Category: ახალი ამბები

  • 17 წლამდე ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს – გახარია

    17 წლამდე ყველა ბავშვი ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს – გახარია

    პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მოზარდები თანხას სასწავლო წლის დაწყების პროცესში მიიღებენ.

    “ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვი 17 წლამდე მიიღებს 200–ლარიან დახმარებას ერთჯერადად. ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში” – აცხადებს გახარია.

  • ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალურებს დავაფინანსებთ – გახარია

    ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალურებს დავაფინანსებთ – გახარია

    პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა კომუნალურ გადასახდებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში და თებერვალშიც დააფინანსებს.

    “მივიღეთ გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში. იგივე პრინციპით როგორც აქამდე იყო 200 კილოვატ საათი და კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა, ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამულად ასეთ დახმარებაზე თქვან უარი”,– განაცხადა გახარიამ.

  • რუსეთის მიერ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს – გაეროს უშიშროების საბჭო

    რუსეთის მიერ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს – გაეროს უშიშროების საბჭო

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 5 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს.

    სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, მიროსლავ იენჩა ანგარიშით წარსდგა, რომელმაც საბჭოს წევრებს განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

    “ერთობლივ განცხადებაში, მხარეება აღნიშნეს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 12 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას. ამასთან, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს, აფერხებს შერიგების პროცესს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის პირობებში”,– წერს საგარეო უწყება.

    მათივე ინფორმაციით, განცხადებაში მხარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესის ინტენსიფიკაციის გამო, რომელსაც ადგილი აქვს ბოლო წლებში, მათ შორის, გლობალური COVID-19-ის პანდემიის დროს. განცხადებაში, ასევე, შეშფოთებაა გამოთქმული იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოში პანდემიასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით ეწევა. გარდა ამისა, მხარეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ყალბ პროპაგანდაზე, რომელიც ლუგარის კვლევითი ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.

    ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდგომ, უშიშროების საბჭოს ახლანდელი და მომავალი წევრების — ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ირლანდიისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს.

    “ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, ირლანდიის და ნორვეგიის წარმომადგენლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება”, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 9 ადამიანს დაუდასტურდა და შემთხვევების საერთო რაოდენობა 1206–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი, სულ – 987. მონაცემები Stopcov.ge-ზე განახლდა.

    კარანტინის რეჟიმში 7071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

  • უბედურების ზონა: ამონიუმის ნიტრატი, რომელმაც დამანგრეველი აფეთქება გამოიწვია ბეირუთში ბათუმის პორტიდან მოხვდა

    უბედურების ზონა: ამონიუმის ნიტრატი, რომელმაც დამანგრეველი აფეთქება გამოიწვია ბეირუთში ბათუმის პორტიდან მოხვდა

    ბოლო ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ 135 ადამიანი გარდაიცვალა, დაახლოებით 5  000–მა ადამიანი დაიჭრა. ქალაქის რამდენიმე კვარტალი სრულიად დანგრეულია. ხელისუფლების განცხადებით აფეთქდა ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე პორტში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ  გაიზარდოს, რადგან შენობების ნანგრევებში კვლავ რჩებიან ადამიანები. მაშტაბური სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

    ბეირუთის გუბერნატომა, მარვან აბუდმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აფეთქების შედეგად მიღებული ზარალი 10–15 მილიარდ დოლარად შეაფასა. მთავრობის სხდომაზე ოთხშაბათს ბეირუთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა.

    ოთხშაბათს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა შინაპატიმრობა მოითხოვოს პორტის ყველა თანამშრომლისთვის, რომლებიც პასუხს აგებდნენ საშიში მასალების შენახვაზე. მათ დაპატიმრებას არმიის ძალები უზრუნველყოფენ.

    როიტერის წყაროს ინფორმაციით, რომელიც პირველადი გამოძიების მიმდინარეობას იცნობს, აფეთქების მიზეზი შესაძლოა დაუდევრობა და წლების მანძილზე ხელისუფლების უმოქმედობა გამხდარიყო.

