Category: ახალი ამბები

  • “ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ” – ალეკო ელისაშვილი მაჟორიტარად კენჭს საბურთალოზე იყრის

    “ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ” – ალეკო ელისაშვილი მაჟორიტარად კენჭს საბურთალოზე იყრის

    პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მაჟორიტარად კენჭს საბურთალოზე იყრის.

    მან საბურთალოელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ და 2014 წლის შედეგი გაიმეორონ.

    “კიდევ ერთხელ მსურს თქვენი თანადგომა. მინდა, რომ კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით, გავიმეოროთ ის წარმოუდგენელი ამბავი, რომელიც თბილისში მოხდა 2014 წელს. მე საბურთალოელებმა, როგორ დამოუკიდებელ კანდიდატს და პოლიტიკოსს დამიჭირეს მხარი. დიახაც, არ მეშინია ურთულეს ბრძოლაში შესვლა და პარტია მოქალაქეების სახელით მე ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ვიცი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში შევდივარ, მაგრამ ამას აქვს ეშხი სწორედ, ამ გამარჯვებას ექნება ეშხი. როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებთ თქვენთან ერთად 2014 წლის შედეგს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ხალხის ძალას, საბურთალოელების მხარდაჭერის ძალას”, – განაცხადა ელისაშვილმა პრეზენტაციაზე.

    ცნობისთვის, საბურთალოზე კენჭს “ქართული ოცნებიდან” დავით სერგეენკო იყრის, ოპოზიციიდან კი თაკო ჩარკვიანი. ჯერჯერობით უცნობია, დააყენებენ თუ არა კანდიდატებს სხვა ოპოზიციური ძალებიც.

  • თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

    თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიურმა საბჭომ რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩია. არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა.

    შარვაშიძის გარდა, არჩევნებში ცირა ბარამიძეც მონაწილეობდა. რექტორობის მესამე კანდიდატმა, გია ბარამიძემ კი არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე კანდიდატურა მოხსნა, რადგან, მისი თქმით, პროცესი პოლიტიზებული და დისკრედიტებულია. ბარამიძე აღნიშნავს, რომ არჩევნები ხელისუფლებისა და რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

  • “მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ “–ნინო ქადაგიძე–ჟვანია

    “მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო, ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ “–ნინო ქადაგიძე–ჟვანია

    “მინდა, თოფაძეების ოჯახს ბოდიში მოვუხადო.   რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს“ – ეს განცხადება ზურაბ ჟვანიას მეუღლემ,  ნინო ქადაგიძემ მისი შვილის, ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესის შემდეგ გააკეთა, რომელზეც ბუსა ჟვანიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    “ჩვენ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. ჩვენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

    დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ჟვანიას 50 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.ბრალდების მხარე ჟვანიას პატიმრობას ითხოვდა.

    შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა,სადაც გოგი თოფაძის შვილიშვილს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

    ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • სასამართლომ ბუსა ჟვანიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

    სასამართლომ ბუსა ჟვანიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

    სასამართლომ ბუსა ჟვანიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    ადვოკატი ჟვანიას 50 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

    ბრალდების მხარემ კი როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა.

    შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძესა და ბუსა ჟვანიას შორის 2 აგვისტოს თოფაძეების საცხოვრებელ სახლში მოხდა, რა დროსაც ლევან თოფაძეს, გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ დანით ჭრილობები მიაყენა. ლევან თოფაძე მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. საავადმყოფოში იმყოფებოდა თავად ბუსა ჟვანიაც, რომელიც კლინიკიდან დღეს პირდაპირ სასამართლოში გადაიყვანეს.

    ბუსა ჟვანია მომხდარიდან რამდენიმე საათში შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გენერალურმა პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაუმძიმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჟვანიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით – ვოლსკი

    ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით – ვოლსკი

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას ვერ მიედავება, რადგან ის კონკრეტულ შედეგზე არ გასულა.

    „არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერ მივედავებით იმიტომ, რომ კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

    მანვე აღნიშნა, რომ პოლიტიკური ინსინუაციების მიზანი დესტაბილიზაციაა.

    „კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. დანარჩენი, ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

  • ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მეორე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს – ჩუგოშვილი

    ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მეორე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს – ჩუგოშვილი

    “ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მეორე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ სხვაგან ეძებო შველა”,- ასე ეხმიანება თამარ ჩუგოშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას აშშ-ის საელჩოსთან.

    მისი თქმით, ადამიანებმა სისტემის ნდობა დაკარგეს.

    “მერამდენე საქმეა სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

    გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?”,– წერს ჩუგოშვილი ფეისბუქზე.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ–ს საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ის გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

  • საპატრიარქო ემხრობა, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებს კომპენსაცია გადაეცეთ

    საპატრიარქო ემხრობა, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებს კომპენსაცია გადაეცეთ

    საპატრიაქომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კომპენსაცია უნდა მიეცეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რომელთაც საბჭოთა პერიოდში ზარალი მიადგათ – ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქომ თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

    “ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა  ზემოაღნიშნულის განხორციელებას. ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ  და ვიმედოვნებთ, იგი  რეალობად მალე იქცევა,” – წერია განცხადებაში.

    14 ივლისს ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში კავშირი “21-ე საუკუნის” ინიციატივით ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შედგა, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

    ამ შეხვედრაზე  განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რომელიც სწორედ ამ კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს.

    შეგახსენებთ, რომ “საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცების შესახებ კანონის მიხედვით, “სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე” – ამ აღიარების საფუძველზე საქართველოს მთავრობა საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონ ლარს უხდის.

  • გირჩი შეუთანხმებელ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს

    გირჩი შეუთანხმებელ ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს

    გირჩის განცხადებით, იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, პარტია ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს.

    “ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში”, –  წერია გირჩის განცხადებაში.

    გირჩი პარტიის წევრებში ეძებს მსურველებს, ვისაც რომელიმე ოლქში საკუთარი კანდიდატურის დატენება სურს.

    “პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რამდენ თქვენთაგანს და რომელ ოლქში სურს, საკუთარი კანდიდატურის დაყენება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში, გირჩს მეტ ხმას მოუტანს, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა” , — წერია განცხადებაში.

  • არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს – „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტი

    არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს – „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტი

    „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის, ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკის დირექტორისა და ორი ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს დაცვის მხარე არ ეთანხმება. როგორც ბურდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფორმაცია საგამოძიებო უწყების მიერ ინტერპრეტირებული სახით გავრცელდა და ის სიმართლეს არ შეესაბამება.

    „სამწუხაროდ, ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა და არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია. „თბილისის ცენტრალურ სავადმყოფოში” დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ხდებოდა იტალიიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა და მათ არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. კონკრეტულ შემთხვევაში, ისინი მონაწილეობდნენ ოპერაციაში ისევე, როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისთვის და მისი კანონიერი წარმომადგენლებისთვის. არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო უმოკლეს ვადაში მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას. გთხოვთ, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ბურდულაძემ.

  • პროკურატურამ “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

    პროკურატურამ “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავა

    თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, “თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

    პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა – შპს “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია.

    “პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია, შპს “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა.

    გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად.

    ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.