Category: ახალი ამბები

  • იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, ჰგონია, ხალხს კვლავაც მოატყებს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი, ჰგონია, ხალხს კვლავაც მოატყებს – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს “ბრიყვს” და “მანიაკს” უწოდებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებს.

    “იმდენად ბრიყვია ეს შეშლილი მანიაკი და შეპყრობილი ძალაუფლების დაბრუნების სურვილით, რომ მას ჰგონია, რომ ქართველ ხალხს კვლავაც მოატყუებს. არცერთ შემთხვევაში. დღეს არის სხვა რელობა საქართველოში. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩევლები ძალიან კარგად აფასებენ როგორც სააკაშვილის მემკვიდრეობას, ასევე მის დანატოვარს, ცრუ დაპირებებს და ა.შ.”,- თქვა ღარიბაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამომრჩეველს უთხრა, რომ საქართველოში ბრუნდება. “ოცნების” წევრებმა მას უპასუხეს, რომ საზღვარზევე დაკავება ელის.

  • ჭიათურის მერიამ კედელი 45000 ლარად “აღადგინა”, უვარგისი სამუშაოების დასაფარად კი 5400 ლარი დახარჯა

    ჭიათურის მერიამ კედელი 45000 ლარად “აღადგინა”, უვარგისი სამუშაოების დასაფარად კი 5400 ლარი დახარჯა

    “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედელი 45 ათას ლარად ‘აღადგინა’ და უვარგისი სამუშაოების დასაფარად მოხატვისთვის დამატებითი ხარჯი – 5.4 ათასი ლარი გაიღო.

    ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, მიუხედავად არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოებისა, მაინც გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი. 2019 წელს კი გადაწყვიტა, რომ კედელი დაეფარათ გრაფიტით და ამისათვის თბილისიდან ჩამოიყვანეს სამხატვრო აკადემიის სამი სტუდენტი. კედლის მოხატვა საერთო ჯამში 5 451 ლარი დაჯდა.

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ჯერ გადამაგრებული და შემდეგ მოხატული საყრდენი კედელი კვლავ სავალალო მდგომარეობაშია.

    ამის პარალელურად, ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა და ამ შემთხვევაში სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ შეასრულებინა ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს.

  • “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ჩვენთვის წითელი ხაზია – ოხანაშვილი

    “პატრიოტთა ალიანსთან” თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ჩვენთვის წითელი ხაზია – ოხანაშვილი

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან” არანაირ თანამშრომლობას არ განიხილავს, ეს მათთვის “წითელი ხაზია”.

    მისივე თქმით, “ოცნებას” არ სჭირდება ისეთი ინტერესების მატარებელი ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ არ იცავს. ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით და ასევე გასარკვევია მათი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი.

    ცენტრი დოსიეს ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსმა რუსეთიდან 8 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო. ასევე იღებს ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ როგორ მოიქცნენ წინასაარჩევნოდ, რაზე ისაუბრონ, როდის ჩაატარონ აქცია, რა სახის რეკლამა განათავსონ ეთერში და სხვა.

    როგორც ირკვევა, რუსი კურატორები “პატრიოტებს” აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები “პატრიოტებს” თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.

  • ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია, ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება, ზოგი შემდეგ – ხუნდაძე

    ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია, ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება, ზოგი შემდეგ – ხუნდაძე

    ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს.

    “სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და ზოგი დახმარება არჩევნების წინ იქნება და ზოგი არჩევნების შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების  შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისა, ვისაც ესაჭიროება, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა და არა ისე, როგორც ჩვენამდე იყო.

    მინდა ყველას გთხოვოთ, მით უმეტეს, ამ პერიოდში – წინასაარჩევნოდ, როცა უფრო ჭარბად არის სოციალური თემატიკით სპეკულირება, ეს არის უზნეობა და მოეშვათ ამ უზნეობის წარმოებას. მივმართავ იმ პოზიციურ ჯგუფებს, რომელთაც ეს ხელეწიფებათ და რომელთაც სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰქონდათ 2012 წლამდე, წინასაარჩევნოდ ხმათა სანაცვლოდ გაცემული დახმარებებით”,- ამბობს ხუნდაძე.

    ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი წინასააარჩევნოდ მთავრობის მიერ დახმარებების გაცემას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.

  • პრობლემა ინაშვილში არაა, პრობლემაა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის ჩარევაზე – ხოშტარია

    პრობლემა ინაშვილში არაა, პრობლემაა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის ჩარევაზე – ხოშტარია

    ევროპული საქართველოს ლიდერისა და ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, პრობლემა არა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის, ლიდერი ირმა ინაშვილი, არამედ სახელმწიფოს რეაგირებაა საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევაზე.

    “ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილში, ირმა ინაშვილები ჩვენს ქვეყანას ისტორიულად ძალიან ბევრი ჰყოლია. პრობლემა არის, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი. მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია. წარმოუდგენელია, რომ მათ მანდატი ეყოთ, გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითხი.

    სახელმწიფო ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუსმა და პროკურატურამ უცხო ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი – ეს შეიძლება იყოს შპიონაჟი, ეს არის მტრული სახელმწიფოსთვის და მისი ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა,” – ამბობს ელენე ხოშტარია პრესკონფერენციაზე.

    მან იმ დამთხვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ცენტრ “დოსიეს” გამოძიებას და ივანიშვილის განცხადებებს შორის არის. მისი თქმით, აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირმა ინაშვილმა იმ ფრაზებით ისაუბრა, რომელიც რუსეთიდან მიღებულ ინსტრუქციაში იყო – რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ასევე, ინსტრუქციაში ნახსენები იყო ნეიტრალიტეტისთვის ხაზგასმის აუცილებლობა – ხოშტარიას თქმით, ინაშვილმა 26 აგვისტოს ამ საკითხზეც ისაუბრა.

    “ამრიგად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატურამ უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი, ეს შეიძლება იყოს მტრული სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა”,- თქვა ხოშტარიამ.

    მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ამოცანა არის ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში სახელმწიფოს ვალია, მათ შეუშალონ ხელი. სხვა შემთვევაში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.

  • კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა! – ვაშაძე

    კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა! – ვაშაძე

    „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.

    მისი თქმით, კოალიციას ნაციონალურ მოძრაობასთან ხედავს და სწორედ ამ კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება.

    „თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩამოვიდეს ქვეყანაში და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს. მორჩა და დამთავრდა. მე არ ვარ კომენტატორი, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარის კომენტარი? – წადით და მის პარტიას ჰკითხეთ. ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • ” ამბობენ, რომ მშვიდობა უნდათ, თან დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ”- გიგა ბოკერია “ქართულ ოცნებაზე”

    ” ამბობენ, რომ მშვიდობა უნდათ, თან დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ”- გიგა ბოკერია “ქართულ ოცნებაზე”

    ” ამბობენ, რომ მშვიდობა უნდათ, თან დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ”- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახაძის განცხადებას, სადაც ის პარტიებს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ საარჩევნო კამპანია და თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.

    „ხელისუფლებაში მყოფი გუნდი, რომელიც მუდმივად საუბრობს ოპონენტების დემონიზაციაზე და ქედმაღლურად არიგებს ჭკუას საზოგადოებას, არავის ნდობას არ იმსახურებს.ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანა ასეთ ჩიხშია შესული ერთი-ორი სიტყვით უთხრას მოსახლეობას რას აპირებს, როგორ გამოვა ამ ჩიხიდან, როდის შემცირდება სიღარიბე, როგორ შექმნიან სამუშაო ადგილებს, როგორ დაიცავენ მოსახლოებას კრიმინალისგან, რას შეცვლიან მართლმსაჯულების საკითხში. საქმე იმაშია, რომ მათ ამ პრობლემების მოგვარების უნარი და ხედვა არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის გუნდი მთლიანად არის ფოკუსირებული ოპონენტების ბინძურ, არაკომპეტენტურ კომენტატორობაზე. ეს არის კიდევ ერთი საბუთი, თუ რატომ არის ეს ხალხი ჩამოსაშორებელი მშვიდობიანი არჩევნების გზით. თვითონ არიან ძალადობის წამახალისებლები, ყველა სტანდარტს არღვევენ, რაც დემოკრატიას და მოქალაქეებს სჭირდება, ამასთან ერთად, მეორე ხელით სხვებს მოუწოდებენ კარგად მოიქცნენ. ფილმია „მარსი გვიტევს“, სადაც ჩანს როგორც უტევენ დედამიწას უცხოპლანეტელები, ლოზუნგი აქვთ მშვიდობით მოსვლა და თან კლავენ ხალხს, სიმბოლურად, მაგათ მაგონებენ. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ მშვიდობა უნდათ, თან კი დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ“,-განაცხადა ბოკერიამ.

  • ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა – ბოკუჩავა “ოცნებას”

    ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა – ბოკუჩავა “ოცნებას”

    “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ქართული ოცნების წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ ისინი ვერ ინელებენ მიხეილ სააკაშვილის გულწრფელობასა და მის ხედვას.

    „ვხედავ, ძალიან გულზე მოგხვდათ მიხეილ სააკაშვილის ბოდიში პუტინის პაიკებს, როცა გავეშებული საუბრობთ ყოველ მეორე გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილზე 8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების ბოლო წელს, დღესაც ვისმენთ აბსოლუტურად იგივეს. ვერ ინელებთ მიშას გულწრფელობას, რადგან თავად არ შეგიძლიათ გულწრფელობა, ვერ ინელებთ მიშას აღმშენებლობას, რადგან თავად აღმშენებლობის უნარი არ გაგაჩნიათ. ვერ ინელებთ მიშას ხედვას უკეთესი საქართველოსი, რადგან თავად არანაირი ხედვა არ გაგაჩნიათ, სიძულვილის, ღვარძლის, შურის და ბოღმის გარდა”,- ამბობს ბოკუჩავა.

    მისივე განცხადებით, “ქართული ოცნების” დრო ამოიწურა, რადგან ქართველი ხალხის მიცემული ორივე შანსი მათ გაუშვეს ხელიდან.

    “8 წლის თავზე და თქვენი ხელისუფლების დასასრულს ვისმენთ ზუსტად იგივეს, რასაც ვისმენდით დეჟავუდ ქცეულ 2012 წლის საპარლამენტო სხდომებზე. ტრიალებთ უსასრულო და უსუსურ, მანკიერ წრეზე სიძულვილის და ზიზღის, რომლითაც ხალხი დაიღალა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბეშია და რეგიონში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობს, მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ხალხს სიძულვილით კვებას სთავაზობს. ამიტომ, თქვენი აგონიური სიძულვილის ნიაღვრის პასუხის ღირსნი დღეს აღარ ხართ. თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ხალხმა ორჯერ მოგცათ შანსი და თქვენ ეს შანსი გაუშვით სიძულვილში, ღვარძლში და ამასობაში ჩამოშალეთ სახელმწიფო, მორღვეულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ადამიანებს აღარ გააჩნიათ არანაირი უსაფრთხოების განცდა,“,- თქვა თინა ბოკუჩავამ პარლამენტში.

  • რაის საკაშვილის შემკავებლები ხართ, ერთმანეთს გადაასწრებთ კინწისკვრით პარლამენტიდან – გოგიჩაიშვილი “ოცნებას”

    რაის საკაშვილის შემკავებლები ხართ, ერთმანეთს გადაასწრებთ კინწისკვრით პარლამენტიდან – გოგიჩაიშვილი “ოცნებას”

    “ამ ყალბ ყიჟინას რომ ვუსმენთ, დღეს ამომძვრალი დეპუტატებისგან. რაის შემკავებლები ხართ, რა საკაშვილის შემკავებლები ხართ, ერთმანეთს გადაასწრებთ კინწისკვრით, ვერ გაასწრებთ პარლამენტიდან”,- მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

    “რა მჯიღს იცემთ, თუ ესეთი მაგარი ბიჭები იყავით, ბევრს არ ვგულისხმობ, ვიწია ჯაფარიძეს არ ვგულისხმობ ნამდვილად, სად იყავით, როდესაც უჭირდა ამ ქვეყანას და თქვენს თანატოლებს ქუჩაში ხოცავდნენ. მაშინ სად იყავით?” ,- თქვა გოგიჩაიშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამომრჩეველს უთხრა, რომ საქართველოში ბრუნდება. “ოცნების” წევრებმა მას უპასუხეს, რომ საზღვარზევე დაკავება ელის.

  • საკონდიტრო “დონას” ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლოს 26 აგვისტოს იმყოფებოდა

    საკონდიტრო “დონას” ინფიცირებული თანამშრომელი სამსახურში ბოლოს 26 აგვისტოს იმყოფებოდა

    ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას” თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან, თავად საწარმო დაკეტილია, თანაშრომელთა ნაწილი კი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი.

    საკონდიტროს მენეჯერის, თამილა ბეჟანიძის განცხადებით, ინფიცირებული თანამშრომელი ბოლოს 26 აგვისტოს მუშაობდა საკონდიტროში.

    „გუშინ დაუდასტურდა ერთ თანამშრომელს კორონავირუსი. ის 26 აგვისტოს იმყოფებოდა ბოლოს სამსახურში, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ჩვენ, მიღებული გაიდლაინების შესაბამისად ინფორმირებული ვიყავით, რომ თანამშრომელი, რომელიც შეუძლოდ გრძნობდა თავს, არ უნდა გამოცხადდეს სამსახურში. როგორც კი გამოუვლინდა ტემპერატურა, მაშინვე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ჩაუტარდა კვლევა და გუშინ დაუდასტურდა ვირუსი.

    დანარჩენი თანამშრომლების ტესტის პასუხი დღის ბოლომდე იქნება. ვისაც ჰქონდა ტემპერატურა, ყველამ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში ელოდებიან პასუხს. ოღონდ რამდენია, არ ვიცი. ვისაც არ აქვს ტემპერატურა, ისინი სახლებში, თვითიზოლაციაში არიან. ყველა ვართ თვითიზოლაციაში”,- ამბობს მენეჯერი.

    მისივე ინფორმაციით, მაღაზია გუშინ დაიკეტა და დეზინფექცია ჩაუტარდა.

    საკონდიტრო 14 სექტემბერს განაახლებს მუშაობას.