Category: ახალი ამბები

  • 25 ახალი შემთხვევიდან 9 “დონას” კლასტერს განეკუთვნება,1-ის წყარო უცნობია – ენდელაძე

    25 ახალი შემთხვევიდან 9 “დონას” კლასტერს განეკუთვნება,1-ის წყარო უცნობია – ენდელაძე

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან 9 – საკონდიტრო დონას უკავშირდება, 1 კი – რუსთავის ავერსის კლინიკის თანამშრომელია, 8 – სხვა ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია, 3– იმპორტირებული შემთხვევაა,

    ახალი პაციენტებიდან ერთის გარდა ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.

    საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

  • შსს-მ “ლელოს” წევრზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავა

    შსს-მ “ლელოს” წევრზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავა

    შსს–მ „ლელოს“ წევრ გიორგი გლურჯიძეზე თავდასხმაში ბრალდებული პირი დააკავა.

    1988 წელს დაბადებული გ.დ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს“, – აცხადებს შსს.

    გამოძიება ძალადობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    შეგახსენებთ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს გუშინ დიდ დიღომში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. გლურჯიძე ამბობდა, რომ მას 3 პიროვნება დაესხა თავს, თუმცა შსს–მ ჯერჯერობით მხოლოდ 1 დააკავა.

    ლელოს დიდუბე–ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან სამუშია ამბობს, რომ გლურჯიძე მისი მხარდამჭერობის გამო სცემეს. მისი თქმით, ამ საქმეს ბოლომდე ჩაყვება.

  • შსს-ში დაიბარეს ლელოს ის წევრი, რომელმაც  “ოცნების” წევრები მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა

    შსს-ში დაიბარეს ლელოს ის წევრი, რომელმაც “ოცნების” წევრები მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა

    დღეს, 12:00 საათზე პოლიციის მთავარ სამმართველოში “ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი და მხარდამჭერი მანანა სულთანიშვილი დაიბარეს.

    სულთანაშვილმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ, ბრიფინგზე “ოცნების” წარმომადგენლები, რიმა ბერაძე და სხვები მასზე ზეწოლაში და დაშინებაში დაადანაშაულა.

    მანანა სულთანიშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ გოგა სუმუშიასთან ერთად მივა.

  • დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კენჭს იყრის

    დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კენჭს იყრის

    დიდუბე-ჩუღურეთში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს. მისი თქმით, ტაიმაუტი ჰქონდა აღებული, თუმცა ახლა პოლიტიკას უბრუნდება..

    „მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკური ტაიმაუტი ავიღე და დრო მთლიანად დავუთმე სახალხო დიპლომატიის სამოქალაქო პლატფორმის შექმნას, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასულ თანამემამულეებთან საქმიან და სასარგებლო კონტაქტების ძიებას, ვთვლი, რომ მთელი ეს წლები სწორედ პოლიტიკური კლასის ამაღლებასა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენას მოხმარდა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

    მანვე აღნიშნა, რომ “გაბატონებული პოლიტიკური ლიბერალური სისტემა” უკვე ოჯახს შეეხო, “სახელმწიფოს მთავარ საყრდენს” – ეკლესიას კი ომს უცხადებენ და “ამცირებენ მომავალი თაობების თვალში”, ამიტომ ისღა დარჩენია, ხმა ამოიღოს.

    „შევდივარ პოლიტიკურ ბრძოლაში არჩევნების გზით, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სახელით“, – თქვა ლორთქიფანიძემ.

    ცნობისთვის, დიდუბე-ჩუღურეთში ასევე კენჭს იყრიან – “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, “ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკი, “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე და “ლელოს” წევრი ლევან სამუშია.

  • დავაკავეთ კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე შვილის თანდასწრებით სცემა – შსს

    დავაკავეთ კაცი, რომელმაც ყოფილი მეუღლე შვილის თანდასწრებით სცემა – შსს

    შსს–ს ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბათუმში ერთი პირი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცს ძარცვისთვის პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილი.

    უწყების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა, ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    “გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,– წერია შსს–ს განცხადებაში.

    დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

    ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1621 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა კი 1302-მდე გაიზარდა.

    კორონავირუსით საქართველოში სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.

  • “იქნებ იძულებით აყიდინეს წამლები, ეს თვითმკვლელობა არაა. სამართალი იზეიმებს“–ბაჩალიაშვილის დედა

    “იქნებ იძულებით აყიდინეს წამლები, ეს თვითმკვლელობა არაა. სამართალი იზეიმებს“–ბაჩალიაშვილის დედა

    პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების, მიუხედავად, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სხვადასხვა აფთიაქში მედიკამენტებს ყიდულობს, გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს. ის გამოძიებას არ ენდობა.

    თეონა თამაზაშვილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა წამლები თამარს იძულების წესით აყიდინეს.

    “არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარიდამიდონ სატელიტების ჩანაწერები,  იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ  თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი.

    დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს”,- აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

    პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად, სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა. პროკურატურამ აფთიაქში ბაჩალიაშვილის ყოფნის ვიდეოებიც გაასაჯაროვა.

  • “ნოვიჩოკს მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთი”- რას ფიქრობენ ექსპერტები

    “ნოვიჩოკს მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთი”- რას ფიქრობენ ექსპერტები

    “ჰენრი ჯექსონის საზოგადოების” წევრი ენდრიუ ფოქსოლი, რომელიც დასავლეთში ერთ-ერთ გავლენიან სპეციალისტად ითვლება ამბობს, რომ მომწამვლელი ნივთიერება ე.წ. “ნოვიჩოკი” რუსეთში მზადდება და მას ყოველთვის რუსეთი იყენებს ადამიანების თავიდან მოსაშორებლად.

