Category: ახალი ამბები

  • მსგავსი ბრალდებები გაუმართლებელია, ალბათ შეცდომაშია შეყვანილი – თურნავა საბერძნეთის ელჩზე

    მსგავსი ბრალდებები გაუმართლებელია, ალბათ შეცდომაშია შეყვანილი – თურნავა საბერძნეთის ელჩზე

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საბერძნეთის ელჩის, დიმიტრიოს კარაბალისის კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ “გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან”. ელჩმა განაცხადა, რომ ახსნას ვერ პოულობს, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვრები.

    თურნავას აზრით, საბერძნეთის ელჩი ბერძნულმა ავიაკომპანიებმა შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საბერძნეთთან ფრენები არ დაუდასტურებია, “თუმცა, რა თქმა უნდა, დიალოგი მუდმივად მიმდინარეობს არამარტო ეგეოსის ავიახაზებთან, არამედ სხვა ავიაკომპანიებთან, რაც ადრე თუ გვიან ურთიერთშეთანხმებით სრულდება”.

    “დადასტურება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ კეთილი ნება ჩვენი მხრიდან, რომ შევთანხმდეთ გარკვეული რაოდენობის ფრენებზე გარკვეული პერიოდში, ეს შეიძლება არ იყოს აგვისტო და იყოს სექტემბერი, ამაზე ვმუშაობთ, ეს პროცესი მიმდინარეობს.

    აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო, დიპლომატისგან. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ქვეყანა, მათი დიპლომატიური კორპუსი ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიების ინტერესები, ეს ასეა ზოგადად, მაგრამ აქ არის ის შემთხვევა, როდესაც ბიზნესინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეპიდემიოლოგიურ ინტერესებთან. აქედან გამომდინარე, ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ნათია თურნავამ და იქვე აღნიშნა, რომ საბერძნეთის ელჩის ინტერვიუსთვის მას არ მოუსმენია.

    “მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ რანგის დიპლომატი… ეტყობა, შეცდომაში იყო შეყვანილი ავიაკომპანიის მხრიდან” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

    შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეყვანაზე საბერძნეთმა ბევრი იბრძოლა, თუმცა მთავრობამ მაინც საზღვრების არგახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

    ”ეს გადაწყვეტილება არ გვესმის, ახსნას ვერ ვპოულობთ და ვერც ქართული მხარიდან მოვისმინეთ განმარტება. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაგვაჩნია, გეტყვით რომ საქართველოდან საბერძნეთში გაფრენის მსურველები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე პირიქით. საბერძნეთმა, შავ სიაში შემავალ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ბრიუსელში ბევრი იბრძოლა იმისთვის,რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეეყვანათ, თუმცა, თავდაპირველად ასეთი მოცემულობა არც კი იყო. საბოლოოდ ევროკავშირმა საქართველოს საკუთარი საზღვრები გაუხსნა.

    იმავე დღეს ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით, რაც ვერ მივიღეთ”,– ამბობს ელჩი.

    მისივე განცხადებით, საბერძნეთში კორონავირუსის კუთხით უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა.

  • სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო სამუშაოებზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა

    სვანეთში გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო სამუშაოებზე შსს-ში ბრიფინგი დაინიშნა

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი დაინიშნა. უწყებაში განცხადება 15:00 საათზე გაკეთდება. ბრიფინგის თემა სვანეთში გაუჩინარებული მოზარდია.

    უწყებაში სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების შესახებ ბრიფინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი გამართავს.

  • სააკაშვილი ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი – გია ვოლსკი

    სააკაშვილი ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი – გია ვოლსკი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წესები არ არსებობს და ის “ხიბლის ცოდვითვაა შეპყრობილი”.

    “იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, წესი არ არსებობს. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის თემასთან დაკავშირებით საუბარი აქ აბსოლუტურად უადგილოა. ეს არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც არის შეპყრობილი ხიბლის ცოდვით. ესაა ის რეალობა, რომელსაც დღეს ვუყურებთ”,- განაცხადა ვოლსკიმ.

