Category: ახალი ამბები

  • სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს – პროკურორი

    სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს – პროკურორი

    სიცრუის დეტექტორი სამართლებრივად საქართველოში არ არსებობს, ის არ გამოყენებულა, როგორც საპროცესო მოქმედება და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“ ასეთს არ იცნობს, – ასე ეხმაურება გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი რამდენიმე ბრალდებული არასრულწლოვნის და მათი მშობლების მოთხოვნას, რომ „ტოიოტა ქამრიში” მჯდომი ყველა პირი სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.

    „იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თვლიან, რომ ეს არის საპროცესო მოქმედება და შეესაბამება საქართველოს კანონმდევლობას, შეუძლიათ თავად ჩაატარონ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მოესურვებათ,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სამი არასრულწლოვანი – ზ.ხ; ლ.შ. და ა.ქ. შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა, სიცრუის დეტექტორზე დაკითხონ, რათა „სიმართლე ამ გზით დადგინდეს“.

  • ექიმების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ღრმა კომაში იმყოფება

    ექიმების ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი ღრმა კომაში იმყოფება

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლულია, ღრმა კომაში იმყოფება. „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება, რომ ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის შკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია.

    „ტელეგრამ-არხის“ მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“

    სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. ომსკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, ყველა სპეციალისტის მომსახურება ხელმისაწვდომია და გარეშე დახმარება არ არის საჭირო.

  • ვანო მერაბიშვილი ენმ-ს მაჟორიტარობის 4 კანდიდატს ასახელებს

    ვანო მერაბიშვილი ენმ-ს მაჟორიტარობის 4 კანდიდატს ასახელებს

    საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ენმ-ს მაჟორიტარობის 4 კანდიდატს ასახელებს:

    • ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის ოლქში — ვაჟა ჩიტაშვილი;
    • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში — გიორგი კაპანაძე;
    • წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში — დევი ჭანკოტაძე;
    • გორსა და კასპში — ბადრი ბასიშვილი;

    ვანო მერაბიშვილი პირად გვერდზე დეპუტატობის კანდიდატების ფეისბუქგვერდებს აზიარებს და მათ წარმატებებს უსურვებს.

    აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ნაციონალურ მოძრაობას.

    „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ანტონ ობოლაშვილი იყრის კენჭსსაჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში – პაატა კვიჟინაძე; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებში – გივი ჭიჭინაძე, ხოლო კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტებში – გიორგი ხოჯევანიშვილი.

  • რუსმა ოლიგარქმა საქართველო დახურულ რეზერვაციად გამოაცხადა – შალვა ნათელაშვილი

    რუსმა ოლიგარქმა საქართველო დახურულ რეზერვაციად გამოაცხადა – შალვა ნათელაშვილი

    “რუსმა ოლიგარქმა საქართველო დახურულ რეზერვაციად გამოაცხადა “- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილი  საზღვრების ჩაკეტვას აპროტესტებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს  გადაადგილების შეზღუდვა არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს, რადგან ჩაკეტილ საზღვრებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.

    “რუსმა ოლიგარქმა, იმისათვის, რომ კარგად გააყალბოს არჩევნები, ჩაკეტა საზღვარი, შეუძლებელი გახადა უცხოეთში წასვლა-წამოსვლა ჩვენი მოქალაქეებისათვის და საქართველოს ადგილას პრაქტიკულად გამოაცხადა დახურული რეზერვაცია. “ლეიბორისტული პარტია” მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს: გააუქმოს ყველა შემზღუდავი ნორმა, რომელიც ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ” – განაცხადა შალვა  ნათელაშვილი.

  • პუტინის პრესმდივანმა ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა

    პუტინის პრესმდივანმა ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, ალექსეი ნავალნის გამოჯანმრთელება უსურვა. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

    პესკოვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ალექსეი ნავალნის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში აუცილებელი გახდება, ის მას დახმარებას გაუწევს.

    მისივე თქმით, კრემლი ინფორმირებულია, რომ ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმები კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ყველაფერს აკეთებენ.

    პესკოვი აღნიშნავს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გამოძიება ჩატარდება.

    შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი სავარაუდოდ ჰალუცინოგენით მოწამლეს. ის კომაშია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ექიმების თქმით, ის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

  • წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    წვიმა, სეტყვა, ქარი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    21 აგვისტოდან 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

  • “გურამ ამირხანაშვილი ტყუის!” – ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე

    “გურამ ამირხანაშვილი ტყუის!” – ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე

    19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას არასარწმუნოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ჩვენება რეალურად პროკურატურის აბსურდული ვერსიის გამყარებას ემსახურება.

