Category: ახალი ამბები

  • პოლიციამ ბარ Skygirls-ის მენეჯერი დააკავა

    პოლიციამ ბარ Skygirls-ის მენეჯერი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი – ამავე დაწესებულების მენეჯერი, 1990 წელს დაბადებული მ.ჩ. დააკავეს.

    დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

    გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.

  • “გირჩი ტვ” და “ობიექტივი”  კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის გამო გააფრთხილა

    “გირჩი ტვ” და “ობიექტივი” კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური რეკლამის გამო გააფრთხილა

    კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი ტვ“, ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება მოსთხოვა.

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

    “საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, რომლებიც ტელეკომპანიებმა ეთერში, კანონდარღვევით, აგვისტოში განათავსეს. „ობიექტივზე” გასულ ვიდეორგოლში „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი – ირმა ინაშვილი, პარტიული სიმბოლიკის ფონზე, საუბრობს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე და აკეთებს დაპირებას, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტებს განახორციელებს. „გირჩი ტვ”-ს შემთხვევაში კი ვიდეორგოლში, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის” სიმბოლიკა და ლიდერები ჩანან, საუბარია მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტიკური გაერთიანების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.

    შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობას”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

  • კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია – გიორგი ვოლსკი

    კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია – გიორგი ვოლსკი

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერშეტევა ბოლო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, მათ ბრალდებებს და საქართველოს ხელისუფლების ხისტ პასუხებს უკავშირდება.

    „შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა – გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, მონაცემები, რაც გამოქვეყნებულია რომელიღაც საიტზე, მნიშვნელოვანწილად არის უზუსტობა, მაგრამ ეს შემოტევა მოგერიებულია, საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, ძნელია, მაგრამ დასადგენია, საიდან მომდინარეობს ეს შეტევა,”- განაცხადა ვოლსკიმ.

    ცნობისათვის, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება იყო.

  • ბათუმში ოთხ ღამის კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერდა და დარღვევების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა

    ბათუმში ოთხ ღამის კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერდა და დარღვევების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა

    ათუმში ოთხ ღამის კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერდა და დარღვევების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა

    “2-3 სექტემბერს შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში ღამის კლუბების შემოწმება განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა რომ ერთი ობიექტი – შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი) – მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, ხოლო ​ოთხი ობიექტი არა – შპს სამაია (კლუბი კონტე), შპს ვიპ კანუპოსი (UP2U), შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო), შპს სექტორი 26 (სექტორი 26)

    მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

    აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.”- ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ინფორმაციების ფაბრიკაცია მოხდა, რაც სუფთა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა – კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმაზე

    ინფორმაციების ფაბრიკაცია მოხდა, რაც სუფთა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა – კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმაზე

    კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ანდრო გოცირიძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. როგორც ექსპერტმა განაცხადა, აღნიშნული ქმედებით რუსეთს სურდა გაევრცელებინა ინფორმაცია, რომ თითქოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ბიოლოგიურ ტესტში აღმოჩენილი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ საქართველოში, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიაში მზადდება.

    „ამ ეტაპზე, რაც დასტურდება ოფიციალური განცხადებით, ეს იყო საინფორმაციო ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის განკუთვნილი კიბერშეტევა, რაც გულისხმობს კიბერშეტევით ინფორმაციის მოპოვებას და შემდგომ მაკომპრომეტირებელი კონტენტის შექმნას. გამოქვეყნებული მუხტი ეხება, თითქოს საქართველოში არსებულ ამერიკულ ლაბორატორიაში, რომელიც სინამდვილეში ლუგარის ლაბორატორიაა, ხდებოდა „ნოვიჩოკის“ წარმოება და თითქოს ამას არაფერი კავშირი არ აქვს რუსეთთან. ბუნებრივია, ეს არის ბინძური სპეცოპერაცია, რუსული სადაზვერვო ოპერაცია და მიზნად ისახავს საქართველოს დისკრედიტაციას და რაც ყველაზე მთავარია, რუსეთისგან ისრების გადატანას.

    საკითხი ეხება იმას, რომ გერმანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს რუსეთისთვის, შეიძლება მძიმე ფასი იყოს, რადგან ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მოუწოდა წევრ ქვეყნებს გაერთიანებისკენ და ერთად რეაგირებისკენ.