    როგორც ის აღნიშნავს, სააკაშვილს სურს, ყველაფერი პირად ამბიციას დაუქვემდებაროს.

    “სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ყოველდღიურად უფრო ინტენსიურად უსვამს ხაზს იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ შორის “ევროპული საქართველოც”, მისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია და უნდა, ყველაფერი, მათ შორის მისი გუნდის წევრებიც, დაუქვემდებაროს ამ პირად ამბიციას და ხელი მოაწერინოს კიდევ ერთხელ და ათასჯერ იმ სისხლიან დანაშაულებებზე, რაც მან საქართველოში ჩაიდინა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

  • თაღლითობის ბრალდებით ექიმების დაკავება აბსურდულია – თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

    თაღლითობის ბრალდებით ექიმების დაკავება აბსურდულია – თბილისის ცენტრალური საავადმყოფო

    თბილისის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს პროკურატურის მიერ გულგრილობისა და თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით, რომელთაც სამედიცინო ლიცენზიის გარეშე ოპერაციების ჩატარებას ედავებიან.

    სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის “აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს”.

    “პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

    ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.

    მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს,სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.

    გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა,ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები”.- წერია განცხადებაში.

    საავადმყოფოს მტკიცებით, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს, ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად. ასევე, ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.   

    პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

    კლინიკის დირექტორს ბრალი 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის განცხადებით, მეორე ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საზღვარგარეთაა და საგამოძებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. უწყების ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად, 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

     

  • ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „საქმეს კერავენ“, რის გამოც შვედეთისთვის თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს

    ბაჩანა ლობჟანიძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „საქმეს კერავენ“, რის გამოც შვედეთისთვის თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს

    ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც თავს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, შესაძლოა, თავშესაფარი შვედეთს სთხოვს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მას პრივატულ საუბრებში სწორედ შვედეთში წასვლა ურჩიეს.

    „არ ვგრძნობ არანაირად თავს დაცულად იმიტომ, რომ მე მქონდა პრივატული საუბრები, მირჩიეს, რომ წავიდე შვედეთში. მე ამ საქმეს აქედან ვერ მოვიგებ. შეიძლება კამერები დავაყენო ჩემი სახლის არეალთან.მე ეჭვს მიჩენს, რომ შეიძლება ჩემზე „საქმეს კერავენ“ თვითონ, არ ვიცი ვინ „კერავს“, იმიტომ, რომ ჩემი მობილურია იქ, ჩემი პირადი ინფორმაციაა და ზოგადად, მე მაქვს ადმინისტრაციული კოდექსით უფლება, რომ გავიგო, რას ფიქრობს ჩემზე სახელმწიფო, რა ინფორმაცია აქვს ჩემზე სახელმწიფოს. გუშინწინ თუ იმის წინ იქ მივედი და ამაზე ვკითხე და მითხრეს, რომ გადაუდებელი წესით ამოიღეს, განჩინება იყო მოსამართლის და ა.შ. მე დღესაც უნდა მოვითხოვო ეს მობილური იმიტომ, რომ იქ ჩემი პირადი ინფორმაციაა, ასევე იქ მიდევს ჩიპი, რომელიც 120 გიგაბაიტია და იქ სხვა მონაცემებიც მაქვს,“- განაცხადა ბაჩანა ლობჟანიძემ.

     

  • რა გახდა ბეირუთში აფეთქების მიზეზი

    რა გახდა ბეირუთში აფეთქების მიზეზი

    ბეირუთში, პორტში მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ესხვერპლა, 4000-მდე კი მძიმედ დაშავდა. ათეულობით დაკარგულს პოლიცია  და სამაშველო ბრიგადები ამ დრომდე ეძებენ. აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურებულია პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

    პორტის საწყობში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი გემიდან ამოიღეს.ინციდენტის გამომწვევი მიზეზი კი სწორედ  შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.

    წინასწარი მონაცემებით ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აჭარბებს.

