Category: ახალი ამბები

  • ოპოზიციას ხმების დაცვა არავისგან სჭირდება – მდინარაძე

    ოპოზიციას ხმების დაცვა არავისგან სჭირდება – მდინარაძე

    „ეს არის რეალობა რაც დღეს გვაქვს და არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. ჩვენ ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ პანდემიისა და იმ სიტუაციისა, რაც დღეს მსოფლიოში არის შექმნილი, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი მოვიწვიოთ და ჩამოვიყვანოთ იმისათვის, რომ მათ დადონ ობიექტური, მიუკერძოებელი დასკვნა და საკუთარი თვალით ნახონ როგორი ხარისხით, როგორი გამჭვირვალობით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. ეს შედის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებში და ეს შედის ქვეყნის ინტერესებში. და ძალიან კარგია, რომ მე ამაზე თავისუფლად ვსაუბრობ. როდესაც ჩვენი სახელისუფლებო გუნდის, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ და ქვეყნის ინტერესები დემოკრატიულობასთან და არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა“, – განაცხადა მდინარაძემ.

    ცნობისთვის, ოპოზიციამ დეკლარაცია შექმნა, რომლის მიხედვით, ხელმომწერი პარტიები არჩევნებზე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

  • თუ შევიგინები, იქნებ მაგალითს გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ – მეუფე იაკობი

    თუ შევიგინები, იქნებ მაგალითს გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ – მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, “არიან ძალიან სუსტი ადამიანები, ვისაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ იმისთვის, რა დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი, საშინელი დანაშაულები ღვთისა თუ ერის წინაშე”.

    მისი თქმით, თუ შეიგინება, მასზე წლობით ლაპარაკობენ, თავად კი ყოველდღე იგინებიან.

    „ერთმანეთი არ ვლანძღოთ, განა რომელიმე პარტიისკენ მოგიწოდებთ? ვინც ილანძღება, ჩემთვის ყველა მიუღებელია. მე თუ შევიგინები და ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა, ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ. შეიძლება მთელი წელი ერთმანეთს ვაგინებდეთ? პატარაა საქართველო და ყველა ყველას ნათესავია. ნუ იქნება მეგობარი და ნათესავი, ჩვენი მოქალაქეა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

    მან კორონავირუსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ სიფრთხილე აუცილებელია, რათა ქართველები „ისევ არ განუდგნენ ღმერთს და უაზრო რაღაცებს არ უსმინონ“.

  • ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ დაუშვებს – NDI-ს  ანგარიში

    ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არ დაუშვებს – NDI-ს ანგარიში

    ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ​(NDI) ანგარიშის მიხედვით, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას აკნინებს.

    NDI ყურადღებას ამახვილებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკაზე. ორგანიზაციის განცხადებით, მათი კრიტიკა შეეხება საარჩევნო კომისიების შემადგენლობის არაპროპორციულად დაკომპლექტებაზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ, ასევე, მათი თქმით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მიმართ დაწესებული აკრძალვები საკმარისი არ არის და მათი აღსრულება არასათანადოდ ხდება; “საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეების მონაწილეობის აკრძალვა არ ვრცელდება სოციალურ მედიაში კამპანიის განხორციელებაზე; ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიის ტაქტიკად დარჩება; ხოლო საარჩევნო დავების განხილვის პროცედურები არასათანადოა”.

    ოპოზიციური პარტიების მუდმივი შეშფოთების საგანი პოლიტიზირებული
    მართლმსაჯულებაა, რაც მათი თქმით, შერჩევით გამოძიებებში, პოლიტიკურად
    მოტივირებულ დევნაში, ოპოზიციის დაშინებასა და მათ მიმართ ძალადობის
    შემთხვევების დაუსჯელობაში ვლინდება.

    გარდა ამისა, NDI-ს ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ორგანიზაციები და
    ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მთავრობას
    საგანგებო სიტუაციის შემოღება პარლამენტის დამტკიცების გარეშე შეუძლია. ისინი
    შიშობენ, რომ ეს უფლებამოსილება, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად იქნას
    გამოყენებული.

    ​NDI-ს ანგარიში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების აქვეყნებს:

    ● ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და არჩევნებთან დაკავშირებულმა
    სხვა სამთავრობო უწყებებმა მაქსიმალურად დროულად და მიუკერძოებლად უნდა აღასრულონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კანონი და რეგულაცია.

    ● ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ საკუთარი საქმიანობა არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად, ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე წარმართონ.

    ● პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა მოქალაქეების საჭიროებებზე და გადაჭრის გზებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამები უნდა შეიმუშაონ. კამპანიის მონაწილეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიათაშორის თანამშრომლობას ან პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს.

