Category: ახალი ამბები

  • სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება

    სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება

    პარლამენტის დეპუტატი სერგი კაპანაძე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი იქნება. იგი დღეს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაჟორიტარი კანდიდატების დასახელების დროს წარადგინა.

    “დღეიდან ევროპული საქართველო იწყებს ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რომლის მიზანი და ამოცანა იქნება გავათავისუფლოთ ეს ქვეყანა ივანიშვილის მმართველებისგან, კამპანია, რომლის შედეგად მარტო ქართული ოცნება კი არ დამარცხდება, არამედ გვეყოლება ახალი, დღეს ოპოზიციაში მყოფი პროდასავლური ძალებისგან შექმნილი კოალიცია და მისი ცენტრალური ნაწილი იქნება ევროპული საქართველო”, –  განაცხადა სერგი კაპანაძემ.

    დღეს, 3 აგვისტოს ევროპულმა საქართველომ რეგიონებში მაჟორიტარობის 14 კანდიდატი წარადგინა. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, დღეს გუნდის მხოლოდ ნაწილს დაასახელებენ და ნაწილი ღიად რჩება.

  • ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება – გიგა ბოკერია

    ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება – გიგა ბოკერია

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ეროვნული ამოცანაა ხელისუფლებიდან ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება. როგორც მან „ევროპული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა.

    „ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვერჩით იმ ხალხს, ვინც ჩვენს ხარჯზე ერთობა და ხელს გვიშლის თავისუფალი ნების აღსრულებაში, იმ ხალხს, ვინც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა ქვეყნის გარე მტერს, პუტინის რუსეთს შეეკრას, ვებრძვით იმ ხალხს, ვინც მზადაა ძალადობა და სიძულვილი წაახალისოს და ადამიანები სხვადასხვა ჯგუფად დაყოს. ჩვენ ვერჩით იმ ხალხს, რომელიც მოვიდა ლოზუნგით, რომ ვითომ მშობლები უნდა იყვნენ ჩვენი და ამ დროს, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ეგეთი დაპირების შემდეგ, ცუდი ძიძები აღმოჩნდნენ. ვერჩით იმ ხალხს, ვინც კრიმინალს შეეკრა, რომ ძალაუფლებაში იყოს, ვინც სასამართლო კი არ გააუმჯობესა, ბოლომდე კორუფციაში ჩაფლო. ამიტომაა ეროვნული ამოცანა ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ამას გავაკეთებთ ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად. ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია, უნდა ვიყოთ ერთიანები, შეკრულები, მაგრამ არ უნდა დავემსგავსოთ იმათ, ვისაც ვებრძვით. „ევროპული საქართველო“ არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის ჩამოშორების შემდეგ ვინმემ იგივე გზაზე სცადოს დადგომა. შევკრავთ ევროპულ კოალიციას, რომელიც გამორიცხავს ვინმეს თავში ავარდნას და დავიწყებას, რომ ხალხის სამსახურში უნდა ვიყოთ“,-აღნიშნა ბოკერიამ.

  • დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა – დავით ბაქრაძე

    დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა – დავით ბაქრაძე

    პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია ამომრჩეველს ჰპირდება კეთილდღეობას, დაცულობას და დასავლეთთან ინტეგრაციას.

    ამის შესახებ ბაქრაძემ ალექსანდროვის ბაღში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

    „რატომ არის მნიშვნელოვანი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები? იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. საქართველოს დღეს მართავს ოლიგარქი, რომელსაც არ ესმის და არ აწუხებს ხალხის გაჭირვება.

    საქართველოს დღეს მართავს მთავრობა, რომელიც წლიდან წლამდე უფრო მეტს ხარჯავს საკუთარ კომფორტსა და ფუფუნებაზე. საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომელიც ჩაძირულია ნეპოტიზმსა და კორუფციაში, წილებსა და „ატკატებში“. ეს არის მათი საქართველო, მათი საქართველო არის ოლიგარქის შუშის სასახლეში, კორუქციასა და კრიმინალში, მაგრამ არის სხვა საქართველო, რომელიც დღეს არის პრობლემებში, გაჭირვებაში, სიღარიბესა და უიმედობაში, სწორედ ეს საქართველო უნდა გადავარჩინოთ ოქტომბრის არჩევნებზე. ეს არის ბრძოლა თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის. „ევროპული საქართველოს“ მთავარი დაპირებაა – კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაცია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

    როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის პარტია გადასახადებს შეამცირებს, რაც მისივე თქმით, ამ კრიზისის პირობებში ბიზნესის გადარჩენას ნიშნავს.

    „გადასახადის შემცირებით თითეულ ოჯახს წელიწადში 200 ლარს დაუზოგავს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

  • “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

    “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

    “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაასახელა.

    რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში“ევროპული საქართველოს” კანდიდატები იქნებიან:

    ზურაბ ჭიაბერაშვილი- თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;

    გიორგი ღვინიაშვილი- გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;

    ირმა ნადირშვილი- რუსთავი;

    აჰმედ იმანყულიევი – მარნეული, გარდაბანი;

    ოთარ კახიძე- ქუთაისი;

    სერგო რატიანი- საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;

    გიგი წერეთელი- ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;

    აკაკი ბობოხიძე- სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი;

    გიგი უგულავა- ზუგდიდი;

    გიგა ბოკერია- ფოთი-ხობი-სენაკი;

    ლელა ქებურია – აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;

    ხათუნა გოგორიშვილი- ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;

    ტარიელ ნაკაიძე- ხულო-შუახევი-ქედა.

