Category: ახალი ამბები

  • კარანტინის გვერდის ავლით მაკა ასათიანი და ვერულაშვილის შვილის ოჯახი შემოუშვეს – კანდელაკი

    კარანტინის გვერდის ავლით მაკა ასათიანი და ვერულაშვილის შვილის ოჯახი შემოუშვეს – კანდელაკი

    ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მთავრობა მოქალაქეების კარანტინის გზით სამშობლოში დაბრუნებას უკრძალავს.

    “როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ევროკონტროლის მონაცემებით, საქართველოში ევროპის 42 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები ფრენა ხორციელდება. სახეზე გვაქვს მთავრობის მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების ფაქტიური აკრძალვა დისკრიმინაციული კარანტინის გზით, მაშინაც კი თუკი, ისინი მთავრობისვე მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მოემართებიან. ამავე დროს, აკრძალულია ვიზეარის ფრენები უსაფრთხო ქვეყნებში”,- ამბობს კანდელაკი.

    მისი ინფორმაციით, მთავრობამ კარანტინის გვერდის ავლით ქვეყანაში მარიკა ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი შემოუშვა.

    “სწორედ მაშინ, როცა ამ დრაკონული შეზღუდვების გამო ათეულ ათასობით ჩვენი
    მოქალაქე ვერ ბრუნდება სამშობლოში, ჩვენს ყურამდე მოდის კარანტინის გვერდის
    ავლის, “ჩაწყობის” შემთხვევები მათ შორის, იმ ქვეყნებიდან სადაც ცუდი
    ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა – მაგალითად, რუსეთიდან. კერძოდ, უკანასკნელ
    პერიოდში, კარანტინის გვერდის ავლით მთავრობამ ქვეყანაში შემოუშვა ქ-ნ მარიკა
    ვერულაშვილის შვილის ოჯახი და მაკა ასათიანი, რომელიც ჩარტერული რეისით
    ჩამოფრინდა.

    თუკი, შესაძლებელია ვინმეს შემოშვება 24 საათიანი კარანტინით და ტესტით, რა
    დააშავეს კეთილსინდისიერმა მოქალაქეებმა, რომლებიც “გამწვანებული” ქვეყნებიდან
    მოემართებიან?

    სულ ცოტა ხნის წინ ვიზეარმა ახალი რეისები დანიშნა ტალინიდან და რიგიდან. და რა
    გამოდის, რომ ესტონეთის მთავრობა, მაგალითად, იდიოტების ხელშია და მარტო ნათია
    ზრუნავს ხალხზე? ეს ხომ აბსურდია”,- აცხადებს გიორგი კანდელაკი.

    შეგახსენებთ, რომ რეგულარული ფრენები პირველ სექტემბერსაც არ აღდგება და შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

  • “პატრიოტთა ალიანსია” პარტია, თორემ რისი პატრიოტები არიან — მამუკა მდინარაძე

    “პატრიოტთა ალიანსია” პარტია, თორემ რისი პატრიოტები არიან — მამუკა მდინარაძე

    “პატრიოტთა ალიანსია პარტია, თორემ რისი პატრიოტები არიან”,- ამბობს ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, “ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი გასაკვირი არ არის.”

    “დღეს, უბრალოდ, ზოგადად, შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური განცხადება — არ გვიკვირს ჩვენ ამ ხალხისგან რუსულ წრეზე ტრიალი და რუსული კონტაქტები. არანაკლებ საშიშები არიან ერთმანეთზე ის ადამიანები, რომელებიც აშკარად რუსულ პოზიციებს აფიქსირებენ და ის ადამიანები, რომლებიც არ აფიქსირებენ და რუსულ საქმეს აკეთებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გვყავს ქვეყანაში ასეთი”, – ამბობს მდინარაძე.

    ცენტრმა დოსიემ 2 საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიოტთა ალიანსის რუსულ კავშირებზეა საუბარი. “დოსიეს” კვლევით, პარტიამ რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე დღემდე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა განათავსონ ეთერში და ა.შ.

  • წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

    წალენჯიხაში თხილით დატვირთული ტრაქტორი გადაბრუნდა – დაიღუპა ერთი ადამიანი

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დატვირთული ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა.

    “თხილით იყო ტრაქტორი დატვირთული. ფერდობზე ადიოდა, რა დროსაც საბურავი მოძვრა და გადაყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ერთმანეთის მეზობელია“, – აცხადებს სოფლის რწმუნებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ინფექციურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება განაახლა

    ინფექციურმა საავადმყოფომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება განაახლა

    თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება განაახლა. ინფორმაცია საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღევანდელ ბრიფინგზე გაავრცელა.

    მისი განცხადებით, დაახლოებით, 3 კვირაში ფუნქციონირებას განახლებული ბოქსირებული განყოფილებაც დაიწყებს.

    “გუშინ, დღის მეორე ნახევარში, ორ კორპუსში აივ ინფიცირებული პაციენტების მიღება და ერთ კორპუსში კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განვაახლეთ. ჩვენი ძირითადი ბაზა კოვიდ-19-ისთვის ბოქსირებული განყოფილება გახლავთ, მაგრამ ბოქსირებულ განყოფილებაში ჯერ ინტენსიურად მიდის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ, 3 კვირაში მიწოდების ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას”, – თქვა ეზუგბაიამ.

  • ბათუმში საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბათუმში საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია “დონას” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 35 წლამდე ასაკის ქალი ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    საკონდიტრო “დონას” თანამშრომლის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მაღაზიის სხვა თანამშრომლებს ტესტირება უტარდებათ.

    აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც საკონდიტროსთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეხება, უფასო ტესტირების კარვებში გამოკვლევები ჩაიტარონ.

    საკონდიტროს ის ფილიალი, სადაც კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, დაკეტილია. დონას მენეჯერის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ფილიალის 70-მდე თანამშრომელია იზოლაციის რეჟიმშია.

    მისივე განცხადებით, ინფიცირებული ქალი 5 დღის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ცხელების ცენტრს მიმართა.

    “27 აგვისტოდან თანამშრომელი სამსახურში არ ყოფილა. თანამშრომლების ნახევარს ჩაუტარდათ გუშინ ტესტირება, ნახევარს უტარდება ამ წუთას და ყველა გადადის თვითიზოლაციის რეჟიმში”, – ამბობს საკონდიტროს მენეჯერი.

    საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 1510-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1253-მდე გაიზარდა.

  • მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა – GDI

    მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა – GDI

    ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” განცხადებით, მაუწყებლებისთვის დღეს ამოქმედებული საკანონმდებლო ნორმები ცენზურაა და არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.

    “დებულებები, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ დღეს, 1 სექტემბერს, ამოქმედდა მაუწყებელთა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შინაარსობრივ ფილტრს წარმოადგენს. კანონში გამოყენებული ტერმინები, იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა. მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო მაუწყებლებს მათი ეთერის შინაარსის განსაზღვრისას იმდენად დამოკიდებულს ხდის კომუნიკაციების კომისიაზე, რომ ატარებს ცენზურის მაკორექტირებელ ეფექტს და ეწინააღმდეგება ცენზურის დაუშვებლობის აბსოლუტურ ხასიათს”,– აცხადებს ორგანიზაცია.

    მათი ინფორმაციით, 2020 წლის 31 აგვისტოს, GDI-მ ოთხი ეროვნული მაუწყებლის (მთავარი არხი, ფორმულა, ტელეკომპანია კავკასია და ტელეკომპანია პირველი), ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის (ქეთი დევდარიანი, გიორგი ლიფონავა და ირაკლი საღინაძე) სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

    სარჩელში სადავოა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ნორმები, რომლებიც ბავშვზე მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციისგან არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით მაუწყებელთა მიერ გადაცემულ სრულ ინფორმაციას შინაარსობრივად არეგულირებს.

    “მიგვაჩნია, რომ ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს. ნორმები ასევე, არღვევს შემოქმედების თავისუფლებას, რადგან შემოქმედების მხოლოდ კონკრეტული შინაარსითა და კონკრეტულ დროს საზოგადოებამდე მიტანის შესაძლებლობას აძლევს მის ავტორებს”,– წერს GDI.

    ორგანიზაცია იშველების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას.“ წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ „იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის.“

    “სადავო ნორმები სწორედ სავალდებულოდ განსაზღვრავს თუ რა შინაარსის ინფორმაცია შეუძლია გაავრცელოს მაუწყებელმა და ასეთის განსაზღვრის შესაძლებლობა მხოლოდ კომისიას ანიჭებს. მაგალითად, კომისია დაადგენს რა არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა, რა  არის სექსუალური სცენა, რა არის ოკულტიზმი ან მისი მსგავსი მოვლენა. ამასთანავე, სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის კანონმდებლობა სპეციალურ, უფრო მკაცრ სანქიცირების წესს ითვალისწინებს – პირველ შემთხვევაში ჯარიმას, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იმავე მოთხოვნების დარღვევისას მაუწყებელს უპირობოდ უჩერდება ლიცენზია.

    მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია. მაშინ, როდესაც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის”,– აცხადებს “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”.

    GDI სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობასთან ერთად, სარჩელით ასევე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მათი მოქმედების შეჩერებას. მათი თქმით, ნორმებს აქვს რესურსი უარყოფითად იმოქმედოს, არა მხოლოდ მათში ჩამოთვლილი ინფორმაციის, არამედ იმ ინფორმაციის გავრცელებაზეც, რაც სცდება მათი დაცვის სფეროს და რომელზე წვდომაც, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.  მაუწყებელთა საქმიანობის შეჩრების საფრთხე და ინფორმაციის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა კი შეუქცევად ზიანს წარმოადგენს როგორც მაუწყებლებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის ვისაც სურს ინფორმაციის მიღება.

    “კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ „ბავშვის უფლებების კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561, 562 და 71 მუხლის დებულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებთან ასევე, მე-20 მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებით”,– წერია GDI–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ბავშვთა ინფექციური ასე საღორესავით რომ არის, არ გერიდებათ? – ელისაშვილი ტიკარაძე–სერგეენკოს

    ბავშვთა ინფექციური ასე საღორესავით რომ არის, არ გერიდებათ? – ელისაშვილი ტიკარაძე–სერგეენკოს

    პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბავშვთა ინფექციური საავმყოფოს ფოტოებს აქვეყნებს. ის ყოფილ და მოქმედ ჯანდაცვის მინისტრებს ეკითხება, ერიდებათ თუ არა საავადმყოფოს არსებული მდგომარეობა.

    “მოქმედ და ყოფილ ჯანდაცვის მინისტრებს ტიკარაძეს და სერგეენკოს მინდა გკითხოთ: ბავშვთა ინფექციური ასე საღორესავით რომაა არ გერიდებათ? ეს ფოტოები გუშინ გამომიგზავნეს გაცოფებულმა და შეურაცხყოფილმა მშობლებმა რომლებსაც ბავშვები ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურში ყავდათ მიყვანილი. არ გრცხვენიათ ამის გამო?”,– წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.

    https://www.facebook.com/AlexanderElisashvili/posts/3569236049775183?__xts__%5B0%5D=68.ARC9FeUHWu4AJLjSXG-eXnXhmY1LoRmTf9ABX8jVAz9Z7mnfJK05gEvVKkiDmk4AfdfNRIQKgAk6zV1MDu7VcsG_pSlKWUloqqy93IiyRukJJGqQ9Q3bdwWnMm9NTxI93dbAu0jLBYNmV1yVosVP4H-k04QOH383a_AFAST9VoLAE2elE0XlPK3NiwP4ygLm8xhUMCKA3PG7KW0_KLDRoqIwwh6Hi5ffD74ve2Ebo5noU3AwvUQ39vxLTXI7ZLGYEYiyRutsmYPZEwbhCdKCbpFbYzNjl5jSBAF6f3b2gGaePCSQ3MzQ9AxkomC2TJvMV8kLu2zCVllQZMWzWTOdXk6WeA&__tn__=-R

     

  • არ შეიძლება “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება – ვოლსკი

    არ შეიძლება “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება – ვოლსკი

    პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია”.

    ვოლსკის თქმით, “ამაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება”.

    “არ მიმაჩნია, რომ ვითომ პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რაიმე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან. ყველაზე არ ვამბობ, თუმცა ძირითადი ბირთვს, ისევე როგორც “პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ნათელაშვილის ფანჩატურში გაერთიანებულ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, არავითარი საერთო არ აქვს. ზოგმა 2008 წლის ოკუპაციას ხელი შეუწყო. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური დასკვნა დაიდოს.

    ვისაც ეს ევალება, უნდა მოიკვლიონ. არ შეიძლება, რომ ოპონენტმა პარტიამ ააფრიალოს და გამოაცხადოს წინა რეჟიმი დამნაშავედ ან “პატრიოტთა ალიანსის” მიმართ რაღაც ფურცლის გამო დაიწყოს გამოძიება. ვისაც ევალება, ეს არის აუდიტის სამსახური და უნდა შეისწავლოს, რამდენად დაფინანსებულია გარედან, მითუმეტეს ოკუპანტი ძალის მიერ. ეს არის გამორიცხული, არ შეიძლება, დაუშვებელია”,- განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისთვის, “პატრიოტა ალიანსმა” აჭარაში საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ოკუპირებული ტერიოტორიების მსგავსად წითლადაა მონიშნული. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

    ცენტრმა დოსიემ 2 საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც პატრიოტთა ალიანსის რუსულ კავშირებზეა საუბარი. “დოსიეს” კვლევით, პარტიამ რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე დღემდე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა განათავსონ ეთერში და ა.შ.

  • დღეიდან მოძალადეებს, შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

    დღეიდან მოძალადეებს, შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

    დღეიდან, პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, მოძალადეებს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული სამაჯურები დაუმაგრდებათ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

    “ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები”, -აცხადებს შსს.

    მათიცე ინფორმაციით, ელექტრონული ზედამხედველობა შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით განისაზღვრება, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

    “ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.

    ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.

    ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალური მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112”, – აცხადებს უწყება.

    შსს აღნიშნავს, რომ მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა, ელექტრონული ზედამხედველობის თავის არიდების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

  • პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას გამოვრიცხავთ – ირაკლი კობახიძე

    პატრიოტთა ალიანსთან კოალიციას გამოვრიცხავთ – ირაკლი კობახიძე

    ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის შექმნას გამორიცხავს.

    “თუ ვსაუბრობთ თეორიულ ვარიანტებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავთ კოალიციას, როგორც ნაცმოძრაობასთან და მის სატელიტებთან, როგორიც არის ევროპული საქართველო, ლეიბორისტები, გირჩი და ა.შ. ასევე ბუნებრივია პატრიოტთა ალიანსთან, ბურჯანაძესთან პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც სხვათაშორის დღეს არიან ამ ე.წ. პროდასავლური პარტიების ძალიან მყარი პარტნიორები”,- თქვა მან ბრიფინგზე.

    მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 50%-ზე მეტს აიღებს და მას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.

    “კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. ასეთია დღევანდელი სურათი და ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენ ავიღებთ ბევრად მეტს ვიდრე 50%-ია და შესაბამისად ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას”,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.