    ლიბანის პრემიერ მინისტრი ჰასსან დიაბი ამბობს, რომ ეს აფეთქება არა მხოლოდ ერთეულების, არამედ ეროვნული ტრაგედიაა.

    მომხდარი დაუსჯელი არ დარჩება, ნებისმიერი, ვისაც მომხდარში წვლილი მიუძღვის, შესაბამის საფასურს გადაიხდის, – განაცხადა მან.

    ლიბანში სამი დღის განმავლობაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

  • “ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს” – გორის მერიის სააგენტოს უფროსი ბაჩალიაშვილის დედაზე

    “ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს” – გორის მერიის სააგენტოს უფროსი ბაჩალიაშვილის დედაზე

    გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი შმაგი ხუბულური გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ფოტოს აზიარებს და წერს : “როგორც ჩანს ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს…”.

    მან Facebook-ის პირად გვერდზე თამაზაშვილის აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული ფოტო გააზიარა.

    გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ქვათაძე ადასტურებს, რომ შმაგი ხუბულური ნამდვილად გორის მერიაში მუშაობს. ხუბულურის ფეისბუქიდან ირკვევა, რომ ის მანამდე გორის მუცინიპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში მუშაობდა.

    ჯერჯერობით აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია თავად შმაგი ხუბულურსა და გორის მერიას.

    ცნობისთვის, გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ–ს საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ს გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

    შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

  • სხვა თუ აპირებს პრემიერობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს – ვაშაძე

    სხვა თუ აპირებს პრემიერობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს – ვაშაძე

    სხვა თუ აპირებს პრემიერ-მინისტრობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს, რა არის მთავარი მიზანი, ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც ვიხილოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

    „მე ვაპირებ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრობას კონკრეტული მიზნით, რომ არცერთი მშიერი ადამიანი არ იყოს ქვეყანაში და ადამიანებს ნაგავსაყრელზე არ უწევდეთ საკვების ძიება. ამისათვის მაქვს კონკრეტული სტრატეგია, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც არის ქვეყნის განვითარების გეგმა და გვაქვს დიდი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. სხვა თუ აპირებს, რა თქმა უნდა, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს რატომ, რისთვის, რა არის მთავარი მიზანი. ამიტომ დაველოდოთ, მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას, რადგან ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენ გვაწუხებს ხალხის პრობლემა, გაჭირვება, რომელიც საზოგადოებას აქვს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ – ქვრივიშვილი

    ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ – ქვრივიშვილი

    ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.

    „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის საავიაციო და ტურიზმის ინდუსტრიაში ბრუნდებიან ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რეგულარული რეისების ოპერირებით. გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტები არიან. ბუნებრივია, მათ კარანტინის გარეშე დატოვეს აეროპორტი და ახლა უკვე მოგზაურობენ საქართელოში. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც. ამ რეისზეც ჩამოსული მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ტურისტია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

  • “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ თანამშრომლების დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

    „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

    ეს ფაქტი სავსებით არ შეესაბამება რეალობას, ჩვენი კლინიკა ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობს იტალიის ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებთან რობერტო აგაცისთან და რობერტო ნანისთან და მათი მეთვალყურეობის ქვეშ და ჩვენი სამედიცინო გუნდის ჩართულობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში 98 პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს.

    მოცემულ შემთხვევაშიც დასტურდება იტალიელი ექიმების ჩართულობა. კერძოდ, პაციენტ ნ.ც-ს, სიმსივნური წარმონაქმნის აბლაციის მიზნით, ქართველ-იტალიელ ექიმთა ჯგუფის მიერ წარმატებული ოპერაცია, პირველად ჩაუტარდა 2018 წლის 18 სექტემბერს. ოპერაციას მეთვალყურეობდა და ზედამხედველობდა ცნობილი იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი. მოცემული ოპერაციის დადებით შედეგებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ პაციენტს მნიშვნელოვნად მოეხსნა პათოლოგიით გამოწვეული ჩივილები.

