Category: ახალი ამბები

  • ქვემო ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ – შსს

    ქვემო ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული ს.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ნაცნობი – 1988 წელს დაბადებული ი.ზ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

    განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,-წერია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული – აბაშიძე

    ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული – აბაშიძე

    რემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე სერგეი ლავროვის ინტერვიუს ეხმიანება. მისი თქმით, ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში.

    ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს და ხაზს უსვამს მათი გაუმჯობესების სურვილს.

    “საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. ქართულმა ოცნებამ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

    მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.

    ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

  • გამოგვიყავით 5 მაგიდა – შაქარაშვილის საქმის ადვოკატები თეა წულუკიანს მიმართავენ

    გამოგვიყავით 5 მაგიდა – შაქარაშვილის საქმის ადვოკატები თეა წულუკიანს მიმართავენ

    გიორგი შაქარაშვილის საქმის ადვოკატები მცხეთის რაიონულს სასამართლოში სამუშაო პირებების არარსებობას აპროტესტებენ და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თხოვნით მიმართავენ. ისინი მინისტრისგან მაგიდებსა და დენის წყაროს ითხოვენ. ადვოკატების თქმით, ინვენტარი ვალდებულების სრულფასოვნად შესრულებისთვის სჭირდებათ.

    “სასამართლოს მიერ შეგნებულად მინდინარეობს ადვოკატების დისკრედიტაცია, ადვოკატებს არ გვაქვს უფლება, ვისარგებლოთ სრულფასოვნად ჩვენი უფლებებით, რომ სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთა ინტერესები. კერძოდ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ადვოკატებს არ გვაქ ელემენტარული ინვენტარი, მაგიდები არ გვაქვს, არ გვაქვს დენის წყარო რომ ვისარგებლოთ კომპიუტერით, ვინაიდან საქმე არის მოცულობითი, დაახლოებით 2 000 გვერდიანი, მატერიალური სახით მათი მოტანის შემთხვევაში ხელში უნდა გვეჭიროს ორი ათასი ფურცელი და ისე დავესწროთ სასამართლო სხდომებს”, — განაცხადა როსტომ კერესელიძემ.

    ადვოკატები მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იუსტიციის მინისტრს, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოუყონ ხუთი მაგიდა.

    “შეუძლებელია ასეთი ფორმით ადვოკატებმა განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულება და დავიცვათ ჩვენი კლიენტების ინტერესები. მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის მინისტრს, ქალბატონო თეა, იქნებ დაგვდოთ პატივი და მცხეთის რაიონულ სასამართლოს გამოიყოთ 5 მაგიდა”,- ამბობს როსტომ კერესელიძე.

    “ადვოკატები ვართ არათანაბარ პირობებში პროკურატურასთან, შესაძლებელია ჩვენ გამოვხატოთ პროტესტი და არ დავესწროთ სასამართლო სხდომებს”, — ამბობენ ადვოკატები.

  • “გამოიკვეთა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი” – ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

    “გამოიკვეთა ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი” – ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

    ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა.

    ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

    ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით.

    “გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, თუმცა აღნიშნული ქმედებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ძალადობის სისტემატურობისა და სიმძიმის შეფასებისას” – აცხადებს ორგანიზაცია.

    ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

  • თბილისში კორპუსის მეორე სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

    თბილისში კორპუსის მეორე სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა

    საბურთალოზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებს შორის არსებული ფანჯრის მეორე სართულიდან 60 წლის ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადას 60 წლის ქალი ადგილზე ცოცხალი დახვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

    შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო – ვაშაძე

    ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო – ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ენმ-ს განცხადებას ეხმიანება, რომ შესაძლოა ისანში მას კონკურენტი დაუყენონ. მისი თქმით, ის და მისი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის იბრძვიან.

    როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა.

    ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთ ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ.

    და ბოლოს, მინდა იცოდეს ყველამ, სადაც გიორგი ვაშაძე და სტრატეგია აღმაშენებლის გუნდია, იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ. სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი  პრინციპია ჩვენთვის!

    მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით! თქვენ ვისთვის და რისთვის?”,- აცხადებს ვაშაძე.

