Category: ახალი ამბები

  • მესტიაში შესვლა და  გამოსვლა იზღუდება

    მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება

    კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა იზღუდება.ინფორმაცია ამის შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

    “ჩვენ გვიწევს სამუწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ზომების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკევული შეზღუდვები იქნება, იქ უკვე გაგზავნილია სპეციალური ბრიგადები, რათა აქტიუარად დაიწყოს ტესტირებები. გვესმის, რომ მესტიაში ძალიან ბევრი ტურისტია ყველა იქნება მიხედილი, არაფერი საპანიკო არ არის, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. ინფიცირება სტუმრად ჩამოსული ადამიანისგან მოხდა. როგორც კი ეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, დაიწყეს ეპიდემოლოგებმა კვლევა, აიღეს 37 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან დადასტურდა 17 შემთხვევა”  – თქვა გიორგი გხარიამ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია და ისინი მესტიდან არიან.

  • მესტიის მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება – გახარია

    მესტიის მუნიციპალიტეტში სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება – გახარია

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიაში სპეციალურ ღონისძიებებს შემოიღებენ, მათ შორის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

    „დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება გვიწევს. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია. არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, არაფერი საპანიკო არა, დეტალურად ვმართავთ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, რომელიც შეიძლება, ემოციების საფუძველი გახდეს. ჰოსპიტალური სისტემა მზადაა, რომ თუ რაოდენობრივი ზრდა იქნება ინფიცირების, წყნარად მშვიდად, როგორც აქამდე ისე ვმართოთ ეს ციფრები. ნერვიულობის საფუძველი არაა“,-განაცხადა გახარიამ.

  • მასობრივი ანტისეხლისუფლო პროტესტი და დაკავებები მინსკში: ნახეთ რა ხდება ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

    მასობრივი ანტისეხლისუფლო პროტესტი და დაკავებები მინსკში: ნახეთ რა ხდება ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

    ევროკავშირი ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს აკრიტიკებს და ლუკაშენკოს ხმების ხელახლა გადათვლისკენ მოუწოდებს

    მინსკში პოლიციასა და პროტესტანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ პოლონეთი ევროკავშირის საგანგებო სამიტის მოწვევის ინიციატივით გამოდის. ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა კი განაცხადა, რომ მათ ეჭვი აქვთ არჩევნებზე მაშტაბური დარღვევების შესახებ,ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ქვეყანაში და მისი რეაქცია დამოკიდებული იქნება ბელორუსის ხელისუფლების ქმედებებზე. არ არის გამორიცხული ბელორუსის და მისი პოლიტიკოსების წინაამდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. თავის მხრივ ლუკაშენკომ ქუჩაში გამოსულ ოპოზიციონერებს ცხვრები უწოდა და განაცხადა, რომ მათ ქვეყნის დანგრევის უფლება არ მისცა.

    ბოლო ინფორმაციით მინსკსა და ბელორუსის სხვა ქალაქებში სამიათასამდე ადამიანია დაკავებული საპროტესტო აქციების დროს, რომლის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას აპროტესტებდნენ, რომელმაც წინასწარი მონაცემებით ხმათა 80% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 9.9%. ტიხანოვსკაიას შტაბი ამ შედეგებს არ აღიარებს.

    ლუკაშენკო თვლის, რომ ბელორუსში დაწყებული პროტესტ დასავლეთიდან იმართება.

    კვირას, 9 აგვისტოს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც თან ახლდა იმ ადამიანების მასობრივი პროტესტი, რომლებიც მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკას არ  ეთანხმებიან. ლუკაშენკო ქვეყანას უკვე 26 წელია მართავს.

    მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე სვეტლანა ტიხანოვსკაია იყო – დაპატიმრებული ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლე, რომელიც დაპატიმრებამდე პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებდა. სვეტლანა ტიხანოვსკაია პირობას დებდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხელახალ არჩევნებს დანიშნავდა, რომელშიც დღეს დაპატიმრებულ პოლიტიკოსებსაც შეეძლებოდათ მონაწილეობა.

