პოლიციის თავდასხმა ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე – სოფელ ნიქოზში პრეზიდეტის ვიზიტის გასაშუქებლად ჩასულ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ძალის გამოყენებით პოლიციის თანამშრომლებმა მიკროფონი და კამერა წაართვეს. ამის ამსახველ ვიდეოს თავად ტვ პირველი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
Category: ახალი ამბები
-

ძალიან საზიანოა, როდესაც საქართველოს შიგნით ბრალის გადმოტანა მაშინდელ ხელისუფლებაზე ხდება – დავით ბაქრაძე მედვედევის განცხადებაზე
ეს განცხადება არ მიკვირს რუსეთის ხელისუფლებისგან, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს დააბრალოს და თვითონ გამართლდეს, მაგრამ ვისურვებდი, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობდეს იმ პროცესში, როდესაც ხდება საქართველოს მხარეზე ბრალის გადმოტანა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რითაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა მოუხსნას და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე თავის მართლება გაუმარტივოს.
„ასეთი განცხადება მედვედევისგან სრულიად ბუნებრივია, ის არის ადამიანი, რომელმაც უშუალოდ გასცა ბრძანება საქართველოს წაინააღმდეგ აგრესიის შესახებ. ის არის ადამიანი, ვის ხელებზეც არის ომის დროს დაღვრილი სისხლი და ათიათასობით დევნილი საქართველოში. ის არის ადამიანი, რომელიც იმალებოდა პუტინის ზურგს უკან და რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ გადაწყვეტილების მიმღები იყო რეალურად პუტინი, მაგრამ მედვედევი არის პრეზიდენტი, რომელმაც გასცა ბრძანება ძალის გამოყენების შესახებ. ამიტომ მისი მხრიდან ასეთი ტიპის განცხადებები არის სრულიად ბუნებრივი, ეს ემსახურება თავის მართლებას საკუთარი თავის გადარჩენას და რუსეთის იმ იმპერიული პოლიტიკის გამართლებას, რომელმაც მოიტანა უამრავი უბედურება საქართველოშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაშიც.
მედვედევის მხრიდან ასეთი განცხადებები ნამდვილად არ მიკვირს, მაგრამ ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, როდესაც საქართველოს შიგნით, ბრალის გადმოტანა მაშინდელ ხელისუფლებაზე ხდება. აგრესიაზე პასუხისმგებელი მთლიანად არის რუსეთი, პასუხისმგებლობის ტვირთი და სიმძიმე მთლიანად რუსეთის მხარესაა და ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამ ტვირთს მოაცილებს რუსეთს და გადმოიტანს ქართულ მხარეს, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ამიტომ, ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მზად არის, ოპონენტების დასაზიანებლად წავიდეს იმაზეც, რომ ტვირთი და პასუხისმგებლობა მოუხსნას რუსეთს, გაუმარტივოს თავის მართლება საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ბრალის ნაწილი გადმოიტანოს ქართულ მხარეს. ქართული მხარის ბრალი არაფერშია. ჩვენ ვართ ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ტერიტორიაზე, პასუხისმგებელი აგრესიაზე მთლიანად არის რუსეთი“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ აგრესიისგან დაიცვა.
-

ZAG-ის ადვოკატმა თანამშრომლების სახლების ჩხრეკის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
რამდნეიმე წუთის წინ კომპანია “ZAG”-ის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მამუკა ჭაბაშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა კომპანიის თანამშრომელთა სახლებში ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარეს.
“განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკვასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში, მხოლოდ მშრალად იყო მოყვანილი კანონის მოთხოვნები”, – ამბობს ჭაბაშვილი.
“ზაგი” სწორედ ის კომპანიაა, სადაც გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. გამომძიებლებმა თანამშრომლების ტექნიკა და მობილური ტელეფონები ცხედრის პოვნის დღესვე დალუქეს, სახლებში ჩხრეკა კი გუშინ, 7 აგვისტოს ჩატარდა.
-

ფონიჭალაში 1 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
ფონიჭალაში 1 წლამდე ასაკის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლიდან გამოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შსს-მ მომხდარს ადასტურებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-

