Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

    რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 959-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • არ ვიქნები პარლამენტის წევრი და არ დავიკავებ თანამდებობას მომავალ მთავრობაში – ვანო მერაბიშვილი

    არ ვიქნები პარლამენტის წევრი და არ დავიკავებ თანამდებობას მომავალ მთავრობაში – ვანო მერაბიშვილი

    არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „ახლოვდება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშველოვანესი არჩევნები. ამ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება არა ის, რას იზამს „ქართული ოცნება“, რადგანაც ის უკვე გუშინდელი დღეა, არამედ, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ, საერთო ეროვნული მიზანი დავაყენოთ საკუთარ კარიერაზე, პირად ამბიციებზე მაღლა, ვიბრძოლოთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნის მომავლისთვის.

    დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციიდან უფრო ხშირად ისმის პოლიტიკური ვაჭრობა, მანდატებისა და სკამების გადანაწილებაზე საუბარი, ვიდრე საზოგადოებისთვის ალტერნატივის შეთავაზება.

    განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ამ ბრძოლაში, დაასრულოს არჩევნები გამარჯვებით და ხალხს დაუბრუნოს მომავალი.

    ეს ჩემი მიმართვა რომ არ დარჩეს მხოლოდ ზოგად მოწოდებად, მე გადავწყვიტე გაცნობოთ, რომ არ ვიქნები პარლამენტის წევრი და ასევე, არ დავიკავებ რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის”, – წერს მერაბიშვილი.

  • “ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე” – გიორგი ვაშაძე სააკაშვილს პასუხობს

    “ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე” – გიორგი ვაშაძე სააკაშვილს პასუხობს

    ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე, – ასე პასუხობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე ბნელ, არასწორ მხარეს გადავიდა.

    გიორგი ვაშაძემ თავისი პოსტისთვის ვარსკვლავური ომების ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟის კაილო რენის ფოტო გამოიყენა.

    მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. „ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

     

  • “არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ მე ბევრი დრო დავხარჯო.ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ“–სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე

    “არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ მე ბევრი დრო დავხარჯო.ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ“–სააკაშვილი გიორგი ვაშაძეზე

    ფაქტია, რომ გიორგი ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემა”მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

    მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ბიძინა ივანიშვილის თამაშია, რომ ოპოზიცია დაშალოს.

    “მე ყოველთვის ძაან მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, და ყოველთვის იმედებს ვამყარებდი მასზე. ყოველთვის მინდოდა მიმეცა მისთვის შანსი, თუმცა, ზოგი ამართლებს ამ შანსებს, ზოგი არა. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი სასარგებლო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. მე არაფერი პირადი წყენები არ მაქვს ხოლმე. როდესაც პოროშენკომ პრაქტიკულად კინაღამ ფიზიკურად გამანადგურა და ძალიან სერიოზულად დამამცირა, ამის შემდეგ გიორგი ვაშაძე იყო მისული მასთან, როგორც საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგი, მაგრამ მე ეს არ მწყენია და არაფერი გამხსენებია, რაც იყო, იყო. ახლა რაც ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის თამაში, როგორმე დაგვშალოს. ივანიშვილმა ეს თამაში გაათამაშა 2016 წელს, სცადა 2018-ში და ცდილობს ახლა, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

    ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, გიორგი ვაშაძე მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ თუ უნებურად ასრულებს მის დავალებას, მიხეილ სააკაშვილი ასე პასუხობს: “არ ვიცი რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის არის ბნელ მხარეს. მე არ ვიცი ჩხარტიშვილმა გადაიყვანა თუ ვინ”.. 

    მისივე თქმით, იმის თქმის საფუძველს, რომ ვაშაძე “ბნელ მხარეს გადავიდა” აძლევს: “იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება, სხვადასხვა ჯგუფები და ა.შ. ერთმანეთს ვებრძვით და ერთმანეთზე ვლაპარაკობთ იმის მაგივრად რომ ივანიშვილზე ვკონცენტრირდეთ, ეს რა თქმა უნდა ივანიშვილის თამაშია”.

    არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი. არ არის ისეთი ფიგურა ვაშაძე, რომ მე ბევრი დრო დავხარჯო, არის ერთმ ხარეს ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი რომელთან ერთადაც ვარ მე. ვისაც უნდა ივანიშვილის მარიონეტობა და ვისაც უნდა, რომ ივანიშვილის თამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეგ და ვერც ვერავინ, იმიტომ რომ მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული და მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხლხთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. საერთოდ ეჭვიც არ მეპარება ამაში და “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანთან ერთად გამოეყო ბლოკს “ძალა ერთობაშია” და ახალი პოლიტიკური ბლოკი, “სტრატეგია აღმაშენებელი” დააფუძნა. ამის შემდეგ კი ვაშაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლასაც გეგმავს.

