Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსით ინფიცირებულ მე-19 პაციენტთან უეცარი სიკვდილი განვითარდა – გამყრელიძე

    კორონავირუსით ინფიცირებულ მე-19 პაციენტთან უეცარი სიკვდილი განვითარდა – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მე-19 გარდაცვლილის შემთხვევაში უეცარი სიკვდილი განვითარდა, რაც დიდი ალბათობით ცხიმოვან ემბოლიასთან არის დაკავშირებული.

    „სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გარდაცვალების 19 შემთხვევა გვაქვს, რაც არის 1, 33%. მე-19 ლეტალურ შემთხვევაში, რომელიც გუშინ განვითარდა, 67 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. მას 19 აგვისტოს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ეს იყო ოჯახური შემთხვევა, ანუ ოჯახში კოვიდინფექცია 4 წევრს დაუდასტურდა და ის გახლდათ ლენჯერის კლასტერთან ე.წ. მესამეული კავშირი. ეს ქალბატონი იყო შშმ პირი, რომელსაც ჰქონდა კოკსართროზი, მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, რთულად გადაადგილდებოდა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახლში დაკვირვების შესახებ მის ინფიცირებულ დასთან ერთად, რადგან თვითონ კოვიდინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

    სამწუხაროდ, შემთხვევა გუშინ დილას გართულდა და მისმა დამ გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადაყვანა ვერ მოესწრო და უეცარი სიკვდილი განვითარდა. ის დიდი ალბათობით, დაკავშირებულია ცხიმოვან ემბოლიასთან, რომელიც საკმაოდ ხშირი გართულებაა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდგომ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    მისივე თქმით,  ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

  • აფხაზეთში COVID-19-ით 54 წლის კაცი გარდაიცვალა

    აფხაზეთში COVID-19-ით 54 წლის კაცი გარდაიცვალა

    ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, ის 54 წლის კაცია.

    23 აგვისტოს კაცს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს, კორონავირუსზე ტესტმა კი დადებითი აჩვენა.

    24 აგვისტოს, მდგომარეობის დამძიმების გამო, ის კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში დაიღუპა.

    ცნობისთვის, გავრცელებული მონაცემებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 247 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 15 პაციენტი გადის

  • გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პესკოვი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე

    გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პესკოვი ნავალნის შესაძლო მოწამვლაზე

    კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს, რადგან, მისი თქმით, ამის საფუძველი არ არსებობს.

    “გამოძიების დაწყებისთვის მიზეზი უნდა არსებობდეს. ამ წამს მხოლოდ ვიცით, რომ პაციენტი კომაშია”, – განაცხადა პესკოვმა.

    პესკოვი ამბობს, რომ ბერლინის საავადმყოფოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწავლავი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა, არაფერს ნიშნავს, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ინფორმაცია ომსკის საავადმყოფოს ექიმებმაც იცოდნენ.

    პესკოვი აღნიშნავს, რომ გერმანულ კლინიკას საბოლოოდ არ დაუდგენია ნავალნის ავადმყოფობის გამომწვევი ნივთიერება. მისივე თქმით, გაურკვეველია, თუ რატომ “ჩქარობენ” გერმანელი ექიმები სიტყვა მოწამვლის გამოყენებას.

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.

    24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება “აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის” ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.

  • ბათუმის მერიამ 2019 წელს ბიუჯეტიდან 10 მილიონი ვერ დახარჯა – ფლანგვის დეტექტორი

    ბათუმის მერიამ 2019 წელს ბიუჯეტიდან 10 მილიონი ვერ დახარჯა – ფლანგვის დეტექტორი

    არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბათუმის მერიამ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ვერ დახარჯა.

    მათი ინფორმაციით, მერიამ შრომის ანაზღაურებაში 22 მილიონი ლარი დახარჯა და მხოლოდ 200 ათასი ლარით ჩამორჩა გეგმას, კულტურა ახალგაზრდობა და სპორტი – 95.8 %-ით შესრულდა, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი – 93.8 %-ით.

    მთლიანობაში 2019 წელს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართლებით 17.5 მილიონი გამოიყო და 1.1 მილიონი აუთვისებელი დარჩა.

    მაგალითად – მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მოქალაქეთა სოციალური პირობების შესაქმნელად ბიუჯეტში 500 ათასი ლარი იდო, საიდანაც თითქმის მეოთხედი აუთვისებელი დარჩა. დაახლოებით მეხუთედი აუთვისებელი დარჩა დროებითი ღამის თავშესაფრის კატეგორიაში.

    მუნიციპალური ბიუჯეტიდან 06 00 პუნქტზე (ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა) გამოყოფილი თანხიდან შეუსრულებლად დარჩენილი 1.1 მილიონიდან შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ 13,6 ათასი მოდიოდა. რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ პუნქტზე ვერ დახარჯა მილიონზე მეტი, თუმცა ხელფასების ნაწილში გეგმას არ ჩამორჩა. ქალაქის ბიუჯეტიდან ხელფასებზე მესამედით მეტი დაიხარჯა და აუთვისებელი ხუთჯერ ნაკლები დარჩა.

    ვერდახარჯული 10 მილიონით შესაძლებელი იქნებოდა ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.

  • მეზობლები ვარაუდობენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი შემოაკვდა და შემდეგ ხეზე ჩამოკიდა

    მეზობლები ვარაუდობენ, რომ თერჯოლაში მამას 11 წლის შვილი შემოაკვდა და შემდეგ ხეზე ჩამოკიდა

    თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ოჯახის ახლობლები და მეზობლები ახალ ვერსიაზე საუბრობენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მამას 11 წლის შვილი ცემისას შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირების მიზნით, ხეზე ჩამოკიდა.

