Category: ახალი ამბები

  • ბაჩალიაშვილის საქმე –  დღეს, მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია შემოწმდება

    ბაჩალიაშვილის საქმე – დღეს, მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია შემოწმდება

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია იქნება შემოწმებული. ადვოკატის განმარტებით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზას მის გარდა გარდაცვლილის მამა და ძმა დაესწრებიან.

    „შემატყობინეს, რომ დღეს მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ მობილურთან არის დაკავშირებული, იქნება შემოწმებული. დავაკვირდები თუ როგორ იქნება ეს პროცდურები ჩატარებული, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული და ვნახოთ შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

    ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ლეპტოპის ექსპერტიზასთან დაკავშირებით უნდობლობა არსებობს.

    „ახლა ვნახავ ზუსტად რა მდგომარეობაში იქნება მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი დაილუქა ჩემ თვალწინ, რადგან ის იყო ავტომობილიდან ამოღებული. შესაბამისად, ჩემი ხელმოწერა იყო ლუქზე დაფიქსირებული. ლეპტოპზე არ ყოფილა იმიტომ, რომ ის იყო ჩემს ჩართულობამდე ამოღებული, სახლიდან წაღებული.“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

  • აშშ–ს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი:რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არის, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა უნდა

    აშშ–ს კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი:რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არის, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა უნდა

    რუსეთი, ჩინეთი და ირანი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც ცდილობენ აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინონ – ეს განცხადება ამერიკის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ნაციონალური ცენტრის მეთაურმა, უილიამ ევანინამ გააკეთა.

    ევანინას განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოური სახელმწიფოები გავლენის “საიდუმლო და აშკარა მეთოდებს“ იყენებენ, რათა კენჭისყრის შედეგები შეცვალონ 3 ნოემბრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში.

    მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ არჩევნებზე კვლავ რესპუბლიკელების კანდიდატი იქნება, მისი მეტოქე კი დემოკრატი ჯო ბაიდენია.

    ევანინას თქმით, რუსეთს სურს რომ ტრამპი თეთრ სახლში მეორე ვადით დარჩეს, ჩინეთს კი პირიქით, უნდა ამას ხელი შეუშალოს. ირანი კი ცდილობს მთლიანობაში მოიშალოს აშშ–ს დემოკრატიული ინსტიტუტების და პირადად პრეზიდენტის მიმართ ნდობა.

    აშშ–ს სადაზვერვო სააგენტოები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ამ ბრალდებებს უარყოფს.

    ევანინას განცხადება კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ნაციონალური ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და დასათაურებულია როგორც: “ახალი მონაცემები ამერიკელი ხალხისთვის არჩევნებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.“

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ნოემბრის არჩევნების წინ უცხო სახელმწიფოები განაგრძობენ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევას, რათა აშშ–ს ამომრჩეველთა “პრიორიტეტები და პერსპექტივები შეარყიონ, შეცვალონ ამერიკული პოლიტიკა, გააღვივონ შიდა წინააღმდეგობები ამერიკის შეერთებულ შტატებში და შეარყიონ ამერიკელი ხალხის რწმენა ჩვენს დემოკრატიულ პროცესში.“

    ევანინას თქმით, უცხო სახელმწიფოებმა შეიძლება სცადონ აშშ–ს საარჩევნო ინფრასტრუქტურის კომპრომეტირება, ჩაერიონ უშუალოდ ხმის მიცემის პროცესში , მოიპარონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან ეჭვქვეშ დააყენონ არჩევნების შედეგები.

    ამასთან, კონტრდაზვერვის მეთაურის ინფორმაციით, ეს სახელმწიფოები ღიად გამოთქვამენ საკუთარ სურვილებს, ვინ უნდა გაიმარჯვოს მათი აზრით არჩევნებში– როგორც საჯარო განცხადებებში, ასევე პირად საუბრებში.

    “ძირითადად ჩვენ შეშფოთებული ვართ უკვე მიმდინარე მუშაობით, ასევე შესაძლო მოქმედებებით ჩინეთის, რუსეთის და ირანის მხრიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.

    New York Times ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო მონაცემებით სწორედ მოსკოვი წარმოადგენს ვაშინგტონისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს. კერძოდ, როგორც გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი რუსეთი “იყენებს რიგ ზომებს, რათა მოახდინოს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ასევე ამერიკული ისტებლიშმენტის სხვა წარმომადგენელთა დისკრედიტაცია, რომელთაც მოსკოვში რუსეთის წინააღმდეგ განწყობილებად თვლიან.“

    ბაიდენი მოსკოვში მას შემდეგ არ უყვართ, რაც ის უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პოზიციას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ღიად უჭერდა მხარს რუს ოპოზიციონერებს – ნათქვამია განცხადებაში.

    რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით ევანინას განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ჯერ კიდევ თებერვალში, დოკუმენტის წინა ვერსიის კომენტირებისას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ვაშინგტონის ბრალდებებს უწოდა “პარანოიდული ინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“.

