Category: ახალი ამბები

  • გიგი უგულავა საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს

    გიგი უგულავა საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს უგულავას იუსტიციის სამინისტროსთან პლაკატების გაკვრა აუკრძალეს, რასაც მათსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

    “ტილებივით რომ მოედო კრიმინალი და შეეზარდა სახელმწიფოს, მოდიან და ასე აჯარიმებენ ხოლმე პატარა ბავშვებს.. და ჩვენს აქტივისტებს. იმიტომ მოვედით აქ ჩვენ. მოვედით და ვეუბნებით, ესენი არღვევენ კონსტიტუციას, ესენი არღვევენ კანონს… ამ ხალხს აღარც კონსტიტუცია აინტერესებს, აღარც საარჩევნო კოდექსი აინტერესებს. არაფერი აინტერესებს ერთადერთი აქედან [იუსტიციის სამინისტროდან] რომ იყურება ის შლეგი თეა წულუკიანი, იძახის, რომ იქ არ გამიკრანო,” – ამბობს უგულავა.

  • პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროება აუკრძალა

    პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის ადვოკატებს საქმის მასალების გასაჯაროება აუკრძალა

    გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:

    „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა.

    გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს – მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

    საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების გახორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • “არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“–ბაია პატარაია გორში გატაცებული 17 წლის გოგოს შესახებ

    “არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“–ბაია პატარაია გორში გატაცებული 17 წლის გოგოს შესახებ

    გორში 17 წლის გოგო “ოჯახის შექმნის მიზნით” გაიტაცეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ დაწერა, რომელიც გატაცებული გოგოს უფლებებს იცავს.

    “გუშინ გორში მოიტაცეს 17 წლის გოგო. პოლიცია მშობლებს ეუბნება: “რას ნერვიულობთ, შვილი გაგიბედნიერდათო.” სასოწარკვეთილი მშობლები რეკავენ ყველგან: ჩვენთან, გენ.ინსპექციაში, პოლიციაში ხომ სხედან და სხედან და ასევე ითხოვენ მედიის ჩართვას.
    ჰოდა, ჟურნალისტებო, აგერ

    Tamuna Lukava

    იცავს მათ ინტერესებს და მიმართეთ მას და დაგაკავშირებთ ოჯახთანაც.

    ამ ამბავს ასე არ დავტოვებთ!
    არც ერთ გოგოს არ დაგითმობთ გამტაცებლებს!“– დაწერა ბაია პატარაიამ.
    მოგვიანებით გოგოს გატაცება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ გოგომ ოჯახს დღეს დაურეკა და უთხრა, რომ ხვალ სახლში დააბრუნებენ.

    ადვოკატი შსს-სგან ითხოვს, სატელეფონო ზარის მიხედვით დაადგინონ ანძა და შესაბამისად,  გატაცებული გოგოს ადგილმდებარეობა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

  • კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 ლენჯერში დაფიქსირდა

    კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან 12 ლენჯერში დაფიქსირდა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ლენჯერის თემში კორტონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ლენჯერში დაფიქსირებულ შემთხვევებთან კავშირში მყოფი და უშუალოდ ლენჯერში დადასტურებულია მთლიანობაში 30 შემთხვევა.

    „აქედან 5 დადასტურდა უკვე თბილისში მყოფ ოჯახის წევრებში, ნათესავებში. დანარჩენი არის თვითონ სვანეთში დადასტურებული. 400-ზე მეტი ტესტი იქნა ჩატარებული გუშინ და იქიდან დღეს 12 ახალი დადასტურებული შემთხვევაა.

