Category: ახალი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს – უგულავა

    თაკო ჩარკვიანი უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს – უგულავა

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ჩანს, რომ საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა ოპოზიციურ ერთიანობას უხერხულობას უქმნის. თუმცა, უგულავას თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ჩარკვიანი კანდიდატად მაშინ დადგა, როდესაც “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო.

    როგორც უგულავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თუ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას სურვილი ექნება, ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს, შეთანხმების შემთხვევაში, ეს სამართლიანი იქნება.

    “ჩანს, რომ ის (თაკო ჩარკვიანი) უხერხულობას უქმნის საერთო საქმეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის მაშინ დადგა იქ, როდესაც ჯერ კიდევ “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი იყო. ასე რომ, ამ არგუმენტის მოყვანა ვაშაძის საწინააღმდეგოდ, არასწორია და ასევე ჩვენ შეგვიძლია ის მექანიზმიც ჩავდოთ, როდესაც ვიმსჯელებთ, რომ ვინაიდან ქალბატონი თაკო წარმოადგენს ვაშაძის პარტიასა და ბლოკს, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასაც ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ გადაწყვეტს, რომ ისანში ასეთ შემთხვევაში დააყენოს კანდიდატი, თუმცა ეს არ ვრცელდება “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ასე არის სწორი, სამართლიანი და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები ამ შეთანხმებას დაიცავენ”,- განაცხადა უგულავამ.

    როგორც ის აღნიშნავს, ნებისმიერი მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომ სხვა ოპოზიციურ კანდიდატს თავისი კანდიდატი დაუყენოს, შეთანხმების დარღვევაა.

    “ვაშაძე არის ოპოზიციის შეჯერებული კანდიდატი და ჩვენ ამის შესახებ საერთო საკონსულტაციო ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება. ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, დააყენოს თავისი კანდიდატი, ჩემთვის მიუღებელია და განვიხილავ ამას, როგორც შეთანხმების დარღვევას. როდესაც შეთანხმებას აქვს მრავალი მხარე, ამ მრავალ მხარესთან უნდა მოხდეს კონსულტაცია და არა მხოლოდ ისე – ჩავიკეტე, მე ვიღებ გადაწყვეტილებას და სხვას არავის ვკითხავ. თუ რაიმე იცვლება, უნდა მოხდეს საერთო ფორმატში კონსულტაცია”,- განაცხადა უგულავამ.

    ცნობისთვის, “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, თაკო ჩარკვიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ ოპოზიციურ ერთობაში დისონანსი შეიტანა და გამოსწორებას მოითხოვს.

  • პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას ბრალი წაუყენა

    პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ძიძას ბრალი წაუყენა

    საქართველოს პროკურატურამ 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ლ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა. ლ.ლ სისტემატურად ძალადობდა 2 წლის მცირეწლოვან ბავშვზე.

    უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ.ლ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • “ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო და წასულა მაინც..” -რას წერს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი შატილის ტრაგიკულ ტურზე

    “ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო და წასულა მაინც..” -რას წერს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი შატილის ტრაგიკულ ტურზე

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, ლაშა თურმანიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

    ,,ორი დღის წინ ვესაუბრე ნუცას, ხევსურეთის ტურზე უარი ვუთხარი, უამინდობის გამო უნდა გადავდოთქო, წასულა მაინც ეს საყვარელი გოგონა.გუშინ, ფეისბუქზე, ხევსურეთში ყოფნისას დაწერა “ჩემი სული, სულ აქ არის, სულ”, – წერს ლაშა თურმანიძე.

    შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფისას ერთ-ერთი დაღუპული ნუცა კანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა.

  • 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში ერთმანეთის ხმების დაცვაზე მემორანდუმს ხელი მოაწერა

    30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში ერთმანეთის ხმების დაცვაზე მემორანდუმს ხელი მოაწერა

    30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნებში ერთმენეთის ხმების დასაცავად მემორანდუმს ხელი მოაწერა. პარტიები თანმხდებიან, რომ ერთმანეთის ხმების ჩართვაში ყველა უნდა ჩაერთოს და “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბების საშუალება არ უნდა მისცეს.