    ● პარტიებმა ინკლუზიური და მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამები უნდა შეიმუშაონ, სადაც ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის (ქალების, ლგბტქი ადამიანების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების ჩათვლით) მნიშვნელოვანი თემებიც იქნება ასახული. პარტიებმა ისინი, ასევე, უნდა ჩართონ თავიანთ შიდა პროცესებში და წარადგინონ კანდიდატებად. პარტიებმა და კანდიდატებმა თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები უნდა აკეთონ.

    ● მედიასაშუალებებს და ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ლეგიტიმური უფლებები მთავრობის ჩარევისა და შევიწროების გარეშე განახორციელონ. ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მუქარისგან ან ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შესაძლოა მედიის საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებულ ჩარევად იქნას აღქმული. მათ შორის იგულისხმება: მედიასაშუალების მფლობელების მიმართ დევნა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებში „სპეციალური მმართველების“ დანიშვნა.

    ● ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ფეისბუქმა, იუთუბმა და სხვა ონლაინ პლატფორმებმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან უნდა ითანამშრომლონ. ფეისბუქმა დროულად უნდა უპასუხოს ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წამოჭრილ საკითხებს, რაც კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებებს უკავშირდება; ასევე აღკვეთოს მიკროტარგეტირება და გააუმჯობესოს ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი იარლიყების სისტემა.

    ​NDI-ს ანგარიში 2020 წლის 28 ივლისიდან 4 აგვისტოს პერიოდში, NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზია.

  • პატივი ეცით საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან – გენერალური ჰოჯესი მარეგულირებელს

    პატივი ეცით საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან – გენერალური ჰოჯესი მარეგულირებელს

    ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა იმავე შეცდომას უშვებს, რაც ანაკლიის პროექტის შემთხვევაში დაუშვა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისაგან.

    იმედგამაცრუებელია იმის ყურება, თუ როგორ უშვებს საქართველოს მთავრობა ევროპასა და აზიას შორის ციფრული კავშირის საკითხში იმავე შეცდომას, რაც ანაკლიის პროექტში დაუშვა. მოვუწოდებ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, პრიორიტეტად საქართველოს საუკეთესო ინტერესები დასახოს და პატივი სცეს საქართველოს ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან”, – წერს ჰოჯესი. 

    https://twitter.com/general_ben/status/1296026327791927296?s=20

    ჰოჯესმა გააზიარა უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა სპეციალური წარმომადგენლის კურტ ვოლკერის ინტერვიუ. ვოკერი ინტერვიუში ამბობს, რომ კომუნიკაციების სექტორში ახალი რეგულაციები საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის საფრთხეებს ქმნის.

    ვოკერი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი კანონი, რომელის საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცა, Caucasus Online-ს  ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი ოპტიკური ინფრასტრუქტურის შექმნაში უშლის ხელს.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 20 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

    სამგორის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, ქინძმარაულის და წმინდა ბარბარეს ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დოლაბაურის, ეთერ კაკულიას, ბოჭორმის, კაჭარავას, ლეხ კაჩინსკის, უჯარმის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის და პატარძეულის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

    13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ტიციან ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩების   მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაგარინის ქუჩის მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირიან მეფის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის II ქუჩის, გორგასლის, ბეჟან კალანდაძის და მარტვილის ქუჩების მოსახლეობას.

    10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

    11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • დეკლარაციას, რომელიც “ოცნებისთვის” კოალიციის არშექმნას გულისხმობს, ელისაშვილი არ შეუერთდა

    დეკლარაციას, რომელიც “ოცნებისთვის” კოალიციის არშექმნას გულისხმობს, ელისაშვილი არ შეუერთდა

    პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შემუშავებულ დეკლარაციებს არ უერთდება. ოპოზიციურმა პარტიებმა ორი დეკლარაცია შეიმუშავეს, პირველი ითვალისწინებს საარჩვენო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვას, ხოლო მეორე ივანიშილისთვის კოალიციისთვის არ შექმნას.

    მისი თქმით, ქართულ ოცნებას კოალიციას არ შეუქმნის და ამისთვის “პუტინის ღია აგენტურასთან” თანამშრომლობა არ სჭირდება.

    “სიტყვას ვამბობ მე, ალეკო ელისაშვილი და სიტყვას ვამბობთ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მოქალაქეები, რომ არ არსებობს ვარიანტი, რომლის გამოც ქართულ ოცნებას ჩვენ კოალიციას შევუკრავთ. ახლა არ ვარ ვალდებული, ვანო ჩხარტიშვილის სიძეს და პუტინის ღია აგენტურას კვერი ვუკრა და მათთან ერთად სადღაც ღონისძიებებში მონაწილეობა მივიღო.