სენაკში სასულიერო პირი დააყაჩაღეს
სენაკში სასულიერო პირი დააყაჩაღეს. მთავარი არხის ინფორმაციით, სახლი მეუფე საბა გიგიბერიას ეკუთვნის და ნიღბიანი პირები იქ გვიან ღამით, 100 ლარის ოდენობის თანხას იარაღის მუქარით დაეუფლნენ.
სახლში მოხუცის გარდა იმ დროს მისი მომვლელი და არასრულწლოვანი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ოჯახის წევრებს დამყაჩაღებლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ემუქრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ თანხის წაღება მოახერხეს.
-

ლუკაშენკო აღიარებს,რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება ნატომ სანქციების მუქარით გადააფიქრებინა
ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დიმიტრი გორდონის გადაცემაში საუბრობს იმაზე, რატომ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს აფხაზეთის და ოსეთის აღიარებაზე 2008 წლის ომის შემდეგ. ის უარყოფს, რომ ამის სანაცვლოდ რუსეთმა 2 მილიარდი შესთავაზა და ამბობს, რომ ფულზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, თუმცა მას ნატო სანქციებით დაემუქრა, რის გამოც გადაწყვიტა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი ეთქვა და საკუთარი ქვეყნისთვის პრობლემები არ შეექმნა. ლუკაშენკო ყვება, რომ ბელორუსის პოზიცია იმ მომენტში გადამწყვეტი იყო, რადგან მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას შესაძლოა დსთ–ში ჯაჭვური რეაქცია მოჰყოლოდა. მასთან ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ჰავიერ სოლანა ჩავიდა და გააფრთხილა, რომ აღიარების შემთხვევაში ბელორუსი დასავლეთისგან სერიოზულ სანქციებს მიიღებდა:
“როცა ეს აურზაური დაიწყო, დსთ–ში ყველა კანკალებდა, რას იზამდა ბელორუსი.
ყაზახეთს ეშინოდა, რომ ბელარუსი აღიარებდა სამხრეთ ოსეთს. მერე მათ მოუწევდათ ამ კითხვებზე პასუხი. და ყველაფერი ბელორუსზე იყო დამოკიდებული.
მე ამ საკითხზე დიდად არ დავფიქრებულვარ, კარგი ფაქტი არ იყო, საქართველოს ნაწილი ჩამოაჭრეს, მაგრამ აღიარებდა ვინმე, აღიარებდა, არ აღიარებდა, არ აღიარებდა… არ მიფიქრია ბევრი.
ეს საიკთხი ჰაერში დაეკიდა და ყველა ელოდა, რომ ბელორუსი აღიარებდა . ამ საკითხზე დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. შეიძლებოდა მეღიარებინა კიდევაც, მაინც მოკავშირეა რუსეთი.
ჩემთან ჩამოვიდა ჰავიერ სოლანა, კარგი მოხუცია, მომწონს. დავსხედით კაბინეტში.
თქვენთან ერთი თხოვნა გვაქვსო. გავიცინე, რა თხოვნა შეიძლება ნატოს ქონდეს ლუკაშენკოსთან.
მითხრა, არ ვისურვებდით რომ თქვენ სამხრეთ ოსეთი აღიაროთ.
ვკითხე, რატომ გადაწყვიტეთ რომ უცებ მე მთხოვოთ.
ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ თუ თქვენ აღიარებთ, დაიწყება აღიარებების სერია, სხვებიც აღიარებენ. დსთ–ს ყველა ლიდერი,ვისაც ველაპარაკეთ ამბობს, რომ თუ თქვენ აღიარებთ მაშინ მათაც მოუწევთ აღიარება და გვთხოვეს თქვენ დაგელაპარაკოთ,რომ თქვენ ეს ნაბიჯი არ გადადგათ. მაშინ მათაც არ მოვუწევთ ამის გაკეთებაო.
ვუთხარ, რომ უცნაური პოზიციაა, მაგრამ კარგი, ამ საკითხზე მაინცდამაინც არ ვაკეთებთ აქცენტს.
ვკითხე, რა მოგვივა ჰავიერ, ეს რომ გავაკეთოთ?მაშინ ისედაც სანქციების ქვეშ ვიყავით.
ამოიღო ბლოკნოტი და ჩამომითვალა:
ბატონო ლუკაშენკო, ბელორუსი მაშინვე დაბლოკილი იქნება სვიფტით ანგარიშსწორების სისტემიდან. კიდევ ჩამოთვალა სანქციები. თუმცა არ შემპირებია რომ თუ ამას არ გავაკეთებდით, უკვე არსებულ სანქციებს მოგვიხსნიდა.
ამის მერე ცოტა ხანში რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს შევხდვი სოჭში და ეს საკითხი წამოჭრა– სამხრეთ ოსეთის აღიარება. სწორად დასვა საკითხი – ჩვენ მოკავშირეები ვართ და ა.შ.
ვუთხარი დიმა, ახლა მოვაწერ ხელს, ვაღიარებ, მაგრამ მაშინ თქვენ მოაწერეთ ხელი რომ ამ ყველაფრის გარანტიას მომცემთ, რომ მომიგვარებთ მაგალითად სვიფტის სისტემიდან გათიშვას.
აქ ხომ ძირითადად ეკონომიკური საკითხებია და ამ საკითხებით პუტინი და მთავრობაა დაკავებულიო.
ვუთხარი, თქვენ პრეზიდენტი ხართ თუ ვინ ხართ. პრინციპულ, სერიოზულ საკითხს მისვამთ. მზად ვარ გადავწყვიტო, მაგრამ თქვენ არა. მაშინ რატომ სვამთ ამ საკითხს. მაშინ პუტინს უნდა დაველაპარაკო ამ საკითხზე. მოვთხოვე მაშინ, ხელი მოეწერა რომ პრობლემები არ შემექმნებოდა. ვერ მოვილაპარაკეთ.
ისე გამოუვიდათ, აი, შენ აქ ჩახტი და მერე სულერთია შენს ქვეყანას რა მოუვა. ვის აინტერესებს, ვაღიარებდი თუ არა სამხრეთ ოსეთს, ერთ დღეში ყველას დაავიწყდებოდა, მაგრამ სანქციებს მივიღებდით. აი, ეს შემომთავაზა მოკავშირემ.“– ამბობს ლუკაშენკო.
-