    მეზობლების თქმით, იმ დღეს, როდესაც 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, მანამდე ოჯახიდან ბავშვის ყვირილისა და ჩხუბის ხმა ისმოდა.

    მათივე ინფორმაციით, დაკავებული სისტემატურად ძალადობდა შვილებზე და მეუღლეზე.

    შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, რომელსაც ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თუ მუხლი არ გადაკვალიფიცირდება, ბრალდებულს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის“  წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

    ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

    ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ გენერალურ პროკურატურაში პატრიოტთა ალიანსის დაფინასებასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა.

    ხოშტარიამ პროკურატურას ცენტრ “დოსიეს” ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე დაყრდნობით მიმართა, რომლითაც, მისი თქმით, ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს კრემლი წინასაარჩევნოდ აფინანსებს.

    “საგამოძიებო მასალა, რომელიც გახდა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა და ძალიან დეტალურად და კონკრეტულად საუბრობს იმ დანაშაულზე, რომელსაც სჩადის “პატრიოტთა ალიანსი”. აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან “პატრიოტთა ალიანსს” საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში “პატრიოტთა ალიანსი” იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ არის ორ ეპიზოდზე საუბარი: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით”, – განაცხადა ელენე ხოშტარია.

    მისივე თქმით, პატრიოტთა ალიანსი “ქართული ოცნების” სატელიტია.

    “ეს რუსეთის მხრიდან ახალი არ არის. რუსეთი ძალიან ბევრ ქვეყანაში ცდილობს ჩაერიოს წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ქვეყნებში, რომელსაც ღირსეული მთავრობები ჰყავს, ამ საქმეზე მიდის ძალიან დეტალური გამოძიება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ “ქართული ოცნება” არაერთხელ იყო პირდაპირ ალიანსში “ პატრიოტთა ალიანსთან”. შეგვიძლია კონკრეტული ფაქტი გავიხსენოთ – სალომე ზურაბიშვილის მეორე ტურის წინ გაცხადებული მათი კავშირი და ერთად მოქმედება და ბევრი სხვა ეპიზოდი.

    გასაგებია, რომ ისინი მათი სატელიტები არიან, მაგრამ ეს საკითხი ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, სადაც რუსეთს თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს. რუსეთის ამოცანაა ქვეყნის დესტაბილოზაცია, შუღლის გაღვივება და დასავლეთის დისკრედიტაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება მივმართეთ კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ანგარიშში მოყვანილ საზარელ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    ცენტრმა “დოსიემ” გამოაქვეყნა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

    ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

  • “ოცნების” მიმართაც მომისმენია, რომ პრორუსულია – კილაძე პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაზე

    “ოცნების” მიმართაც მომისმენია, რომ პრორუსულია – კილაძე პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებაზე

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, მას ბევჯერ სმენია ბრალდება “ქართულ ოცნებაზე”, რომ პრორუსულია. ასე ეხმაურება კილაძე სააგენტო “დოსიეს” მიერ გავრცელებულ დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება.

    მისი თქმით, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საკითხზე, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ქართული ოცნებისთვის კი მიუღებელია პარტია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს.

    “ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება. ეს კანონის დარღვევაა პირველ რიგში, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, ოკუპანტი ქვეყნისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას, მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური პარტია და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა.

    მე ძალიან ხშირად მომისმენია ქართული ოცნების მიმართაც ეს ბრალდებები, რომ არის პრორუსული”, – თქვა კილაძემ.

    ის ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას მიერ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ხოშტარიას მაშინ გახსენებოდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როცა “ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა”.

    შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

    ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

  • საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი – კანცელარიასთან აქცია გაიმართა

    საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი – კანცელარიასთან აქცია გაიმართა

    “საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი”,- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა აქცია გამართეს.

    აქციაში მონაწილეობდნენ: ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ჩემი ქალაქი მკლავს“, „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაცია და „ურბანული ლაბორატორია“.

    როგორც აქციის მიმდინარეობისას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, შატილში მომხდარი ტრაგედიის მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება საკმარისი არ არის და ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად დასახული გეგმები საჯაროდ უნდა გამოაცხადოს.

    “ვუსამძიმრებთ დაღუპთა ოჯახებს. ერთობლივად 17 ადამიანის დაღუპვა ტრაგედიაა, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ავტოკატასტროფით ყოველწლიურად 500 ადამიანი იღუპება, 8000-მდე კი იღებს სხეულის დაზიანებას. მხოლოდ გლოვის დღედ გამოცხადება არ არის საკმარისი, ხელისუფლებამ საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად დასახული გეგმები საჯაროდ უნდა გამოაცხადოს. აქციის მიზანია საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გახდომა, შეიქმნას საკოორდინაციო სისტემა ისეთივე რესურსების მობილიზებით, როგორც დღეს კორონავირუსს ვებრძვით. საგზაო შემთხვევებში დაღუპულობა არ არის ნაკლები პანდემია. სახელმწიფოს აქტივობები საგზაო უსაფრთხოების ასამაღლებლად არ არის საკმარისი”, – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.

    შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა 3.

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • ზუგდიდში ქალს მანქანა დაეჯახა

    ზუგდიდში ქალს მანქანა დაეჯახა

    ზუგდიდში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

    მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

    გორში მანქანა ქვეითს დაეჯახა – მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს

    გორში, სტალინის ქუჩაზე მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული 60 წლამდე ასაკის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.

    ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავის არეში ექსკორაციები და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, უტარდება დამატებითი კვლევები.

    შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.