Category: ახალი ამბები

  • წერილის შემოქმედი ცნობილია ლობისტური საქმიანობით – კუჭავა კონგრესმენების წერილზე

    წერილის შემოქმედი ცნობილია ლობისტური საქმიანობით – კუჭავა კონგრესმენების წერილზე

    ქართული ოცნების დეპუტატი კახა კუჭავა კონგრესმენების მიერ მაიკ პომპეოსთვის მიწერილ წერილს ეხმიანება და ამბობს, რომ მის შემოქმედს ლობისტურ საქმიანობაში ფულს უხდიან.

    “ეს წერილი ხელმოწერილი არის და მისი მთავარი შემოქმედი არის ადამიანი, რომელიც ცნობილი არის, როგორც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ფრონტერას მხრიდან, რომელსაც ოფიციალურად ფულს უხდიან. მისგან არა ერთხელ მიგვიღია მსგავსი წერილი და მსგავსი კრიტიკული გამონათქვამები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ეს წერილი დაიწერა იქამდე, სანამ მაიკ პომპეოს ზარი განხორციელდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მოწოდება იყო, რომ საუბრის დროს ეს ეხსენებინათ”,– ამბობს კუჭავა.

    მისივე თქმით, წერილში საარჩევნო რეფორმის განუხორციელებლობის შესახებ წერია, რაც ტყუილია.

    “მესამე, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივია და ყველაზე მეტად უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის კონკრეტული ფაქტები, რომელიც პირდაპირ მეტყველებს ტყუილზე და სიცრუეზე. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია, რომ აღინიშნოს, იქ ნახსენებია, თქვენ თუ შეგიძლიათ საუბრის დროს ახსენოთ იმ რეფორმის არგანხორციელების შესახებ, რომელიც საარჩევნო რეფორმას უკავშირდებაო. ეს არის კონკრეტული ფაქტი, შემდგარი მოვლენა, რომელიც ყველამ იცის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ძალიან ფართო გამოხმაურება ჰქონდა საზღვრებს გარეთაც, საკმაოდ მაღალი შეფასებებიც მივიღეთ ამ კუთხით”,– ამბობს კუჭავა.

    ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მისწერეს. ისინი წერილში საქართველოში დამყარებულ ოლიგარქიასა და საინვესტიციო გარემოს გაუარესებაზე საუბრობენ. მათი თქმით, საქართველოში ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ, პროგრესი უკან მიდის.

    “მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის”. – წერენ კოგრესმენები.

    წერილს, რომელიც 27 ივლისი არის დათარიღებული,  ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი

  • ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების ინიციატივით გამოდის

    ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების ინიციატივით გამოდის

    აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის ინიციატივით გამოდის, რომელიც წესით ამ წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.

    ამერიკის ლიდერმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა. მან არჩევნების გადატანის აუცილებლობის მოტივად კორონავირუსის პანდემია და ფოსტით ხმის მიცემის დროს შესაძლო თაღლითობა დაასახელა.

    “თუ გავითვალისწინებთ საყოველთაო ხმის მიცემას ფოსტით, 2020 წლის არჩევნები ისტორიაში ყველაზე არასარწმუნო და თაღლითური იქნება. ეს აშშ–სთვის უდიდესი სირცხვილია. უნდა გადავიტანოთ არჩევნები, რათა ადამიანებმა შეძლონ სათანადოდ ხმის მიცემა – მშვიდად და უსაფრთხოდ“ – წერს ტრამპი.

    აშშ–ში ცოტა ვინმეს თუ ჯერა, რომ ფოსტით ხმის მიცემა მართლაც მაქინაციების საფრთხეს უკავშირდება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ გაილაშქრა ასეთი მეთოდით ხმის მიცემის წინააღმდეგ.

    მანამდე აშშ–ს ცალკეულმა შტატებმა პანდემიასთან დაკავშირებით ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა გაამარტივეს.

    ტრამპის გადაწყვეტილება სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება არჩევნების გადასატანად. აშშ–ს გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი კითხვაზე – შეუძლია თუ არა პრეზიდენტს ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, პასუხობს, რომ ეს საკითხი არ შეუსწავლია.

    აშშ–ს კონსტიტუციით საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გადატანა მხოლოდ კონგრესს შეუძლია. აშშ–ში კიდევ სამი ფედერალური კანონი ადგენს არჩევნების ზუსტ და უცვლელ თარიღს: “სამშაბათი დღე, ნოემბრის პირველი ორშაბათის შემდეგ“ – ეს არის ნორმა, რომელიც 1845 წლიდან არ შეცვლილა.

