Category: ახალი ამბები

  • რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პასუხი უნდა აგოს — კრამონი

    რუსეთს არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, პასუხი უნდა აგოს — კრამონი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

    კრამონი Twitter-ზე წერს, რუსული ინტერვენციიდან 12 წელი გავიდა, თუმცა ომი 2008 წელს არ დაწყებულა. მისივე თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ ასრულებს, რის გამოც ქვეყანამ პასუხი უნდა აგოს.

    “12 წელი გავიდა საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან, თუმცა ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. 2008 წლის მოვლენებს  ათწლეულების განმავლობაში წინ უძღოდა რუსული აგრესია და ის მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით გაგრძელდა.

    რუსეთს ამ დრომდე არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს. რუსეთმა ანალოგიური აგრესული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგაც.

    როგორც ოკუპირებული ტერიტორიების “აღიარების პოლიტიკის” მარცხი აჩვენებს, საქართველო არ არის მარტო რუსული აგრესიის წინაშე და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები. ევროკავშირი მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის ევროპულ მომავალს”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

  • “ეს არის ბაჩანას გამოძიება” – კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

    “ეს არის ბაჩანას გამოძიება” – კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

    კომპანია ZAG-ის დირექტორის, თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

    თამარ კობერიძის ადვოკატი, ქეთევან მირიანაშვილი, საგამოძიებო მოქმედებებს “ბაჩანას გამოძიებას” უწოდებს და  მოითხოვს, რომ ჩხრეკის ოპერაცია თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლშიც ჩატარდეს.

    “გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან – არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები.

    გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები კომპანია ZAG-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს.

    ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, ამბობს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. ბრალდებებს უარყოფს კომპანია ზეგ.

    ბაჩალიშვილის ახლო მეგობრების, დეა კაპანაძის თქმით, ბაჩანა ლობჟანიძე თამარის შეყვარებული არ ყოფილა და არ იცის, საიდან გამოჩნდა ამ საქმეში.

  • მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული ქმედებები – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული ქმედებები – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    “აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან”,– ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომიდან მე–12 წლისთავს.

    უწყების განცხადებით, სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და საფრთხე შეუქმნა მთელი ევროპის უსაფრთხოებას..

    “მეტიც, რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო მილიტარიზაციას და დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ. შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიური ხასიათი მიიღო საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრებამ, რასაც თან ახლავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა უკანონო დაკავებები და გატაცებები”,– წერს საგარეო.

    მათი განცხადებით, მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ. შეშფოთებას იწვევს, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული შეტევების ობიექტი ლუგარის სახელობის საქართველოს ჯანდაცვის ლაბორატორიასთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც კი გახდა.

    სამინისტროს თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა, კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად.

    “დ.ბაშარულის, გ.ოთხოზორიასა და ა.ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი, კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისთვის და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება”. – აცხადებს საგარეო უწყება.

    სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

    2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. აგვისტოში რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.

  • დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში – სამადაშვილი

    დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში – სამადაშვილი

    2008 წლის ომი საქართველომ მოიგო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა

    „ეს ძალიან ძალიან ძვირი ფასი დაუჯდა ქართველ ხალხს. ჩვენ 2008 წელს ვიბრძოდით ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, სახელმწიფოსთვის, რომელიც იქნება ინტეგრირებული ნატო-ში და ევროკავშირში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, რომლისთვისაც დაიღუპა არაერთი ქართველი. ჩემთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან ხშირად ჩვენს სახელმწიფოს ადანაშაულებს 2008 წლის ომში და რუსულ აგრესიაში. გასული 12 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ოდნავ მაინც წინ წავსულიყავით იმ შეთანხმებების შესრულების თვალსაზრისით, რომელიც დაიდო ცეცხლის შეწყვეტის დროს 2008 წელს. ფაქტობრივად, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ტერიტორიების ანექსია გაღრმავდა, იმის მაგივრად, რომ ჩვენ შეგვეჩერებინა ეს პროცესი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • რატომ მილიონები ოცნების კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? – ვაშაძე გახარიას

    რატომ მილიონები ოცნების კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? – ვაშაძე გახარიას

    “რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს?”, – ასე ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გახარიას მიერ ბავშვებისთვის 200–ლარიანი დახხმარებების დაანოსნებას.

