Category: ახალი ამბები

  • ტიკარაძე მოსახლეობას და ბიზნესს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

    ტიკარაძე მოსახლეობას და ბიზნესს კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს

    ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას და ბიზნესს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

    „როგორც ჯანდაცვის პირველი პირი, თავს ვალდებულად ვთვლი, ჩვენს მოსახლეობას კვლავ მოვუწოდო თუ რამდენად მნიშნველოვანია სოციალური დისტანციის დაცვა, ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, ნიღბის ტარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს სექტორის ჩართულობა, სადაც ჩვენი მოსახლეობის ნაკადების დენადობა ყველზე მაღალია: კაფეები, რესტორნები, სასტუმროები. მათ მოვუწოდებ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომის ინსპექციასთან, გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია გაიდლაინებში, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ასევე ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, როდესაც ისინი ისვენებენ მთის თუ ზღვის კურორტებზე ყურადღება მიაქციონ და დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც საჭიროა კოვიდ ინფექციისგან თავის დასაცავად“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    როგორც მინისტრმა განაცხადა, ყოველდღიურად ბიზნესის მხრიდან რეკომენდაციების 20-მდე დარღვევა ფიქსირდება და სხვადასხვა სექტორის დამყოლობა განსხვავებულია.

  • “აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან“– ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

    “აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან“– ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ შაქარაშვილის საქმეში აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან. საქმე კი ჯერჯერბით გახსნილად ვერ ჩაითვლება.

    “შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა.

    გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

    როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა.
    არც ახლა მოხდება ასე.

    1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას.
    ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.
    2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

    ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

    პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას.“– ამბობს გია ხუხაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გუშინ შაქარაშვილის საქმეში 5 პირს, რომლებიც შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს მცხეთაში ტოიტა ქამრის მანქანით ჩავიდნენ  ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენა.

  • თუ სხვადასხვა ადგილას კორონავირუსის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება – იმნაძე

    თუ სხვადასხვა ადგილას კორონავირუსის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება – იმნაძე

    დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ ქვეყნის რამდენიმე წერტილში კორონავირუსის ინფექციის რამდენიმე კერა გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება.პაატა იმნაძე  მოუწოდებს მოსახლეობას, რომ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად დაიცვან.

    „ის ღონისძიებები, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში გატარდა, ძალიან ოპერატიული და მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მაქსიმალურად მომხდარიყო, მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეს, თუ ასეთი კერა ქვეყნის რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, რადგან არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში ასეთი კვლევები მიმდინარეობდეს.

    საბედნიეროდ, ყაზებეგში არ ჩანს ჯერჯერობით ის, რომ ასეთი მდგომარეობა შეიქმნება, იქ ვითარება გაცილებით უფრო კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაზე, იმიტომ, რომ 1000 სინჯი, რომელიც გუშინ აიღეს, რეალურად გვაჩვენებს, თუ რა სიტუაციაა მესტიის მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ თითოეული ჩვენთაგანი, ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთშიც უამრავი ადამიანია დასასვენებლად წასული, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ არ გვექნება ყველას დახურულ სივრცეში ნიღაბი, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის, რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ასეთი სიტუაცია აღარ იქნება. შეიძლება ისეთივე ვითარება იყოს, რაც კარგად იცით, თუ რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, ეს არის სასტუმროები, რესტორნები, მაქსიმალურად ყველამ დაიცვას ყველა წესი თავის კლიენტებთან ურთიერთობაში და მოსთხოვონ თავიანთ კლიენტებს, დაიცვან ყველა წესი. ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად, ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემაროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეულ თქვენთაგანის ჩართულობა ამ პროცესში, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა დაიცვას ყველა წესი. არაფერი არ არის მძიმედ შესასრულებელი: ეს არის ის, რომ ნიღაბი უნდა ვატაროთ დახურულ სივრცეში და ღიაში, სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, ხელების დაბანა არასდროს გვაწყენს“,-განაცხადა იმნაძემ.

  • მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით – გიორგი გახარია

    მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით – გიორგი გახარია

    „დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მთავრობას მოუწია.

    „გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

    მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 მოქალაქე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, საკარანტინე სივრცეების მართვის ეფექტურობა უზრუნველყონ.

    „გუშინ, სვანეთიდან, საკარანტინე ზონებში გადაყვანილი იყო 919 ჩვენი მოქალაქე. დღეის მდგომარეობით, 7700 ადამიანი გვყავს საკარანტინე სივრცეებში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, აქ უკვე საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საკარანტინე სივრცეების მართვა იყოს ეფექტური. ეს არის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება მიაქციეთ იმას, როგორ ვმართავთ ამ საკარანტინე სივრცეებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება – გახარია

    გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება – გახარია

    გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.

