Category: ახალი ამბები

  • 10 ახალ ინფიცირებულს შორის 1 სამედიცინო პერსონალია, 2-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია

    10 ახალ ინფიცირებულს შორის 1 სამედიცინო პერსონალია, 2-ის წყარო უცნობია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბიას თქმით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, ორის წყარო კი უცნობია.

    “1-ის წყარო არის სოფელი ლენჯერი, 1-ის ქობულეთი ანუ კაფე “ჰავანა” 1-ის წყარო დადასტურებულთან კონტაქტი, 4 შემოტანილი შემთხვევა და აქედან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალი, 2-ის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება”, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ გაზრდილა.

  • მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი მასალის გავრცელება იკრძალება  – კილაძე

    მედიასა და ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი მასალის გავრცელება იკრძალება – კილაძე

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ პირველი სექტემბრიდან მედიასა და ინტერნეტში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება შეიზღუდება.

    “ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ასეთი ინფორმაცია ბავშვის ფსიქიკას დიდ ზიანს აყენებს. “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს რეგულაციებს და აღსრულების მექანიზმებს. თუ რა ითვლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციად, იხილეთ ქვემოთ:

    მადლობა მინდა ვუთხრა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის ხელმძღვანელს, კახა ბექაურს, რომელმაც სამაგალითოდ გაართვა თავი კოდექსის აღსრულების მომზადებას.”,– წერს ფეისბუქზე კილაძე.

    მაუწყებლობის შესახებ კანონის 56 2 მუხლი:

    18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

    ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;

    ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;

    გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;

    დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);

    ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

    ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

    ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;

    თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;

    ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;

    კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;

    ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;

    მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

    ამასთან, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

    ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას; გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია; დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

    12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;

    ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

    7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

    ა) მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

  • თბილისის 100-მდე ქუჩა, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 100-მდე ქუჩა, რომელსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    დღეს, 18 აგვისტოს, თბილისის 100–მდე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

    სამგორის რაიონი

    00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის,  თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათჰესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, თვალჭრელიძის, ქიზიყის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VII მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, კალოუბნის, თვალჭრელიძის, ქიზიყის, ენუქიძის, ქინძმარაულის, ზემო მეტალურგიის და რქაწითელის  ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავთო ვარაზის, ზურაბ ანჯაფარიძის, უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თაქთაქიშვილის, რიგის, აბაშიძის, კავსაძის, აბულაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ბარნოვის, მუხაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბულაძის, ყიფშიძის, მიქელაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ზედაუბნის, ქართველიშვილის, ჟღენტის, სამღერეთის, კოდალოს, მაღაროს, ენისელის, დობროლიუბოვის, ცოტნე დადიანის, ეკლესიის, კალიუჟინის, ზაქარაიას, ლოტკინის, თიგიშვილის, კონდოლის, მესხიშვილის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ალილუევის, ხიმშიაშვილის და მახალდიანის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის, ზედაუბნის, ქართველიშვილის, ჟღენტის, სამღერეთის, კოდალოს, მაღაროს, ენისელის, დობროლიუბოვის, ცოტნე დადიანის, ეკლესიის, კალიუჟინის, ზაქარაიას, ლოტკინის, თიგიშვილის, კონდოლის, მესხიშვილის, ინწკირველის და ცქიტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”. – აცხადებს თელასი.

  • ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

    ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა

    საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

    ვასილ მაღლაფერიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრებს.

    ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „მიმაჩნია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც განაპირობა ჩემი კოლეგების მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ. არხზე დავიწყეთ მაღალი ხარისხის მეგაშოუების, მუსიკალური და შემეცნებითი გადაცემების წარმოება, დავიწყეთ სერიალების გადაღება, შემოდგომაზე მაყურებელი ნახავს ორ ქართულ სერიალს და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. ასევე, დავიწყეთ ანიმაციური ფილმების გადაღება და შემოდგომაზე მაყურებელი იხილავს პირველ სეზონს, ოცსერიან ქართულ ანიმაციურ ფილმს ბავშვებისთვის. ვაგრძელებთ დოკუმენტური ფილმების და დოკუმენტური სერიალების გადაღებას. უკვე გამოვაცხადეთ სცენარების მიღება და ვიწყებთ მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების გადაღებას.