    აშშ–ს კანონმდებლობით არჩევნების გადატანა აღმასრულებელი ბრძანების საშუალებით შეუძლებელია. წარსულში ტრამპი საკუთარი გადაწყვეტილებების სწორედ ამ მეთოდით გაფორმებას ამჯობინებდა.

    ამჟამინდელ სიტუაციში თუ ამომრჩეველთა კოლეგია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფორმებს, დათქმულ დროს არ უყრის კენჭს და არ დაამტკიცებს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ტრამპის უფლებამოსილება იურიდიულად 2021 წლის 20 იანვარს ამოწურულად ჩაითვლება.

  • ჯაფარიძე, საბო, ხვიჩია – გირჩმა პრაიმერიზის პრინციპით საარჩევნო სია დააკომპლექტა

    ჯაფარიძე, საბო, ხვიჩია – გირჩმა პრაიმერიზის პრინციპით საარჩევნო სია დააკომპლექტა

    პარტია გირჩმა პრაიმერიზის პრინციპით საარჩევნო სია დააკომპლექტა და საზოგადოებას წარუდგინა. სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

    1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
    2. ჰერმან საბო
    3. იაგო ხვიჩია
    4. ვახტანგ მეგრელიშვილი
    5. გია ჯაფარიძე
    6. ალექსანდრე რაქვიაშვილი
    7. ლევან ჯგერენაია
    8. სანდრო თარხან მოურავი
    9. ამირან ტორონჯაძე
    10. გიორგი ლომინაძე

    სია გირჩის ამომრჩევლებმა გირჩის პორტალზე პარტიის ციფრული ვალუტის მეშვეობით შეადგინეს.

    10–ეულში ვერ მოხვდა ქალი პოლიტიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტების მიხედვით, პარტიამ ყოველი მე–4 ქალი უნდა წარადგინოს. გირჩი კვოტების წინააღმდეგია, ამიტომ მოცემულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, “აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი”.

    გირჩმა შესაძლოა მაჟორიტარობის კანდიდატები იმ რაიონებში წარადგინოს, სადაც ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს.

  • თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი, ეს იყო აბსოლუტური წალკოტი – დოლიძე

    თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა ქორწილი, ეს იყო აბსოლუტური წალკოტი – დოლიძე

    “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი და დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა დოლიძე ამბობს, რომ თამარ მეფემ ქორწილი დიდუბეში გადაიხადა, რადგან ეს ადგილი წალკოტი იყო.

    “დიდუბე-ჩუღურეთი არის ის რაიონი, რომელსაც სხვა ყველა რაიონთან შედარებით, ზუსტად პირადად აქვს განცდილი აყვავებისა და ოქროს ხანა. თამარ მეფემ დიდუბეში გადაიხადა დავით სოსლანთან ქორწილი, რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო აბსოლუტური წალკოტი,”– ამბობს დოლიძე.

    ის აღნიშნავს, რომ ამ რაიონს ახალი ტიპის პოლიტიკოსი სჭირდება.

    “დღეს ამ რაიონს აქვს ბევრად მეტი გამოწვევა და ამ გამოწვევებს ვერანაირად, საკუთარი პოლიტიკური და პროფესიული შესაძლებლობით ვერ უპასუხებს მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი. 21-ე საუკუნეში, დიდუბე-ჩუღურეთს, თბილისსა და საქართველოს სჭირდება სულ სხვა, ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ახალი ტიპის ხედვები. ტექნიკური შესაძლებლობებით ჩვენ დღეს გვჭირდება Iphone 11, მაშინ, როდესაც გვაქვს ფანრიანი ტელეფონი”,– აცხადებს ანა დოლიძე.

    ცნობისთვის, ამ რაიონში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკია.

     

  • წამლები გაიაფდება 30%-ით, საბანკო სესხზე პროცენტი განახევრდება – გიორგი ვაშაძე

    წამლები გაიაფდება 30%-ით, საბანკო სესხზე პროცენტი განახევრდება – გიორგი ვაშაძე

    2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს, – ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

    „გთავაზობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხუთ მთავარ დაპირებას, რომლის განხორციელებას დავიწყებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე. დაპირება ნომერი 1 – ოთხ წელიწადში შეიქმნება 300 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით. საქართველოში ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონამდე; დაპირება ნომერი 2 – 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს, დაპირება ნომერი 3 – ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად, დაპირება ნომერი 4 – 2021 წლიდან საქართველში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30 პროცენტით, დაპირება ნომერი 5 – 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნეს, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გავათავისუფლებთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსვერპლა

    თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსვერპლა

    თბილისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევევას ქვეითი ემსხვერპლა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხადრზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, 50 მლნ ლარი დასჭირდეს – გიორგი გახარია

    სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, 50 მლნ ლარი დასჭირდეს – გიორგი გახარია

    სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს. გახარიას თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენამდე მოსახლეობის მომარაგება და ვერტმფრენებით მომსახურება მოხდება და არანაირი პრობლემა მათ არ ექნებათ.