    „რამდენად სარწმუნოა ამირხანაშვილის ჩვენება, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, ამირხანაშვილს აქვს მიდრეკილება, რომ ხშირად ცვალოს ჩვენებები და ეს არაერთხელ გაუკეთებია. თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, ორი თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი? ახლა ის ხსნის ამას იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა, იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც იმ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ის ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მიზეზს, რომ აღევებული იყო. სინამდვილეში ჩვენი აზრით, ხდება ის, რომ პროკურატურამ გაავრცელა აბსოლუტურად აბსურდული ვერსია და ახლა ისინი თვითონ გახდნენ მძევალი საკუთარი ვერსიის აბსურდულობის და ახლა ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ ის, რაც სჭირდება ამ ვერსიის გამყარებას და რა თქმა უნდა, ამირხანაშვილის ჩვენება არის არასარწმუნო და ის ტყუის არა პირველად,“ – აცხადებს ნემსიწვერაძე.

    ცნობისთვის, რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.

    ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

    გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.

  • ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “გირჩის” ნომერი 36 იქნება

    ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “გირჩის” ნომერი 36 იქნება

    2020-ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “გირჩი”-ს ნომერი 36 იქნება. იუწყება პარტიის პრესსამსახური.

    კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, პარტიამ, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების, მინიმუმ, 0.75% მიიღო, უფლება აქვს, მიმართოს ცესკოს და მოითხოვოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას საპრეზიდენტო არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული.

    “რადგან გირჩის მხარდამჭერების ნაწილის მეხსიერებაში ჯერ კიდევ რჩება 36 ნომერი, რომელიც გირჩმა გამოიყენა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, გადავწყვიტეთ დავიტოვოთ ის და იგივე ნომრით წარვსდგეთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”- ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

  • “ნაციონალურ მოძრაობას” არამცთუ აგური, არამედ კენჭიც არ დაუდია ბავშვთა უფლებების დასაცავად – თეა წულუკიანი

    “ნაციონალურ მოძრაობას” არამცთუ აგური, არამედ კენჭიც არ დაუდია ბავშვთა უფლებების დასაცავად – თეა წულუკიანი

    “ნაციონალურ მოძრაობას”  არამცთუ აგური, არამედ კენჭიც არ დაუდია ბავშვთა უფლებების დასაცავად  –  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    “ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა დანაყოფებმა, არ გაგვახსენოთ ეს დროო, მაგრამ მთლიანად, ამ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დღეს უკვე არაერთი პარტიისგან შედგება, ყოველთვის შევახსენებ, რომ არც ერთი არამცთუ აგური, არამედ კენჭიც არ დაუდიათ ბავშვთა უფლებების დასაცავად. ისინი პირდაპირ იყვნენ დაკავებულები ბავშვების მომავლის ნგრევით. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ბავშვთა მდგომარეობა ყველა სფეროში და თუნდაც სისხლის სამართლის პროცესში.

    ჩვენ ვგმობთ იმას, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ეს დახმარების პროექტი მათთვის ინსტრუმენტია. ცდილობენ, თავად დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს მათი მორალური სახეა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  800 000 ბავშვი, მათი მშობლები მალე დარეგისტრირდნენ. თქვენ ნახეთ, რომ 600 000-ს უკვე გასცდა რეგისტრირებულთა რიცხვი”, – განაცხადა წულუკიანმა.

  • ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების „უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა – პროკურორი

    ამირხანაშვილის ჩვენების გამოქვეყნების „უკან მდგომი პირების ქმედებებს“ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა – პროკურორი

    გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების გამოქვეყნებაზე საგამოძიებო ორგანო შესაბამის გამოძიებას აწარმოებს და ამის უკან მდგომი პირების ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემათ.

    „გურამ ამირხანაშვილის მიერ ყველა ინფორმაცია მოწოდებულია უშუალოდ ამ პიროვნების მიერ. რაც შეეხება ბოლო ჩვენევის გამოქვეყნებას, ჩვენი მიზანია გამოძიების ეტაპზე მოწმეებმა, რომლებიც დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები და იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რაც ხელს უშლის გამოძიებას. ეს პირები შემდეგ უკვე მოდიან მომზადებული პოზიციებით, ეს ჩვენი ინტერესი იყო და ადვოკატების გაფრთხილებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

    რაც შეეხება უშუალოდ ჩვენების გამოქვეყნებას, ამასთან დაკავშირებით პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს და აღნიშნულ გარემოებას მიეცემა სამართლებრივი შეფასება, ასევე იმ პირების ქმედებებსაც, რომლებიც დგანან აღნიშნულის უკან, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა,” – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

    ცნობისთვის, რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.

    ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.

    გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.