    ნინო ბურჯანაძის განმარტებით, შეიქმება კონკრეტული შტაბი, არჩევნების დღეს იმუშავებს ქოლცენტრი და პოლიტიკური ორგანიზაციები კოორდინირებულად იმოქმედებენ.

    „მსგავსი შემთხვევა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მომხდარა, როდესაც სრულიად განსხვავებული ხედვების, სრულიად განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული ადამიანური და პოლიტიკური სიმპატიების ან ანტიპატიების მქონე პარტიები დავსხედით ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავის მივცეთ უფლება 2020 წლის არჩევნების გაყალბების და მანიპულირების. ეს არის ნამდვილად სიგნალი ხელისუფლებისთვის, რომ არ გაბედოს არჩევნების გაყალბება. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ოპოზიციური პარტია დაირაზმება არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქ ვეღარ მოხერხდება ის, რაც 2016 წელს შეძლო ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც მაგალითად, ჩემი პოლიტიკური ორგანიზაციის ხმები გადაანაწილა – ზოგი თავად გადაილაგა და ზოგი სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს გადასცა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველანი დავიცავთ ერთმანეთის ხმებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

    მისი თქმით, არჩევნების პერიოდში იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც დარღვევების შემთხვევებში პარტიის წარმომადგენლები მიაწვდიან ინფორმაციას.

    „ჩვენ დღეს კონკრეტული მექანიზმის შექმნაზე ვიმსჯელებთ. უკვე მონახაზი ჩამოყალიბებული გვაქვს. შეიქმნება კონკრეტული შტაბი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყებს მუშაობას და იმუშავებს ქოლცენტრი, სადაც დარღვევების შესახებ გადმოაგზავნიან ინფორმაციას და შესაბამისად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია კოორდინირებულად იმოქმედებს. ამ შტაბში წარმოდგენილი იქნება ყველა პარტიის წარმომადგენელი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    ოპოზიცია აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასთან” რაიმე დოკუმენტის გაფორმება ოპოზიციის მხრიდან შეუძლებელია.

    “30-მდე ოპოზიციური პარტია, პრაქტიკულად სრული სპექტრი თანხმდება ერთმანეთის ხმების დაცვაზე და თანმხდება იმას, რომ ერთობლივი ძალისხმევით არ დაუშვებს არჩევენების გაყალბებას. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიმ მძლავრი სიგნალი ოპოზიციის ერთობის შესახებ, ამ დოკუმენტს აქვს პრაქტიკული ღირებულება და მასში ასახული იქნება მექანიზმები, რომლითაც ოპოზიცია ხმებს დაიცავს”, – თქვა “ერვოპული საქართველოს” წვერმა, დავით ბაქრაძემ

  • ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს –  ევროპული საქართველო შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

    ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს – ევროპული საქართველო შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

    ევროპული საქართველო შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

    “მწუხარებას გამოვთქვამთ შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც შეძრა მთელი ერი. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს”, – აცხადებენ ევროპულ საქართველოში.

    შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

  • ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს –  ენმ  შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

    ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს – ენმ შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შატილში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს სამძიმარს უცხადებს.

    “კიდევს ერთი უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ესაა სულისშემძვრელი შემთხვევა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. გადარჩენილ მოქალაქეებს კი სწრაფ გამოჯანმრთლებას ვუსურვებთ”, –  აცხადებენ ენმ-ში.

  • „ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული – გიორგი ვაშაძე

    „ქართული ოცნებისთვის“ რამდენიმე სიურპრიზი მაქვს გამზადებული – გიორგი ვაშაძე

    “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრისას მათ იმ ტექნოლოგიურ სიურპრიზებს გააცნობს, რომელსაც “ქართული ოცნება” არჩევნების დღეს და მანამდე მიიღებს.