    აგერ ვამბობ, რომ არ შევუკრავთ კოალიციას, რა არის მნიშვნელოვანი, რაღაც ფურცელს ხელი მოვაწერო ვიღაც ხალხთან ერთად ხშირ შემთხვევაში ჩემთვის მიუღებელთან თუ… არ შევუკრავთ და ვინც შეუკრავს კოალიციას, გუშინ არ უსმენდით გია ვოლსკის და ქართული ოცნების დეპუტატებს? ვოლსკი ვერ გაბედავს ჩემი გვარის ხსენებას, მაგრამ ვისი გვარები ახსენა? პატრიოტთა ალიანსის და ბოკერიას პარტიის. რატომ ახსენა? აბა, გაბედოს ქართული ოცნების რომელიმე ლიდერმა თქვას, რომ ელისაშვილი შეგვიკრავს კოალიციასო და მიიღებენ იმ წამს პასუხს. იმიტომ, რომ მათთან კონსულტაციების რეჟიმში არ ვარ და ვინც არის მათთან კონსულტაციების რეჟიმში და ვინც არის არაფორმალური, დამჯერი ოპოზიცია, კი ვხედავთ… არ არსებობს გაერთიანებული ოპოზიცია” – ამბობს ელისაშვილი.

    მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გიორგი ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილს წარმოადგენს, ბურჯანაზე – პუტინს, ხოლო გიგა ბოკერია – ქართულ ოცნებას.

    “იქ [ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრებებზე] ისედაც ძალიან მიჭირდა სიარული. რატომ? არის იქ შეხვედრა და მაგიდა – იქ არის წარმოდგენილი პუტინი, ბურჯანაძის სახით, იქ არის წარმოდგენილი ქვეყნის გამპარტახებელი და დამაქცევარი ვანო ჩხარტიშვილი, თავისი სიძით, რომელიც ვითომ ოპოზიციონერია, გიორგი ვაშაძის სახით, იქ არის წარმოდგენილი ქართული ოცნება გიგა ბოკერიას სახით.

    აბა გაიხსენეთ, გუშინ და გუშინწინ გია ვოლსკი და ისინი რას ამბობდნენ, ჩვენ კოალიციას ვისთან გავაკეთებთო? აბა რა, აბა რა [ქართული ოცნება არის ბოკერიას სახით]”,- აცხადებს ელისაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

  • სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი უპირისპირდებიან – ელისაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერებზე

    სააკაშვილმა კაცებად ვინც აქცია, ისინი უპირისპირდებიან – ელისაშვილი ევროპული საქართველოს ლიდერებზე

    პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ევროპული საქართველოს პოზიციას ეხმიანება, რომლითაც ისინი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას ეწინააღმდეგებიან. ელისაშვილის თქმით, ვინც სააკაშვილმა “კაცებად აქცია” ახლა ისინი უპირისპირდებიან.

    მანვე განაცხადა, რომ სააკაშვილზე ამის თქმის უფლება მას აქვს, თუმცა, როცა ამაზე საუბრობენ დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა “ძალიან სასაცილოა”.

    “სააკაშვილი არ იქნება და არ უნდა იყოს ამ ქვეყნის პრემიერი, არცერთი მრავალპარტიულ პარლამენტის კონფიგურაციის შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს გუნდს რა ძალა და ღონეც გვექნება, ამის წინააღმდეგი ვიქნებით, იმიტომ, რომ სააკაშვილს არა აქვს უფლება იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი. მაგრამ ამის თქმის უფლება მე მაქვს. დავით ბაქრაძე, ბოკერია და უგულავა რომ ამაზე ლაპარაობენ ეს ხომ ძაან სასაცილო არაა, რანაირად ლაპარაკობენ ამას, ნაციონალური მოძრაობა არ არიან თვითონ?”, – აცხადებს ელისაშვილი.

    ცნობისთვის, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან.

  • “გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი“–მაუწყებლები პარლამენტს და კომისიას მიმართავენ. რა საფრთხეს შეიცავს ახალი კანონი

    “გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი“–მაუწყებლები პარლამენტს და კომისიას მიმართავენ. რა საფრთხეს შეიცავს ახალი კანონი

    ტელემაუწყებლები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან მაუწყებლობის კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. 21 მაისს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ეხება “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის“ ნაწილს, რომლითაც როგორც მიმართვაზე ხელმომწერი მაუწყებლები ამბობენ, კომუნიკაციების კომისია კონტენტში უშუალოდ ჩარევის შესაძლებლობას აძლევს. კანონში არსებული ბუნდოვანება კი კომისიას აძლევს საშუალებას, ნებისმიერი ინტერპრეტაცია გააკეთოს და მაუწყებლების წინააღმდეგ გამოიყენოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ 21 მაისს მაუწყებლობის კანონში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლითაც კომისიას უფლება ეძლევა  მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის“ მუხლების დარღვევის შემთხვევაში მაუწყებლებს ლიცენზია შეუჩეროს.