    მისი განცხადებით, მთავრობა 5 მილიარდის სესხი აიღო, რაც მოქალაქეების გადასახდელია.

    “მინდა ვისაუბრო გუშინდელ ცინიკურ განცხადებებზე, რომელიც გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ. 5 მილიარდის ოდენობის სესხი აიღო საქართველომ, რაც ჩვენი გადასახდელია. რატომ მილიონები თქვენს კომპანიებს და მხოლოდ 200 ლარი ბავშვებს? რატომ ეძლევათ კაპიკები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და რატომ მიდის მილიონები თქვენ ჯიბეში? ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ უმძიმესი კრიზისის დროს ფულის კეთებაზე ხართ გადასული. უნდა გააორმაგოთ ეს დახმარება, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა ის, რომ ცინიზმით გამოხვიდეთ, ხალხს უთხრათ, რომ კაპიკები გადმოგიგდეთ და ბედნიერები იყავით ამისგანო და მერე მილიონები თქვენს კომპანიებს გაუფორმოთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

    მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

    გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

    გახარიას თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.

  • როგორი ამინდი იქნება 15 აგვისტომდე – პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება 15 აგვისტომდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსამდე დაიკლებს.

    მათივე ცნობით,  თბილისში 11 აგვისტომდე ცხელი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 11 აგვისტოდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა 3-5 გრადუსით დაიკლებს.

  • ლევან სამუშია პარტია “ლელოს” შეუერთდა

    ლევან სამუშია პარტია “ლელოს” შეუერთდა

    ლევან სამუშია, რომელმაც 3 აგვისტოს “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა, პარტია ლელოს გუნდს შეუერთდა. მას ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

    ლევან სამუშიამ თავისუფალი დემოკრატების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სადაც არ უნდა იყოს, აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას “რუსული ოცნების” წინააღმდეგ, “ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის”.

    მანვე აღნიშნა, რომ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

  • ან ივანიშვილის შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან სააკაშვილის – ბარამიძე ოპოზიციას

    ან ივანიშვილის შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან სააკაშვილის – ბარამიძე ოპოზიციას

    ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და ეუბნება, რომ მათ ან ბიძინა ივანიშვილის ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოუწევთ ყოფნა.

    “ღრმადპატივცემულო კოლეგა ოპოზიციონერებო, ბოლო დროს გახშირდა ზოგიერთი თქვენთაგანის საკმაოდ უცნაური (მე ვიტყოდი არაადეკვატური) განცხადებები, მაგალითად: “მე ვიქნები პრემიერი”, “მიშა ვერ გახდება პრემიერი”, “მიშას პრემიერობას არ დავუჭერთ მხარს” და ასე შემდეგ, ღიად შეურაცხმყოფელებს აღარ ვიხსენებ.

    მინდა გკითხოთ, თუ მთავარი და რეალისტურად (როგორც მინიმუმ), საგრძნობლად ყველაზე მეტი ხმის ამღებ პარტიასთან და მის ლიდერთან საერთო საპარლამენტო კოალიციას და მთავრობაში ყოფნას არ აპირებთ, აბა ოლიგარქის წინააღმდეგები ვართ და მისი დამარცხება გვინდაო, იტყუებით?

    თუ იმას ამბობთ, რომ სამართლიანი, ლოგიკური და საღი აზრიდან გამომდინარე, პრაგმატული იქნება 2 ან 3 პროცენტის ამღები, ან გინდაც 15 პროცენტიანი (ღმერთმა მეტიც აგაღებინოთ, მეც ეს მინდა) პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერი?

    და თქვენზე მინიმუმ ორჯერ, სამჯერ ან ზოგ შემთხვევაში ათჯერ მეტი ხალხის ხმების მქონე პარტიის ლიდერს, წინასწარ, საჯაროდ, უარს რომ ეუბნებით, მისი ლიდერობით კოალიციურ მთავრობაში ყოფნაზე ეს ნორმალურია?”,– წერს ფეისბუქზე ბარამიძე.

    ის კოლეგებს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, რა გზას ირჩევენ – ივანიშვილის მოცილებას, თუ სხვა რამეს.

