Category: ახალი ამბები

  • საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი  უნდა შეწყდეს – ევროპარლამენტარები

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი უნდა შეწყდეს – ევროპარლამენტარები

    რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდისა და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

    „დღეს, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 12 წელი გავიდა და მისი შედეგები ახლაც იგრძნობა. საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათას ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული ქმედებების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო მოკავშირემ და მნიშვნელოვანმა პარტნიორმა.

    „ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის საშუალებით ევროკავშირთან გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ქართველ ხალხს უშუალო, ხელშესახები სარგებელი და ახალი შესაძლებლობები მოუტანა.

    სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს არ შეუძლიათ იმ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებით ისარგებლონ, რითაც ქვეყნის დანარჩენი ნაწილი სარგებლობს, ვინაიდან ორივე რეგიონი კვლავ რუსული ოკუპაციის ავბედით შედეგებს იმკის და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის, როგორც ამას მათი ამბიციური სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ -გვიჩვენებს.

    ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

    მოვუწოდებთ კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაჭრისკენ, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

    ევროპარლამენტარები რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და „ბორდერიზაციის“ პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

    „ვინაიდან აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი დე-ფაქტო მმართველობის ქვეშაა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებლად წვდომის საშუალება მისცეს. შეწყდეს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და დასრულდეს ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა ამ რეგიონებში. ასევე უზრუნველყოფილ იქნას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, მათ მშობლიურ მიწაზე და ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

  • ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არც ხმაურდება – თურნავა

    ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომელიც არც ხმაურდება – თურნავა

    ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც თვითპიარით ვართ გატაცებულები , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა.

    „რაც შეეხება იმას, რომ კოვიდ ფონდი იხარჯება ახლა და შეგროვებული 130 მილიონიდან 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი, ეს არის ფაქტი. ძალიან ბევრი კითხვა იყო, როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ. ვხარჯავთ ახლა ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. 100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ე.ი სწორად ვიქცევით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

  • საიდან მოხვდა 75 ათასი ლარი ბაჩალიაშვილის ანგარიშზე – რამიშვილის განმარტება

    საიდან მოხვდა 75 ათასი ლარი ბაჩალიაშვილის ანგარიშზე – რამიშვილის განმარტება

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის ანგარიშზე თანხა სახელფასო ტრანზაქციებით მოხვდა.

    “მისი ხელფასებიდან ტრანზაქციები განხორციელებულია, იგი აგროვებდა თანხას, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წასულიყო. საუბრები იყო, რომ ვითომ ჩარიცხულია დიდი რაოდენობის თანხა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ექსპერტიზით დამტკიცა, ფურცელზე წარწა თამარისია, მაგრამ, გამოსაკვლევია, როდის დაიწერა. ყველა საგამოძიებო მოქმედება დაჩქარებული წესით უნდა განხორციელდეს”, — ამბობს მიხეილ რამიშვილი.

    კომპანია ზეგის დირექტორის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ხელფასი 4500 ლარი იყო.

    23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

    საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საკონსტიტუციომ კვოტირების შესახებ გირჩის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

    საკონსტიტუციომ კვოტირების შესახებ გირჩის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

    საკონსტიტუციო სასამართლომ “გირჩის” სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ არსებით განხილვაში მიიღო. მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არიან.

    პარტიის წევრის, ლევან ჯგერენაიას თქმით, კვოტირების წესი ხელს უშლის მოსარჩელეებს პასიური საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლებას და ეწინააღმდეგება გირჩის მხარდამჭერების ნებას, რომლებიც სიას თავად ადგენენ.

    “საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო “გირჩის” სარჩელი, რომლითაც ვასაჩივრებთ კვოტირების წესს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ, “ცესკო”-ში რეგისტრაციისთვის პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი ჰყავდეთ გასხვავებული სქესის. ერთის მხრივ, ეს ხელს უშლის “გირჩის” და სხვა მოსარჩელეების პასიური საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლებას. ასევე ეწინააღმდეგება ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების ნებას იმიტომ, რომ “გირჩის” პარტიული სია შედგენილი არის პარტნიორებისა და გულშემატკივრების მიერ. შესაბამისად,  ეს შეზღუდვა, რომელიც პარტიებს ამ რეგულაციის დაცვას ავალდებულებს მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური”,- განაცხადა ლევან ჯგერენაიამ.

    შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს 10 ივლისს მიმართა.

    პარტიამ საკუთარი საარჩევნო სია უკვე წარადგინა, რომელშიც პირველი ათი პოლიტიკოსიდან არცერთი არ არის ქალი. გირჩი აცხადებს, რომ სიას პარტიის მხარდამჭერები აკომპლექტებენ, შესაბამისად, ისინი წყვეტენ, რომელ ადგილზე რომელი პოლიტიკოსი იქნება. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარტიაში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, “აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი”.

  • მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ბექა ნათელაშვილი იქნება

    მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან ბექა ნათელაშვილი იქნება

    ლეიბორისტული პარტიის მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი იქნება. მცხეთის გამგეობასთან გამართულ ბრიფინგზე მან საკუთარი თავი დღეს წარადგინა.

    “მე მინდა მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში წარმოვადგინო ჩემი თავი და ვიბრძოლო სწორედ იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდი, რომ მიგვეღო ამ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო სისტემა. გვსურს შემოვიაროთ თითოეული სოფელი, თითოეული ქალაქი და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ არსებობს იმედი. ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ”, – განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

    ბექა ნათელაშვილი ახალგაზრდა ლეიბორისტული ფრთის ლიდერი.

  • უტეხი სულისკვეთება იყო პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია – არშეგუება! – ზურაბიშვილი

    უტეხი სულისკვეთება იყო პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია – არშეგუება! – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ოკუპაციამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და საგარეო კურსზე.