    მისი თქმით, რამდენიმე კომიტეტმა და მოსამართლემ განიხილა ტვირთის შეძენის უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის შენახვას უკავშირდებოდა, თუმცა საშიში მასალის უტილიზაციის ან გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არაფერი გაკეთდა.

    აფეთქებამ სასურსათო კრიზისის საფრთხეც გააჩინა: ლიბანი კვების პროდუქტების უმრავლესობის იმპორტს ეწევა, დანგრეული პორტის რამდენიმე საწყობში კი მარცვლეულის მნიშვნელოვანი მარაგები ინახებოდა. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ აფეთქებას გადარჩენილი მარცვლეული საკვებად უვარგისია.

    აფეთქების მრავალმა მოწმემ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა კადრები, სადაც პორტის თავზე ჯერ კვამლის სვეტი ჩანს, შემდეგ კი უძლიერესი აფეთქება ხდება. ამის შემდეგ ქალაქის თავზე სოკოს ფორმის კვამლის ღრუბელი გაჩნდა. აფეთქების ტალღამ მრავალი შენობა დაანგრია პორტიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში და ავტომობილები ჰაერში აისროლა.

    დიდი ბრიტანეთის შეფილდის უნივერსიტეტის სპეციალისტების შეფასებით აფეთქების სიმძლავრე ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრის მეათედს შეესაბამება, რომელიც იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ჩამოაგდეს. მათი თქმით ეს არის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი არაბირთვული აფეთქება.

    პორტში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ქიმიკატია, რომელიც სასუქადაც გამოიყენება და ასაფეთქებელ ნივთიერებადაც. აფეთქდა 2.75 ტონა ქიმიკატი. ზუსტად ამდენი ამიატის ნიტრატი შევიდა ლიბანში გემით, რომელიც რუს იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა. ნივთიერება პორტის საწყობში უტილიზაციის მოლოდინში 2014 წლიდან ინახებოდა. ლიბანის არხმა  LBCI–მ განაცხადა, რომ სწორედ ამ ტვირთზე, როგორც აფეთქების წყაროზე იყო საუბარი ლიბანის თავდაცვის უმაღლეს საბჭოზე.

    ტვირთის ისტორიაზე და გემის რუს მფლობელზე ისაუბრა მედიასთან ინტერვიუში გემის ყოფილმა კაპიტანმა ბორის პროკოშევმა.

    მისი თქმით, გემი ქიმიკატით, რომელიც რუ სიგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა, ბეირუთის პორტში 2014 წელს დააპატიმრეს პორტის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო.

    იმის შესახებ, რომ გემი სახელად Rhosus ამონიუმის ნიტრატის 2750 ტონით ბეირუთის პორტში დააკავეს, 2015 წელს ვებგვერდი  shiparrested.com წერდა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ მოლდოვას დროშით მცურავი გემი საქართველოს ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიემართებოდა, თუმცა 2013 წლის სექტემბერში ბორტზე გაუმართაობის გამო ბეირუთში დაუგეგმავად გაჩერდა.

    უბედურების ზონა:

    ლიბანის წითელი ჯვრის განცხადებით ბეირუთის საავადმყოფოები გადავსებულია. ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და აფეთქების შედეგების სალიკვიდაციოდ 66 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ხელისუფლებამ უფლება მიიღო უბედურების ზონაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არმია გამოიყენოს.

    გაერო აცხადებს, რომ აფეთების შედეგად დაზიანდა ლიბანში მისი სამშვიდობო მისიის სამხედრო გემი, დაჭრილია რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე. დაშავებულია გერმანიის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელიც.

    რა არის ამონიუმის ნიტრატი:

    ამონიუმის ნიტრატი ფართოდ გამოიყენება როგორც აზოტის სასუქი, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერება.

    ის განსაკუთრებით ფეთქებადსაშიშია ცეცხლთან და აალებად მასალებთან კონტაქტში. ამონიუმის ნიტრატის აფეთქების შემდეგ ატმოსფეროში შეიძლება ტოქსიკური გაზები გამოიყოს, მათ შორის აზოტის ოქსიდები და ამიაკი.

