Category: ახალი ამბები

  • უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია – გიორგი გახარია

    უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია – გიორგი გახარია

    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ, მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, აფხაზეთში ომის დაწყებიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

    „მოგესალმებით კუთხიდან, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ დღეს 28 წელი გავიდა მას შემდეგ რაც სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი. საერთოდ, აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი დევნილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან, გამთლიანებულ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მიზანმიმართულობით, ერთიანობით, რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

    ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

    ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    „ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

    გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში.

    14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა.

    დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

    17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება

    ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური პორტალი ამოქმედდება, სადაც საჭირო იქნება, როგორც მშობლის, ასევე ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და ამის შემდეგ მოხდება 200 ლარის გადაცემა.

    რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge

    ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:

    •  ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

    •  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

    •  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

    •  საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

    იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს.

    თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს.

    სოციალური დახმარება, ბავშვის ერთერთი მშობელის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

    17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ. დახმარების მიღება სექტემბრიდან დაიწყება.

    იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

    •  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს;

    •  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს;

    •  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;

    •  “ლიბერთი ბანკის” ფილიალებს.

    ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. (დამატებითი ინფორმაციის მიღება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505).

  • პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, საქმიდან გაყვანილია – ბაჩალიაშვილის დედა

    პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, საქმიდან გაყვანილია – ბაჩალიაშვილის დედა

    გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისივე თქმით, მარიამ გოგორელიანი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაცილეს.

    „კარგი შეხვედრა იყო და კმაყოფილი ვარ, ვენდობი ირაკლი შოთაძეს. ყველაფერზე გექნება პასუხიო. პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პოსტიდან არა, მაგრამ ჩვენი საქმიდან გაყვანილია. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მასზე პროკურორ მარიამ გოგორელიანის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.

    მისი თქმით, საქმის პროკურორი მას სთხოვდა ეთქვა, საიდან ჰქონდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი.

  • მასწავლებლებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება – თამარ გაბუნია

    მასწავლებლებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება – თამარ გაბუნია

    სასწავლო პროცესის დაწყებისას, სკოლაში პირბადის გარეშე ვერ შევლენ იქ მომუშავე თანამშრომლები და მასწავლებლები, გარდა მოსწავლეებისა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

    “მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებით არის. ესენია: პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების გამოყენება შესაფერისი წესით, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. ერთი მეტრი დისტანციის დაცვა, ეს არის მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ.

    რაც შეეხება პირბადის გამოყენებას, ეს სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა. სკოლების პასუხისმგებლობა იქნება უზრუნველყონ სადეზინფექციო საშუალებები და სანიტარული კვანძების დასუფთავება რეგულარული წესით“, – განაცხადა  გაბუნიამ.

  • წალკაში გაზის მილების გაყვანისას მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და გვიანი შუა საუკუნეების სამარხები დააზიანეს

    წალკაში გაზის მილების გაყვანისას მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და გვიანი შუა საუკუნეების სამარხები დააზიანეს

    წალკაში გაზის მილების გაყვანისას მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები

    წალკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები დაზიანდა –
    წალკაში გაზის მილების გაყვანისას მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი და დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები , – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის თანამშრომელ, გოდერძი ნარიმანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „წალკაში გაზი გაყავთ და მრავალმხრივ სასიხარულო ფაქტია. ჯერ ერთი, ამ უტყეო რეგიონის მოსახლეობას გაუადვილებს არა მხოლოდ გაუსაძლისი ზამთრის გადატანას და ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მოსახერხებელს გახდის. მეორეს მხრივ ტყე გადარჩება მიმდებარე მუნიციპალიტეტებში, რამდენაც წალკას ტყვის შესაბამისი მასივები არ გააჩნია.
    თუმცა, ამ შესანიშნავ საქმეს ჩრდილიც აქვს მშენებლებს არ აქვთ პროექტი შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, რამაც არქროლოგიურ ძეგლებს საფრთხე შეუქმნა და ნაწილი დააზიანა კიდეც.
    მშენებლებმა შუაზე გადაჭრეს ბრინჯაოს ხანის ყორღანი (სურ, 1-5), დაანგრიეს გვიანი შუა საუკუნეების სამარხები (სურ. 6-17). ეს სამაროვანი ქვის წარწერიანი სტელებიტაა მონიშნული და მისი შეუმჩნევლობა სრულიად წარმოუდგენელია.
    მშენებლები შუა საუკუნეების ნასოფლარს მიადგნენ და იქაც დააზიანებენ კულტურულ ფენებს.
    წალკის მუნიციპალიტეტისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის – არქეოლოგიური ძეგლები ზიანდება გზის და წყლის გაყვანის დროსაც. გამკითხავი კი არავინ ჩანს.
    კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყველა ფაქტზე რეაგირებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძო კომპანიები აგრძელებენ არქეოლოგიური ძეგლების დაზიანება-განადგურებას.
    საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა იცავდეს კონსტიტუციას და კანონს. დამრღვევებმა კი პასუხი უნდა აგონ ხალხისა და ქვეყნის წინაშე“, – წერს გოდერძი ნარიმანიშვილი.

