Category: ახალი ამბები

  • რუსულ ენაზე გასული გადაცემების გამო ობიექტივი 5 000 ლარით დააჯარიმეს

    რუსულ ენაზე გასული გადაცემების გამო ობიექტივი 5 000 ლარით დააჯარიმეს

    კომუნიკაციების კომისიამ “მედია-კავშირი ობიექტივი” ეთერში არასახელმწიფო, რუსულ ენაზე გასული გადაცემების გამო, 5 000 ლარით დააჯარიმა. კომისიამ “ობიექტივი” რუსულ ენაზე განთავსებული პროგრამის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

    “საქმე ეხება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას “ყველას გასაგონად”, რომელიც “ობიექტივის” ეთერში რუსულ ენაზე გავიდა. აღნიშნული გადაცემა სამაუწყებლო ბადეში კომუნიკაციების კომისიის დადგენილებით დასაშვები ხანგრძლივობის გადაჭარბებით და ასევე, სახელმწიფო ენაზე სუბტიტრების გარეშე განთავსდა”,– აცხადებს  კომუნიკაციების კომისია.

    კომუნიკაციების კომისიის დადგენილებისა და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს.

    ამასთანავე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი, ასევე, ვალდებულია, პროგრამა სამაუწყებლო ბადეში განათავსოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით.

  • ნუ ვიზამთ ისე, რომ “ოცნება” დაგვავიწყდეს და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით – უგულავა ოპოზიციას

    ნუ ვიზამთ ისე, რომ “ოცნება” დაგვავიწყდეს და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით – უგულავა ოპოზიციას

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ოპოზიცია ბოლო რამდენიმე დღეა ერთმანეთთან კონკურენციაზე საუბრობს და ქართული ოცნება ყველას დაავიწყდა.

    მისი თქმით, ოპოზიცია ერთმანეთს არ უნდა შეასკდეს შუბლით.

    “რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ ამაზე, აღარავის აღარ ახსოვს ქართული ოცნების კანდიდატი, იმიტომ, რომ ყველანი ვხედავთ, ამჯერად ხატია დააყენეს გიორგი ვაშაძის და არა ქართული ოცნების კანდიდატის კონკურენტად. ნუ ვიზამთ, მეგობრებო, ისე, რომ საერთოდ დაგვავიწყდეს ქართული ოცნება და ერთმანეთს შევასკდეთ შუბლებით, არ არის ეს საზოგადოების დაკვეთა”, – განაცხადა უგულავამ.

    მისი თქმით, ევროპული საქართველო ისნის მაჟორიტარულ ოლქში მხარს გიორგი ვაშაძეს დაუჭერს.

  • წერა-კითხვა არ იცით, თქვე ნაცებო, თქვენ – დაკავებული საკრებულოს დეპუტატი სასამართლოს

    წერა-კითხვა არ იცით, თქვე ნაცებო, თქვენ – დაკავებული საკრებულოს დეპუტატი სასამართლოს

    ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მისი ადვოკატი 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

    ბრალდებულმა დეპუტატმა ბრალდების მხარეს და მოსამართლეს “ნაცები” უწოდა.

    “რადგან დაეთანხმეთ [პროკურატურის შუამდგომლობას], ე.ი. თქვენც გადაებით იმ რგოლს, რომელიც ნაცების დროს იყო… ეს არ არის. ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს, არავინ არაფერს მეკითხება, ხო?… აბა, როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა, როგორ შეიძლება? ვინა ხართ ხალხო, წერა-კითხვა არ იცით, თქვე ნაცებო, თქვენ, ყველანი. ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაგიტოვათ შანსი, რომ ადამიანურად გეცხოვრათ, მაგრამ პირიქით,” – თქვა გრემელაშვილმა სხდომაზე, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს.

    ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის თელავის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად პატრიოტთა ალიანსის წევრი მიხეილ გრემელაშვილი 9 ივლისს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან 2020 წლის ივნისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე შვილს, 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანის, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედას საქართველოში დააბრუნებს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედას საქართველოში დააბრუნებს

    საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედის საბერძნეთიდან საქართველოში ტრანსპორტირებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

    “ამ პროცესში მყისიერად ჩავერთეთ. პროცესი არის გართულებული იმით, რომ ჩვენს მოქალაქეს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ისე თურქეთთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენი საკონსულო სამსახური ორივე ქვეყანაში მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია შესაბამის სამსახურებთან და ჩვენ აუცილებლად, უახლოეს დღეებში მოვაგვარებთ ამ საკონსულო კუთხით წარმოქმნილ პრობლემას. ასევე, უზრუნველვყოფთ საჰაერო გზით მის გადმოყვანას საქართველოში”, – ამბობს ზალკალიანი.

    თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის დედა საქართველოში 26 აგვისტოს ბრუნდებოდა, თუმცა, საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან უკან დააბრუნეს. 

    11 წლის ბიჭი თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში თოკზე ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შსს-ს ცნობით, თვითმკვლელობის მიზეზი მამის მხრიდან სისტემატური ფიზიკური ძალადობა გახდა. ოჯახის ნათესავებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 49 წლის კაცს შვილი ცემის დროს შემოაკვდა და თოკზე შემდეგ ჩამოკიდა.

    49 წლის ფრიდონ აბჟანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 26 აგვისტოს შეეფარდა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ “ცამდე მართალია”.

  • ვაშაძეს ენმ-ს პრივატიზება ჰქონდა გადაწყვეტილი ივანიშვილი-ჩხარტიშვილის ფულებით – ჭიჭინაძე

    ვაშაძეს ენმ-ს პრივატიზება ჰქონდა გადაწყვეტილი ივანიშვილი-ჩხარტიშვილის ფულებით – ჭიჭინაძე

    ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭიჭინაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ ისანში კანდიდატის დაყენებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, გიორგი ვაშაძემ ივანიშვილისა და ჩხარტიშვილის ფულით ენმ-ს პრივატიზება მოინდომა, რასაც ნაცმოძრაობა არ შეეგუა.

    “ზოგადად შეიძლება გიორგი ვაშაძემ ვერც გაუძლოს ამ კონკურენციას და გაიქცეს. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ეყოფა ვაჟკაცობა და დარჩება, არ გაიქცევა ბრძოლის ველიდან. ასეთი ისტერიკების მოწყობა, პოლიტიკური პარტიისთვის (ენმ) ბრალის წაყენება, რომ მან საკუთარი კანდიდატი დააყენა, მე არასწორი მგონია. ძალა ერთობაშია გიორგი ვაშაძეს იმ შემთხვევაში ასახელებდა[კანდიდატად], თუ გიორგი ვაშაძე 5 ნომრით გამოვიდოდა, მაგრამ როგორც კი მან პრემიერობაზე განაცხადა, შემდეგ კვოტები დაიწყო. ანუ ნაციონალური მოძრაობის პრივატიზება ჰქონდა გადაწყვეტილი ივანიშვილის და ჩხარტიშვილის ფულებით და ამას თუ არ შეეგუა ნაციონალური მოძრაობა და თავისი კანდიდატი დაასახელა, მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”,– ამბობს ჭიჭინაძე.

    მისი თქმით, ვაშაძის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტები ლოიალურად არიან განწყობილები და არც მის საარჩევნო ბიუჯეტს ამოწმებენ.

  • ეს ამბავი – ერთი იძახის, დავბრუნდები და მეორე – ვერ დაბრუნდები, უნდა დასრულდეს – ბოკერია

    ეს ამბავი – ერთი იძახის, დავბრუნდები და მეორე – ვერ დაბრუნდები, უნდა დასრულდეს – ბოკერია

    “ევროპული საქართველოს და მე ვიტყოდი, საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ერთი და იგივე სცენარი, რომ ერთი იძახის – დავბრუნდები და მეორე იძახის, ვერ დაბრუნდება და დევნას აგრძელებენ, უნდა დასრულდეს”, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასა და ქართული ოცნების შეფასებებს.