    პარტიამ დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნებზე კანდიდატებიც. ესენია: ბათუმში – ვახტანგ კალოიანი, ხოლო ქედა-შუახევი-ხულო – თემურ კახიძე.

    ბაქრაძის თქმით, “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე იქნება.

  • 2019 წელს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით 25-მა დეპუტატმა გააცდინა, კომიტეტის 22-მა

    2019 წელს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით 25-მა დეპუტატმა გააცდინა, კომიტეტის 22-მა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ და კანონ შემოქმედებით საქმიანობას აფასებს. კვლევა 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

    ანგარიშვალდებულების ნაწილში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სხდომების გაცდენის მაჩვენებლი 2019 წელს შემცირებულია, ჯამში 2019 წელს საპატიო მიზეზით სხდომა დეპუტატებმა 1 200-ჯერ გააცდიენს. რაც შეეხება არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომის გაცდეს, ყველაზე მეტჯერ ის “ქართული ოცნების” სამმა დეპუტატმა გააცდინა, ესენია:

    • დიმიტრი სამხარაძე – უმრავლესობა;
    • რუსლან გაჯიევი – უმრავლესობა;
    • ივლიანე წულაია – უმრავლესობა.

    ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10% დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში – წერია ანგარიშში.

     

  • შაქარაშვილის საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ  2 თვის შემდეგ დალუქა

    შაქარაშვილის საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ 2 თვის შემდეგ დალუქა

    ავტომობილი “ტოიოტა ვიტსი”, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, მომხდარიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ დალუქეს. გამოძიება ავტომანქანით ორი დღის წინ დაინტერესდა და მანქანა ისე დაილუქა, რომ არც ადვოკატები და არც ავტომობილის მეპატრონე არ გაუფრთხილებიათ. ფეხბურთელის საქმის მოწმეების ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამოკითხვა გამოძიების დაწყებისთანავე მოხდა, აიღეს მათი დე-ენ-ემ-ის ანალიზებიც, თუმცა მანქანა სამართალდამცველებს მხოლოდ ახლა გაახსენდათ. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მოწმეებზე ზეწოლა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხდება.

    ადვოკატი მურმან ღურწკაია ამბობს, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, გამოძიებამ ეს თავიდანვე იცოდა.

    უფლებადამცველ როსტომ კერესელიძე რამდენიმე მოწმის ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებზე საუბრობს.

    “ვერ ვიტყვი, რომ კარნახობენ, ვის დაადონ ხელი და ა.შ., თუმცა გარკვეული მინიშნებები შეიძლება გამოკითხვის დროს არსებობდეს გამოძიების მხრიდან, რომ ამა თუ იმ პირმა მისცეს სასურველი ჩვენება”,  – თქვა მან.

  • არ მაქვს ინფორმაცია, ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება თუ სხვა პირმა მიაყენა -ლევან თოფაძის ადვოკატი

    არ მაქვს ინფორმაცია, ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება თუ სხვა პირმა მიაყენა -ლევან თოფაძის ადვოკატი

    თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაჭრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზეა დაკავებული.

    „მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

    ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • დეპუტატების სია, რომლებსაც  2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია

    დეპუტატების სია, რომლებსაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ერთხელაც არ უსარგებლია

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა და  ანგარიში  დღეს წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არიან.

    „მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია:

    1. ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    2. ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    3.  რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    4. მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
    5. მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    6. ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
    7. თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
    8. იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    9. სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
    10. ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    11. გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
    12. რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    13. რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
    14. რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
    15. დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
    16. ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
    17. გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    18. არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
    19. ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    20. ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
    21. ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)”, – აღნიშნულია კვლევაში.

    რაც შეეხება 2019 წლის განმავლობაში ჩართულობის კუთხით პარლამენტის ყველაზე აქტიურ წევრს, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია რატი იონათამიშვილი.

     

  • 1 წლის განმავლობაში, ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით და  ხორცპროდუქტები 11.5%-ით  გაძვირდა – საქსტატი

    1 წლის განმავლობაში, ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით და ხორცპროდუქტები 11.5%-ით გაძვირდა – საქსტატი

    საქსტატის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით, ხორცპროდუქტები 11.5%-ით, პური და პურპროდუქტები კი 9.4%-ით გაძვირდა.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ივლისის ინფლაციის მაჩვენებლები გამოაქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა.

    წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

    სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (32 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (17.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (14.6 პროცენტი), თევზეული (14.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (12.6 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.1 პროცენტი);

    ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (12.7 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.9 პროცენტი).

    ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 9.3 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-7.1 პროცენტი).

  • პირბადის გამოუყენებლობის გამო ივნისში 831 ჯარიმა გამოიწერა

    პირბადის გამოუყენებლობის გამო ივნისში 831 ჯარიმა გამოიწერა

    2020 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 831 შემთხვევა გამოვლინდა.

    უწყების ცნობით, შესაბამისი რეგულაციის ამოქმედების დღიდან ანუ 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 მუხლით (“პირბადის ტარების წესის დარღვევა”) გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა 831-ია, საიდანაც 810 ფიზიკური პირი, ხოლო 1 იურიდიული პირია.

    შეგახსენებთ, 12 ივნისს პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილების თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო გახდა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, 20 ლარით ჯარიმდება.