    ოფიციალური ეგზიტპოლების მონაცემებით არჩევნებზე ლუკაშენკომ გაიმარჯვა – 79.7%–ით, ტიხანოვსკაიამ კი 6.8% მიიღო. არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობამ 84.05% შეადგინა.

    ოპოზიციამ ხმების ალტერნატიული დათვლის ორგანიზება შეძლო ინტერენეტ პლატფორმაზე, რომელმაც სრულიად საპირისპირო შედეგი აჩვენა– ამ შედეგებით ტიხანოვსკაიას ხმა მისცა 80%–მა.

    ბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელმაც მანამდე ოპოზიციონერები ალტერნატიული ხმის დათვლის უკანონობაზე გააფრთხილა, პირობა დადო, რომ პირველ ოფიციალურ შედეგებს კვირას ღამით გამოაქვეყნებდა, თუმცა შემდეგ ვადა ორშაბათისთვის გადაწია.

         

    ხმის მიცემის დასრულებისთანავე მინსკის და ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში ხელისუფლების მოწინააღმდეგეების აქციები დაიწყო. დედაქალაქში აქციები შეტაკებეში გადაიზარდა, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა.

    არჩევნების დღე

    საარჩევნო უბნები ბელორუსის მთელ ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთ დილის 8 საათიდან გაიხსნა. ბევრ უბანთან გრძელი რიგი დადგა, მაგალითად ლონდონში და მოსკოვში ბელორუსის საელჩოსთან, ასევე ქვეყნის შიგნით.

    ბევრმა უბნების დახურვამდე, ანუ საღამოს 8 საათამდე ხმის მიცემა ვერ მოასწრო და ითხოვდნენ მათთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცათ.

    ბელორუსის ცესკომ გრძელ რიგებს საპროტესტო ელექტორატის “პროვოკაციის შედეგი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი უბნების დახურვის ვადას არ გადაწევდნენ. ამის მიუხედავად, ზოგიერმა უბანმა მუშაობა 8 საათის შემდეგაც განაგრძო.

    უბნების დახურვისთანავე მინსკის ცენტრში სამხედროები და სპეცტექნიკა გამოჩნდა. ქალაქი კი პრაქტიკულად ბლოკირებული აღმოჩნდა – იქ შესვლას სამხედროები მკაცრად აკონტროლებდნენ.

    ვრცელდებოდა ცნობები, რომ გართულდა ინტერნეტში შეღწევა, რაც ხელისუფლებამ უცხოური ტრაფიკის ზრდით და “უპრეცედენტო DdoS–შეტევებით“ ახსნა.

    ჯერ კიდევ ხმის მიცემის დასრულებამდე დააპატიმრეს ათობით ადამიანი, ძირითადად დამკვირვებლები და ჟურნალისტები. მინსკში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უცნობებმა უხეშად დააკავეს ტელეარხ “დოჟდის“ ჟურნალისტი, რომელიც არჩევნებს აშუქებდა.

    პროტესტი და შეტაკებები

    საარჩევნო უბნების დახურვისთანავე მინსკის და სხვა ქალაქების ქუჩებში ხალხმა დაიწყო შეკრება, რომლებიც არჩევნების პირველ შედეგებს აპროტესტებდნენ. ლუკაშენკო ჯერ კიდევ დილით ყველას აფრთხილებდა, რომ მკაცრად აღკვეთდა უკანონო აქციებს.

    ასეც მოხდა: მალევე მას შემდეგ, რაც მინსკის ცენტრის სხვადასხვა რაიონებში ხალხმა დაიწყო შეკრება, მილიციამ მათ წინააღმდეგ სპეცსაშუალებების მთელი არსენალის გამოყენება დაიწყო. გამოიყენეს: წყლის ჭავლი, ზებგერითი ყუმბარები, რეზინის ტყვიები და სხვა საშუალებები.

    აქციის ზოგიერთმა მონაწილემ სერიოზული ტრავმები მიიღო. სერიოზული შეტაკებები მოხდა მაშეროვის პროსპექტისა და მინისკის “გმირი ქალაქის“ სტელასთან, ასევე ძველ ქალაში და დამოუკიდებლობის პროსპექტის რაიონში.