    „ამის ძალიან კარგი მაგალითია 11 აგვისტოც, როდესაც ჩვენ შინდისის გმირებს ვიხსენებდით. ასეა ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნის ცხოვრება, ყოველთვის თავდადება, ბრძოლა. სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორიული დღე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ყოველდღიურობის და გმირობის დამადასტურებელი ფაქტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1278- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4 – ით გაიზარდა და 1058-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმშია 7208 ადამიანი.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

    ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა

    საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტად 55 წლის სენატორი, კამალა ჰარისი დაასახელა, რომელიც  ცოტა ხნის წინ, დემოკრატთა წინასაარჩევნო მარათონში ბაიდენის ოპონენტი იყო.

    პროფესიით იურისტი, შეერთებული შტატების სენატში პირველად 2017 წელს აირჩიეს. კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში დაიბადა. დაამთავრა ჯერ ჰარვარდის და შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტი. სენატორად არჩევამდე, ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად ორჯერ აირჩიეს, ჯერ 2010 წელს და მოგვიანებით, 2014-ში.

    ახლა მთელი ყურადღება დემოკრატთა ეროვნული ყრილობის მიმართ არის მიპყრობილი. ღონისძიება 17-დან 20 აგვისტომდე ვირტუალურად გაიმართება და მასზე პარტიიდან პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის ნომინაციას ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი უკვე ოფიციალურად მიიღებენ.

    დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას 30 წელზე მეტი ხანი გეგმავდა. ის გამოკითხვებში რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსწრებს და მისი უმაღლეს ოფისში არჩევის შანსი დღეისთვის მაღალია. თუმცა, ხანდაზმულობის გამო, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის სავარაუდო მფლობელს, უკვე უწევს საუბარი ოფისის დატოვებაზე.

    ბაიდენი ამბობს, რომ არჩევის შემთხვევაში, მეორე ვადაზე კენჭს აღარ იყრის, თუ მისი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობა შეირყა. ის თავს „გარდამავალ კანდიდატსაც“ კი უწოდებს და ამბობს, რომ თუ არჩევნები მოიგო, ძველი თაობის ლიდერებს და ახალგაზრდებს შორის, ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს. გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პოსტზე არჩევის მომენტში, ყველაზე ხანდაზმული ამერიკის პრეზიდენტი იქნება.

  • “თამუნას მეილი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა“–ბაჩალიაშვილის ადვოკატი

    “თამუნას მეილი გაიხსნა, ვიღაცას აქვს წვდომა“–ბაჩალიაშვილის ადვოკატი

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სპეციალისტებმა გარდაცვლილის Gmail-ი გახსნეს. რამიშვილის თქმით, ბაჩალიაშვილის მეილზე სხვა პირსაც აქვს წვდომა.

    “დღეს თამუნას Gmail-ი გაიხსნა. მთელ იმ ინფორმაციიდან, რაც ფოსტაში იყო, რაც მოვახერხეთ დეტალურად გავეცანით. არის საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია. არის გარკვეულწილად რაღაც პერიოდები, სადაც დიდი კითხვის ნიშნებია. გარკვეული დრო 13-დან 18-მდე უცნაურადაა წაშლილი. ფოსტაში ძალიან ბევრი მიწერ-მოწერაა ყოველი დღის, მაგრამ 13-დან 18-მდე არანაირი მიწერ-მოწერა, არანაირი შეტყობინებები არაა, რაც გამოძებისთვისაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ვიღაცას აქვს წვდომა და ეს გადამოწმდება. რა ფორმით და როგორ, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა რამიშვილმა.

    თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ი და ელექტრონულ ფოსტაში სპეციალისტები, ოჯახის თანდასწრებით შევიდნენ.

    18 ივლისს დაკარგული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ ავტომობილში  გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

  • მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, “ცხელების ცენტრში” რომ მისულიყო – სოზარ სუბარი

    მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, “ცხელების ცენტრში” რომ მისულიყო – სოზარ სუბარი

    მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველივე ადამიანი, რომელსაც სიცხე დაუფიქსირდა, ცხელების ცენტრში რომ მისულიყო ,- ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

    „დღეს სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი გარკვეულ განცხადებებს, მე ვინც მომაკითხავს, არც არავინ გაბედოსო. მათ შორის ჩემი ნაცნობებიც იყვნენ. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე დამთავრდება შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტში. რამდენად ჩქარა დასრულდება გავრცელება. მესტიაში ეს ამბავი არ მოხდებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც დაუფიქსირდა სიცხე, გასასინჯად ცხელების ცენტრში რომ მისულიყო.ზუსტად არ ვიცით, დღეს რამდენი შემთხვევა გვაქვს, მიმდინარეობს კვლევა, მაგრამ 10-ზე მეტი რომ არის, ფაქტია და სავარაუდოდ, შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიკეთოთ ტესტირება, ამაში სახიფათო არაფერი არ არის “, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

    ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

  • ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

    ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

    უბედური შემთხვევა ფონიჭალაში. საცხოვრებელი კორპუსიდან 39 წლის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

    სხვა დეტალები ამ ეტაპზე  უცნობია