    გარკვეული პერიოდის შემდეგ, პაციენტმა კვლავ იგრძნო დისკომფორტი, იტალიელ ექიმებთან განმეორებითი კონსულტაციის შედეგად და მისი მოთხოვნით, 2018 წლის 11 ნოემბერს დაიგეგმა ხელმეორე ოპერაცია. ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები.

    ასევე, უსაფუძვლო და მცდარია პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვით, დაკავებულ ექიმს ვახტანგ ყიფიანს არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია მოცემული სერვისის ჩასატარებლად. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგ ყიფიანი გახლავთ ცნობილი, რა თქმა უნდა, ლიცენზირებული ექიმი, ინტერვენციული რადიოლოგიის დარგში, 15 წელზე მეტი სტაჟით. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მის მიერ 2000-მდე გადაუდებელი ოპერაცია ჩატარდა. აღნიშნული მანიპულაციაც წარმოადგენდა ინტერვეციულ-რადიოლოგიურ ჩარევას, ვინაიდან პროცედურის დასაწყისშივე გართულდა პაციენტის მდგომარეობა და არ განხორციელებულა ქირურგიული ჩარევა, ნათელია, რომ ვახტანგ ყიფიანის ქმედებები ვერ გახდებოდა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების საფუძველი.

    პროკურატურის განცხადებით ოპერაციის დროს, დაკავებულმა ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა „დაიხმარა“ ექიმი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. ეს განცხადება, როგორც სხვა დანარჩენი, მოკლებულია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას. პირველ რიგში, ტერმინი „დაიხმარა“ არის მცდარი და არ შეესაბამება სამედიცინო პროცესის მიმდინარეობას. მაგდა ხოჭოლავა წარმოადგენს ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტის საოპერაციო დარბაზში შეყვანის შემდგომ უზრუნველყოფს პაციენტის დაძინებას (ანესთეზიას)და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ოპერაცია. ეს არ არის დახმარება ორ ექიმს შორის, ეს არის დამოუკიდებელი სამედიცინო პროცესი.

    უნდა აღინიშნოს, რომ მაგდა ხოჭოლავა არის მოქმედი ანესთეზიოლოგი, რომელსაც გააჩნია, იტალიაში შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია, რომელიც ადასტურებს, მის კომპეტენციებს. ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იტალია შესულია იმ ქვეყანათა ნუსხაში, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით, მის მფლობელს აქვს უფლება, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე. მაგდა ხოჭოლავას კომპეტენციაზე მეტყველებს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში (შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე), ასევე ქვეყნის გარეთ, კერძოდ, იტალიაში.

    აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მცდარია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს მაგდა ხოჭოლავა თავს არიდებს გამოძიებასთან ურთიერთობას და მან, სპეციალურად ამ მიზნით დატოვა ქვეყანა. რეალურად მაგდა ხოჭოლავა ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, სადაც დღემდე ეწევა აქტიურ სამედიცინო საქმიანობას, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. აღნიშნული დეტალი, სრულებით ცვლის პროკურატურის მიერ დაყენებულ ბრალდებებს არალიცენზირებული საქმიანობის გაწევასა და ქვეყნიდან „გაქცევის“ თაობაზე.

    ასევე, აბსურდულად მიგვაჩნია, პროკურატურის განცხადება, რომ კლინიკის დირექტორმა გიორგი ლობჟანიძემ ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა და დაუდევრად მოეკიდა პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პაციენტს სრული სამედიცინო პროცედურების დაცვით ჩაუტარდა და დღემდე უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო პროცედურა და ამ საკითხთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ამ ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა სრული კომუნიკაცია პაციენტის კანონიერ წარმომადგენელთან.

    აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ გამოძიება მიმდინარეობდა თითქმის 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში, საქმესთან ყველა დაკავშირებული პირი, აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამედიცინო დაწესებულების ინტერესში შედის, სასამართლოს გზით დადგინდეს სრული ჭეშმარიტება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მიუღებლად მიგვაჩნია ამ მოცემულობაში ექიმების მოულოდნელი დაკავება და მთელი რიგი უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება.

    იმედი გვაქვს ჩვენი გუნდის წევრები ძალიან მალე გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.