    გთავაზობთ სრულად მაუწყებლების მიერ პარლამენტისა და კომისიისადმი გაგზავნილ შეკითხვებს, რომლებიც კანონის ბუნდოვანებას ასახავს და რომლებზეც მაუწყებლები განმარტებას ითხოვენ.

    19 აგვისტო, 2020

     კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

    ასლი: საქართველოს პარლამენტს

    ასლი: ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ქ-ნ სოფიო კილაძეს

    1. ტელეკომპანია „მთავარი არხის“
    2. ტელეკომპანია „კავკასიის“
    3. ტელეკომპანია „ტვ პირველის“
    4. ტელეკომპანია „ფორმულას”
    5. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის

    მ ი მ ა რ თ ვ ა 

    2020 წლის 1 ივნისს ძალაში უნდა შესულიყო ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედება გადაიდო 2020 წლის 1 სექტემბრისთვის. წარმოდგენილი ცვლილებების ნაწილი, ერთი შეხედვით, გადმოტანილია „მაუწყებელთა ქცევის კოდექსიდან“, რომელიც თვითრეგულირების ქვეშ ექცეოდა, თუმცა ზოგიერთი ცვლილებები სახეცვლილი ფორმითაა წარმოდგენილი და ასევე მიღებულია ახალი სახის ცვლილებები. კეთილშობილური მიზნის ფასადირებით ცვლილებების კანონში გადმოტანით, სახელმწიფოს ეძლევა ბერკეტი განახორციელოს მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლი, რის შედეგადაც მაუწყებლებს შეექმნათ მძიმე ფინანსური პრობლემები სანქციის სახით და საბოლოო ჯამში, შეუჩერდებათ მაუწყებლობის უფლებაც. მოქმედმა პარლამენტმა ბუნდოვან საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრა მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და კონტროლის სამართლებრივი ბერკეტები და კანონის 561 ან 562 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უჩერებს მაუწყებელს ლიცენზიის მოქმედებას.

    მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შეტანილ იქნა კანონში, კანონმდებელს არ განუსაზღვრია ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები. არც მარეგულირებელ კომისიას შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით, როგორც ეს გააკეთა კომისიამ, მაგალითად, სპონსორობასა და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებით.

    მაუწყებლებისთვის, სამწუხაროდ ეს კანონი არის სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანი. კანონი კი უნდა იყოს განჭვრეტადი, რომ სუბიექტმა შეძლოს მისი დაცვა.

    სოფიო კილაძემ საჯაროდ მადლობა გადაუხადა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და მის ხელმძღვანელს, ბატონ კახი ბექაურს, რომელმაც სოფიო კილაძის აზრით, სამაგალითოდ გაართვა თავი კოდექსის აღსრულების მომზადებას. შესაბამისად, მაუწყებლებს გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კომისიას  უკვე აქვს აბსოლუტური მკაფიო ხედვა ამ კანონზე და მის იმპლემენტაციაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უმოკლეს ვადაში გაგვცეთ პასუხები [ქრონოლოგიურად] კანონიდან გამომდინარე ბუნდოვან შეკითხვებზე, რათა ჩვენ შევძლოთ კანონის დაცვა. 

    1. მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები

    (5)აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას.

    1. რას ნიშნავს „ბავშვის განვითარების შეფერხება“?
    2. როგორ განისაზღვრება ბავშვის განვითარების შეფერხების კრიტერიუმები? ვინ ადგენს და სად არის გაწერილი ეს კრიტერიუმები?
    3. როგორ, ვინ და რა ვადაში უნდა დაადგინოს შეფერხდა თუ არა ბავშვის განვითარება?
    4. რას ნიშნავს ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება?
    5. როგორ განისაზღვრება ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება? ვინ ადგენს და სად არის გაწერილი ეს კრიტერიუმები და როგორ უნდა დაიცვას ის მედიამ?
    6. როგორ, ვინ და რა ვადაში უნდა დაადგინოს ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბება?
    7. როგორ უნდა განსაზღვროს მედიამ პროგრამა, ინფორმაცია აფერხებს თუ არა ბავშვის განვითარებას?
    8. როგორ უნდა განსაზღვროს მედიამ, რომ პროგრამა, ინფორმაცია არ შეესაბამება და აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას?
    9. პროგრამაში, ინფორმაციაში მოიაზრება თუ არა მაგალითად, ისეთი გადაცემა სადაც შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს რესპონდენტის მიერ გადმოცემული ინფორმაცია? და პირდაპირ ეთერში?
    10. აღნიშნული ნორმა, გულისხმობს თუ არა, მაგალითად, რომ საინფორმაციო გამოშვებებს, მათ შორის დღის გამოშვევებს, 22:00, 23:00 საათიანი ზონის ღამის თოქ-შოუებს, ანალიტიკურ გადაცემებს, პოლიტიკურ დებატებს, უნდა ჰქონდეს სპეციალური ნიშანდება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვიპასუხოთ, რომელ ცივილიზებული ქვეყნას აქვს მედიისთვის, სავალდებულო წესად, ასეთ გადაცემებზე მსგავსი სტანდარტი?
    11. ცივილიზებული სამყაროს ყველა მედიაში, საინფორმაციო გამოშვებაში არსებობს უბედური შემთხვევების, დანაშაულებების გაშუქება, ვინაიდან ეს გაშუქების საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა („სამართალი“). გთხოვთ განგვიმარტოთ, ნიშნავს თუ არა, რომ სამართალთან, დანაშაულებებთან დაკავშირებული ამბების გაშუქება საფრთხის შემცველია არასრულწლოვანთათვის და მაუწყებელმა უნდა შეზღუდოს ან საერთოდ აღარ გააშუქოს მსგავსი ინფორმაცია?
    12. მედიის გაშუქების ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე „პოლიტიკა“. მაგალითად, თუ მოხდა პარლამენტში ჩხუბი, აღნიშნულის გაშუქება დაარღვევს თუ არა კანონს?
    13. მე-11 და მე-12 კითხვებიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ?
    1. მუხლი 56​1 . მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა

    (1) მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან არასრულწლოვნის დაცვა.

    1. გთხოვთ მიგვითით, რას ნიშნავს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი“? იხელმძღვანელებს თუ არა კომისია „ბავშვა უფლებათა კოდექსში“ მოცემული ამ დეფინიციით? ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;
    2. პირველ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ განგვიმარტოთ რას ნიშნავს

    „ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია“? „სექსუალური შინაარსის ინფორმაცია“?, აგრეთვე „ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას პროპაგანდას“? რას გულისხმობთ სიტყვა „პროპაგანდაში“? რა კრიტერიუმებით დგინდება ინფორმაცია პროპაგანდისთვისაა თუ უბრალოდ ინფორმაციისთვის?, ნიშნავს თუ არა, ფრაზა „ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი;“, რომ მაგალითად, საინფორაციო გადაცემაში, სამართალთან დაკავშირებული ამბების გაშუქებისას, მიმოხილვისას ინფორმაციას ვერ აღვწერთ ვერც ვერბალურად ვერც გრაფიკული „რეკონსტრუქციის“ მეთოდით? აგრევთე, თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მოულოდნელად, პირდაპირ ეთერში, ჩაითვლება თუ არა ეს კანონის დარღვევად?

    1. გთხოვთ განმარტოთ, როგორ, რა სტანდარტით, რა კრიტერიუმით უნდა დადგინდეს მედიამ დაიცვა თუ არა არასწრულწლოვანი ბავშვი „საფრთხის შემცველი“ ინფორმაციისგან?
    2. გთხოვთ განგვიმარტოთ, არის თუ არა მშობელი ვალდებული აკონტროლოს საკუთარი არასრულწლოვანი შვილის ცხოვრება თუ მხოლოდ მედიაა პასუხისმგებლი არასრუწლოვანის დაცვაზე?
    3. გთხოვთ განგვიმარტოთ, თუ კომისიის დადგენილებით გათვალისწინებულ იქნა ინტერნეტ კონტენტზე მშობელს კონტროლი, რატომ არ არის იგივე გათვალისწინებული მედიაზე?

    (2). მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

    1. კანონი არ იძლევა „ფიზიკური განვითარების“ დეფინიციას და არც „ფიზიკური განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
    2. კანონი არ იძლევა „ფსიქოლოგიური განვითარების“ დეფინიციას და არც „ფსიქოლოგიური განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
    3. კანონი არ იძლევა „ინტელექტუალური განვითარების“ დეფინიციას და არც „ინტელექტუალური განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
    4. კანონი არ იძლევა „სულიერი განვითარების“ დეფინიციას და არც „სულიერი განვითარებისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
    5. კანონი არ იძლევა „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ დეფინიციას და არც „ფსიქიკური  ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
    6. კანონი არ იძლევა „ფიზიკური ჯანმრთელობის“ დეფინიციას და არც „ფიზიკური ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მიყენებაა განმარტებული. გთხოვთ განგვიმარტოთ.
    7. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით კანონი მიუთითებს „შესაძლო“ ზიანზე“. ე.ი, ნორმა კიდევ უფრო ბუნდოვანია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს „შესაძლო“ ზიანი  ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებაზე, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და როგორ დგინდება „შესაძლო“ ზიანი.  გთხოვთ გვითხრათ კონკრეტულად.
    8. შეიძლება თუ არა საინფორმაციო გამოშვება, პოლიტიკური წინასაარჩევნო დებატები, პოლიტიკური თოქ-შოუ, ჰარდთოქი და ა.შ, ჩაითვალოს არასრულწლოვანისთვის ფსიქოლოგიური, სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური და ა.შ განვითარებაზე ზიანის ან „შესაძლო“ ზიანის მომტანად?
    9. მე-8 კითხვიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ?

