Category: ახალი ამბები

  • ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    ბელორუსში სპეცრეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა – საგარეო საქმეთა სამინისტრო

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოდან 16 აგვისტოს ბელარუსში განხორციელებულ ფრენაზე განმარტებას აკეთებს.

    როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან იმყოფებოდა საქართველოში და ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში.

    „გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ.

    ბელარუსის რესპუბლიკა არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც გვაკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. შესაბამისად, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან.

    ჩვენი აზრით, აუცილებელია ბელარუსში პრობლემები გადაწყდეს მშვიდობიანად. იმედი გვაქვს, ბელარუსი ხალხი მისი მომავლისათვის მნიშვნელოვან საკითხებს თავად, მშვიდობიანად გადაწყვეტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა ურეკში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ურეკში ორდშიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.

    მამაკაცის ძებნა მაშველებმა 15 აგვისტოს დაიწყეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2 ახალგაზრდა წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა, მაშველებმა ერთის დახმარება შეძლეს, მერე კი წყალში გაუჩინარდა.

  • ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

    ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

    ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დღეს შეხვდება. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შსს-დან პროკურატურისთვის გადაცემას ითხოვს, ამის მიზეზად კი შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი უნდობლობას ასახელებს.

    „უნდობლობის საფუძველი მრავალია, კერძოდ, პირველივე დღიდან, როდესაც მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები თუ როგორ ესაუბრებოდნენ მაღალჩინოსნები თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ის თუ როგორ გახსნეს ჩემი თანდასწრების გარეშე კომპიუტერი, მობილური ტელეფონი და ძალიან ბევრი სიცრუის წინაშე დაგვაყენეს, დრონის ჩანაწერები არ მოგვაწოდეს, სათვალთვალო კამერების ძალიან მცირე ნაწილი მოითხოვეს და არაპროფესიონალურად და ძალიან გულგრილად მიუდგნენ საკითხს. ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორცილეს ოჯახის წევრებზე,“- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

  • შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილო და 300 გრამი „ჰეროინი“, „მორფინი“ და „კოდეინი“ ამოიღო

    შსს-მ თეთრიწყაროში 2 კილო და 300 გრამი „ჰეროინი“, „მორფინი“ და „კოდეინი“ ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტმენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 2 კილო და 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც „ჰეროინს“, „მორფინს“ და „კოდეინს“ შეიცავს.

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1341-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1092-ს შეადგენს.

    კარანტინის რეჟიმში 7082 მოქალაქე იმყოფება.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელსაც ფონიჭალაში 4 ადამიანი ემსხვერპლა 25 წლის ქალია

    ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელსაც ფონიჭალაში 4 ადამიანი ემსხვერპლა 25 წლის ქალია

    ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, დაკავებული ფონიჭალის დასახლებაში ავტომანქანით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე 7 პირს, მათგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.  მძღოლმა კი შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს, რომელთაგან ორი( 4 წლის და 11 წლის ბავშვები) მიყენებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ორი დაშავებული  კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაშვებულთა და გარდაცვლილთა ნაწილი ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ქორწილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. სამი დაშავებული ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში რჩება.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.
    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რისთვის ჩაფრინდა ქართული სამთავრობო თვითმრინავი ბელორუსში და ვინ იყო ბორტზე.პრეზიდენტი უარყოფს

    რისთვის ჩაფრინდა ქართული სამთავრობო თვითმრინავი ბელორუსში და ვინ იყო ბორტზე.პრეზიდენტი უარყოფს

    სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი გადაადგილდება კვირას საღამოს ბელორუსში ჩაფრინდა. ჯერჯერობით უცნობიბა, ვინ იჯდა თვითმფრინავში.   ინფორმაციას, თითქოს დღეს ბელარუსში თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა 1 საათი დაჰყო მინსკის აეროპორტში და თბილისში გვიან საღამოს დაბრუნდა. თუმცა,  პრეზიდენტის ადმინისტაციაში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამას არ ადასტურებენ.