    მილიციამ მოგვიანებით აღიარა, რომ “იძულებული გახდა სპეცსაშუალებები გამოეყენებინა წესრიგის დასამყარებლად“.

    დაშავებულების შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ მათ დღეს გამოაქვეყნებს, თუმცა მაშტაბებზე შეიძლება სასწრაფო დახმარების ათეულობით მანქანით ვიმსჯელოთ, რომლებიც შეტაკებების დაწყების შემდეგ მინსკის ცენტრში გამოჩნდნენ.

    პარალელურად მინსკის ცენტრში პრაქტიკულად მთლიანად გაითიშა მობილური ინტერნეტი, ქვეყნის უმსხვილესი მედიასაშუალებების ვებგვერდები კი ხელმიუწვდომელი იყო. შეფერხებებით მუშაობდა სოციალური ქსელები და მესენჯერები.

    მას შემდეგ, რაც “ომონის“ და შინაგანი ჯარების წარმომადგენლებმა ცენტრიდან პროტესტანტების ძირითად მასის განდევნა შეძლეს, დაიწყო წერტილოვანი დაპატიმრებები. გავრცელებული ინფორმაციით ეზოებშიც კი აკავებდნენ ისეთ ადამიანებს, ვისაც აქციებთან კავშირი არ ქონია.

    შეტაკებები დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დასრულდა, რის შემდეგაც მინსკის ცენტრი დაცარიელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაამყარა, სოციალურ ქსელებში კი გამოჩნდა კადრები, როგორ ტოვებდა სპეცტექნიკის ნაწილი ქალაქს.

    ალექსანდრ ლუკაშენკო კვირას საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ორშაბათს კი განაცხადა: “პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან იყო ზარები, ჩვენს ცხვრებს მართავდნენ, მე მაპატიეთ. მათ არ ესმით რას აკეთებენ და მათ უკვე სხვები მართავენ“.

    სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი გვიან ღამით იტერნეტით მიმართა პროტესტის მონაწილეებს და ძალოვნებს:

    “მინდა მივმართო მილიციას და სამხედროებს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილი არიან. მინდა ვთხოვო ჩემს ამომრჩევლებს – აღკვეთეთ პროვოკაციები, არ მისცეთ საბაბი ჩვენს მიმართ ძალა გამოიყენონ. ვიცი, რომ ხვალ ბელორუსები ახალ ქვეყანაში გაიღვიძებენ და იმედი მაქვს, რომ ხვალ მხოლოდ კარგი ამბები გვექნება. გთხოვთ, შეაჩერეთ ძალადობა. პირველ რიგში ოფიცრებო, ვიცი, რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება.“

  • რეგულაციებს მივიღებთ, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს – ტიკარაძე

    რეგულაციებს მივიღებთ, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად უწყების მხრიდან მოწოდებისა, რომ მედიკოსებს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავათ, ეს რეგულაცია მაინც ირღვევა.

    „ჩვენ გვქონდა არაერთი თხოვნა პირველ დღეებში, შემდეგ არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე. გეთანხმებით, რომ ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად, უკვე იქმნება საკმაოდ დიდი საფრთხე. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების შექმნაზე და ჩვენ უმოკლეს ვადაში მივიღებთ ამ რეგულაციებს იმისათვის, რომ რისკი არ შეიქმნას და ექიმი პაციენტზე ინფექციის გადამტანი არ გახდეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

  • სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

    სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება.

    მინისტრის თქმით, ინფიცირების დეტალური სტატისტიკა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს.

    „ამ მომენტისთვის რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

    ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალ შემთვევებთან დაკავშირებით თუ რა ღონისძიებები გატარდება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

    „გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. ამ შეხვედრის შემდეგ მაქვს კონკრეტული შეხვედრა საბჭოში და საბჭოში მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

  • ბოკერიას განცხადებით,  „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს

    ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა. ბოკერიას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს ზურაბ ჯაფარიძეს დაუჭერს.