    “სამი ძალიან დიდი დანაშაული, რომელიც მიუძღვის დამსხვრეული ოცნების პარტიას საქართველოს მიმართ არის: შიმშილი, რომელიც არის ქვეყანაში, კრიმინალი, რომელიც არის გამეფებული და უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ თავს და საგარეო ვექტორის, ჩვენი დასავლური ინტეგრაციის მოშლა და ჩამოშლა, აქედან გამომდინარე #1 ამოცანა არის მშვიდობიანად, არჩევნებით, შეიცვალოს ხელისუფლება, ოპოზიციის თანამშრომლობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ არ გავაყალბებინოთ არჩევნები “ქართულ ოცნებას”. ისევე, როგორც ჩვენ ვაიძულეთ მათ და 8 მარტის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ოპოზიციის კონსოლიდირებული პოზიციით, სწორედ ასეთივე თანამშრომლობითი მექანიზმი უნდა ჩამოვაყალიბებინოთ არჩევნების გაყალბების კუთხით. თუ ყველა ჩავერთვებით, შევძლებთ რომ დავიცვათ ხმები. მაქვს კიდევ რამდენიმე სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” გამზადებული, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს აუცილებლად გავუზიარებ. ეს არის ტექნოლოგიური სიურპრიზები, რომლებსაც ისინი აარჩევნების დღეს და არჩევნებამდე მიიღებენ, რათა მათ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    ცნობისთვის, 30-მდე ოპოზიციური პარტია დღეს მემორანდუმს გააფორმებს. ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავენ.

  • „სიტყვის კაცობა” პოლიტიკაშიც გადამწყვეტია – ვაშაძე

    „სიტყვის კაცობა” პოლიტიკაშიც გადამწყვეტია – ვაშაძე

    მე პირადად, ყოველთვის ვარ ჩემი სიტყვისა და ჩემი ხელმოწერის ერთგული, ამასვე მოვითხოვ ყველა სხვა ოპოზიციური პარტიისგან. “სიტყვის კაცობა” პოლიტიკაშიც არის გადამწყვეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც“, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითიც ის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შესაძლო წარდგენის საკითხს გამოეხმაურა.

    “ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პროდასავლური კოალიცია იმ პარტიებისგან, რომელიც არის ოპოზიციაში და ჩვენი გუნდი იცით ვისაც წარადგენს პრემიერ-მინისტრად. სიტყვისა და შეთანხების ერთგულება არის პრინციპი, რომელიც უნდა დაედოს მომავალში კოალიციურ მმართველობას. თუ ვინმე ამას დაარღვევს, ძალიან ცუდი იქნება. იმედი მაქვს არც “ნაიცონალური მოძრაობა” და არც რომელიმე პოლიტიკური ძალა არ დაარღვევს არცერთ შეთანხმებას, ეს, პირველ რიგში, მათთვის იქნება ცუდი, სიტყვის გამტეხი პოლიტიკური ძალა არავის სჭირდება”, – განაცხადა ვაშაძემ.

  • ორის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ – რატიანი შატილში ავარიისას დაშავებულებზე

    ორის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ – რატიანი შატილში ავარიისას დაშავებულებზე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის ავარიის დროს დაშავებული სამი მოქალაქიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა და ამ დროისთვის მათ ოპერაცია უტარდებათ.

    „გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილია სამი ქალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით ორი მათგანის მდგომარეობა. მათ აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციოში ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

    მისივე თქმით, დაშავებულების სასიცოცხლო მაჩვენებლები ამ ეტაპამდე მედიკამენტური გზით ნარჩუნდება.

    “სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას ამ ეტაპისთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან სამივე მათგანის შემთხვევაში გამოწვეულმა ტრავმამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. მათი საშუალო ასაკი არის 25 წელი. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,-განაცხადა რატიანმა.

    შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

  • შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ სამივე ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება- ლევან რატიანის განცხადება

    შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ სამივე ქალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნება- ლევან რატიანის განცხადება

    საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამივე პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება.

    რატიანის განცხადებით, 2 პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.

    „გუშინ შემოიყვანეს 3 მდედრობითი სქესის პაციენტი. გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის კრიტიკული. 2 მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები,“ – განაცხადა ლევან რატიანმა.