    ამ საკითხიდან გამომდინარე მოხდა კიბერშეტევა, მოხდა ფაბრიკაცია ლუგარის ცენტრიდან წაღებული ინფორმაციების, რაც სუფთა რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. სულ ორიოდე დღის წინ ჰქონდათ საპარლამენტო დონეზე განცხადება, რომ თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება საქართველოში და კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიაში“, – აცხადებს ანდრო გოცირიძე.

    ანდრო გოცირიძის განმარტებით, როგორც ჩანს რუსეთს საქართველოს კიბერსივრცეზე წვდომა აქვს და ვარაუდობს, რომ არჩევნების პერიოდში, მათი მხრიდან კიბერშეტევები გახშირდება.

    „როგორც ჩანს არალეგიტიმურად მონაცემთა ბაზაზე წვდომა ჰქონდათ რუსეთის სპეცსამსახურებს და ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული „ხვრელები“, რომლის მეშვეობითაც ჩვენს კიბერსივრცეში აღწევენ. რუსეთმა კიდევ უფრო ძლიერი გახადა თავისი კიბერშეიარაღება. მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია საქართველოში და რუსეთის მხრიდან ეს ფაქტორი ზრდის კიბერშეტევების გამოყენების ალბათობას ჩვენს წინააღმდეგ“, – განაცხადა ექსპერტმა.

    ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

  • ქედაში მანქანა 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა – არიან დაშავებულები

    ქედაში მანქანა 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა – არიან დაშავებულები

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაბა ქედაში მანქანა 60 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დედა-შვილი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალი სიმძიმისაა.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი – ირაკლი კობახიძე

    რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი – ირაკლი კობახიძე

    “რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი”- „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ, არასერიოზულს უწოდებს.

    როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და მსგავსი განცხადებებიც ამის შედეგია.

    „სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს“,- განაცხადა კობახიძემ.

    ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

  • ოკუპაცია ჩვენი უდიდესი პრობლემაა – გიორგი გახარია

    ოკუპაცია ჩვენი უდიდესი პრობლემაა – გიორგი გახარია

    შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებაზე და წარმატებაზე ვისაუბროთ, ვიდრე ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კასპში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

    „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოში, კახეთში თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი უდიდესი პრობლემა. ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც ყოველდღიურად იქნება ჩვენთვის, სანამ ჩვენ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ. როდესაც რუსულ ოკუპაციაზე ვსაუბრობთ, ვამბობთ იმას და ყოველდღიურად ვშრომობთ იმისთვის, რომ ჩვენს მიერ კონტროლირებად საქართველოში ეკონომიკა გავაძლიეროთ, გავხადოთ წარმატებული, ვიზრუნოთ თითოეულ ადამიანზე და ვიშრომოთ ჩვენი მომავლისთვის. იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის იქეთ, ჩვენმა ოსმა, აფხაზმა მოქალაქეებმა ნახონ ეს სხვაობა. ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის მიზანი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვდგებით და სამუშაო დღეს ვიწყებთ, განსაკუთრებით კასპში, არ არსებობს არანაირი მიღწევა, ან წარუმატებლობა, რომელიც არ იყოს განპირობებული ოკუპაციით.

    როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მიწაზე, ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც თავის სამშობლოში დევნილები გახდნენ და შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებაზე და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წარმატებული, ძლიერი ეკონომიკა, ევროპული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ამ მიზანს ჩვენ მარტო ჩვენთვის არ ვაღწევთ, ვაღწევთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ეს არის ერთადერთი გზა, როგორ შეგვიძლია ოკუპაცია დავძლიოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • პროკურატურის თქმით, FBI აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არაა – ომბუდსმენი

    პროკურატურის თქმით, FBI აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არაა – ომბუდსმენი

    სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI-ს არ აქვს მზაობა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.

    „რა თქმა უნდა, FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული “ფეისბუქისთვის” და “გუგლისთვის”, -განცხადა ლომჯარიამ.

    თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ გამოძიებაში FBI ჩაერთოს.

  • კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ – შსს

    კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ – შსს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევასთან დაკავშირებით, პარტნიორ ქვეყნებს გამოძიებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით მიმართავს.

    „2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

    კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

    ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

    სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.