    “12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ.

    სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია – არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია.

    ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი, ოსებისა და აფხაზების ერთობა ათასწლეულებს ითვლის. გვახსოვს, რომ ჩვენ ერთი დიდი კულტურისა და საერთო კავკასიური ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ვინც ამ კულტურას, ამ ცივილიზაციას ებრძვის, ებრძვის არა მხოლოდ ჩვენს წარსულს, არამედ ცდილობს წაგვართვას ერთიანი მომავალიც. თუმცა ამაოდ!

    ვერც ომმა, ვერც ჩვენი ტერიტორიების 20%- ის ოკუპაციამ და ვერც ჩვენი მოქალაქეების უფლებებისა და იდენტობის შელახვამ გავლენა ვერ მოახდინა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე.

    რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ შეჩერდა წინსვლა ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

    ახლახან კოვიდთან ბრძოლაში, კიდევ ერთხელ, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა თავისი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, დადო შედეგი! ეს და სხვა მრავალი წარმატება წარმოადგენს ტრაგედიასა და ომზე რეალურ, გრძელვადიან გამარჯვებას”,– აცხადებს ზურაბიშვილი.

    მისი თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

    “მოთმინება და მშვიდობიანი გზის არჩევა არ ნიშნავს დავიწყებას, ან შეგუებას. შერიგება, დაპირისპირების გადალახვა და წარსულიდან საერთო მომავლის კონტურების დასახვა ჩვენი მიზანია. რუსეთმა კი, უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიგოს, რომ ომით მოპოვებული ტერიტორია, ძალით ოკუპირებული და შიშით დატყვევებული მოსახლეობა რეგიონს ვერც სტაბილურობასა და ვერც კეთილდღეობას ვერ მოუტანს.

    მსოფლიო გლობალური საფრთხეები დღეს ახალ მიდგომებს მოითხოვს. წარსულში ჩარჩენილი ძალმომრეობითი პოლიტიკა ანაქრონულია, რამეთუ ამ გამოწვევების წინაშე უძლურია.

    თავისუფლებას, მშვიდობასა და სოლიდარობას ალტერნატივა არ გააჩნია”,– წერს სალომე ზურაბიშვილი.

     

  • ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები

    ვინ არიან “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატები

    მთავარი არხი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს. კანდიდატები რეგიონებში პარტიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუყენებია.

    • ხატია დეკანოძე სავარაუდოდ თერჯოლა-ტყიბული-ზესტაფონი-ბაღდათის ოლქში დასახელდება;
    • რუსთავში – დავით კირკიტაძე;
    • გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო–საგარეჯოს ოლქში სავარაუდოდ ლევან ბეჟაშვილი;
    • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – გიორგი ბოტკოველი.

    ასევე, ცნობილია რომ ქუთაისში “ენმ”-დან კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ხოლო სამტრედია-ხონში დევი ჭანკოტაძე.  გლდანში კენჭს ნიკა მელია იყრის, ხოლო ისანში – ლევან ხაბეიშვილი. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების ვინაობა 20 აგვისტომდე დაზუსტდება.

    ოპოზიცია რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა – ენმ–მ გადაწყვიტა, დარჩენილ 22–ივე ოლქში საკუთარი კანდიდატები დააყენოს. პარტიაში ამ ოლქების კანდიდატებზე მსჯელობენ. ასევე, განიხილავენ ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი. სავარაუდოდ, ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილს დაასახელებენ.

    დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ოპოზიციურ პარტიებს მიმართა, რომ მათ ან ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოუწევთ ყოფნა, ან მიხეილ სააკაშვილის, ამიტომ, “ჩამოყალიბდნენ, რა გზას ირჩევენ”.

  • რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა – კუბილიუსი

    რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა – კუბილიუსი

    ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომიდან მე–12 წლისთავს ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთი უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებად.

    “უკანონოდ განლაგებული საოკუპაციო ძალებისა და საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსიის გზით რუსეთის მიერ წარმოებული უწყვეტი პროვოკაციები საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ უხეშად არღვევს, – წერს კუბილიუსი ტვიტერზე.

    მისი განცხადებით, რუსეთმა საქართველოსგან, როგორც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელების კუთხით მისაბაძი ქვეყნიდან, მაგალითი უნდა აიღოს.

    „იმპერიალისტული რუსეთის ეს გზა განწირულია. რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია“, – წერს კუბილიუსი.

  • ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს

    ლევან თოფაძე ხეჩინაშვილის კლინიკიდან გაწერეს

    ბიზნესმენი გოგი თოფაძის შვილიშვილმა,ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის კლინიკა დატოვ. თოფაძის თქმით, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

    ადვოკატის, გიორგი ანთაძის თქმით, გამომძიებლებს ლევან თოფაძე ჯერ არ გამოუკითხავთ.

    “გამომძიებლები გამოკითხვაზე არ ყოფილან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საკმარის საშუალებას, რომ ის გამოკითხულ იქნეს მოწმის სახით. სამართლებრივად ეს შესაძლებელია წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდების მხარე უკვე საქმეში არსებული და შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე მივა ბრალდების საბოლოო სახით ფორმულირებამდე. შეიძლება უფრო მსუბუქი მუხლი იქნეს, შეიძლება უფრო მძიმე, შეიძლება იგივე”. – ამბობს ადვოკატი გიორგი ანთაძე.

    ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბუსა ჟვანიამ მიმდინარე წლის 2 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

  • ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას – ღარიბაშვილი

    ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას – ღარიბაშვილი

    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოკუპაციის 12 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოკუპაცია დროებითია და საქართველო პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლებს დეოკუპაციას.

    “დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე.

    საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შესძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.

    მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას”,– წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.