Category: ახალი ამბები

  • ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია – ეზუგბაია

    ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია.

    “დღეს დაგვემატა 7 ახალი პაციენტი და სულ არის 1436 დადატურებული შემთხვევა. მათგან, ერთი არის დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი არის შემოტანილი, მათ შორის ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ორი სამედიცინო პერსონალია. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებიან”,- თქვა ეზუგბაიამ.

    მანვე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით 259 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4-ის მდგომარეობა კრიტიკული, 23-ის კი მძიმეა.

  • მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

    მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ორთაჭალაში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითმხილველმა დაინახა, როგორ გადახტა მამაკაცი მდინარეში.

    ადგილზე მუშაობენ მყვინთავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

  • საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

    საბანკო დავალიანების მქონე პირებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება არ ჩამოეჭრებათ

    17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარებასაბანკო დავალიანების მქონე პირებს არ ჩამოეჭრებათ.  შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შედგა.

    შეთანხმების თანახმად თუ დახმარების ბენეფიციარს ბანკთან  სასესხო ვალდებულება აქვს, მის დასაფარად, ბანკი კონკრეტულად ამ  სოციალურ დახმარებას არ მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით ბანკებმა შესაბამის საოპერაციო დონეზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

    18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი 200-ლარიანი სოციალური დახმარების მიღების მიზნით შექმნილ სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია 742 000 ბავშვი და 442 000 მშობელი. სისტემაში რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. თანხების გაცემა კი 1 სექტემბრიდან დაიწყება.

  • გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზა ჩაინგრა

    გლდანში ახლადრეაბილიტირებული გზა ჩაინგრა

    გლდანში, ახლადრეაბილიტირებულ ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევა ღამით მოხდა. რა გახდა ჩანგრევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

    გზის ნაწილი იმ ადგილას ჩავარდა, სადაც ქართული ოცნების მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი ლევან კობიაშვილის საარჩევნო ბანერია დაკიდული.

    ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2019 წლის პირველ მაისს დაიწყო და ამავე წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის თვეების დაგვიანებით დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარამდე იყო გამოყოფილი.

  • საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდგინდა

    საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდგინდა

    საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1436-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არ შეცვლილა და ის კვლავ 1150-ს შეადგენს.

    ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

    ამ დროისთვის კარანტინში რჩება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

  • “ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა“–სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებზე

    “ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა“–სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებზე

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე სტატუსს აზიარებს, რომლის ავტორი   ჟურნალისტებს შატილში, ხევიდან გარდაცვლილების ცხედრების ამოსვენების კადრების გაშვებისთვის აკრიტიკებს.

    ზურაბიშვილი წერს, რომ ის მოქალაქის მოსაზრებას იზიარებს და ჟურნალისტებს თავადაც აკრიტიკებს.

    “სრულიად ვიზიარებ… მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებისთვის, რომელიც თავისთავს და საკუთარ ღირებულებებს ელემენტარულ პატივს სცემს.
    ეთიკა, ქცევის კოდი და ზრდილობა ოდესღაც გვახასიათებდა”, – წერს პრეზიდენტი.

    23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.

  • ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით “შავნაბადას” რაზმის ხელმძღვანელი მოძრაობდა – ნიკა გვარამია

    ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით “შავნაბადას” რაზმის ხელმძღვანელი მოძრაობდა – ნიკა გვარამია

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარებაშვილი გადაადგილდებოდა. როგორც გადაცემა მთავარ აქცენტებში  ნიკა გვარამიამ თქვა, ხარებაშვილი ეჭვმიტანილია აფგან მუხთარლის გატაცებაში და მასზე საუბარი იყო ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც.

    “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში სამი ავტომობილის სანომრე ნიშანი 23 აგვისტოს გაასაჯაროვა. მისივე ინფორმაციით, ეს ავტომობილები, თამარ ბაჩალიაშვილს, სავარაუდოდ, დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ. მისივე ინფორმაციით, მანქანები ოპერატიულია და სუს-სს ეკუთვნის.

    ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს არის მორიგი მტკიცებულება, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავი არ მოუკლავს.

    შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს . ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

     

    25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

  • 11 წლის ბავშვის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის და ძალადობისთვის წარედგინა

    11 წლის ბავშვის მამას ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის და ძალადობისთვის წარედგინა

    პროკურატურამ თერჯოლის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ფ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ თერჯოლის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს, ა.ა.-ს.

    ფ.ა.-ს ქმედებების გამო ა.ა. მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ ცხოვრობდა. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარ ხეზე ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

    სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

    შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მეზობლები და ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამას ბავშვი ცემისას შემოაკვდა და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ხეზე ჩამოკიდა.

  • პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ჩართულ პირებს – პომპეო ნავალნის მოწამვლაზე

    პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ჩართულ პირებს – პომპეო ნავალნის მოწამვლაზე

    25 აგვისტოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლას ეხმიანება და დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. მისი თქმით, ჩართულ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

    “აშშ ძალიან შეშფოთებულია გერმანელი სამედიცინო ექსპერტების წინასწარი დასკვნებით, რომ რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი, ალექსეი ნავალნი, მოწამლეს. თუ ცნობები ზუსტია, აშშ მხარს უჭერს ევროკავშირის მოწოდებას სრულფასოვანი გამოძიებისთვის და მზადაა, დახმარება გაუწიოს ამ ძალისხმევაში.

    ბატონი ნავალნის ოჯახი და რუსი ხალხი იმსახურებენ, დაინახონ სრული და გამჭვირვალე გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისროთ ჩართულ პირებს. ჩვენი ფიქრები ბატონი ნავალნის ოჯახთანაა და ვიმედოვნებთ, რომ ის სრულიად გამოჯანმრთელდება.” – წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 21 აგვისტოს გადაიყვანეს. ნავალნის ორგანიზმში რუსმა ექიმებმა ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა მათივე მტკიცებით, ექსპერტიზის შედეგებით, მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება არ იყო.

    24 აგვისტოს ბერლინის Charite Hospital-ის ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა. ნივთიერების ტიპი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ნივთიერება “აცეტილ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორის” ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს.

  • 11 წლის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება არ შემოსულა – შსს

    11 წლის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება არ შემოსულა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ 11 წლის ბიჭზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. უწყების განცხადებით, გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის არცერთ წევრზე შემაკავებელი ორდერი არ ჰქონდათ გაცემული. ამით შსს გარდაცვლილი ბავშვის ბებიის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ ერთხელ მამას თვითონაც უჩივლა, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

    ამავდროულად, უწყებაში აცხადებენ, რომ 2010 და 2014 წლებში ბრალდებულ პირზე მიმართვა ფიქსირდება, რასაც მათი მხრიდან მოყვა “შესაბამისი რეაგირება”, თუმცა “სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა”.

    “გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები.

    კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება”, – აცხადებს შსს.

    თერჯოლაში არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა 24 აგვისტოს დააკავეს. უწყების განცხადებით, ბრალდებული 11 წლის შვილზე სისტემატურად ძალადობდა.