Category: ახალი ამბები

  • მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის – მინსკში აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა (ვიდეო)

    მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის – მინსკში აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა (ვიდეო)

    “მსვლელობა ახალი ბელარუსისთვის” – ლოზუნგით მინსკში მრავალათასიანი დემონსტრაცია დაიწყო.

    Tut.by-ს ინფორმაციით, მინსკის ქუჩებში 100 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. ისინი სკანდირებენ: “არ დავივიწყებთ! არ ვაპატიებთ!”, “წადი!”.

    ხალხი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა. მოთხოვნა კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. მინსკის გარდა, მსვლელობები ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებშიც არის დაგეგმილი.

    მინსკის მიმართულებით სამხედროები მიემართებიან, რომლებიც, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ძეგლების დაცვას აპირებენ.

    შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 2 კვირაა საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები 9 აგვისტოს არჩევნების გაბათილებასა და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ ცნობს ევროკავშირიც. საპროტესტო აქციებზე ადამიანებს ძალადობით შლიან და აკავებენ.

  • “ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა“– “ბათუმის წყალი“

    “ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა“– “ბათუმის წყალი“

    “ბათუმში მსგავსი სტიქია ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა.
    საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. მობილიზებულია “ბათუმის წყლის” სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.“ – ამ ინფორმაციას ბათუმის წყალმომარაგებელი კომპანია ავრცელებს. მათი განცხადებით, სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

    ამ ეტაპზე ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. ადგილზე თითქმის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა წვიმის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას.“– წერია ბათუმის წყლის განცხადებაში.

    რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წყალდიდობის გამო, პარალიზებული იყო ქალაქში შესასვლელი. დაიტბორა ასევე საცხოვრებელი სახლები.

    ბათუმში გადაადგილება ამ დრომდე გართულებულია. თბილისიდან ჩასული დამსვენებლები მთელი დღე ფეისბუქზე წერდნენ, რომ ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებენ.

    “წყალდიდობა აჭარაშიო და ერთი ჩვეულებრივი ბათუმური ძლიერი წვიმა დაიწყო გუშინ ღამე, ნილოსი კი არ ადიდებულა. პარალიზებულია სრულიად ქალაქი, სანიაღვრე ჭებიდან დილიდან წყალი ბუყბუყით ზემოთ ასხავდა. ადგილობრივი მძღოლი გენო ყვება – რამდენიმე წლის წინ მთელი ქალაქი გადათხარეს და უზარმაზარი ტრუბები ჩაყარეს, მთელ ქალაქში გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. ჭიათურლები კი მუშაობდნენ მუშებად, მაგრამ იძახდნენ პროექტი გერმანელების გაკეთებულიაო. ალბათ აქანე-იქანე რაცხა ვერ ქნეს იმნაირად რაფერც საჭირო იყო.

    ფაქტია ბათუმში ძლიერი წვიმა და ქაოსი ერთია. ტაქსი უარს ამბობს გამოძახებაზე. ვისოლის ბენზინგასამართზე საწვავი ვერ ჩავასხით, დენი დილიდან წავიდა და ამხელა კომპანიის სადგურს ერთი დვიჟოკი არ აქვს. გეგონება პირველად ხდება რომ წვიმასთან ერთად დენიც მიდის აჭარაში და მოუმზადებლები შეხვდნენ.

    კილომეტრიანი საცობია ქალაქის გასასვლელისკენ. კვირაა და მოგეხსენებათ ბევრი დღეს ბრუნდება თბილისში. მახინჯაურთან გზა გადაკეტილია. არ გვიშვებენ.

    შვებულება დღეს დამიმთავრდა.

    აღარ დავბრუნდე თუ რა ვქნა?“– წერს ერთ–ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.

  • თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს – ჟირინოვსკი ნავალნიზე

    თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს – ჟირინოვსკი ნავალნიზე

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი კვლავ კომაშია. ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ნავალნი გერმანელების აგენტია და მას სამშობლოში არც მკვდარს, არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს და მითუმეტეს, არც ცოცხალს მიიღებენ.

    ჟირინოვსკიმ ნავალნი ტროცკის შეადარა და ორივეს რუსეთის სირცხვილი უწოდა.

    “თუ ის მოკვდება, დუმაში დავსვამთ კითხვას, სად უნდა დაიმარხოს იგი. მაგალითად, სასაფლაოზე, სადაც ჩერნობილის მსხვერპლები დაკრძალეს. ან საერთოდ, როგორც გერმანელების აგენტი, დაიტოვონ თავისთან, ჩვენ ის არც მკვდარი და არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არ გვჭირდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, რუსეთისთვის იმაზე ცუდი პიროვნებაა, ვიდრე თავის დროზე ლეონ ტროცკი,” – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

    შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ნავალნი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    “ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა”, – თქვა ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა, მოგვიანებით კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის გერმანიაში აგრძელებს მკურნალობას.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კუპრაძის და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.

