Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლომდე – პროგნოზი

    როგორი ამინდი იქნება აგვისტოს ბოლომდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 აგვისტოს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27-28 აგვისტოს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

    მათივე პროგნოზით, თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-28 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 აგვისტოს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

  • ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

    ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

    ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მოითხოვენ, “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთისგან მიღებული ფინანსური სარგებლის გამო, არჩევნებიდან მოიხსნას.

    ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და აუდიტის სამსახური – პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან, ვინაიდან მათ მიერ ჩადენილი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს.

    “ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა ამ საკითხით არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ პროკურატურა, რადგან საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია მტრულად განწყობილი სახელმწიფოსგან. ერთადერთი სწორი იქნებოდა ატრიოტთა ალიანსისმოხსნა არჩევნებიდან. ნორმალურ სახელმწიფოში ასეც მოხდებოდა”, — განაცხადა ბოკუჩავამ.

    “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ გავრცელებული დოკუმენტები ცხადყოფს არა მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის”, არამედ მმართველი პარტიის გეგმებსაც.

    “ის ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა, საჭიროებს რეაგირებას. საქართველოს ერთ-ერთი პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან და მოიაზრება მათ მიერ კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთის მიერ. პროკურატურამ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება და ეს უნდა იყოს ინაშვილის არა მხოლოდ არჩევნებიდან მოხსნის, არამედ საფუძველია იმის, გავიგოთ რას აკეთებს ქართული ოცნება”, — აცხადებს კაპანაძე.

    შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან  8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.

  • თუ ენმ გადაწყვეტს, დაარღვიოს შეთანხმება, ამას ექნება შესაბამისი პასუხი ამომრჩევლისგან – ვაშაძე

    თუ ენმ გადაწყვეტს, დაარღვიოს შეთანხმება, ამას ექნება შესაბამისი პასუხი ამომრჩევლისგან – ვაშაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “დისონანსი, რომელიც ერთობაში გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა, გამოსწორებას მოითხოვს”.

    ვაშაძის თქმით, ოქრუაშვილი არ არის შეთანხმებული კანდიდატი.

    “თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, რომელმაც 3 თვის წინ დააყენა კანდიდატურა გამოვიდეს და თქვას, ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, არც მე და არც “ნაცმოძრაობა” არ უჭერს მხარს”,- აცხადებს ვაშაძე.

    მისივე თქმით, აბსურდის და სისულელეების ლაპარაკს ყველა პოლიტიკოსი უნდა მოეშვას და ხალხს ელაპარაკოს.

    ვაშაძე აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა ისანშ კონკურენტს დაუყენებს, “შეთანხმების დამრღვევს” ამომრჩეველი პასუხს გასცემს.

    ,,აქ კითხვა აღარ უნდა დაისვას, პარტიებს შორის არის ექვს ოლქზე შეთანხმება და მე ამ შეთანხმების ერთგული ვარ. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, ეს არის ძალიან ცუდი. ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, შეთანხმების დამრღვევს ექნება შესაბამისი პასუხი ამომრჩევლისგან, მაგრამ მთავარია დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის შეცვლა და არა ეს გააფთრებული შეტევა ჩემზე. რადგანაც მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ამიტომ სამიზნედ ამომირჩია ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ? ეს სამარცხვინოა, მაგრამ მე ამას იგივე სიბინძურით არასდროს არ ვუპასუხებ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ მიიღოს

    NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არ მიიღოს

    არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის საკანონმდებლო ინიციატივა, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები თაობაზე.

    როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შემოთავაზებული ცვლილებებით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი პრინციპი.

    “შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1 სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან. ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება 561-ე და 562-ე მუხლები. კანონპროექტით შემოტანილია ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ცნება, დგინდება პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვანისთვის შეუფერებელ პროგრამად ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

    ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი (“სოციალიზაციის ხელშეწყობა”, “შეუფერებელი პროგრამა”, “შეურაცხმყოფელი ლექსიკა” და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია. შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი მკვეთრად ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ამართლებდეს იმგვარ უზენაეს ღირებულებას, როგორიც ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობაა”, – წერენ ორგანიზაციები საერთო განცხადებაში.

    მათივე განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიდან, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში “დაბრუნდა” გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ცნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ამოიღეს, როგორც დისკრიმინაციული ტერმინი.

    “საკანონმდებლო ცვლილებები არ მოდის თანხვედრაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციასთან, ვინაიდან, კონვენციის მიხედვით, მე-13 მუხლი ითვალისწინებს ინფორმაციის მიღების უფლებას, ხოლო მე-17 მუხლით აღიარებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი, ბავშვებისთვის ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით.

    ცვლილებების შემუშავების პროცესში კომიტეტმა არ უზრუნველყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, რომელსაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში. საზოგადოებრივი ორგანიზაციები შენიშნავენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის განცხადებები და ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებთან. მის საქმიანობას წლების განმავლობაში კრიტიკულად აფასებს არასამთავრობო სექტორი”, – აღნიშნავენ ორგანიზაციები.

    შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ პარლამენტს: არ მიიღოს შემოთავაზებული ცვლილებები; ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებზე მორგებული ცვლილებების მომზადების პროცესში უზრუნველყოს არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა.

    ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

    დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);

    ფემინა;

    განათლებისა და შრომის ასოციაცია;

    სოლიდარობის ფონდი “ფემინა”;

    თანასწორობა 17;

    რეალური ხალხი და რეალური ხედვა;

    მედიაკლუბი;

    მაია ცირამუა (ბავშვთა ფსიქოლოგი).

  • ჩოხატაურში გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ხელფასებს მოხმარდა, 9000 – პროგრამას – გოგორიშვილი

    ჩოხატაურში გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ხელფასებს მოხმარდა, 9000 – პროგრამას – გოგორიშვილი

    ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ლარი იმ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასს მოხმარდა, რომელშიც თანამდებობის პირთა ცოლები არიან დასაქმებული.

    “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება – ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამაზე, რომლის სახელია “ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში”. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხული იქნა 96 500 ლარი, საიდანაც 87 500 ლარი მოხმარდა ამ პროგრამაში დასაქმებული 7 თანამშრომლის ხელფასს. მხოლოდ 9 000 მოხმარდა პროგრამას.” – ამბობს გოგორიშვილი.

    გოგორიშვილის თქმით, ინფორმაცია აუდიტის დასკვნაშია მოცემული. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “პრობლემა მარტო თანხის განკარგვაში არაა” და ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრში დასაქმებული არიან თანამდებობის პირების ცოლები:

    • თამარ კოროშინაძე – მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის, ვანო ცინცაძის, ცოლი.
    • ირინა მამალაძე – მერის მოადგილის, თამაზ ჯინჭარაძის ცოლი.
    • ირინა ხოტრიშვილი – საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი.
    • ნათია გურგენიძე – ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის, თემურ ჩხიკვაძის ცოლი.

    გოგორიშვილის ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი პარალელურად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია დასაქმებული და ბიუჯეტიდან სხვა ხელფასსაც იღებს.

    “ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში. მინდა, დავპირდე ჩოხატაურელებს, ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს დასრულდება, მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებიდან წავა. დასრულდება ნეპოტიზმი და ყველა ადამიანი სამსახურის შოვნას თავისი შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად შეძლებს”,- განაცხადა გოგორიშვილმა.

  • მე-19 გარდაცვლილი სახლში მკურნალობდა, მასთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა – ეზუგბაია

    მე-19 გარდაცვლილი სახლში მკურნალობდა, მასთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობდა – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვილი მე-19 პაციენტი სახლში მკურნალობდა და მასთან დაავადება მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

    ექიმის თქმით გარდაცვლილს და უვლიდა, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია.

    “მე-19 გარდაცვლილს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქოემოციური სფერო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე კოვიდინფიცირებული, მათი მეთვალყურეობა ჩვენ მიერ ხდებოდა, უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია.

    დაავადება მიმდინარეობდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    მისივე თქმით, პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია. ეზუგბაიას ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის 3 წევრია ინფიცირებული, ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.

  • ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი

    ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე -19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65 წლამდე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა.

    “დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც კოვიდინფექციამ დაამძიმა”, – განუცხადა ambebi.ge-ს ვიქტორ სანიკიძემ.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.

  • გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

    გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – რატიანი შატილის გზაზე დაშავებულებზე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი,ლევან რატიანი ამბობს, რომ შატილის გზაზე ავტოკასტასტროფისას დაშავებულ სამ პაციენტთან გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – გუგის რეფლექსი.

    “ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში. მათი საშუალო ასაკი არის 35 წელი. ამ ეტაპზე, დადებითი დინამიკა აღინიშნება. სამივე მათგანთან დადებითი დინამიკა გამოიხატება – ჰემოდინემიკის მაჩვენებლები უფრო სტაბილურია, ვიდრე იყო რამდენიმე საათის წინ.

    ასევე, მინდა გითხრათ, რომ გაჩნდა სიცოცხლის ნიშნები – ანუ გუგის რეფლექსი. ვიმედოვნებ, რომ ასეთი პროგნოზი იქნება და პაციენტები დაიწყებენ დადებითი დინამიკით გამოჯანმრთელებას. ამ ეტაპზე, ინტერვენციული ჩარევა არ ხორციელდება”, – თქვა ლევან რატიანმა.

    მანვე აღნიშნა, რომ პაციენტები კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

    დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.

    შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს, თბილისის დროით 00:07 საათზე, ყვარლიდან 7 კმ_ში, სოფელ ჩანტლისყურესთან მოხდა 3.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მისი სიღრმე 29 კილომეტრი იყო.

    ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

  • საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა განთავსებული.

    ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.