    (3). მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის სოციალიზაციას.

     

    1. კანონი არ იძლევა „სოციალიზაციის“ განმარტებას. გთხოვთ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს არასრულწლოვანის „სოციალიზაცია“.
    2. აღნიშნულთან დაკავშირებით კანონი მიუთითებს „შესაძლო“ ზიანზე“. ე.ი, ნორმა კიდევ უფრო ბუნდოვანია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ განმარტოთ, რას ნიშნავს „შესაძლო“ ზიანი  არასრულწლოვნის სოციალიზაციაზე.
    3. მე-2 კითხვიდან გამომდინარე, ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს მხოლოდ 24:00 საათის შემდეგ შეუძლია გაუშვას საინფორმაციო გადაცემა, პოლიტიკური თოქ-შოუ და ა.შ?

    (4). მაუწყებელი ვალდებულია პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით გამოიყენოს ამ კანონის 56 მუხლით გათვალისწინებული პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები და პროგრამები სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ამ მუხლით დადგენილი დროითი შეზღუდვების შესაბამისად.

    1. 562 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, გთხოვთ დაგვიზუსტოთ, როგორც წარმოგიდგენიათ პრაქტიკაში, მაგალითად, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების განთავსება?

    III. მუხლი 56​2 . პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები

    (1). 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: 

    გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;

    1. ადვილად იმიტირებად ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ფიზიკური დაპირისპირებაც, მოიაზრებს თუ არა ეს დათქმა რომ მაუწყებელს 18 წლამდე შეუფერებლად უნდა აღიქვას საინფორმაციო გადაცემაში გაშუქებული ფაქტები დანაშაულებების შესახებ, მათ შორის, საგამოძიებო უწყებების მიერ მედიისთვის გადაცემული მასალების გამოქვეყნებისგან თავის შეკავება?
    2. შესაძლებელია თუ არა დარღვევად ჩაითვალოს მაგალითად, გენერალური პროკურატურაში, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული და ეთერით გადაცემული ბრიფინგები, სადაც პროკურატურის ან შსს- წარმომადგენლები საზოგადოებას აცნობენ დანაშაულებებთან დაკავშირებული დეტალებს?
    3. შესაძლებელია თუ არა, მაგალითად საქართველოს პარლამენტში ან სხვა ოფიციალურ უწყებაში პოლიტიკოსების დაპირისპირება, რომელიც გავიდა მაგალითად, საინფორმაციო გადაცემაში 15:00 საათზე, ჩაითვალოს კანონის დარღვევად?
    4. ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს შეიძლება დაუდგინდეს დარღვევა იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, 16:00 საათზე, მოახდენს აქციის გაშუქებას, სადაც მოხდა დაპირისპირება, ძალადობა, დანაშაული?

     დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);

    1. შესაძლებელია თუ არა დარღვევად ჩაითვალოს მაგალითად, გენერალური პროკურატურაში, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული და ეთერით გადაცემული ბრიფინგები, სადაც პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებას აცნობენ დანაშაულებებთან დაკავშირებულ დეტალებს?
    2. შესაძლებელია თუ არა, მაგალითად საქართველოს პარლამენტში ან სხვა ოფიციალურ უწყებაში პოლიტიკოსების დაპირისპირება, რომელიც გავიდა მაგალითად, საინფორმაცო გადაცემაში 15:00 საათზე, ჩაითვალოს კანონის დარღვევად?
    3. ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს შეიძლება დაუდგინდეს დარღვევა იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, 16:00 საათზე, მოახდენს აქციის გაშუქებას  სადაც მოხდა დაპირისპირება, ძალადობა, დანაშაული? მაგალითად, 20 ივნისის ღამის ძალადობის ამსახველი კადრების გაშვება საინფორმაციო გამოშვებებში და სხვა გადაცემებში ჩაითვლება თუ არა ამ მუხლის დარღვევად? 

    ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

    • ჩაითვლება თუ არა დარღვევად ასეთი სცენის „რეკონსტრუქცია“ („რეკონსტრუქციის“ მითითებით)მოვლენის სწორად წარმოჩენისთვის და თუ დანაშაულისთვის და მისი არსის და ფაქტების სწორად წარმოჩენისთვის არის ასე საჭირო?

    ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

    • გთხოვთ განგვიმარტოთ, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ნორმა დარღვეულად, მიუხედავად ეთერში გადაცემული სავალდებულო „პირქტოგრამისა“? ასევე, ჩაითვლება თუ არა დარღვევად, მაგალითად, ისეთი გადაცემა, ფილმი და სადაც საუბარია არაყზე, როგორც სადიზენფექციო, სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებაზე?  ან, მაგალითად, ეთერში გაშვება სიმღერისა “ღვინოვ კახურო“?

    ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;

    • ჩაითვლება თუ არა დარღვევად ასეთი სცენის „რეკონსტრუქცია“ („რეკონსტრუქციის“ მითითებით) მოვლენის სწორად წარმოჩენისთვის და თუ დანაშაულისთვის და მისი არსის და ფაქტების სწორად წარმოჩენისთვის არის ასე საჭირო? და/ან თუ ასეთ მასალას ავრცელებს სამართალდამცავი ორგანო პირდაპირ ეთერში?

    თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;

    • აღნიშნული ნორმის შესაბამისად, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ცნობილი კინოფილმი, „რომეო და ჯულიეტა“ არ უნდა გავიდეს მაგალითად, ეთერში 22:00 საათზე? ასევე, გთხოვთ განმარტეთ რას ნიშნავს „თვითმკვლელეობის პროპაგანდა“ და რა ჩაითვლება ამგვარად?
    • შეიძლება თუ არა თვითმკვლელობის პროპაგანდად ჩაითვალოს თვითმკვლელობის ან თვითმკველობამდე მიყვანის ფაქტების გაშუქება საინფორმაციო გამოშვებებში და საზოგადოებრივ–პოლიტიკურ პროგრამებში.

    ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;

    1. ამ ნორმაში მითითებული ამგვარი სცენები არის სრულიად უწყინარ, პრიმიტიულ ინდურ სერიალებშიც კი. უფრო მეტიც, ვოლტ დისნეის სრულიად ჰუმანურ, ოსკაროსან მულტიფპლიკაციურ ფილმებშიც კი. შესაბამისად, გთხოვთ განგვიმარტოთ, მაგალითად, თუ მაუწყებელი გადაწყვეტს რომ გაუშვას მის ეთერში მულტიპლიკაციური ფილმი „ტომი და ჯერი“, ან „სპაიდერმენი“ ეს პროდუქცია უნდა გავუშვათ 24:00 საათის შემდეგ და მას უყრუნ მხოლოდ ზრდასრულმა, მაგალითად მამაკაცებმა და არა ბავშვებმა დღისით?
    2. ასევე, ჩაითვლება თუ არა დარღვევად ასეთი სცენის „რეკონსტრუქცია“ („რეკონსტრუქციის“ მითითებით) მოვლენის სწორად წარმოჩენისთვის და თუ დანაშაულისთვის და მისი არსის და ფაქტების სწორად წარმოჩენისთვის ასე არის საჭირო? და/ან თუ ასეთ მასალას ავრცელებს სამართალდამცავი ორგანო პირდაპირ ეთერში?

    კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;

    1. გთხოვთ განგვიმარტოთ, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, რომ 22:00 საათზე ცნობილი ვარსკვლავური ფილმის “Ocean 11” მაუწყებელს დაეკისროს პასუხისმგებელობა?
    2. მოიაზრებს თუ არა ეს დათქმა, რომ აკრძალულია აზარტული თამაშების კომპანიის რეკლამირება, ლოგოს ინტეგრირება პროგრამაში, ღამის გასართობ გადაცემაში, მაგალითად, 22:00 ან 23:00 საეთერო ზოლში, მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის შესახებ კანონით ეს არ არის აკრძალული?

    ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;

    • გთხოვთ განგვიმარტოთ, მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, რომ 22:00 საათზე ფილმის “თეთრი ბაირაღები” გაშვებისთვის მაუწყებელს დაეკსიროს პასუხისმგებელობა?
    • გთხოვთ განგვიმარტოთ, დაეკისრება თუ არა მაუწყებელს პასუხისმგებლობა თუ, მაგალითად, პოლიტიკოსი კომენტირებისას დადებითად შეაფასებს, გაამართლებს ან წაახალისებს კრიმინალს, მაგალითად ამ ფრაზით – „იქნება დედა შეაგინა“?.

    მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

    • რა არის ოკულტიზმის მსგავსი მოვლენა?
    1. 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

    ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;

    ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;

    გ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;

    დ) ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

    • რას იგულისხმება „ტერმინოლოგიაში? მაგალითად?
    • ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დააკავეს ნარკოტიკების გამსაღებლები და ამოიღეს 1 კილო კოკაინი, არის თუ არა ამ მუხლის დარღვევა?
    1. 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

    ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს;

    ბ) შეურაცხმყოფელ ლექსიკას.

    1. ჩაითვლება თუ არა დარღვევად, თუ ეს მოულოდნელად ხდება პირდაპირ ეთერში?
    2. ასევე, მაგალითად, თუ ვხედავთ როგორ აყენებენ შეურაცხყოფას პოლიციელს და ამას მედია აშუქებს?
    3. მაგალითად, როგორც აგინებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში პარლამენტარს?