    „საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დასჭირდეს 50 000 000 ლარამდე. რეალურად ამ ადამიანებს იმის გამო, რომ ელექტროენერგია არ აქვთ, არ აქვთ კავშირი სამყაროსთან, ეს ინფორმაცია პირველ რიგში მათთვის არის მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე სხვა დანარჩენებისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, ეს არის სოფლები, სადაც სამწუხაროდ, ერთი თვე მოგვიწევს საგზაო სამუშაოები, რომ ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ ელექტროენერგიას ამინდის კარგი პირობების შემთხვევაში დაახლოებით ერთ კვირაში აღვადგენთ, მაგრამ ყველა ამ სოფელში იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით. გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვან ადამიანებს, შევიყვანთ და მოხდება სოფლების მომარაგება, არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს – გახარია

    უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ, ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს – გახარია

    ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, როდესაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

    „მაგალითად მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატება ხაზგასმით აღნიშნა. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანთან მქონდა საუბარი, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული და რომლის ძირითადი აქცენტები იყო რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროში: უსაფრთხოების სფეროში, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების სფეროში და მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდგომ, რაც ეს ქვეყანა, ჩვენ ყველა, ღირსეულ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. ეს არის ობიექტური რეალობა“, – განაცხადა გახარიამ.

    მისივე თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ არა „ოცნება“ ან მთავრობა, არამედ ქვეყანა დააზიანონ.

    „ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. როცა ადამიანები, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკელები, თავიანთ ვალდებულებებს, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, ამის კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში ქვეყანას კი არ უნდა ვუდგებოდეთ.

    ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეტიული პარტნიორების გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

    “როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებების ტრანსფორმაციისთვის, რათა ამ გზით უზრუნველყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის ბაზართან წვდომა, ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან, ჩერილ ფერნანდესსა და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით. რადგანაც თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. 2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო; 3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს,“ – წერენ კონგრესმენები მაიკ პომპეოს.

  • გახარიას განცხადებით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია

    გახარიას განცხადებით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია

    მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რაჭაში, სტიქიის ზონაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

    „რამდენიმე სახლი სერიოზულად არის დაზიანებული. მოგეხსენებათ, 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა, 8 სოფელი რჩებ, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის – ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. ვესაუბრეთ „ენერგო პროსაც“, რომელიც გვპირდება, რომ ოპტიმისტურის სცენარის შემთხვევაში, შესაძლებელია 1 კვირაში ელექტრომომარაგების აღდგენა. ის 4 სოფელი, რომელიც მე ჩამოვთვალე – ღები, პატარა ღები, შოვი და გლოლა ერთი თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილ მდგომარეობაში. რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის სერიოზული ჩამონგრევები. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, რასაც დღეს ვუყურებთ, მხოლოდ მაგისტრარული გზების აღდგენითი სამუშაოები დამატებით საჭიროებს დახლოებით 30 მლნ ლარს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ის რომ ვიღაც ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის – გახარია  რურუაზე

    ის რომ ვიღაც ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის – გახარია რურუაზე

    „შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გიორგი რურუას დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

    „ჩემეული შეფასება არის შემდეგი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის გამჭვირვალე. თან ისეთი, რომ ბოლო წლების განმავლობაში აშკარად პროგრესს განიცდის. საქართველოს სასამართლომ და მართლმსაჯულების სისტემამ გამოიტანა განაჩენი ადამიანთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს, უნდა იჯდეს, ან შემდგომ უნდა გამოვიდეს, სხვადასხვა იურიდიული ფორმები არსებობს. შეწყალება სრულად პრეზიდენტის დისკრეციაა, წარმოდგენა არ მაქვს მას პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა. თუმცა, ჩემთვის, მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი უნდა იყოს და სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა, მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილია“,- განაცხადა გახარიამ.