    ამ ნივთიერების შენახვისთვის მკაცრი მოთხოვნები არსებობს. ერთ–ერთი მათგანის მიხედვით შენობა, სადაც ის ინახება ცეცხლმედეგი უნდა იყოს, აკრძალულია მილების, გამწოვი არხების ან სხვა ტიპის გაყვანილობის დამონტაჟება, სადაც შეიძლება ფეთქებადსაშიში ნივთიერება დაგროვდეს.

    კონტექსტი:

    პარასკევს გაეროს ტრიბუნალს უნდა გამოეცხადებინა ოთხი მამაკაცის ვერდიქტი, რომლებსაც დაუსწრებლად დასდეს ბრალი ქვეყნის პრემიერ მინისტრის, რაფიკ ხარირის და კიდევ 21 ადამიანის მკვლელობაში. ხარირი 2005 წელს დაჯავშნული ავტომობილის ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ოთხშაბათს გაირკვა, რომ ვერდიქტის გამოცხადება 18 აგვისტოსთვის გადაიდო. სასამართლოში განაცხადეს, რომ  გადაწყვეტილება აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მიიღეს.

    ხარირის აფეთქებაში ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ მოძრაობა ჰეზბოლას ადანაშაულებდნენ. სწორედ მისი წევრია ოთხივე ბრალდებული. თუმცა ჰესბოლა ყველა ბრალდებას უარყოფდა.

    ლიბანი ბოლო თვეებში მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა. ქუჩებში არ ცხრება ანტისახელისუფლო დემონსტრაციები რეფორმების და ცვლილებების მოთხოვნით. ქვეყანაში ხშირად ითიშება ელექტროენერგია, არასაკმარისია სასმელი წყალი, სამედიცინო სამსახურები მძიმე მდგომარეობაშია.

    გარდა ამისა, ბოლო დროს გართულდა სიტუაცია ლიბანის და ისრაელის საზღვარზეც. ისრაელის ხელისუფლებამ გასულ კვირას განაცხადა, რომ აღკვეთეს ჰესბოლას წევრების მცდელობა ისრაელის ტერიტორიაზე შეეღწიათ.

  • ხვალ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ

    ხვალ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ

    გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, ხვალ 12 საათზე გენერალურ პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებენ.

    ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურებიან.

    ცნობისთვის, შსს–მ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ისტორია, საიდანაც, სამინისტროს მტკიცებით, ირკვევა, რომ თამარი სუიციდის მეთოდებს google–ში ეძებდა. 

    უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილი ასევე არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ პროფილს მისი გარდაცვალების შემდეგ.

    გარდა ამისა, შსს ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის ნაპოვნი წამლები იმ წამლებს ემთხვევა, რომელიც მან 17 ივლისს “დაგუგლა”.

  • შსს სათავისო ფრაგმენტებით საზოგადოებას სუიციდის ვერსიისკენ უბიძგებს – ბაქრაძე ბაჩალიაშვილზე

    შსს სათავისო ფრაგმენტებით საზოგადოებას სუიციდის ვერსიისკენ უბიძგებს – ბაქრაძე ბაჩალიაშვილზე

    ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის აზრით, შსს თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის გასაჯაროებით საზოგადოებივი აზრით მანიპულირებას ცდილობს.

    “მე პოლიტიკოსი ვარ, არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას რომ გამოძიებაში ჩავერიო და ვერსიები წამოვაყენო, მაგრამ, როგორც ადამიანისთვის, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და საეჭვოა ეს განცხადება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან შერჩევით, ძალიან სათავისო ფრაგმენტების ამოღებით, დაჟინებით უბიძგებს საზოგადოებრივ აზრს იქითკენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.

    არ შეიძლება არ გაგახსენდეს მათი პირველი რეაქცია, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ, თურმე, ფსიქოლოგი ჰყავდა თამარს. ფსიქოლოგის ყოლა არ ნიშნავს, რომ ადამიანი თვითმკვლელობისთვის ემზადება. არც ეს ფრაგმენტები არ ნიშნავს ამას”, – ამბობს ბაქრაძე ფორმულასთან.

    ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებრივი აზრის თვითმკვლელობის ვერსიისკენ წაყვანას ცდილობენ, რაც გამოძიების შესახებ საზოგადოებაში მეტ კითხვას აჩენს.