     

    1. 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სცენას ან სიუჟეტს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს. 
    • ვოლტ დისნეის მულტფილმში “ბემბი”, ბემბის უკლავენ დედას და ის ხდება ობოლი. ვინაიდან პატარა ბემბის უკვდება დედა, შესაძლოა თუ არა, რომ ამან ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენა მოახდინოს ბავშვზე? მაუწყებელის მიერ ამ მულტფილმის ეთერში განთავსებით კანონი დაირღვევა? 
    1. ინტერნეტ გვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული კითხვა:
    • ავალდებულებს თუ არა კომისია მაუწყებელს, რომ ინტერნეტში განთავსებეულ მასალაზე ნიშანდების მინიჭების გარდა, ეს მასალა განათავსოს ვებგვერდზე მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში, როგორც ეს ეთერისთვის გაქვთ დაწესებული?
    1. სანქციები
    • გთხოვთ, განგვიმარტოთ სანქციების გამოყენების მექანიზმი

    მაუწყებლები ხაზს ვუსვამთ, რომ არცერთი მაუწყებელი არ არის წინააღმდეგი დაიცვას ბავშვის უფლებები. თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანი უნდა იყოს მიღწეული ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა, ასევე დიდი სიკეთეები, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. ამასთან, ამ კეთილშობილური მიზნის მისაღწევად არ შეიძლება ტოტალური პასუხისმგებლობა დაეკისროს მაუწყებელს. ამისთვის არის მსოფლიოში აღიარებული მთავარი პრინციპი- მშობლის კონტროლი (როგორც მაუწყებლობაზე, ისე ინტერნეტზე). იმისათვის, რომ მედიამ შეძლოს აღნიშნული  კანონის დაცვა, კანონი უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი. შესაბამისად, გთხოვთ ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხები იყოს მკაფიო და კონკრეტული და არ იყოს ისეთივე ბუნდოვანი, როგორც თავად ეს კანონია.

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების გამო, და ასევე, ვითვალისწინებთ რა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზეც თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დრო, გთხოვთ, გამოაცხადოთ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოო ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამავე პერიოდში, შესაძლებელი იქნება, რომ შეიმუშავოთ რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება. ამის საფუძველს იძლევა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტი: მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის წესები დგინდება ამ კანონითა და  კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.  გთხოვთ, რომ ამ საკითხზე მუშაობა მოხდეს მაუწყებლების ჩართულობით და მათთან თანამშრომლობის რეჟიმში. მიგვაჩნია, რომ ამგვარი გზით მოქმედება უფრო მკაფიოს გახდის კანონს და მისი აღსრულების პროცესს ყველა მხარისთვის.

    ხელმომწერი მაუწყებლები:

    1. „მთავარი არხი“
    2. „კავკასია“
    3. „ტვ პირველი“
    4. „ფორმულა“
    5. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცის ვერ ვიწყებთ – კალაძე

    წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცის ვერ ვიწყებთ – კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პანდემიის გამო წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ დაიწყება.

    “წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია გვქონდა დაგეგმილი, ასევე ქეთევან წამებულის, იქაც იგივე მიდგომები და დამოკიდებულება გვქონდა, ასევე ვაჟა-ფშაველა, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება, ასევე ვეფხი და მოყმის მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება.

    ეს პროექტები, რომელიც უკვე უნდა დაგვეწყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ, თუმცა, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება”,- ამბობს კალაძე.

  • ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი პრემიერობის ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს – ხატია დეკანოიძე

    ვაშაძეს მისი პარტიის რეიტინგი პრემიერობის ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს – ხატია დეკანოიძე

    “აშაძეს მისი პარტიის რეიტინგი პრემიერობის ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს “- ეს განცხადება,  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” დაფმუძნებლს, გიორგი ვაშაძის განცხადების პასუხად გააკეთა.

    “მინდა, გიორგი ვაშაძეს ერთი რამ ვურჩიო – საკუთარი ამომრჩევლის ნების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იქნება მთავრობაში, ეს არის ამომრჩევლის, და არა კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების გადასაწყვეტი. შესაბამისად, ასეთი განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილია. თუ ბოლო კვლევებს გადავხედავთ, გიორგის მისი პარტიის რეიტინგი ამის აფიშირების და ამბიციების საშუალებას არ უნდა აძლევდეს. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა პატივი სცეს ამომრჩეველს. ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლის გადაწყვეტილების შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამიტომ მე ზედმეტადაც მიმაჩნია ახლა რაიმე სახის მთავრობაზე საუბარი”, – განაცხადა დეკანოიძემ.