რუსეთმა ნაძირლების ქმედებებს უპასუხა – დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომზე
რუსეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ “ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს”. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი მტკიცებით, აგვისტოს ომი საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დანაშაულებრივ, კრიმინალურ ქმედებებზე პასუხი იყო და მან “რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო” გადაწყვეტილება მიიღო, როცა სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიყვანა.
“დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ უპასუხა საქართველოს მაშნდელი პრეზიდენტის დანაშუალებრივ ქმედებას. უპასუხა ნაძირლების ქმედებებს, რომელმაც გასცა ბრაძანება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღდმეგ , დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რუსეთის მშვიდობის ყოფელების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობას უზრუნველყოფდნენ და იცავდნენ ქართული სოფლების მოსახლეობასაც.
“ცხადია, საკითხი შეეხებოდა ომის წამოწყებას რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ მე მივიღე რთული, თუმცა ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება – დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, პირველ რიგში, დამეცვა ისინი აგრესიისგან და შემდგომში, მათივე მოქალაქეების მოთხოვნით მეღიარებიანა მათი დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამიერკავკასია დენთის კასრად იქცეოდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის ყოველთვის არის მშვიდობის მცველი მეზობელ სახელმწიფოებში.
რუსეთი ყოველთვის დგას და იდგება, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეზობელ სახელმწიფოებში. ჩვენი ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება სრული გულწრფელობით, ამითაა ნაკარნახევი. ამასთან, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს მათ მოქალაქეებზე თავდასხმას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენი პასუხი, ვითარების გათავლისწინებით, ყოველთვის ადეკვატური იქნება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების კუთხით, როგორც ჩვენს ქვეყანაში ასევე დანარჩენ მსფოლიოში,” – წერს დიმიტრი მედვედევი.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
-

საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ საქართველო და არა „ქართული ოცნება“ – ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს” ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურებაა“, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს აქვს ისეთი კითხვები, როგორიც არასდროს ჰქონია. ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი არის საქართველო და არა „ქართული ოცნება“.
„ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ, თუ გადახედავს 8, 10, 12 წლის წინანდელ განცხადებებს და რეზოლუციებს შეერთებული შტატების კონგრესის, დაინახავს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურება“ არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვები, როგორიც არ ჰქონდა არასდროს.დიახ, საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ასე რომ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი“,- განაცხადა ბაქრაძემ.
„რაც შეეხება კონგრესის მხარდაჭერას, დიახ, საქართველო არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ოღონდ საქართველო და არა „ქართული ოცნება“, ამიტომ, ეს მხარდაჭერა იყო იმ პერიოდშიც, როდესაც ბატონი გახარია მოსკოვში მოღვაწეობდა, არის დღესაც, საბედნიეროდ, როდესაც საქართველოში მოღვაწეობს და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერი იქნება ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ ნამდვილად პროდასავლური ძალები, ვისაც ნამდვილად სურს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და არა მხოლოდ რიტორიკულად და სიტყვიერი გამოხმაურების დონეზე”,- განაცხადა ბაქრაძემ
-

მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული რეისი დაბლოკა- კანდელაკი
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა.
როგორც კანდელაკი აღნიშნავს, უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტული ჩარტერების დაბლოკვა მავნებლური გადაწყვეტილებაა, რომელიც „შემოსავლის თეორიული შანსის გარეშე ტოვებს ტურიზმზე დამოკიდებულ ათიათასობით ადამიანს“.
„გვსურს საზოგადოების, განსაკუთრებით კი ჩვენი იმ თანამოქალაქეების, რომელთა შემოსავალი დამოკიდებულია ტურიზმზე, ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულ და ამავე დროს დაუჯერებელ ინფორმაციაზე: ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ დაბლოკა ტურისტებით სავსე 16 ჩარტერული რეისი ლიეტუვიდან და ესტონეთიდან. ლიეტუვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ აივაკომპანია Get Jet-ს. შეგახსენებთ, რომ ლიეტუვაც და ესტონეთიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნებად”,- განაცხადა კანდელაკმა.
მისი შეფასებით, არამიზნობრივი ხარჯი და ფულის ფლანგვაა უსაფრთხო ქვეყნებში ჩარტერების დანიშვნა ბიუჯეტის ხარჯზე.
„მიეცათ საშუალება „ვიზეარისა“ და „რაინეარისთვის“, ეფრინათ უსაფრთხო ქვეყნებში – რომელთა რიცხვში ცხადია უნდა შევიდეს პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია – გააუქმეთ დისკრიმინაციული კარანტინი და არანაირ ჩარტერებში ფულის ყრა არ გახდებოდა საჭირო. სტუდენტებიც და ემიგრანტებიც თავისუფლად და იაფად შეძლებდნენ მგზავრობას“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
-

როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს- ბურჯანაძე
“როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, ხელისუფლება არაფერს აკეთებს”- 12 წლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მუხადგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მძიმე დღეა ადამიანურად, პოლიტიკურად. მინდა მივიგონო ყველა დაღუპული, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. გულსატკენია, მე ვესაუბრე დედებს, რა თქმა უნდა, მათ ვერაფერი ვერ გაახარებს, მაგრამ მათ გულისტკივილს ემატება ის, რომ ვერ გრძნობენ იმ ყურადღებას და დაფასებას, რაც მათ სჭირდებათ. ისინი 12 წლის შემდეგ ვერ ხედავენ ვერანაირ წინსვლას. ეს არის ყველაზე მტკივნეული.
მითხრა კიდეც ქალბატონმა, დღესაც გრძელდება ის, რის წინააღმდეგაც ეს ბიჭები დაიხოცნენო და ხელისუფლება არაფერს აკეთებსო.არაფერს აკეთებს ხელისუფლება, როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, არაფერს აკეთებენ და გვეუბნებიან, მოვითმინოთო. მათ არ ეხებათ და ამიტომ ითმენენ.
ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ამდენი ახალგაზრდა შეეწირა ამ ომს და დღეს 12 წლის შემდეგ ვართ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ვიყავით 2008 წლის აგვისტომდე. ეს არის მძიმე. ჩემი და ყველა ნორმალური ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, ეს გამოსწორდეს.
ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რა კონტაქტები მაქვს, რა შეფერილობაც არ უნდა მისცენ, იმისთვის, რომ ის რეალობა რაც მიუღებელი და დამაქცეველია, შეიცვალოს”-განაცხადა ბურჯანაძემ.
