Category: ახალი ამბები

  • შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში – ამირან გამყრელიძე

    შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები – აუდიტორიებში – ამირან გამყრელიძე

    დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტრადიციულად, თუ ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში იყო 20 ადამიანი, სწავლის დაწყებისას ასე ვერ იქნება და შესაბამისი სტანდარტები მუშავდება.

    „ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ახლა, სწავლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დღეს რა ეპიდსიტუაციაც გვაქვს, ეს არ არის სწავლის დაწყების პრობლემა. სწავლის დაწყებაც იქნება სკოლებში მობილობის გაზრდა. როცა ათასობით ბავშვი და სტუდენტი დაიწყებს სწავლას, ეს ვერ იქნება იმ ტრადიციულ სტილში, თუ იჯდა 20 ადამიანი, ვერ დაჯდება 20 ადამიანი ერთ ოთახში. ამაზე ვმუშაობთ და იქნება შესაბამისი სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები აუდიტორიებში. როგორი უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები. ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენა იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას. მუშავდება ეს სტანდარტები როგორც სკოლებთან, ისე უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, აქაც შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო ღინისძიებების დაცვით იქნება ყველაფერი, დამყოლობა როგორც სკლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში კარგი იქნება და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, რომ ამით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, რისკი, როცა ასეთი დიდი მობილობის ზრდა არის, არსებობს. ამიტომ სწორად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები – თურნავა

    არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები – თურნავა

    მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ უკვე პირველი უცხოელი ტურისტები, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „თქვენ უკვე იცით, რომ ჩვენ აგვისტოში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით. დაფრინავს „ლუფთანზა“, მიუნხენის რეისები სრულდება, „ეარფრანსის“ პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება და დღეს გამოფრინდება და ხვალ ჩვენთან იქნება პირველი რეისი “ეარბალტიკის“, რიგა-თბილისი-რიგა. გარდა ამისა, „აირზენა“ ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერი არის დაგეგმილი თვის განმავლობაში. სულ ახლახანს მაგალითად პარიზის რეისი ჩამოფრინდა და გარდა ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან უკვე არა მარტო აგვისტოს, არამედ სექტემბრის თვეზე და ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებსაც, ოღონდაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. ის რეისები, რაც ჩამოფრინდა პარიზიდან, მიუნხენიდან, რასაც ასევე ველოდებით ევროპიდან, შიძლება ითქვას, რომ უდიდესი უმრავლესობა, მგზავრების ¾ უცხოელი ტურისტები არიან, საერთაშორისო ვიზიტორები. აქედან გამომდინარე ქუჩებში უკვე შევძლებთ კვლავ მონატრებული უცხოელი ტურისტები დავინახოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც მოფრინავენ და სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ვიზიტორები, ვისაც სურთ, რომ ესტუმრონ საქართველოს, იმიტომ, რომ საქართველო მიმზიდველობასთან ერთად არის უსაფრთხო ქვეყანა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

  • მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს – კალაძე

    მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს – კალაძე

    ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურებია; ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    „ამ მიმართულებით როდესაც დავიწყეთ მუშაობა, მოვიძიეთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპანიები და ექსპერტები, ვისაც ანალოგიური რეფორმები და პროექტები ჰქონდათ გაკეთებული. ვინმემ არ მინდა იფიქროს, რომ ეს ჩემი ახირება ან ხუშტურია. ბევრ ქალაქში ვარ ნამყოფი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და გულწრფელად მინდა და მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია გაკეთებული, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გათვლით, სტრატეგიების და კონკრეტული პროექტებით. როდესაც საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შევხვდით, გვითხრეს, რომ რეფორმა აუცილებლად გასაკეთებელია. დამისვეს მხოლოდ და მხოლოდ ორი შეკითხვა – ვიყავით თუ არა მზად ამისთვის და ერთ ერთი პირობა იყო, რომ პოლიტიკა არ უნდა შემოგვეტანა ამ პროცესში. მე, ჩემ თანაგუნდელებთან ავიღებ პასუხისმგებლობა, რომ ეს რეფორმა განხორციელდეს “- განაცხადა კალაძემ.

  • ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, თამარის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“

    ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, თამარის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“

    ბაჩანა ლობჟანიძე ერთხელ იყო ჩვენთან სახლში, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    თეონა თამაზაშვილის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“.

    „ვიღაცაა ციდან მოფრენილი. ერთხელ იყო, როდესაც ჩემმა ბიძაშვილმა მოიყვანა, თამუნას შეყვარებული ვიყავიო, ერთხელ იყო ჩვენთან სახლში“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

  • ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა – კალაძე

    ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა – კალაძე

    თბილისის მერი, კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

    „მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,-განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძის თქმით, ადვილი არ იყო დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავება.

    „როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, მოულოდნელი იყო. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, მესმის რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს რაღაც მიმზიდველი, პრივილეგია მაგრამ, ჩემთვის, სრული გულწრფელობით ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება. მსახურება თბილისის და თბილისელების წინაშე.

    ჩვენ, 30 წლის განმავლობაში, დავაკვირდეთ ყველა მიმართულებას, ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა 7 ძირითადი მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია.

    ეს იყო კონკრეტული ხედვა და პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებდა 30 წლის განმავლობაში, არაფერს არ ვამატებ 30 წლის განმავლობაში, ეს იყო ის პრობლემები რომელიც ჩვენ ქალაქს სტკიოდა და აწუხებდა“,-განაცხადა კალაძემ

  • ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

    ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზრდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

    ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

    ქვეყნის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის საწყობში, უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.

    ამასთან, მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქების შედეგად ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების საზღვაო გემი დაზიანდა და რამდენიმე სამხედრო -საზღვაო მშვიდობისმყოფელი დაშავდა.

    პრეზიდენტმა დღეისთვის მთავრობის საგანგებო სხდომა დანიშნა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. გარდა ამისა, მიშელ აუნმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

  • სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება  – განათლების მინისტრი

    სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება – განათლების მინისტრი

    განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც.

    „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც.დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური“, – განაცხადა ჩხენკელმა.

  • თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

    თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

    გუშინ,გვიან ღამით  4 ტრანსგენდერ ქალს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, მოპარეს კუთვნილი ნივთებიც. თავდამსხმელები ადგილიდან საპატრულო პოლიციის მისვლამდე მიიმალნენ.

    დაზარალებულები ამბობენ, რომ ქვეყანაში ტრანსგენდერების უფლებები დაცული არ არის. მათი თქმით, მთავრობის მტკიცება, რომ ლგბტ თემის უფლებები დაცულია, დამცინავი და სამარცხვინოა, რადგან მათ არ აქვთ სამსახურის დაწყების შესაძლებლობა და მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც, ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

    გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

    სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება. სხდომა გასულ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე გადაიდო. გასულ პროცესზევე გადაისინჯა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

    ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს, მათგან 6 არასრულწლოვანია, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

    ცნობისთვის, 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

  • საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.

    საქართველოში სულ კორონავირუსის 1197 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 12 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 974-ს შეადგენს.

    ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

    კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ-294.