  • საგანგაშო ვითარება არაა და ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია – ყაზბეგის მერი

    საგანგაშო ვითარება არაა და ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია – ყაზბეგის მერი

    ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფორმაციით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მშვიდია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.ამჟამად არსებული მონაცემებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი და ყველა მათგანის კონტაქტი იდენტიფიცირებულია.

    „ჯერჯერობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საგანგაშო ვითარება არ არის. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის 9 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 5 არის დაბა სტეფანწმინდაში. ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და თვითიზოლაციაში არიან გადასულები. პარალელურად, დაბა სტეფანწმინდაში ბიოლოგიური მასალის სინჯების აღება მიმდინარეობს, რომელიც ლაბორატორიაში იგზავნება.

    ყველა შემთხვევა ლარსის გამშვები პუნქტის თანამშრომლებს უკავშირდება, მათი კონტაქტები და ოჯახის წევრები არიან. ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ისინი სამკურნალოდ არიან გადაყვანილები, ხოლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან. რაც მთავარია, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია იმისთვის, რომ რეალური სურათი ვიცოდეთ“, – განმარტავს ზაგაშვილი.

  • თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალური პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს.

    „ძალიან ბევრი კითხვა გვექნება. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. პირველ რიგში, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მხრიდან იქნება კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ პროკურორმა არაეთიკური კითხვები დასვა, რატომ მოინდომა ინფორმაციის მიღება, რაც უკავშირდება ჟურნალისტს და მიკავშირდება მე. არსებული აბსოლუტურად მიუღებელია. მე არა ბრალდებულის, არამედ დაზარალებულის ინტერესებს ვიცავ. ეს გარემო და ფონი ფსიქოლოგიურად ცოტა მიუღებელია. არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც კიდევ უფრო მრავალი ხდება. ირაკლი შოთაძესთან მე უფრო საქმიანი კითხვები მექნება. ვიმედოვნებ, რომ იქნება არა წუთიერი, არამედ რამდენიმე საათიანი შეხვედრა. საქმის მასალების გამოთხოვასაც მოვითხოვ“, – განაცხადა რამიშვილმა.

    „მთავარ პროკურორთან ვისაუბრებ, რომ ეს არ არის უბრალო, მარტივი საქმე, არამედ ძალიან სერიოზული საქმეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოძიებას სრული უფლება აქვს იმუშაოს მრავალ ვერსიაზე, მაგრამ ვერსიაზე არა სიტყვიერად, არამედ საქმით უნდა იმუშაოს. შესაბამისად, შევაჯერებ ვინ, რაზე მუშაობს საქმით და ვინ რაზე მუშაობს სიტყვით. ნდობა ეს არ არის მარტო სიტყვა, ეს არის შედეგი და აქედან გამომდინარე, უკვე გვეცოდინება იქნება თუ არა ნდობა“,-განაცხადა რამიშვილმა.

  • სამმა ადამიანმა ყალბი დოკუმენტებით ბანკიდან 193 300 ლარი აიღო –  საგამოძიებო სამსახური

    სამმა ადამიანმა ყალბი დოკუმენტებით ბანკიდან 193 300 ლარი აიღო – საგამოძიებო სამსახური

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს სამი ადამიანი, რომლებმაც ყალბი პირადობის მოწმობებით ბანკიდან მოტყუებით 193 000 ლარი აიღეს.

    “დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც მუშაობდა ბანკში მიკრო საკრედიტო ექსპერტად და ევალებოდა პოტენციური მსესხებლის იდენტიფიკაცია, ბიზნეს კრედიტის განაცხადების განხილვა, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირების მიერ მიწოდებული ფიზიკური პირების დემოგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ახდენდა ფიქტიური განაცხადების რეგისტრაციას საბანკო პროგრამაში, უთითებდა გამოგონილ ბიზნეს-საქმიანობას, რაც ვითომდა ადასტურებდა კლიენტის კომერციულ საქმიანობას. აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, ბრალდებულების მიერ ბანკიდან მოტყუებით მიღებული და დაუფლებული იქნა 193 300 ლარი”, — წერია განცხადებაში.

  • დიდუბეში აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

    დიდუბეში აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

    ტექნიკური და კომერციულ უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორის ედიშერ ხორავას განცხადებით, დიდუბეში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

    როგორც ხორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფართში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი გაზის ქსელი დარღვევებითაა მოწყობილი. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებული არაა, თუმცა, მეპატრონეს ბუნებრივი აირის მიწოდება, დარღვევების გამოსწორებამდე, სავარაუდოდ, შეუწყდება.

    „სავარაუდოდ, რაც პირველადი დათვალიერებისას ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდეგ აფეთქება.

    ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს, აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით თვითნებურად, რამაც, ასევე, შესაძლოა, გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა“,- განაცხადა ხორავამ.

    როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ათი შემთხვევა იყო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსები აფეთქებას გადაურჩა. ხორავა ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მოუწოდებს, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში უყურადღებოდ არ დატოვონ.

    ცნობისთვის, თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობთან მდებარე ფართში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.