  • პუტინისტები ხართ თქვენ –  ღარიბაშვილის პასუხი ჟურნალისტებს პუტინზე დასმული შეკითხვისას

    პუტინისტები ხართ თქვენ – ღარიბაშვილის პასუხი ჟურნალისტებს პუტინზე დასმული შეკითხვისას

    ”პუტინისტები ხართ თქვენ ” – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს “პუტინისტები” უწოდა. მედიის კითხვა ეხებოდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით მთავრობის განცხადებებში პუტინის არხსენებას. ამ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა, თუმცა ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა.

    ამის შემდეგ მას ჰკითხეს, რატომ არაფერს ამბობს პუტინის როლზე აგვისტოს ომში. კითხვას თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა, თუმცა ჟურნალისტებს მიაძახა:

    “პუტინისტები ხართ თქვენ”.

  • დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის – გახარია

    დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის – გახარია

    პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ და აფასებენ. როგორც გახარიამ განაცხადა, მიუხედავად ქვეყანაში პოლიტიკური ინტერესებით სპეკულირებისა, საქართველო ახერხებს და პარტნიორებთან ურთიერთობას აღრმავებს.

    „მიუხედავად ბრალდებისა, ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა კერძო პოლიტიკური ინტერესებით, კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტარატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითადად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეს არის ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი – ამ მიმართულებით ვინც როგორი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით – ეს სტრატეგიული ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა. ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. რა თქმა უნდა, ესაა პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

  • 2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის გუნდს – კახა კალაძე

    2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის გუნდს – კახა კალაძე

    2008 წლის ომში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს. მათ ვერ მოახერხეს, ეს დიდი უბედურება აერიდებინათ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს.

    „12 წელი გავიდა ჩვენი ქვეყნისთვის იმ საშინელი დღეებიდან, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით და გონიერებით. ეკონომიკური განვითარებით დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

  • ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა – სალომე ზურაბიშვილი

    ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შიდა დაპირისპირება, სიძულვილი და ბოღმა, რომელსაც დღეს ვუყურებთ, გმირების უპატივცემულობაა და ამან ხელი შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს მტერს მისცეს.

    „დღევანდელი დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს, ეს არის იმედის დღე ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოსთვის. ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, არიან რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალა, მათზე ვდგავართ დღეს თუ ვდგავართ, როგორც საქართველო მთელი თავისი წინა საუკუნეების განმავლობაში იდგა იმათ ძალაზე, ვინც თავისი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ.

    ეს არის ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს ჩვენ გავუძელით, გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.

    დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. საბოლოოდ, ომის მიუხედავად, ოკუპიურებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამისი ნიშანი არის ის გამოხმაურება, რაც იყო დღეს, გუშინ და გუშინწინ ყველა ჩვენი მეგობრისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომლებსაც არ ავიწყდებათ ის რაც მოხდა, არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით და ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება, რომ ჩვენ წინ მივდივართ და წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით.

    ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებება, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველ დღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

    მისივე თქმით, „ჩვენ, ერთიანობის მაგივრად, ვართ ჩავარდნილი სიძულვილში“, რაც ხელს აძლევს მტერს.

    „ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ჩვენი ერთობა, ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ აქ მოსვლა არ არის საჭირო. ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და ფორმალობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გონს მოვა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია! – მეუფე მელქისედეკი

    საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ოკუპანტია! – მეუფე მელქისედეკი

    ” რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.”- საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე ეხმაურება.

    მღვდელმთავარი წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. ეპისკოპოსი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს ახლაც სხვადასხვა მეთოდებით ებრძვის.

    “ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში.
    აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წარუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს.

    ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა – ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.

    ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა. რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი.

    და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა.

    საქართველოს ომი არ დაუწყია!

    რუსეთი ოკუპანტია!

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
    მელქისედეკი (ხაჩიძე)
    07.08.2020”

  • ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – გახარია

    ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპაცია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ემსახუროს ქვეყანას, რათა საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ.

    „უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლოს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს, გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე“,- განაცხადა გახარიამ.

  • ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან – ჯეიმს აპატურაი

    ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან – ჯეიმს აპატურაი

    “ნატო რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან”  – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

    „12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე, რის შედეგადაც, ათასობით საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.

  • ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები – ქართული ოცნება

    ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები – ქართული ოცნება

    “ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები” – პარტია “ქართული ოცნება” 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით მინიმუმადე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

    „აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით.

    საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ ყველა შესაძლო გზით ვცდილობთ არსებული ვითარების გამოსწორებას. რაციონალური, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით, ხელისუფლებამ მინიმუმამდე შეამცირა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, წარმატებით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს.

    საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება და ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, რათა უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივმა ნაბიჯებმა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების კუთხით დამატებითი რისკები არ შეუქმნას, რაშიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.

    საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რათა დაღუპული გმირების ოჯახებზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე იზრუნოს.

    მტკიცედ გვწამს, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს ერთიანი საქართველო დაიმკვიდრებს“,- აღნიშნულია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

    ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.