    მისივე თქმით, პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს.

    “ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, ამაში იგულისხმება ისიც, რომ ეს დისკუსია – ვიღაც იძახის მეხუთეჯერ, რომ ბრუნდება და ვერ ბრუნდება, იმიტომ, რომ დევნილია, უნდა დასრულდეს. პოლიტიკურ დევნას აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი. ეს წრე, რომ პოლიტიკური დევნილები არსებობენ, უნდა დასრულდეს. ეს ვითარება შექმნა ივანიშვილის რეჟიმმა”, – თქვა ბოკერიამ.

    მისი განცხადებით, ქვეყანას პოლიტიკური დევნილები ჰყავს და ევროპული საქართველო ამ ვითარებას დაასრულებს არამარტო ერთი ფიგურისთვის, არამედ ყველასთვის.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.

    მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.

  • სამხედრო ბაზიდან, საითაც სუს-ის ჯიპებმა გადაუხვიეს, არის საიდუმლო გზა მაწევანამდე- რამიშვილი

    სამხედრო ბაზიდან, საითაც სუს-ის ჯიპებმა გადაუხვიეს, არის საიდუმლო გზა მაწევანამდე- რამიშვილი

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა.

    რამიშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურის განცხადება, თითქოს სუს-ის ეს სამი მანქანა ბაჩალიაშვილის მანქანას მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიჰყვებოდა, არაფერს ამტკიცებს, ვინაიდან სამხედრო ბაზიდან, საითაც ამ მანქანებმა გადაუხვიეს, საიდუმლო გასასვლელია, “გზა, რომელიც ტაბახმელის გავლით პირდაპირ მაწევანამდე მიდის”.

    “ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომელ საათზე, რა დროს გამოდიან აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდიან, რამდენი ხანი რჩებიან იქ. ასევე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება აღნიშნული სამი ჯიპი შავნაბადას ტერიტორიამდე. ასევე, ვითხოვთ სატელიტურ ფოტოსურათებს. ასევე, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას”, – განაცხადა რამიშვილმა.

    მთავარმა პროკურატურამ დღეს ვიდეო და განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც უწყება ამტკიცებს, რომ სუს–ის 3 მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. პროკურატურა ირწმუნება, რომ ეს 3 მანქანა იმ დროს, როცა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

  • ვაანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე, პროკურატურასთან, დამიდექით გვერდით – თამაზაშვილი

    ვაანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე, პროკურატურასთან, დამიდექით გვერდით – თამაზაშვილი

    გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები კვირას, 30 აგვისტოს, 14:00 საათზე პროკურატურასთან აქციას აანონსებენ.

    “ქართველებო და არაქართველებო! ვაანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე, ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე – დედა, თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა, აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად. მოვუწოდებ თამუნას მეგობრებს, კლასელებს და კურსელებს, რადგან ახლა თამუნას სჭირდება თქვენი თანადგომა და მე მჯერა თქვენი თანადგომის. მოვუწოდებ ქართულ სამღვდელოებასა და საპატრიარქოს, რადგანაც თქვენ ყველანი უფლისგან დადგენილი ხართ გაჭირვების ჟამს დაუდგეთ ოჯახს გვერდით და უდიდესი სულგრძელებით და უფლის ძალით დავამხოთ ბოროტება, მკვლელები”,– წერს თეონა თამაზაშვილი ფეისბუქზე. 

    მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობას არავის შეარჩენს და მკვლელების თავზე “ჯოჯოხეთს დაატრიალებს”.