    10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაოინის (ნაწილობრივ), პეტრიწის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და გრაფ შულენბერგის ქუჩის მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საბანაკოს დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების, ანდღულაძის, ხარაბაძის, კაკაბეთის, ამირეჯიბის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, დურმიშიძის, წალენჯიხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, ხაჩატურიანის, გელა მებაღიშვილის, ანწუხელიძის, არველაძის, ნანეიშვილის, ონიანის, ეკატერინე მელიქიშვილის,  აფანასიევის, ყვარლის, კალანდაძის, ალექსანდრე თანდაშვილის, მესხეთის, შერვაშიძის, კოტე ბაქრაძის, თოლენჯის და გუჯარეთის ქუჩების მოსახლეობას.

    “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

  • საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები – ხოშტარია

    საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები – ხოშტარია

    საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან ბელარუსი ხალხის სოლიდარობის აქციაზე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მივიდა. მან განაცხადა, რომ საქარველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დიქტატორები დამარცხდნენ.

    „ეს არის სოლიდარობის აქცია. მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ამ ადამიანების გვერდით უნდა იყოს, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლაში ამ ადამიანებს კლავენ, იტაცებენ. სიცოცხლის საფრთხის ხარჯზე ისინი თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას იცავენ. ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გარშემო დამარცხდნენ დიქტატორები და საბოლოოდ დამარცხდეს საბჭოთა კავშირი, რომელიც არჩევნების გაყალბებისა და ძალადობის გზით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ რეგიონში არ არის დიქტატორების ადგილი, არამედ აქ არის თავისუფლების მოყვარული ადამიანების ადგილი. ბელარუსი აღარ არის ის ქვეყანა, როგორიც ჰგონია პუტინს, ლუკაშენკოს და სხვა დიქტატორებს”, – განაცხადა ხოშტარიამ Ipn–თან საუბარში.

    დღეს საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

  • “ქართული ოცნების”  წევრი მეუღლესა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

    “ქართული ოცნების” წევრი მეუღლესა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

    “ქართული ოცნების”  წევრი, დავით ახრახაძე  მეუღლესა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

    ახრახაძე ფაქტს მალავდა, თუმცა მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად დაკავებული იყო.

    “არაფერი ისეთი არ მომხდარა, არ ვარ ის ადამიანი, რომ ოჯახის ამბავზე ქუჩაში ვისაუბრო. ძალადობა არ ყოფილა. არასდროს არ მიძალადია ცოლზე. ხელი არ დამირტყამს და არც დავარტყამ იმიტომ, რომ ადამიანი მიყვარდა სიგიჟემდე”, – ამბობს დავით ახრახაძე.

    ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას თქმით, მისი დაცვით ქვეშ მყოფი დაკავებიდან 72 საათში 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე  მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ ან ორზე მეტი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

  • პანკისში შორტების ჩაცმის გამო ძალადობაში 2 ბრალდებულს პატიმრობა, 1-ს კი გირაო შეეფარდა

    პანკისში შორტების ჩაცმის გამო ძალადობაში 2 ბრალდებულს პატიმრობა, 1-ს კი გირაო შეეფარდა

    პანკისში მამა-შვილზე ძალადობაში ბრალდებულ 2 პირს პატიმრობა, არასრულწლოვანს კი გირაო შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ინციდენტის მონაწილე ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ კი 2000-ლარიანი გირაო გამოიყენა.

    საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს გაიმართება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ მამა–შვილი სამმა კაცმა 8 აგვისტოს პანკისში იძალადა. მათ ფიზიკური შეურაცხყოფა შორტების ჩაცმის გამო მიაყენეს.

  • იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

    იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

    უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია ბატკივშინას ლიდერს, იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც – ქალიშვილი ევგენია ტიმოშენკო და მეუღლე არტურ ჩიჩოტკინი.

    ჯერჯერობით უცნობია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

  • ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას – თამაზაშვილი

    ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ მუხლის გადაკვალიფიცირებას – თამაზაშვილი

    გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მოითხოვს, მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

    თამაზაშვილი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებენ.

    „ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით. ამ მედიკამენტების საკითხზე, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება. კიდევ ვფიქრობ FBI-ის ჩართულობაზე. ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

    ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

  • ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)

    ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა (ვიდეო)

    ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, შავშეთის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები დაიტბორა.

    შპს „ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ ამ ქუჩებზე სანიაღვრე ჭები და არხები გაწმენდილი იყო, თუმცა უხვი ნალექის გატარებას ჭები ვერ ახერხებენ, რამაც დატბორვა გამოიწვია. მათი ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყალი” ჭებს და ზღვაში გამსვლელ არხებს ინტენსიურად წმენდს.

    მოქალაქე თეკო გოგია სოციალურ ქსელში დატბორილი ქუჩების ვიდეოს აქვეყნებს:

    https://www.facebook.com/TekoGogia/videos/3427860543902651/