Category: ახალი ამბები

  • აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად –  გახარია ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობაზე

    აქტიურად ვმუშაობთ ამაზე, ყველაფერი იქნება ნორმალურად – გახარია ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობაზე

    საქართელოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ გამყოფ ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ სამთვიანი პატიმრობას მისჯას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა ამ საკითხის მოსაგვარებლად ყველა ინსტრუმენტის გამოყენება მოხდეს.

    „უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად“,- განაცხდა გიორგი გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ გამყოფ ხაზთან დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა.

    მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.

  • ფოთში ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, ის პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალადობაში ადანაშაულებს

    ფოთში ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, ის პოლიციის მაღალჩინოსნებს ძალადობაში ადანაშაულებს

    ფოთში, 23 წლის თამაზ გადიაშვილმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობა სცადა. მისი თქმით, ამ ფორმას მიმართა, რადგან ფოთის პოლიციის მაღალჩინოსანი, დავით ოდიშარია მასზე ფსიქოლოგირუად ძალადობს.

    “ეს გავაკეთე ფოთი პოლიციის უფროსის მოადგილის, დავით ოდიშარიას იძულებით, იმიტომ, რომ ის ორი თვეა მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს, სასამართლოში შევუტანე მას ცემის ფაქტთან დაკავშირებით [სარჩელი], გადმოდის შეტევაზე, შეურაცხყოფა, გინება, არ მანებებს თავს. ვთხოვ ამ ხალხს, რომ მოშორდეს პოლიციას ეს ადამიანი’ – განაცხადა თამაზ გადიაშვილმა  “მთავართან”.

    პოლიციელები დავით ოდიშარია და თორნიკე კეჭაყმაძე ფიგურირებს გადიაშვილის 3 თვის წინანდელ საქმეში, როცა ის ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. გადიაშვილმა სარჩელით გენერალურ ინსპექციას მიმართა. დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციელები სარჩელის გამოტანას სთხოვენ.

  • გახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს – ცქიტიშვილი

    გახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს – ცქიტიშვილი

    ახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, როგორ შეაფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ე.წ. მუქარის წერილზე პროკურატურის განცხადებიდან გამოდინარე „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას გადარჩენას ცდილობს.

    მაია ცქიტიშვილის თქმით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ე.წ. მუქარის წერილთან კავშირი არ ჰქონდა.

    „ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით , რომ ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გახარიასთან. ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, რომ გადასარჩენიც გახარიას არაფერი სჭირს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

    როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

    „2019 წლის 4 მარტს, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ, 2019 წლის 6 მარტს, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან ხაზარაძის განცხადებით, დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

    წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა. გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა.

    სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • გარესამყაროს მოწყვეტილი 5 სოფლიდან დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები აღდგება

    გარესამყაროს მოწყვეტილი 5 სოფლიდან დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები აღდგება

    ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხუთი სოფელი მეორე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობასთან კომუნიკაცია ამ დროისთვის ტელეფონით ხდება. დილიდან სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო, ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

    ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები აღდგება, სამ სოფელთან დაკავშირებას რამდენიმე დღეში შეძლებენ.

    ლენტეხში სტიქიამ საავტომობილო გზები და სამი ხიდი დააზიანა.

  • ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს

    ალექსეი ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს

    თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავდათ, ბერლინში ჩაფრინდა. ინფორმაცია ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა „ტვიტერზე“ გაავრცელა. თვითმფრინავი სპეციალურად კომაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ბორტამდე ნავალნი რეანომობილმა პოლიციის თანხლებით მიიყვანა.

    ომსკელი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების საკითხს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი პოზიციით, მისთვის მგზავრობა სტაბილურად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაშვებული არ იყო, თუმცა ოჯახი მის გადაყვანას მოითხოვდა. ნავალნი გერმანიიდან ჩასულმა ექიმებმა გასინჯეს და მიიჩნიეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია.

  • პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირი დააკავა

    პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 5 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 5 პირი, რომლებმაც კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცივი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. უწყების განცხადებით, წარსულში ნასამართლევმა პირებმა, შურისძიების მოტივით, კაცს თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში სცემეს და ავტომობილით ქობულეთში ჩაიყვანეს.

    შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებულებმა კაცი ქობულეთიდან სოფელ კვირიკეს მიმართულებით სხვა ავტომობილით წაიყვანეს, რა დროსაც ისინი სამართალდამცავებმა გააჩერეს და ადგილზე დააკავეს. უწყების განცხადებით, ორივე ავტომობილი, ასევე დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ე”ქვეპუნქტით მიმდინარეობს

  • ბადრი ჯაფარიძე პროკურატურას „არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას გათეთრების უბადრუკ მცდელობაში“ ადანაშაულებს

    ბადრი ჯაფარიძე პროკურატურას „არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას გათეთრების უბადრუკ მცდელობაში“ ადანაშაულებს

    “ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურას „არაკომპეტენტურობასა და გიორგი გახარიას „გათეთრების“ უბადრუკ მცდელობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გახარიას არ აქვს გამბედაობა თქვას თუ რა როლი შეასრულა მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ ე.წ მუქარის წერილთან დაკავშირებით. ამ განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ ე.წ. მუქარის წერილზე პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

    „სამწუხაროდ, დღევანდელი პროკურატურისაგან, გარდა არაკომპეტენტური განცხადებებისა, არაფერს სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. გიორგი გახარიას თუ აქვს გამბედაობა, ის უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და თქვას, რა როლი ითამაშა ამ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ თქვა სრული სიმართლე. ამას ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიას გავლით. დაქტილოსკოპიური ბაზა ინახება საქართველოში და კომპეტენტური პროკურატურის არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის დადგენა მარტივად არის შესაძლებელი. ჩვენ გვყავს მიკერძოებული პროკურატურა. აქედან გამომდინარე, პროკურატურის განცხადების სახით, ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. დღევანდელი პროკურატურის პირობებში, პროკურატურისგან გახარიას გათეთრების გარდა, სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. ხელისუფლება შესაცვლელია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ქვეყნის სამსახურში მყოფი პასუხისმგებლიანი, მცოდნე და კომპეტენტური ახალი თანემედროვე უწყება”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

    „ლელო საქართველოს“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, “რევანშის” ხსენებით, საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

    ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გააავრცელა. პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

    როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

  • იმედი მაქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება – ჯანმოს ხელმძღვანელი

    იმედი მაქვს, კორონავირუსის პანდემია ორ წელიწადში დასრულდება – ჯანმოს ხელმძღვანელი

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ იმედი აქვს, კორონავურისის პანდემია ორი წლის მანძილზე დასრულდება.

    მისივე თქმით, ესპანური გრიპის დამარცხებას 2 წელი დასჭირდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ვირუსის უფრო სწრაფად დამარცხების საშუალებას იძლევა.

    „რა თქმა უნდა, მეტი კავშირები ვირუსის გავრცელების მეტ შანსს აჩენს. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია და ცოდნა მის შესაჩერებლად,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

    ცნობისათვის, ე.წ. ესპანურ გრიპს 1918 წელს 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით კი დღემდე 800 000 ადამიანამდეა დაღუპული.

  • საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    22  აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge – ზე ცოტა ხნის წინ განახლდა

    ბოლო მონაცემებით საქართველოში:

    • კორონავირუსის ინფიცირებულია – 1394
    • გამოჯანმრთელებულია – 1132
    • მათ შორის გარდაცვლილია – 17
    • კარანტინის რეჟიმში რჩება – 6 903
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41პაციენტი.

     

  • ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ

    ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაჰყავთ

    თვითმფრინავი, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ, დღეს დილით, ომსკის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაფრინდა.

    თავდაპირველად რუსი ექიმები მისი ტრანსპორტირების წინააღმდეგები იყვნენ და განმარტავდნენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი გადაყვანის საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა, მოგვიანებით, მათ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.

    „ალექსეის თვითმფრინავი ბერლინში გაემგზავრა. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ალექსეის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება,“- წერს პოლიტიკოსის პრესსპიკერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

    ნავალნის ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. მისი გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.