     

  • ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

    ტელეწამყვანი დავით ქაშიაშვილი შსს-ში დაიბარეს

    “შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ჟურნალისტი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

    მისი გამოკითხვა, გუშინ “შაბათის ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხება. ქაშიაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად მივა.

    შეგახსენებთ, რომ “შაბათის ფორმულამ” საგამოძიებო უწყებიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა სამი მაღალჩინოსნის მაკომპრომეტირებელი მასალები მოიპოვა.

    რა შინაარსის იყო კომპრომატები, რომლებიც თამარ ბაჩალიაშვილმა ნახა,  უცნობია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თამარმა ფაილები ნახა, მისი მისამართით დაიწყო ღია და ირიბი მუქარები.

    თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

    წყარო საგამოძიებო უწყებიდან „შაბათის ფორმულას“ უდასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს სპეციალურად გაუგზავნეს ისეთი ლოკაცია, რომ მას გაევლო მარნეულის გზა თეთრიწყარომდე, რათა მისი გადაადგილება ჭკვიან კამერებს დაეფიქსირებინათ და გამოძიებას კვალი არეოდა.

    „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

    „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დეენემი.

  • ახსნას ვერ ვპოულობთ, ვერ მოვისმინეთ განმარტება – საბერძნეთის ელჩი საზღვრის არგახსნაზე

    ახსნას ვერ ვპოულობთ, ვერ მოვისმინეთ განმარტება – საბერძნეთის ელჩი საზღვრის არგახსნაზე

    საბერძნეთის ელჩს საქართველოში, დიმიტრიოს კარაბალისს არ ესმის, რატომ არ უხსნის საქართველო საბერძნეთს საზღვრებს. ის კურიერთან ამბობს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები, რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა, თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა დარჩნენ.

    ელჩის თქმით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა.

    ”ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაგვაჩნია, გეტყვით რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის,რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა, თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა.

    იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ”,– ამბობს ელჩი.

    მისივე განცხადებით, საბერძნეთში კორონავირუსის კუთხით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.

    “საბერძნეთი არა მხოლოდ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5 ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთის, სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოებში, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ”,– აცხადებს კარაბალისი.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობამ რეგულარული ფრენები 1 სექტემბრამდე აკრძალა. შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ რამდენიმე მიმართულებასა და ავიაკომპანიაზე. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში – Air France – ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, ავიაკომპანია Air Baltic-ი რეისებს 5 აგვისტოდან 20 აგვისტომდე კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ შესაძლოა მანაც კვირაში ორჯერ იფრინოს.

    დაბალბიუჯეტიან კომპანიებს Wizzair-სა და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის საშუალებას არ აძლევს, რადგან, როგორც ნათია თურნავა განმარტავს, მათ კვირაში 1–2 ფრენა არ აწყობთ და 10–ზე მეტ მიმართულებაზე ფრენის სურვილს გამოთქვამენ. ამისთვის, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო მზად არ არის.

  • გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, დაჭრილია ზურაბ ჟვანიას შვილიც

    გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, დაჭრილია ზურაბ ჟვანიას შვილიც

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძმა ადასტურებს, რომ მისი ძმისშვილი ბუსა ჟვანია დაჭრილია და კლინიკაში მკურნალობს.

    გოგლა ჟვანია ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილსა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შვილს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალებზე არ საუბრობს. ის მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუსა ჟვანია მსუბუქად არის დაჭრილი და მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ცნობისთვის, თბილისში, საკუთარ სახლში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს. ფაქტზე ზურაბ ჯვანიას შვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    მისი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმეა. ის უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • უგონოდაა ჯერ, მაგრამ მეუბნებიან, გადარჩებაო – გოგი თოფაძე თავის შვილიშვილზე

    უგონოდაა ჯერ, მაგრამ მეუბნებიან, გადარჩებაო – გოგი თოფაძე თავის შვილიშვილზე

    გოგი თოფაძის თქმით, მისი შვილიშვილი უგონოდ არის, 4 ჭრილობა აქვს, თუმცა ექიმები ეუბნებიან, რომ გადარჩება. ის დაჭრის შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ ბაკურიანში მყოფი ახალგაზრდები თბილისში დილის 5 საათზე დაბრუნდნენ, რის შემდეგაც სწორედ მასთან მივიდნენ.