    “კატეგორიულად უარვჰყოფთ და ვამბობთ, რომ არა თუ საქართველო, თბილისიც კი არ დაუტოვებია” – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისის შესრულებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ  მინსკის მიმართულებით სამგზავრო რეისი მხოლოდ 20 აგვისტოსაა დაგეგმილი. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ იმასაც, რომ სამთავრობო რეისები მათ არ ეხებათ.

    “მთავარი არხის” ინფორმაციით, თბილისში სპეცრეისით ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს. ნიკა გვარამიას თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა რეისზე ვალერი კვარაცხელია იყო, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მძახალია. შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანი 2008 წელს ბელორუსში საქართველოს ელჩი იყო.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბელორუსში საქართველოდან თვითმფრინავი ჩაფრინდა სოციალურ ქსელებში ბელორუსი აქტივისტების ჯგუფებშიც გავრცელდა.

     

  • თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა

    თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა

    მთავარი არხის ეთერში ნორვეგიაში მცხოვრები ქართველის, თეონა ყურუას სატელეფონო ინტერვიუ გავიდა, რომელიც ამბობს, რომ წლის დასაწყისში მას ფეისბუქით თამარ ბაჩალიაშვილი დაუკავშირდა და კითხა, რამდენად შესაძლებელი იყო ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება.

    ყურუას თქმით ის თამარ ბაჩალიაშვილს ფეისბუქით იცნობდა და რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად კითხვები დაუსვა – კონკრეტულად, ქონდა თუ არა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოეთხოვა, რაზეც თამარმა უპასუხა, რომ საკმარისზე მეტი მტკიცებულებები ქონდა.

    თონა ყურუა იმასაც ამბობს , რომ თამარს ისეთ ქვეყანაში უნდოდა წასვლა, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ მოუწევდა.

    “უნდოდა წასულიყო ისეთ ქვეყანაში სადაც უკან დაბრუნება არ მოუწევდა, რადგან აღნიშნა, რომ უკან დაბრუნებას ვერ შეძლებდა“- ამბობს თეონა ყურუა “მთავარ აქცენტებში” სატელეფონო საუბრისას.

    თეონა ყურუა ყვება, თამარი მას კიდევ ერთხელ მარტში შეეხმიანა, თუმცა მას არ უპასუხია. შემდეგ მისი ძველი ფეისბუქი დაიბლოკა, რის შემდეგაც ახალი ფეისბუქ ანგარიში გახსნა.

    ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თამარის გარდაცვალების შესახებ მედიით გაიგო, ამ თემაზე ბევრს ფიქრობს და ამის შესახებ ერთ–ერთ ქართველ ჟურნალისტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც მის ახალ ფეისბუქ ანგარიშში შეღწევაც სცადეს, თუმცა ამჯერად უშედეგოდ. თეონა ყურუა მზად არის ამ თემაზე კითხვებს მომავალშიც გასცეს პასუხი.

  • ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბელორუსის ისტორიაში. ლუკაშენკოს გადადგომას დღეს უკვე ასეულ ათასობით ადამიანი ითხოვდა

    ყველაზე ხალხმრავალი აქცია ბელორუსის ისტორიაში. ლუკაშენკოს გადადგომას დღეს უკვე ასეულ ათასობით ადამიანი ითხოვდა

    ბელორუსის პრეზიდენტის ,ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით თავისუფლების მარში დღეს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მინსკში, შედგა. სხვადასხვა შეფასებებით “გმირი ქალაქის სტელასთან“და მიმდებარე ქუჩებზე 200 000–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ხალხი ლუკაშენკოს გადადგომის და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების  გარდა იმ ძალიოვანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეები დაარბიეს, დაიჭირეს და დაპატიმრებულებს სასტიკად გაუსწრდნენ.

    მოწინააღმდეგეთა აქციის დაწყებამდე დღეს მინსკში ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს მოუყარეს თავი. ლუკაშენკო მიტინგზე ამტკიცებდა, რომ არჩევნებში 80% აიღო და შეკრებილებს ნატოს ჯარებით აშინებდა.