    გუშინ აღებული ტესტებიდან 600-მდე ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები, 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია ანალიზი. ჯამში გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა. გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს. გუშინ 4 სოფელში იყო, დღეს კიდევ გაფართოვდება არეალი გამოკვლევების, მესტიის რაიონში“, – განაცხადა იმნაძემ

  • “ფრონტერას” თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით  საპროტესტო აქცია გამართეს

    “ფრონტერას” თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

    ნავთობმომპოვებელი კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს

    მათ დღეს კომპანიის კუთვნილი მანქანა, რომელიც ნავთობის გატანას გეგმავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეაფერხეს და ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

    შეკრებილების თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისი გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანიის  ერთ-ერთმა   თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    თვეები ვიმუშავეთ და ახლა კომპანიას არ სურს ამ დავალიანების დაფარვა. სამსახურიდან უსამართლოდ გაგვათავისუფლეს. სახელმწიფომ “ფრონტერას” საარბიტრაჟო დავაც მოიგო და დაეკისრა ჩვენი დავალიანების გასტუმრებაც, მაგრამ ამ დრომდე კომპანიის ხელმძღვანელობას  გამოტანილი  გადაწყვეტილების შესრულება არ უნდა. ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან, მათ რა ვაჭამოთ, უკვე აღარ ვიცით. წამლების ფული არ ჰქონდა და ძალიან უჭირდა, ამიტომ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა თავი მოიკლა,- თქვა აქციის ერთერთმა მონაწილემ.

    კომპანიის დედოფლისწყაროს მენეჯერს, გიორგი ჯანიაშვილს არ აქვს კითხვაზე პასუხი, თუ  როდის და რა ვადებში მოხდება ყოფილი თანამშრომლებისთვის დავალიანების ჩარიცხვა.

    “ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა ცოტა ხნის წინ მოუგო. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსაზღვრავს “ფრონტერას” შესაბამის ვალდებულებებს როგორც ძებნა-ძიების ტერიტორიის დაბრუნების, ასევე შესაბამისი თანხების ანაზღაურების ნაწილში.

    რამდენიმე დღის წინ მთავრობამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომპანიის  თითოეული გათავისუფლებული თანამშრომლი ერთჯერადად 1200 ლარს მიიღებს, ამის შესახებ 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

    კომპანია „ფრონტერას“, 84 თანამშრომლის, დაახლოებით 17-თვიანი, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა კომპანია „ფრონტერას“ სასამართლოში რვა თვის წინ უჩივლეს. გათავისუფლებული თანამშრომლები ანალოგიური ხასიათის აქციებს რამდენიმე თვეა პერმანენტულად მართავენ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა.

  • კალაძის თქმით, 13 მეტრო სადგურზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება

    კალაძის თქმით, 13 მეტრო სადგურზე სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება

    თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე – „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

    ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.

    „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მომესახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით. დაახლოებით, 40-50 წელია, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურებს არ ჩატარებია, ანუ დღიდან მათი გახსნისა. შეიძლება, კოსმეტიკური სამუშაოები იყო ჩატარებული, მაგრამ მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

    „დაწყებულია სამუშაოები მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ათი მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

    „ამ სამუშაოების პარალელურად, ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდება. ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომლითაც ჩავატრებთ ამ მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საჭიროებს რეაბილიტაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე გვექნება პროექტები და შევძლებთ, უშუალოდ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

  • ავიაკომპანია “აირზენას“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ლელოს შეუერთდა

    ავიაკომპანია “აირზენას“ დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი ლელოს შეუერთდა

    ავიაკომპანია აირზენას დამფუძნებელი, თამაზ გაიაშვილი პოლიტიკურ გაერთიანებას “ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ის მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინეს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაიაშვილის გადაწყვეტილება მათ გუნდს შეუერთდეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ერთად აცნობიერებენ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება:

    “გვინდა განვაცხადოთ კიდევ ლელოს გაძლიერების შესახებ, ჩვენ გვიერთდება საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ–ერთ ყველაზე მაღალტექნოლგიურ საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ, გაიარა ყველა ის სიმძიმეები, რაც ჩვენ ქვეყანას ქონდა ამ წლების განმავლობაში. დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის გარეთ. მადლობა მას ამ გადაწყვეტილების გამო.“– თქვა ხაზარაძემ.