    “როდესაც საგამოძიებო უწყება ასე დაჟინებით და სრულიად არაკომპეტენტურად და შერჩევითად გიბიძგებს რაღაც დასკვნისკენ, ეს ყოველთვის ბევრად უფრო მეტ ეჭვს აღძრავს საზოგადოებაში.

    როდესაც ასე დაჟინებით მიბიძგებენ, რომ გინდა თუ არა რაღაც ვერსია ვიფიქრო, რა თქმა უნდა, ეჭვი მიჩნდება და პირიქით აღარ ვიღებ იმ ვერსიას და პირიქით მიჩნდება ეჭვი და პროტესტი, რომ ხომ არ არის ეს გაყალბება საქმის და ხომ არ არის ეს არასწორი მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის წაყვანა”, – ამბობს ბაქრაძე.

    ცნობისთვის, შსს–მ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ისტორია, საიდანაც, სამინისტროს მტკიცებით, ირკვევა, რომ თამარი სუიციდის მეთოდებს google–ში ეძებდა. უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილი ასევე არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ პროფილს მისი გარდაცვალების შემდეგ. გარდა ამისა, შსს ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის ნაპოვნი წამლები იმ წამლებს ემთხვევა, რომელიც მან 17 ივლისს “დაგუგლა”.

  • ქობულეთში ” ოცნება” სავარაუდოდ საარჩევნო ხმების სანაცვლოდ კიტრს და პომიდორს არიგებს

    ქობულეთში ” ოცნება” სავარაუდოდ საარჩევნო ხმების სანაცვლოდ კიტრს და პომიდორს არიგებს

    TV პირველის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ მარკეტში “ქართული ოცნების” კოორდინატორები მოსახლეობის ნაწილს, სავარაუდოდ, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ კიტრასა და პომიდორს ურიგებენ.

    ჟურნალისტი, რომელიც ადგილობრივებს ეკითხება, თუ ვინ არიგებს ბოსტნეულს, პასუხობენ, რომ მთავრობა არიგებს.

    ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

    TV პირველის ჟურნალისტის თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერები გადამღებ ჯგუფს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფითაც იმუქრებოდნენ.

    ქართულ ოცნებაში ბოსტნეულის დარიგებას არ ადასტურებენ.

  • თამარ ბაჩალიაშვილი Google-ში “თვითმკვლელობის საუკეთესო მეთოდებს” ეძებდა – შსს

    თამარ ბაჩალიაშვილი Google-ში “თვითმკვლელობის საუკეთესო მეთოდებს” ეძებდა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე თვითმკლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა. უწყების ინფორმაციით, 23 წლის გოგომ Facebook-ზე მოძებნა ინფორმაცია, რა მოსდის ფეისბუქს გარდაცვალების შემდეგ.

    სამინისტროს განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    “სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.

    ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

    2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide – რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის.

    იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები.

    დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

    აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი.

    ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაციის ნაწილს”, – აცხადებს შსს.

  • თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს პატიმრობა, დირექტორს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

    თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმებს პატიმრობა, დირექტორს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის ბრალდებულ თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს, 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დაკავებულ კლინიკის ორ ექიმს კი პატიმრობა, მათ შორის ერთს დაუსწრებლად, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება.

    საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობისთვის თბილისის ცენტრალური საავადმყოს დირექტორი და ამავე კლინიკის ექიმი დააკავეს.

    პროკურატურის განცხადებით, 2018 წელს კლინიკაში არალიცენზირებულმა ექიმებმა პაციენტი დაარწმუნეს, რომ მისი გამოკვლევები იტალიაში გადააგზავნეს და ოპერაცია 2-ჯერ ჩაუტარეს. პაციენტი 2018 წლის 11 დეკემბრიდან კომაშია.

    კლინიკის დირექტორს ბრალი 220-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის ინფორმაციით, მეორე ექიმი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, საზღვარგარეთაა და საგამოძებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს. უწყების ცნობით, მას ბრალი დაუსწრებლად, 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახით 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    ამ საქმესთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია,დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის “აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს”.