    ოფიციალური მონაცემებით მის მხარდამჭერ აქციაზე 50–დან 70 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, პორტალმა TUT.BY-მ ვებგვერდ MapChecking–ის საშუალებით დათვალა, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე 10 დან მაქსიმუმ 31 ათასი ადამიანი შეიძლებოდა შეკრებილიყო, ხალხის სიმჭიდროვიდან გამომდინარე.

    “მინსკის–გმირი ქალაქის “ სტელასთან კი, სადაც ოპოზიციის აქცია გაიმართა, TUT.BY-ს მონაცემებით დაახლოებით 220 000 ადამიანი შეიკრიბა.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ მინსკის ცენტრში 12 საათზე ლუკაშენკოს მხარდამჭერი მიტინგი იგეგმებოდა. ადგილზე მომუშავე მედიის ინფორმაციით ხალხი იქ ავტობუსებით სხვადასხვა ქალაქებიდან ჩაიყვანეს. ლუკაშენკო კი მიტინგზე დაგვიანებით, 14 საათზე გამოჩნდა და “მშიერი 90–იანების“ გახსენება დაიწყო. ლუკაშენკომ კატეგორიულად უარყო განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და თქვა, რომ ახალი არჩევნები დასავლეთს უნდა.

     

    “ვიღაცას ახალი არჩევნები უნდა. გაიხედეთ ფანჯარაში! ნატოს ჯარები ჩვენს საზღვრებთან დააბოტებენ. ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა გვიბრძანებენ ახალი არჩევნები ჩავატაროთ. მათ ბრძანებას რომ დავემორჩილოთ, ისეთ შტორმში მოვხვდებით, ჩვენს საჰაერო ხომალდს ვეღარასდროს დავასტაბილურებთ“– თქვა ლუკაშენკომ და მასობრივ პროტესტში მონაწილე ადამიანები ვირთხებს შეადარა, რომლებსაც “უცხო ადამიანები მართავენ.“

    ამ დროს გამარჯვებულთა გამზირზე მდებარე სტელასთან, სადაც ერთი კვირის წინ, საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დასრულების შემდეგ სულ პირველი საპროტესტო აქცია გაიმართა, ხალხმა დაიწყო შეკრება. „წადი!“– ეს არის ხალხის მთავარი მოთხოვნა.

    შეკრებილების წინაშე  მარია კოლესკნიკოვა გამოვიდა სიტყვით, რომელიც პრეზიდენტობის მეორე ადგილზე გასული კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას თანამებრძოლი და ოპოზიციის გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელია. მან თქვა, რომ ბელორუსების მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სასწრაფოდ გადადგომაა.

    აქციის შემდეგ მონაწილეთა ნაწილმა №1 საგამოძიებო იზოლატორთან გადაინაცვლა, სადაც ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი ზის. ის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარია, რომელმაც პრეზიდენტობაზე კენჭი სწორედ იმის გამო იყარა, რომ მისი ქმარი პოლიტპატიმარია.

     

    მინსკის აქციის პარალელურად მაშტაბური აქციები გაიმართა დღეს ბელორუსის სხვა ქალაქებში.

    ბელორუსში საპროტესტო აქციები უკვე მერვე დღეა გრძელდება. პროტესტი მაშინ დაიწყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ლუკაშენკომ 80% მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა კი მხოლოდ 10%. მომიტინგეების სასტიკ დარბევას და ათასობით ადამიანის დაპატიმრებას კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა. ლუკაშენკო იძულებული გახდა დაპატიმრებულთა დიდი ნაწილი გაეთავისუფლებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც გათავისუფლებულებმა მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ დაიწყეს მოყოლა და საკუთარი დაზიანებების დემონსტრირება, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა.

    ლუკაშენკოს არჩევნებს არ აღიარებს დასავლეთი. ევროკავშირი მის სანქცირებაზე მუშაობს.

     

     

     

  • აშშ არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას – ჯიმ რიში

    აშშ არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას – ჯიმ რიში

    სენატორი ჯიმ რიში 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას.

    “12 წლის შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია. აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას და არასდროს ცნობს რუსეთის მიერ საქართველოს უკანონო ოკუპაციას”, – წერს სენატორი ჯიმ რიში ტვიტერის პირად გვერდზე.