    გაიაშვილი ამბობს, რომ მისთვის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება მძიმე იყო:

    “დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. პოლიტიკაში ჩართვა ეს არის მძიმე გადაწყვეტილება ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედი გამიცრუვდა. ეს კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა და მთელი რიგი საკითხები….მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დღეს დადგა ჟამი, რომ ყველა, ვინც  თავისი შვილების ბედით არიან დაინტერესებული, არა დავუტოვოთ ჩვენ მათ მათ არა სახლები, ბიზნესი, არამედ რომ მათ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც ეცხოვრებათ. ჩვენი მთავარი მიზანია,  რომ მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ. ხუთი შვილი ყავს ბატონ მამუკას, ექვსი შვილი მყავს მე, სამი ბატონ ბადრის და ძალიან გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომ სხვა გზა არ გვქონდა ჩვენ დარჩენილი, რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩვენი მესიჯია არა წადით, არამედ მოდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო.“– თქვა გაიაშვილმა.

     

  • ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

    ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

    “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება – დაკითხვაზე დაბარების შესახებ მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

    გამოცემის რედაქტორის თქმით, მისი საგამოძიებო უწყებაში დაბარების მიზეზი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეა.

    შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ყველაზე სკანდალური მოწმე ბაჩანა ლობჟანიძეპირველად ელისო კილაძეს დაუკავშირდა.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

  • “ორი დღეა იტყუები და ილანძღები.იქნებ დამელაპარაკო საჯაროდ“–ზურა ჯაფარიძე გია ვოლსკის

    “ორი დღეა იტყუები და ილანძღები.იქნებ დამელაპარაკო საჯაროდ“–ზურა ჯაფარიძე გია ვოლსკის

    გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების წევრს, პალამენტის ვიცე სპიკერს, გია ვოლსკის  მიმართავს იმ განცხადების გამო, რომელიც ვოლსკიმ მასთან დაკავშირებით გააკეთა: “ჯაფარიძე პოლიტიკურად უსუსურია, ამიტომ ანგარიშის დაყადაღებაზე სპეკულირებს“– თქვა ვოლსკიმ, რის შემდეგაც ზურა ჯაფარიძემ მას ფეისბუქით მიმართა:

    “ორი დღეა ადამიანურად გელაპარაკები.

    ორი დღეა იტყუები და ილანძღები.

    მესმის რომ პარტია გიკრძალავს, მაგრამ იქნებ სცადო ერთხელ არდამორჩილება და დამელაპარაკო საჯაროდ?

    ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ფორმატში.“– წერს ზურაბ ჯაფარიძე.

    შეგახსენებთ, რომ გია ვოლსკი დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატია. ორი დღის წინ ზურაბ ჯაფარიძემ ამავე ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა, რის შემდეგაც აღსრულების ბიურომ ძველი ჯარიმების გამო მისი ანგარიშები დააყადაღა. ჯაფარიძე ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

  • არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას – გახარია

    არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას – გახარია

    რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    „მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის მძღოლების ტესტირება, დღეის მონაცემებით 54 205 მძღოლს ჩაუტარდა ტესტირება, რომელთაგანაც ვირუსი დაუდასტურდა 788 ადამიანს. შეიძლება გვეგონოს ეს არ არის დიდი ციფრი, მაგრამ ქვეყანაში უკონტროლოდ შემოსული ერთი ასეთი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო უდიდესი გამწვავების შედეგი. ეს ის მიმართულებებია, რომელიც დიდი ყურადღებით და დიდი სიფრთხილით უნდა ვაკონტროლოთ. გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული , რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა რაღაც ჭორებიც ვრცელდება სხვადასხვა მედიასივრცეებში, რომ მთავრობა ასევე, ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ არანაირი რისკი არ არსებობს. დღეს ყაზბეგში, ისევე, როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. ამიტომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები და არავინ არ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.