    „ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება, რომ კენჭი იყაროს თბილისში, დიდუბეში. პირადად მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ევროპული საქართველო“ მას დავუჭერთ მხარს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირის ბოლომდე კონსულტაციები სხვა პარტიებთან, რომლებიც ამ შეთანხმების მონაწილენი არიან, დასრულდება, ასევე, ზურაბ ჯაფარიძის საყოველთაო მხარდაჭერით. რაღაც თვალსაზრისით სიმბოლური დაპირისპირებაც იქნება ვოლსკისა და ჯაფარიძის შორის დაპირისპირება – ეს არის საბჭოთა საქართველოსა და თავისუფალ საქართველოს შორის დაპირისპირება,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    შეგახსენებთ, რომ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს.

    ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.

  • დეა კაპანაძის ოჯახი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

    დეა კაპანაძის ოჯახი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

    თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ოჯახი მედიას დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს. კაპანაძის დედა ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს დეა ჟურნალისტებს დაემალა სიცრუეა და ის უბრალოდ ქალაქში არ იმყოფება.

    კაპანაძის დედა ამბობს, რომ დეა ბაჩალიაშვილის ოჯახთან კონტაქტს გეგმავს, თუმცა ეს მედიის გარეშე მოხდება. “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი, ელისკო კილაძე კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს სავარაუდოდ, მედიასთან კონტაქტი აუკრძალეს.

    “თბილისში არაა, ძალიან ცუდადაა, ყველაზე მეტად ვინც თამუნას მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტან ეს არის ჩემი შვილი. ტელეფონიც ჩამორთმეული აქვს და ინფორმაციასაც არ ვაწვდით რაც თქვენ ეთერში გაუშვით. რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, პირად ცოხვრებაში ეჭრებით, ამაზე ყველა პასუხს აგებთ”, – თქვა კაპანაძის დედამ.

  • კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

    კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს

    მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

    „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია – „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად.

    ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ადვოკატის განცხადებით, ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი

    ადვოკატის განცხადებით, ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი

    „ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მის მიმართ ფულის – 5 მილიონი დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.ადვოკატის განმარტებით, ენზელ მკოიანი შეშინებულია და ის ამერიკის ელჩთან შეხვედრას ითხოვს.

    „ენზელ მკოიანმა მთხოვა მისი სახელით გამეკეთებინა განცხადება. საქმე ეხება მუქარის, შანტაჟისა და გამოძალვის ფაქტებს… პირველი ფაქტი 2020 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა, მას მისსავე მობილურ ტელეფონზე მესენჯერის საშუალებით დაურეკეს, იქიდან მოსაუბრე პიროვნება მას ესაუბრებოდა რუსულ ენაზე, კავკასიური აქცენტით, რომელმაც განუცხადა,რომ ჩამოცილებოდა საერთოდ პოლიტიკას, ყოფილიყო თავისთვის წყნარად, არავისთან კავშირი არ ჰქონოდა, თორემ მას წაართმევდნენ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს. რამდენიმე დღის შემდეგ, 24 ივლისს, საღამო საათებში მეორე ზარი, უკვე „ვოცაფის“ მეშვეობით განხორციელდა, პიროვნება ისევ რუსულ ენაზე საუბრობდა. მკოიანს მიაჩნია, რომ შემოსული ზარი ინდექსის მიხედვით მოსკოვიდან იყო. მას ისევ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრებოდნენ, ისინი გადავიდნენ ფულის გამოძალვაზე. მიმართვა იყო ასეთი – „ეი ოლიგარქ, ბიზნესში რომ ხარ, რატომ არ იხდი ფულს, 5 მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადოო“. მათ მკოიანმა ჰკითხა, თქვენ ვინ ხართ, ან რომ არ გადაგიხადოთ, რას იზამთო. იქიდან წამოვიდა მუქარა, ორი პიროვნება ესაუბრებოდა მას. ერთი ეუბნებოდა, 15 წელი ციხეში ვიჯექი, ახალი გამოსული ვარ და თუ ჩვენს მიერ მოწოდებულ ანგარიშის ნომრებზე მითითებულ ქვეყნებში 5 მილიონ დოლარს არ ჩარიცხავ, ჩვენ მოგკლავთ და კიდევ 20 წლით წავალთ ციხეშიო… როგორც ბანტონი ენზელი ამბობს, ორივე საუბრობდა კრიმინალისთვის დამახასიათებელი ჟარგონებით. ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეშფოთება და შეშინება გამოიწვია. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მის მიმართ დღისით განხორციელდა თავდასხმა მოკვლის მიზნით, მას 3-ჯერ ესროლეს დამიზნებით, ის პოლიციელების ჩართვით გადარჩა, მან საკუთარი თვალით შეხედა სიკვდილს. თვეების განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მას ადანაშაულებდნენ და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

    ეს ადამიანი, მისი ოჯახი დასტრესილია, მისი მეუღლე წამლებს სვამს და ახლა ეს მუქარის ფაქტიც დაემატა. წარმოიდგინეთ, პირველ შემთხვევაში, მას ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, მეორე შემთხვევაში -სიცოცხლის წართმევით ემუქრებიან“, – აცხადებს მურმანიშვილი.

    მისივე განმარტებით, მკოიანი ითხოვს, აღნიშნული ფაქტი არა რეგიონულმა პოლიციამ, არამედ გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს.

    „თავიდან გაოგნებული, შეშინებული იყო, შემდეგ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე. რატომღაც ეს ჩვენი განცხადება რეგიონული პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდა. მუქარა განხორციელებულია საქართველოს პარლამენტის წევრზე, შესაბამისად, რეგიონულმა პოლიციამ ეს არ უნდა გამოიძიოს, ჩვენ გვსურს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოიძიოს.

    არამარტო ენზელ მკოიანია ძალიან შეშინებული, არამედ მისი ოჯახის წევრებიც, ამ პიროვნებას მარტო არსად არ უშვებენ, დაყვებიან, ვერ შორდებიან. ამის გამო ენზელმა მთხოვა განცხადება გამეკეთებინა და ის საქართველოში აკრედიტირებულ ყველა ელჩს მიმართვს, რომ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე დაცული იყოს. ის ითხოვს ამერიკის ელჩთან შეხვედრას“, – განაცხადა მურმანიშვილმა.

  • ირაკლი ქადაგიშვილი ამ კუთხის ღირსეული შვილია – გახარია თელავში “ოცნების” მაჟორიტარი წარადგინა

    ირაკლი ქადაგიშვილი ამ კუთხის ღირსეული შვილია – გახარია თელავში “ოცნების” მაჟორიტარი წარადგინა

    ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კახეთი კიდევ უფრო განვითარდეს. 2012 წლის შემდგომ ამ კუთხისთვის ბევრი რამ გაკეთდა – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის დროს ისაუბრა.

    2012 წელს მოიკრიფა 52 ათასი ტონა ყურძენი, 2019 წელს 278 ათასი ტონა. ხუთჯერ მეტი – ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი და ეს უნდა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს თავის ფერმერზე, გვერდში უნდა დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს, რომელსაც მოჰყავს ყურძენი და აკეთებს მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს, – თქვა მან.

    გახარიას თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული. მან ასევე ისაუბრა კახეთში მიმდინარე აღმშენებლობაზე, თელავის რეაბილიტაციაზე, თელავის წყალმომარაგების საკითხის გადაწყვეტაზე, კურდღელაურში მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, თელავის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის განვითარებაზე.

    პრემიერმინისტრის განცხადებით, ამ ყველაფერს თელავი “ოცნების” მაჟორიტარ კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გააკეთებს.

    ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი და დარწმუნებული ვართ, რომ გაიმარჯვებს, – განაცხადა პრემიერმა.

    მისი თქმით, ქადაგიშვილი საუკეთესოდ იცნობს თელავის პრობლემებს და ის იქნება ადამიანი, რომელიც არჩევიდან მეორე დღეს შეუდგება ამ პრობლემების აღმოფხვრას.