    “გეშინოდეთ, მკვლელებო!!! რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვათ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია. თქვენს თავზე საშინელ ჯოჯოხეთს დავატრიალებ. აგრეთვე, იმედი მაქვს არასამთავროების გამოხმაურების. არა მკვლელობას!!! სამაგალითო ჩაქოლვა სამ მაღალჩინოსან მკვლელს და მათ დამქაშებს. ჩვენთან არს ღმერთი და სიმართლე!!!”,– აცხადებს თამაზაშვილი.

  • ჰამოვიდეს, რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება – თალაკვაძე სააკაშვილზე

    ჰამოვიდეს, რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება – თალაკვაძე სააკაშვილზე

    პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ არ არის პრობლემა, “ჰამოვიდეს”, მას “რეფორმირებული მართლმსაჯულება” ელოდება.

    „მგონი, ერთი და იგივე სერიას ვუყურებთ, როდესაც ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, მას ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩანს, ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლი მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა, თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო, მან დატოვა ადამიანის უფლებების დარღვევა, დღეს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია”,– თქვა თალაკვაძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება ამიტომ სურს.

    “მან დატოვა მონოპოლიზებული მედია, დღეს ქვეყანაში მრავალფეროვანი და კრიტიკული მედიაა. მან დატოვა დამახინჯებული კონსტიტუცია, დღეს ქვეყანას ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს. მრავალი სხვა პროგრესული ცვლილება არის ქვეყანაში. ასე რომ, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ქვეყანა, ჩვენ ყველა მის განვითარებაზე ვზრუნავთ. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე გაცვალა. როგორც ჩანს, ძალიან უბედურად გრძნობს თავს უკრაინაში და საქართველოში დაბრუნება სურს. ჰამოვიდეს, ვერაფერს ვიზამთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ საქართველოში ბრუნდება.

    მის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნება. მმართველმა პარტიამ ფეისბზე სააკაშვილის ვიდეო შემდეგი აღწერით გააზიარა: “miha hamodiii”.

  • „ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო“–ჭიჭინაძე ვაშაძეზე

    „ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო“–ჭიჭინაძე ვაშაძეზე

    „ ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო. ახლა კი ისტერიკებს აწყობს  პრემიერობა მინდაო, მაგრამ სირბილი შეუძლია განაგრძოს და იმაზე იდარდოს, დეპუტატი მაინც გახდეს როგორმე“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძის განცხადებებს და მიესალმება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისანში  ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას.

    “ ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ამიტომ არათუ მივესალმები, „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისნის რაიონში, „ევროპულ საქართველოსაც“ მოვუწოდებ იგივე გააკეთონ.

    რადგან თუ რეალურად წარსულის გამო დაიშალენ და მართლა აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, კანდიდატებიც ცალ-ცალკე უნდა ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ საარჩევნო მანიპულაციბია და ამომრჩეველს თვალში ნაცარს აყრიან.

    ამას გარდა,  „ნაცებმა“ გადასარევად იციან, რომ ვაშაძეს „ოცნებასთან“ აქვს კუდები გადაბმული და არც „ევროპელები“ არიან დაშორებული ამ თემას, ამიტომ ახლა ერთმანეთში არკვიონ, მაგრამ  ერთ მაგიდასთან როდესაც სხდებოდნენ, მაშინ ეფიქრათ ჯობდა.

    ისე, იმაში კი ნამდვილად ვეთანხმები „ნაციონალებს“ , რომ შეთანხმება გიორგი ვაშაძემ დაარღვია, თავი ფაქტიურად პრემიერად გამოაცხადა და იმდენი ირბინა, ბოლოს მატარებელს გადაასწრო. ახლა კი დარბის და ისტერიკებს აწყობს.

    ზოგადად კი, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს რაც შეეხება, ოპზიციონერი კანდიდატი, ვისაც მართლა ერთპიროვნული  მხარდაჭერა გააჩნია, თან ვიღაცეების დახმარების გარეშე,  ვარ მე.  და რაც უფრო ბევრ კანდიდატს დამიყენებენ, უფრო თავისუფალი გასეირნება მექნება ისანში.“ – აცხადებს ჭიჭინაძე.