში არ დაურეკავს – ეკატერინე ელბაქიძის ბებია

    იმ გოგონას ბებია, რომელიც ამტკიცებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებიდან მეორე დღეს ნახა, ამბობს, რომ მან უბრალოდ მანქანა მიამსგავსა. მისივე თქმით, მის შვილიშვილს არც პოლიციაში დაურეკავს.

    “გაიარა მანქანამ და მიამსგავსა. რატომ დაურეკავდა პოლიციას, ბავშვია, ბავშვი, მე არ დავურეკავდი, ის რატომ დაურეკავდა. მერე რა რომ შეამჩნია. რა იცოდა ის გაუჩინარებული გოგონა იყო თუ არ იყო?! ეგ უთხრა იმათაც. არც პოლიციაში დაურეკავს. არც პოლიციას დაუკითხავს, ტელევიზიების გარდა არავინ მოსულა”. – ამბობს ეკატერინე ელბაქიძის ბებია.

    ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემას პოლიტმეტრთან ინტერვიუში, სოფელი მაწევანის მცხოვრები ეკატერინე ელბაქიძე ამტკიცებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს ნახა.

    “როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღესვე შევნიშნეთ, რომ თავისივე მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს, 19 ივლისს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით პოლიციელებს და უფროსებსაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი.

    ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი, ჩემი თვალით ვნახე”,– თქვა ეკატერინე ელბაქიძემ.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • გზა კიდევ გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა და ეს საქმე ასე არ გაჩერდება, აღარ მჯერა გამოძიების – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    გზა კიდევ გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა და ეს საქმე ასე არ გაჩერდება, აღარ მჯერა გამოძიების – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ითხოვს იმ ჩანაწერის გაცნობას, რომელიც ასახავს, თუ როგორ ათვალიერებდნენ იმ ტერიტორიას, სადაც მოგვიანებით ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.

    დაზარალებული მხარე გამოძიებას არ ენდობა. ისინი დღეს კიდევ ერთხელ იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოში.

    “კომპიუტერი ადვოკატის დასწრების გარეშე გახსნეს. როგორც კი გზა გადავკეტეთ მანქანა გამოჩნდა, ახლა კი, როგორც კი ფედერალური ბიურო ჩავრთეთ საქმეში, კომპიუტერი უცბათვე გახსნეს. მივმართავ ახლა მათ, რომ გზა კიდევ გადაიკეტება, დიდი ტალღა მოვა და ეს საქმე ასე არ გაჩერდება. უკვე ყველანაირ ძალას მივმართავ, აღარ მჯერა გამოძიების,”- განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ  ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

    თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან მანქანით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი კვალი თეთრიწყაროს ერთ-ერთ სოფელში წყდებოდა, სადაც ბოლოს სოფლის მცხოვრებლებმა ნახეს.

    ის სამართალდამცველებმა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    პირი, რომელმაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლა განახორციელა, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.

    ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე – პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას წყნეთის გზაზე გუშინ საღამოს ესროლეს.

    როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გასროლა განახორციელეს. მისი თქმით, პირს, რომელმაც მის ავტომობილს ესროლა, არ იცნობს.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

  • თბილისში მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

    თბილისში მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

    მაშველებმა მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრიდან მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.