    “ეს არ არის მარტივად ხელმისაწვდომი ნითიერება. მას მკაცრად აკონტროლებს და აწარმოებს მხოლოდ ერთი ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია. Ნოვიჩოკის გამოყენება აშკარა რუსული ხელწერააა და ეს ერთგვარი გზავნილიც არის, არა მხოლოდ რუსული ოპოზიციისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის,”- ამბობს ფოქსოლი.

    ეს განცხადებები “ჰენრი ჯექსონის საზოგადოების” წევრმა “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს გააკეთა. ის ამბობს, რომ რუსეთის ქმედებებს დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია უნდა მოჰყვეს.

    “დასავლეთს სჭირდება დაფიქრდეს, როგორი ურთიერთობა სურს რუსეთთან. ვფიქრობ, ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის დადასტურება, “ნორდ სტრიმ 2”-ის პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს,”- ამბობს ენდრიუ ფოქსოლი.

    ის, რომ “ნორდ სტრიმ 2”-ს პრობლემები შესაძლოა შეექმნას გერმანიაში როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცადებები ადასტურებს. ისინი, მოუწოდებენ გერმანიის მთავრობას შეაჩერონ მილსადენის მშენებლობა, რათა არ მოხდეს რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე უფრო მეტად დამოკიდებულების ზრდა.

    კრემლში დასავლეთის ბრალდებებს არ იზიარებენ, და ამბობენ რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან კავშირი არ აქვთ. პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსი ექიმების მიერ ჩატარებული კვლევებით ნავალნის ორგანიზმში არ იყო გამოვლენილი “ნოვიჩოკის” ნიშნები. პესკოვი ასევე ამბობს, რომ “ნორდ სტრიმ 2”-თან გერმანელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ნაჩქარევია.

    პესკოვს არ უთქვამს, თუმცა რუსი დეპუტატების ნაწილს აქვთ მცდელობა, რომ “ნოვიჩოკი” საქართველოში ლუგარის ლაბორატორიას” დაუკავშირონ. მეტიც რუსეთში ამბობენ, რომ მომწამვლელ ნივთიერებას ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები საქართველოში ქმნიან. თუმცა, ამ განცხადებას რეალობასთან კავშირი არ აქვს, ლუგარის ლაბორატორია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო უარყოფენ მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებას.

    მას შემდეგ, რაც გერმანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ნივთიერება “ნოვიჩოკით” იყო მოწამლული, საქართველოში სავარაუდოდ რუსეთიდან განხორციელდა კიბერთავდასხმა.

    თავდასხმის დროს მოპარულია ცნობები ლუგარის ლაბორატორიიდან და არა მხოლოდ. მომხდარ თავდასხმაზე დაწყებულია გამოძიება და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც.

    “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს ვლადიმირ კარამურზა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრემლი არასასურველი ადამიანების თავიდან მოსაცილებლად “ნოვიჩოკს” იყენებს.

    “თუ გადავხედავთ ვლადიმირ პუტინის რეჟიმის ბოლო ოცწლიანი მმართველობის ისტორიას, ვნახავთ მუდამ მზარდ სიას იმ პოლიტიკური ოპონენტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ანტიკორუფციული აქტივისტების, რომლებმაც იგივე ბედი გაიზიარეს,”- ამბობს ვლადიმირ კარამურზა “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს.

    რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ამ დრომდე გერმანიაში, საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას საავადმყოფოში გაძლიერებული დაცვა იცავს. გერმანიაში იმყოფება ნავალნის ცოლი და მეგობრები. ისინი ამბობენ, რომ ნავალნი კრემლის მითითებით მოწამლეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

    აჭარის მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ტელევიზიის ინფორმაციით, ხვალ დილიდან, ტელევიზიაში ეპოდემიოლოგები დაიწყებენ პროტოკოლით დადგენილი სამუშაოების განხორციელებას.

    თუ რა რეჟიმში განაგრძობს მაუწყებელი მაუწყებლობას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

  • ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, არასდროს ამიღია რუსული ფული – ირმა ინაშვილი

    ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, არასდროს ამიღია რუსული ფული – ირმა ინაშვილი

    პრორსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსთავი 2–ის ეთერში დაიფიცა, რომ რუსული ფული არ აუღია. მისი თქმით, მისი ყველა მოქმედება საქართველოს სიყვარულით არის განმსჭვალული.

    “მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის წინაშე, და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, მე არასდროს ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან–მოურავს აუღია რუსული ფული. მე, ირმა ინაშვილი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ყოველი ჩემი მოქმედება განმსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით.

    ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ მე ამას ვაკეთებ თბილისში, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. და მე, ირმა ინაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივმართავ ჩვენ საზოგადოებას, გამოფხიზლდით, ხალხო, ხომ ხედავთ რაც ხდება”,– ამბობს ირმა ინაშვილი.

    მან გადაცემაში ასევე ისაუბრა, რომ აფხაზეთში ისე გადავიდა, რომ ФСБ–სთან შეხება არ ჰქონია. მისი მტკიცებით, მას დუმის თავმჯდომარესთან ჰქონდა მოლაპარაკება, რომელსაც ФСБ–თან არანაირი კავშირი არ აქვს.

    აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებისგან მიიღო დაპირება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

    მანამდე “დოსიემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსმა წინასაარჩევნოდ 8 მილიონი დოლარი რუსეთისგან მიიღო. მედიის ინფორმაციით, პარტიას რუსეთი პირდაპირ მითითებსა და დავალებებს აძლევს, რასაც მათი გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს.