Category: ახალი ამბები

  • მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    მაღაზიათა ქსელ “ნავნეს” თანამშრომელს წუხელ კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას  მაღაზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ. მაღაზია” ნავნე” ადასტურებს კოვიდინფიცირების ფაქტს და ასევე აცხადებს, რომ თანამშრომელი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში არ ჰქონია შეხება არც ერთ სხვა თანამშრომელთან.

    ” ვადასრურებთ ინფორმაციას, რომ გუშინ ღამით ჩვენი თბილისის საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.იგი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში არ ქონია შეხება არც ერთ ჩვენს თანამშრომელთან. მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა, ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

    ‼️ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
    ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს.”-წერია გავრცელებულ განცხადებაში.

  • შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული – პროკურატურა

    შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული – პროკურატურა

    საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10-დან 20 წუთის ფარგლებში. უწყებაში აღნიშნავენ იმასაც, რომ შაქარაშვილის ტრავმები გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

    “ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას. ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს”, –  აცხადებენ პროკურატურაში.

  • ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა – შსს

    ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა – შსს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

    როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება რომ:

    „2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

    კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

    ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

    სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების“ წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას- თურნავა

    სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნების“ წყალობით პოლიტიკაში მოსული ადამიანები დღეს ტალახს ესვრიან პარტიას- თურნავა

    ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სამარცხვინოა, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ რეიტინგის წყალობით მოვიდნენ, ტალახს ესვრიან აღნიშნულ პარტიას და მის ლიდერს.

    „ძალიან სამწუხაროა და სიმართლე გითხრათ, სამარცხვინოც, როცა ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში, ამ პარლამენტში მოსულები არიან „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგის წყალობითა და დამსახურებით, დღეს პოლიტიკაში პირველ, დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ იმით, რომ ტალახს ესვრიან „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერს, რადგან ეს ყველაფერი აქეთკენ არის მიმართული და კადრულობენ ტყუილს. ჟღერადი სახელებისა და გვარების, მათ შორის უჩა მამაცაშვილის დასახელება, ემსახურება ალბათ, მხოლოდ იმას, რომ საკუთარი სახელი და გვარი გააცნონ საზოგადოებას, რომელიც ბევრ მათგანს ალბათ არც იცნობს“, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანიდან დენის იმპორტსა და შუამავალ კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.

    მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკოსების მიერ ამ საკითხთან კონტექსტში უჩა მამაცაშვილის დასახელება, სრულიად უსაფუძვლოა.

    „აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პიროვნებას, ვინც მის სახელს და გვარს აჟღერებს, მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – შეიძინოს იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები. არანაირი დოკუმენტური დასაბუთება იმის, რომ უჩა მამაცაშვილი რამე კავშირშია ენერგეტიკაში არსებულ საკითხებთან და დენის იმპორტთან, არ გააჩნიათ და ეს ისევ და ისევ ემსახურება იმას, რომ სხვაზე ტალახის სროლით თავიანთი დამოუკიდებელი პოლიტიკური წონა შეიძინონ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს არის უღირსი საქციელი და თავად ამოისვრებიან ამავე ტალახში“, – განაცხადა მინისტრმა.

    საქმე ეხება ელექტროენერგიის შესყიდვას აზერბაიჯანიდან და კომპანია „ელ-გრინს“. დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შეძენა კომპანია “ელ-გრინის“ მეშვებით ხდება, აღნიშნულ კომპანიას კი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სახელს უკავშირებს. როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, შესყიდვაში სისტემური კორუფციის ნიშნები ჩანს.

  • გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის  პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

    გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

    შესაბამის საკითხზე უწყებაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. საქმე ეხება მოქალაქე ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

    „საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ვ.ა.-მ საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენისა და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ:

    2020 წლის 15 ივლისს, ვ.ა. დაუკავშირდა მედიასაშუალებას და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი – თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან. მისი თქმით, თითქოს საუბრისას ნახსენები იყო შაქარაშვილისა და საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პირის გვარი, რომელიც, მათივე შეფასებით, ცუდად მოიქცა. დაკავებულის თქმით, ასევე, თითქოს საუბარი იყო გაურკვეველი ნივთის გადაგდებაზე და ნახსენები იყო შემდეგი ფრაზები: „ბიჭო, შაქარაშვილების ოჯახმა კიდე კაი არ გაიგო, თორემ მაგრად დაგვარტყამდა“. „ბიჭო ის ხო გადააგდე“. ამ დროს თითქოსდა ერთმა მოსაუბრემ ხელი ჰკრა მეორეს და უთხრა გაჩუმდი“.

    ვ.ა. საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოიკითხა სამჯერ, რა დროსაც გამოძიებას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია შეხვედრის ადგილმდებარეობასთან, პირთა აღწერილობასთან, მათი საუბრის შინაარსთან და მოქმედებებთან დაკავშირებით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას მიუთითა ის ადგილი, სადაც თითქოსდა მოისმინა მისთვის უცნობი პირების საუბარი.

    ვ.ა.-ს მიერ გამოძიებისთვის მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, დაუყოვნებლივ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოპოვებული მოწმეთა ჩვენებების, ვიდეო-ჩანაწერების, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ვ.ა. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, იმყოფებოდა მის საცხოვრებელ ბინაში და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია, რაც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს, არის ვ.ა-ს მიერ გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.

    ვ.ა.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

    აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ ერთ მნიშვნელოვან საკითხს: პირადი მოტივებით სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება არ არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტი და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით. გამოძიების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხელს უშლის დროული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, მტკიცებულებათა მოპოვებასა და დამნაშავე პირთა მხილებას. საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში, მოახდენს რეაგირებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ.

    ასევე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე.

    ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

    ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

    აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას – ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

    ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

  • ვარაუდია, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა – ტიკარაძე

    ვარაუდია, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

    „დონას“ კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, კეთილსაიმედოა. ვარაუდია, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    შრომის უსაფრთხოების მხრივ ბათუმში შემოწმებული იქნა 7 ობიექტი, 7-დან 2 არ ფუნქციონირებდა, 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს, მათ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება, რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იყო მითითებული. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება – ტიკარაძე

    რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება – ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტებზე სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს.

    ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    „არაერთხელ, ჩემს კომუნიკაციაში, ვეცადე განმემარტა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას.

    რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები. შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

  • პირბადები უნდა ვატაროთ არა ფორმალურად, არამედ როგორც ექიმები გვირჩევენ – გახარია

    პირბადები უნდა ვატაროთ არა ფორმალურად, არამედ როგორც ექიმები გვირჩევენ – გახარია

    უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    „ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, მიღწევაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ ეს რეიტინგი დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ეპიდემიოლოგებს აქვთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ – ბათუმში, თბილისში თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები და ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას“, – განაცხადა პრემიერმა.

    მისივე თქმით, ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

    „ჩვენ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე შიგა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დაიწყება კლასებში და ბავშვები სრულად 15 სექტემბრიდან ივლიან სკოლაში. ეს კიდევ დამატებითი წნეხი იქნება მობილობის ზრდაზე, რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან.

    ამიტომ შესაბამის სამინისტროებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რაც საკანონმდებლო დონეზეა დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

  • კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გაუხანგრძლივდება

    კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 12 თვემდე გაუხანგრძლივდება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 6-დან 12 თვემდე გაუხანგრძლივდება. გახარიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის დასახმარებლად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად.

    „ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით პირველი ანტიკრიზისული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო ტურისტული სექტორისა და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სულ რაღაც სამ თვეში გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი. შემდგომ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სასტუმრო ბიზნესში, სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3-დან 6 თვემდე. დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რამეთუ ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი და სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, ანუ ერთი წლით. ეს, რა თქმა უნდა, არის ერთადერთი შესაძლებლობა დღეს ჩვენს სექტორს დავუდგეთ გვერდით, რამეთუ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად, მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშ არის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სექტორს მივეხმაროთ“,- განაცხადა გახარიამ.

    მისივე თქმით, კომპანიებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს პროგრამის მონაწილეები გამხდარიყვნენ, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე ამის შესაძლებლობა მიეცემათ.

    „კომპანიებისთვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს ამ 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება ერთ თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და დამატებით 6 თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ ჰქონდეს მიღებული ამ კომპონენტში მონაწილეობა, რაც შესაძლებლობას აძლევს მცირე სასტუმროებს გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1568 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციასა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1279-ს შეადგენს.

    უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 6185 პირი.

    კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.