Category: ახალი ამბები

  • მთავრობა სვანეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს  მიმართავს

    მთავრობა სვანეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მიმართავს

    მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში იმყოფებოდნენ და COVID-19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი გამოუვლინდებათ, ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს ან 112-ს მიმართონ:

    “მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განამვლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცნეტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.ge, რათა თავი აარიდიონ შესაძლო ინფიცირებულ პირებთან კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების მღალი რისკია” ,- აცხადებენ საკოორდინაციო საბჭოში.

    შეგახსენებთ, დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 17 ერთ ადამიანთან კონტაქტია.

    შეიზღუდა გადაადგილება დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები, გამოსვლის შემთხვევაში კი ყველა ვალდებული იქნება კარანტინი გაიაროს.

  • ზურა ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

    ზურა ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

    აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ლიდერის ანგარიშებს, ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღა დაადო.

    ჯაფარიძე აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად, საკუთარი თავის წარდგენას უკავშირებს.

    “ეგრევე ძველი ჯარიმების ამოღებით დაიწყეთ?  დიდუბე-ჩუღურეთი ჩაკეტეთ და ვოლსკი ჩატოვეთ შიგნით, იქნებ მაგან გიშველოთ” – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

    “მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ.აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.

    ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია “ქართულ ოცნებას” არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე.” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

  • ლარი გამყარდა

    ლარი გამყარდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0743 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0218 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

    ახალქალაქში მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ა.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.  დაკავებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ა.გ. 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

    პროკურატურა ა.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართავს.

    აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    10 აგვისტოს დღის ბოლოდან 14 აგვისტომდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

    მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაველოდებით – ხატია  დეკანოიძე

    ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურაზე ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაველოდებით – ხატია დეკანოიძე

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარდასაჭერად ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაელოდებან. ამის შესახებ, მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით ნაციონალურ მოძრაობას და გირჩს ბევრ საკითხებზე აქვს კონსულტაციები და ჯაფარიძის ოპოზიციის საერთო კანდიდატად წარგენის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მას მხარს დაუჭერენ.

    “მე პირადად ნამდვილად მომწონს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა. ძალიან დიდი კონტრასტია კომპარტიის წარმომადგენელ გია ვოლსკისა და ზურას შორის. ჩვენ გირჩთან მუდმივად გვაქვს კონსულტაციები, არამხოლოდ მაჟორიტარულ ოლქებზე, სხვა ჭრილშიც მუდმივად განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხებს”, – ამბობს ის.

    დეკანოიძის ინფორმაციით, ოპოზიციის გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით პარასკევს, 14 აგვისტოს გახდება ცნობილი.

    “ჩვენც ახლა ვმსჯელობთ, ამ ერთიანი გადაწყვეტილების შემდეგ, როგორი კონფიგურაცია წარსდგება და დიდი ალბათობით, არ არის გამორიცხული მხარი დავუჭიროთ ზურას კანდიდატურას”, — აღნიშნავს ის.

  • ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა – პაატა იმნაძე მესტიაზე

    ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა – პაატა იმნაძე მესტიაზე

    ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, იძულებული გავხდებით ასეთი შემზღუდავი ღონსიძიებები განვახორციელოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა – საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს – სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც.

    იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც. მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა იმნაძემ.

    მისივე განმარტებით, თუ ვინ არის ვირუსის პირველი წყარო, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.

    „ნუ ავურევთ ერთმანეთში გაჩიანს და მესტიას, იქ გრძელდება კიდევ მუშაობა, რადგან პრობლემები მთლიანად არ არის აღმოფხვრილი და თავისთავად გრძელდება კვლევები, იქიდან ვერავინ ჩავიდოდა, მკაცრი საკარანტონო რეჟიმი იყო, ამიტომ ეს ორი თემა გავმიჯნოთ, იქ ცალკე ვმუშაობთ, აქ – ცალკე… ინფიცირების წყაროზე მოკვლევა მიმდინარეობს, თბილისშია აღმოჩენილი იმ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა“, – განაცხადა იმნაძემ.

  • ეს არ არის ეპიდემიის შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით – ტიკარაძე

    ეს არ არის ეპიდემიის შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრმა ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან და სვანეთში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.

    “მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი. ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი დღეს, 10 აგვისტოს გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

  • ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

    ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის – ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.

    როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ.

    „ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ტესტირების მიზნით ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია ყველა დარჩეს თავის ადგილას“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

    მისივე თქმით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდება.

  • მესტია, უშგული და ლენჯერი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

    მესტია, უშგული და ლენჯერი საკარანტინო ზონად გამოცხადდა

    მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

    “დაბა მესტიაში, სოფელ უშგულსა და ლენჯერში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება რეგულაციები. მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის სოფლებს შორის”,  – თქვა მთავრობის წარმომადგენელმა.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილზე ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, ბანკებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ ობიექტებს ექნებათ.