    “არავინ გთხოვთ ნაციონალურ მოძრაობაში გაწევრიანებას, ან ჩვენთან ყველა თემაზე დათანხმებას, ცხადია მომავალი მთავრობა, დიდი ალბათობით, რეალურად კოალიციური შეიძლება იყოს და ასეთ შემთხვევაში, უკვე ხომ ნათელია, რომ ან ივანიშვილის ლიდერობით შექმნილ მთავრობაში მოგიწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით.

    ეგ ისეთივე რეალობაა, როგორც ქორწილის ღამეს პატარძლისა და სიძის სექსი და იქ რომ რომელიმემ პრანჭვა დაიწყოს ხო სისულელე იქნება?

    ამიტომ როგორც კოლეგებსა და პოტენციურად (იმედი მაქვს) მომავალი საერთო კოალიციის მონაწილეებს, გთხოვთ, მოგიწოდებთ, დროულად ჩამოყალიბდეთ, რა გზას ირჩევთ და ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უთხრათ რა გინდათ და მართლა ივანიშვილის მშვიდობიანად, არჩევნების გზით მოცილება გინდათ თუ რაღაც სხვა?

    თუ ოლიგარქის მოცილებას ირჩევთ, შეწყვიტეთ მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე და მის დევნილ ლიდერზე კონტრპროდუქტიული თავდასხმები და მიხედეთ თქვენს საარჩევნო კამპანიას, სადაც ძალიან ბევრი საერთო ინტერესი და საქმე გვაქვს გასაკეთებელი.” – წერს ბარამიძე.

    ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი იქნება. პარტიას ის ჯერ არ დაუსახელებია.

    პრემიერობაზე პრეტენზიას აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძეც.

  • ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელიც მომავალში მათი გასასტუმრებელი იქნება – ჯაფარიძე დახმარებაზე

    ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელიც მომავალში მათი გასასტუმრებელი იქნება – ჯაფარიძე დახმარებაზე

    გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, 17 წლის ჩათვლით ყველა საქართველოს მოქალაქე ბავშვს 200-ლარი გადაეცემათ.

    ჯაფარიძის თქმით, მთავრობამ სესხი აიღო და დაურიგა იმ ბავშვებს, ვისაც ამ სესხის მომავალში გასტუმრება მოუწევს.

    “17 წლამდე ბავშვებს ურიგებენ 200–200 ლარს. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ამ ბავშვების ცხოვრება დაალომბარდა და აიღო სესხი ქვეყნის გარედან, ეს ფული შემოიტანა და დაურიგა ამ ბავშვებს, ვისი გასასტუმრებელიც იქნება ეს სესხი მომავალში. ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელიც მათი გასასტუმრებელი იქნება. ამაში შუაში მთავრობა იტოვებს პროცენტს და ირიგებს ხელფასებს, ვითომ მაგარი საქმე გააკეთა”,– ამბობს ჯაფარიძე რუსთავი 2–ის ეთერში.

    მისივე თქმით, ეს დახმარებები ანტიკრიზისულ მიზნებს არ ემსახურება, ეს არის “გარედან მოტანილი ფულის უბრალოდ გადანაწილება. ამას დაუძახო ანტიკრიზისული გეგმა, სასაცილოა”.

    ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ გაღარიბებული ხალხისთვის ფულის დარიგება მოსყიდვაა, თუმცა საკამათო ისაა, რატომ არიან ადამიანები ისე ღარიბები, რომ მთავრობის “გადმოგდებული” მათხოვრული თანხა გულწრფელად უხარიათ. მისი თქმით, კამათი საჭიროა იმაზე, როგორ არ იყოს საზოგადოება ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში.

    ცნობისთვის, მთავრობამ გადაწყვიტა, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200–200 ლარი დაურიგოს.

  • კვლავ გამოვთქვამთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას – ევროკავშირის წარმომადგენლობა

    კვლავ გამოვთქვამთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას – ევროკავშირის წარმომადგენლობა

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში რუსეთის შეჭრის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის.

    მათი განცხადებით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები კვლავ ირღვევა.

    “სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონამდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

    კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. “ბორდერიზაციის”, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით”,– ვკითხულობთ განცხადებაში.

    ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაიის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეცილური წარმომაგენლის საქმიანობის, და ადგილზე მნიშვნელოვანი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით.

    ” ევროკავშირი კვლავ გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,– წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.