    რადიოს შესახებ – 2017 წლამდე, საქართველოს რადიოს სიგნალის მიღება იყო ძალიან რთული, მაგალითად, რადიოს პირველი არხის დაჭერა უკვე მცხეთაშიც კი შეუძლებელი იყო, რის გამოც მსმენელი კარგავდა არხის სმენის ჩვევას. წელს დასრულდა 27 ახალი ანძის მონტაჟი და დღეს საქართველოს რადიო ერთადერთია, რომელიც მაუწყებლობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში და ძირითად მაგისტრალებზე.

    პირველი არხის ვებგვერდი 1tv.ge სულ რაღაც ორწელიწადნახევარში გახდა ერთ-ერთი ლიდერი საინფორმაციო სააგენტო მედიაბაზარზე. სექტემბერში მაყურებელი იხილავს ვებპროექტს „საქართველო 360“, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლებათ ვირტუალურად იმოგზაურონ საქართველოში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დააინტერესებთ როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ამავე დროს, ძალიან დაეხმარება ახალ თაობას საკუთარი ქვეყნის გაცნობაში. უკვე ვასრულებთ მუშაობას და წლის ბოლოს გაიხსნება განსაკუთრებული სიახლე, ტელევიზია მობილურ ტელეფონში, ეს იქნება ფაქტობრივად მესამე არხი, რომელიც ახალგაზრდებზე იქნება ორიენტირებული.

    უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიმაჩნია ტელესკოლის არხის გახსნა, დარწმუნებული ვარ ამ არხზე ბევრ საჭირო და საინტერესო პროექტს ვიხილავთ. პირველი არხისთვის მუდმივ პრიორიტეტად რჩება, რომ არაქართულენოვანი მოსახლეობა სრულფასოვნად იყოს ჩართული მიმდინარე პროცესებში და ამ მიზნით გავხსენით მუდმივმოქმედი პროექტი – მრავალფეროვანი საქართველო, რომელიც, ამავე დროს, წარმოადგენს სასწავლო ლაბორატორიას არაქართულენოვანი დამწყები ჟურნალისტებისთვის.

    დაბოლოს ნიუსრუმის შესახებ – ტელევიზიის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც დამხვდა, იყო სრულიად სავალალო მდგომარეობაში, მორალურად და ფიზიკურად ვადაგასული კამერები, არ იყო საკმარისი განათება, ძალიან ძველი მანქანების პარკი, ყველაზე დიდი სტუდია ჯერ სხვა ტელევიზიაზე იყო გაქირავებული (რაც სავალალო კურიოზია ნორმალური ტელევიზიის პირობებში), შემდეგ კი ტექნიკისგან დაცლილი და უფუნქციოდ მიტოვებული. და ამ მძიმე ფონზეც კი, კატასტროფულად მძიმე იყო ნიუსრუმის მდგომარეობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები მუშაობდნენ სიცოცხლისთვის სახიფათო უჰაერობის პირობებში, ხოლო ტექნიკური აღჭურვის ხარისხზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ტელევიზიას არ ჰქონდა არც ერთი პირდაპირი ჩართვის აპარატი. დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს ტელევიზიის ტექნიკური გადაირაღება, გავიარეთ ყველა აუცილებელი პროცედურა და რამდენიმე კვირაში, სექტემბერში დაიწყება ახალი, კომპაქტური და თანამედროვე ტექნოლოგიებთან თავსებადი შენობის მშენებლობა, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და ქვეყანას ექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტელევიზია.

    აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს სულ უფრო მეტი გადაცემა გადის გარეწარმოებაში, რითაც საქართველოს ტელევიზია ეხმარება გარე სტუდიებს განვითარებასა და გაძლიერებაში. ტელევიზია ასევე მაქსიმალურად მონაწილეობს ქართული ფილმების წარმოებაში და, მათ შორის, განსაკუთრებულად ეხმარება დამწყებ რეჟისორებს.

    საქართველოს პირველი არხის სტრატეგიულ კონცეფციად რჩება უსაფრთხო არხის პრინციპი, რაც გულისხმობს, რომ ტელევიზიამ მდაბიო უხამსობით არ უნდა ავნოს მაყურებელს, არხი აწარმოებს მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან პროდუქციას, ხოლო ნაყიდი პროდუქცია – ფილმები და გადაცემები გამოირჩევა მაღალი მხატვრული
    და შემეცნებითი ღირებულებით.

    ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად საქართველოს პირველი არხის მოვალეობაა, მიუკერძოებლად გააშუქოს პოლიტიკური პროცესები და საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ეჭვი მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

    სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო და ნებისმიერ ობიექტურ და თავად მიუკერძოებელ დამკვირვებელს შეუძლია დარწმუნდეს, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მაქსიმალურად მიუკერძოებელი, ჟურნალისტები სარგებლობენ მაქსიმალური თავისუფლებით, და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობით არიან გამსჭვალულები, რათა მაყურებელს არ მიაწოდონ გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაცია.

    მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

    საქართველოს პირველმა არხმა უკვე გადალახა ძირითადი დაბრკოლებები და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა – 2020 წლის შემოდგომის სეზონი, რომელიც სექტემბერში დაიწყება, იმის დასტური იქნება, რომ არხის განვითარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სეზონიდან სეზონამდე განუხრელად მოიმატებს ხარისხიანი და გემოვნებიანი პროდუქციის წარმოება. არხი, რომელიც ხელოვნურად იყო ჩაყენებული წამგებიან ვითარებაში, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევდა, გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და წარმატებით შეასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციას. ამ მიზნის მისაღწევად ჩემმა კოლეგებმა და მათ შორის მეც ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვერ დავუშვებ, რომ ამდენი ადამიანის შრომას ჩრდილი მიადგეს“, – აღნიშნულია ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაში.

  • “სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

    “სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

    კომპანია თბილისი ენერჯის განცხადებით, “სითი მოლი” აფეთქებას გადაურჩა.

    მათი ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იდგა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება მოხდა.

    “სითი მოლის” შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ “სითი მოლის” შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის 8 სანთურა.

    ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. “თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

    სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მინდინარეობს.

  • დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

    დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა

    დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს, 18 აგვისტოს 36 წელი შეუსრულდებოდა.

    გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუს ოკუპანტებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი აწამეს, რის შემდეგაც ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

    2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელდა მტრის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ გიორგი ანწუხელიძე ოკუპანტებს წრეში ჰყავთ მოქცეული და მას რიგრიგობით ურტყამენ ფეხებს კეფასა თუ ზურგზე. ოკუპანტები ანწუხელიძეს აიძულებდნენ, მიწისთვის ეკოცნა, თუმცა 23 წლის გმირის გატეხვა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ის ოსმა სეპარატისტებმა ცემით მოკლეს და ოკუპირებულ ცხინვალში დატოვეს.

    2008 წლის ნოემბრამდე ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. თუმცა, მოგვიანებით ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული 10 ქართველის ცხედრის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ერთერთი ანწუხელიძე იყო.

    2009 წელს გიორგი ანწუხელიძეს მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი. 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ის “სამშობლოსთვის თავდადებულის” მედლით დააჯილდოვა. 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიენიჭა.

    2013 წელს, “თუშების სადროშომ” გიორგი ანწუხელიძეს “თუში სახალხო გმირის” წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს

  • საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შემთხვევათა რაოდენობა 1351–მდე გაიზარდა. 18 აგვისტოს არცერთი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა, მათი რიცხვი კვლავ 1092–ს შეადგენს. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.

  • ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

    ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

    საქართველოს გენერალური პროკურატურა გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

    პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

    „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანიების „ფეისბუქის“ და „გუგლის“ ადმინისტრაციებს მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქის“, „ინსტაგრამის“, „ვოთსაფის“ და „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი, ასევე „გუგლით“ სარგებლობასთან დაკავშირებული სხვა შინაარსობრივი ინფორმაცია) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. ასევე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით.

    საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებთან და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებთან.

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ავტოტექნიკური, კალიგრაფიული და ფონოსკოპიური ექსპერტიზები. გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება ეტაპობრივად ხდება.

    მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურაში გაგრძელდეს. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც გენერალური და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურების გამოცდილი კადრებით დაკომპლექტდება.

    საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის “ფინიშის ხაზი” დიდი ხნის წინ გადაკვეთა – ბრიდლოვი

    საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის “ფინიშის ხაზი” დიდი ხნის წინ გადაკვეთა – ბრიდლოვი

    დიდი სამხედრო ძალა პატარა მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა და მის ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. ასე აფასებს ნატოს ჯარების ყოფილი მთავრსარდალი გენერალი (გადამდგარი) ფილიპ ბრიდლოვი აგვისტოს ომს. ამჟამად ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარეა.​

    ის რუსეთის მიერ, ეგრეთწოდებული, „ჯიბის ვეტოს“ გამოყენებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრით, კრემლმა ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციის შეჩერება სცადა.

    საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე საუბრისას კი ის ამბობს, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რაც დასავლეთმა მას სთხოვა და ნატოს ავღანეთის მისიისთვის იმდენი არავის გაუღია, რამდენიც საქართველომ. გენერალი აცხადებს, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ის ალიანსის წევრობისთვის უკვე დიდი ხანია მზადაა. გენერალ ბრიდლოვს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    გენერალო დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ.

    მიხარია თქვენი ისევ ნახვა. ჩემს ქართველ მეგობრებზე ყოველთვის სიამოვნებით ვსაუბრობ.

    ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი და სამწუხარო კვირაა საქართველოსთვის, რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. 12 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა და იქ საკუთარი ბაზები განალაგა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. თქვენი აზრით, დაიწყო თუ არა რაიმე პროცესი ამ ომით რუსეთმა?

    მოდით დიდ გეოპოლიტიკურ სურათზე ვიფიქროთ. ჩვენ ჯერ ისევ ცივი ომის შემდგომ პერიოდში ვიყავით და დასავლეთმა დათვთან ჩახუტება სცადა. მე ამას რბილად ვამბობ და დასავლეთში ბევრს ამის მოსმენა არ მოსწონს . ჩვენ ვცდილობდით რუსეთი მოგვეზიდა იმისთვის, რომ ის დასავლეთის ნაწილი ყოფილიყო, დასავლური ღირებულებები გაეზიარებინა. ვცდილობდით რუსული ეკონომიკა ჩვენს ეკონომიკებში გაგვეერთიანებინა და ამ დროს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ზოგიერთმა დასავლეთში მაშინ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება რუსეთთან ეს მიდგომა არ იყო სწორი. ასევე დაიწყო საინტერესო დისკუსია სხვა მხრივ, რომ ეს რუსეთის ქცევაში გამონაკლისი იყო, რომ ეს პატარა მოვლენა იყო. სხვები კი რეალობას ხედავდნენ . მოგვიანებით, 2014 წელს, ყველამ დაინახა, რომ ეს მანამდე დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა – გიორგი გახარია

    უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა – გიორგი გახარია

    უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს., – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ რუსთავის მაჟორიტარის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე.

    „რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად სერიოზულად იყო აღქმული. უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს აქვს. სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული და დღეს უკვე პარლამენტშია კანონპროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე სწრაფად დამტკიცდება, რაც ჩვენ გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა. მერწმუნეთ, რომ უმკაცრესად გაკეთდება”, – განაცხადა გახარიამ.