    გუშინ, ვაშაძის თანაგუნდელმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში განაცხადა, რომ თუ ენმ ვაშაძეს ისანში კონკურენტს დაუყენებს, მაშინ საბურთალოზეც მასაც დაუყენონ.

  • მთავრობას სურს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე – კაპანაძე

    მთავრობას სურს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე – კაპანაძე

    ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს.

    კაპანაძის თქმით, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი აღწერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებს, მით უკეთესია საქართველოს ხელისუფლებისთვის.

    “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს. წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკაა, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვეველს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ.

    ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე, რომ ისინი იმალებიან ე.წ. კრიზისის, პანდემიის უკან და იმედოვნებენ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა შესაბამისად, მცირე იქნება”,- ამბობს სერგი კაპანაძე.

    ევროპული საქართველო მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან დამკვირვებლების საქართველოში შეფერხების გარეშე შემოსვლა: “აქ იგულისხმება დამკვირვებლებისთვის კარანტინის მოთხოვნის გაუქმება და მათთვის შემოსვლის გამარტივება”. ასევე, “ხელისუფლებამ ვალდებულება უნდა აიღოს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დაზღვევას შეუქმნის”.

  • სტიქია ლენტეხში – ოთხი სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაზიანდა გზები, ხიდები

    სტიქია ლენტეხში – ოთხი სოფელი გარესამყაროს მოწყდა, დაზიანდა გზები, ხიდები

    ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქია მძვინვარებს.

    21 აგვისტოს, გამთენიისას დაწყებულმა ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის და ლაშხეთის თემები მთლიანად გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავში არსებობს.
    სტიქიის ზონაში დილიდანვე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი.

    ასევე, ადიდებულია მდინარე ლასკადურა, რომელიც საფრთხეს უქმნის დაბის მოსახლეობას.

    კოკისპირული წვიმა ამ დროსაც გრძელდება.

  • იმედი მაქვს, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება – ლავროვი

    იმედი მაქვს, საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება – ლავროვი

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება.

    “გვსურს იმედი გვქონდეს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში არსებულ სიტუაციას. ველით ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებას როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას სხვა მიმართულებებითაც”. – თქვა მან გაზეთ Труд-თან ინტერვიუში.

    ლავროვი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ მალე განახლდება აბაშიძე-კარასინის ფორმატის მოლაპარაკებები.

    “რუსეთი ყოველთვის უფრთხილედებოდა მეგობრულ კავშირებს მისთვის ახლობელ ქართველ ხალხთან, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა სახელის მქონე ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით არაერთი ასწლეული. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესშია უახლოეს დროში არსებული უთანხმოებების დაძლევა და ორმხრივი კავშირების სრულად აღდგენა. ჩვენი პოზიციაა – რაც უფრო მეტი ნორმალიზაციაა, უკეთესია. რუსეთის მხრიდან არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, ჩვენი ქართველი პარტნიორები პერიოდულად ოპორტუნისტული მიზნებით ანტირუსულ ბარათს თამაშობს, რაც აშკარად არათანმიმდევრულია”. – განაცხადა ლავროვმა.

    პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ შეწყვიტა.

  • ნავალნის ტრანსპორტირების ნებას არ გვრთავენ, ეს გადაწყვეტილება კრემლის მიღებულია – პრესსპიკერი

    ნავალნის ტრანსპორტირების ნებას არ გვრთავენ, ეს გადაწყვეტილება კრემლის მიღებულია – პრესსპიკერი

    ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ექიმები ამ დრომდე ჰპირდებოდნენ, რომ ნავალნის გერმანიაში გადაყვანის უფლებას მისცემდნენ, თუმცა ბოლოს უარი უთხრეს.

    „ექიმები ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტირების უფლებას მოგვცემდნენ, რის გამო ჩვენ ორგანიზება უმოკლეს დროში განვახორციელეთ. ახლა კი, ბოლო მომენტში, ექიმები ამის ნებას არ გვრთავენ. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არა მათი, არამედ კრემლის მიღებულია“, – წერს კირა იარმიში.

    შეგახსენებთ, რომ ექიმების ინფორმაციით, ნავალნი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის მძიმე ნივთიერებით მოწამლეს.