    თოფაძე ყვება, რომ საუბრის დროს, ერთ-ერთმა იქ მყოფმა ბიჭმა მეგობარს დაურეკა, რომელსაც ადრე ჰქონდა ურთიერთობა იმ ქალთან, რომელიც სახლში მათთან ერთად იმყოფებოდა. თოფაძე ამბობს, რომ ეს ადამიანი მივიდა და დანით მის შვილიშვილს ოთხი ჭრილობა მიაყენა.

    “მოვიდნენ 3 ბიჭი, ჩემი შვილიშვილი და 1 ქალბატონი. ლაპარაკობდნენ, ამ დროს ერთ–ერთმა, რომელიც ჩვენთან იყო, დაურეკა თავის მეგობარს, რომელსაც რაღაც ურთიერთობები ჰქონდა იმ ქალბატონთან. მოვიდა ის, დაარტყა 4–ჯერ დანა და გაიქცა. მისულია ყველა [ორგანოსთან], მაგრამ ახლაც არ მოვიდა გონს. 1 ოპორაცია გავუკეთეთ, 3–საათ–ნახევარი მიმდინარეობდა”,– ებუნება მთავარ არხს თოფაძე.

    თოფაძეების ოჯახის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    ცნობისთვის, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

    გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

    გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟვანია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “1996 წელს დაბადებული ბ.ჟ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს, მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. სამართალდამცველებმა ბ.ჟ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”,– აცხადებს შსს.

    შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილი დღეს დაჭრეს. ფაქტს ადასტურებს გოგი თოფაძე და აღნიშნავს, რომ ჯერ არ იციან, შეძლებენ თუ არა მისი შვილიშვილის გადარჩენას.

  • სერიოზულმა ხალხმა გამაფრთხილა, რომ მე და ბაჩალიაშვილის ოჯახი ფრთხილად ვიყოთ – რამიშვილი

    სერიოზულმა ხალხმა გამაფრთხილა, რომ მე და ბაჩალიაშვილის ოჯახი ფრთხილად ვიყოთ – რამიშვილი

    თამარ ბაჩალიშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გააფრთხილეს, რომ ფრთხილად იყოს. მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული საქმეა და შესაძლოა მას და ოჯახს საფრთხე ემუქრებოდეთ.

    “პირდაპირ გეუბნებით, როდესაც ამ საქმეში ჩავერთე, სხვადასხვა წყაროებიდან მომივიდა ინფორმაცია და გაფრთხილება, რომ ფრთხილად ვიყო, იმიტომ რომ ეს არის სერიოზული საქმე. კი, გამოძიება ცდილობს, რაღაცნაირად წარმართოს, ვითომ ჩვეულებრივი [საქმეა], არ არის ჩვეულებრივი საქმე. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან სერიოზულმა ხალხმა გამაფრთხილა, რომ პირადად მე და ოჯახიც ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. შეიძლება ძალიან დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდეთ სულ ყველა ჩვენგანი. ადამიანებთან და გარკვეულ სისტემასთან შეიძლება აღმოვჩნდეთ პირისპირ”,– ამბობს რამიშვილი ტვ პირველის ეთერში.

    მისივე თქმით, შეიძლება ეს საქმე დაკავშირებული იყოს მაღალჩინოსნების ძალიან საშიშ საქმიანობასთან.

    გუშინ, პირველ აგვისტოს, შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საიდუმლო ფაილები გახსნა, რომლებიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა. მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ დაიწყო ბაჩალიაშვილის მიმართ მუქარა.

    თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, მას შემდეგ, რაც მას „ვოთსაფით“ ესაუბრნენ, ამავე პლატფორმაზე მესიჯად გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც ის უნდა მისულიყო და დაინტერესებული მხარისთვის საიდუმლო ფაილები გადაეცა.

    „შაბათის ფორმულასთვის“ ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ცხედრის გამოჩენა არ იგეგმებოდა, ის უფრო გვიან და სრულიად სხვა ადგილას უნდა ენახათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა, ცხედარი მანქანით სწორედ იმ ადგილას მიიტანეს, სადაც ის მომდევნო დღეს ნახეს.

    „შაბათის ფორმულას“ ინფორმაციით, მანქანა ადგილამდე მისაბმელით მიიტანეს. წყარო საგამოძიებო უწყებიდან ადასტურებს, რომ მანქანაში ყველაფერი გასუფთავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მანქანიდან და არც ცხედრიდან არ ამოვა უცხო დნმ. 

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.