Category: ახალი ამბები

  • ზელენსკი არავის ურჩევს მოსკოვის აღლუმზე ჩასვლას, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევზე დარტყმით იმუქრება

    ზელენსკი არავის ურჩევს მოსკოვის აღლუმზე ჩასვლას, რუსეთი კი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში კიევზე დარტყმით იმუქრება

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისის 00:00 საათამდე რუსეთის ჯარები ფრონტზე ცეცხლს შეწყვეტენ და უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმებს არ განახორციელებენ — ამით სამხედრო უწყებამ დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში გამოცხადებული ზავი.

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედებებს „სარკისებურად“ უპასუხებს, თუმცა გააფრთხილა უცხოელი ლიდერები, რომ მოსკოვში აღლუმზე ჩასვლა არ ღირს.

    რუსეთის სამხედრო უწყებამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 8 მაისის შუაღამიდან მისი ჯარები ფრონტზე „სრულად შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს“.

    „ამავე დროს შეწყდება სარაკეტო ძალებისა და არტილერიის, საზღვაო და საჰაერო ბაზირების შორი მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებსა და უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული“, — განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

    უწყებამ ასევე მოუწოდა „უკრაინულ მხარეს, მიჰყვეს ამ მაგალითს“.

    თუ უკრაინა ზავს დაარღვევს, რუსეთის არმია „ადეკვატურ პასუხს“ გასცემს, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში. განცხადებაში სამხედროებმა გაიმეორეს ის მუქარები, რომლებიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააჟღერა: მოსკოვში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის ჩაშლის“ მცდელობის შემთხვევაში „კიევის ცენტრზე მასირებული სარაკეტო დარტყმის“ მიყენება.

    „კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ კიევის სამოქალაქო მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს ქალაქის დროულად დატოვების აუცილებლობის შესახებ“, — ნათქვამი იყო განცხადებაში.

    რა თქვა ზელენსკიმ

    ხუთშაბათს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც შეახსენა ყველას, რომ კიევი 6 მაისის შუაღამიდან სიჩუმის რეჟიმის დაწესებას სთავაზობდა, თუმცა რუსეთს ოფიციალურად არ უპასუხია და უკრაინულ ქალაქებსა და ფრონტზე სამხედროებზე დარტყმების განხორციელება განაგრძო.

    „მათ [რუსეთის ხელისუფლებას] უკრაინისგან სურთ ნებართვა, ჩაატარონ თავიანთი აღლუმი, რათა წელიწადში ერთხელ ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი ისევ გააგრძელონ ჩვენი ხალხის მოკვლა და ომი“, — თქვა ზელენსკიმ.

    „მივიღეთ მიმართვები რუსეთისთვის ახლობელი ზოგიერთი სახელმწიფოსგან, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ჩასვლას აპირებენ. უცნაური სურვილია… ასეთ დღეებში. ჩვენ არ ვურჩევთ“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ამასთან, მან გაიმეორა ის, რაც მანამდეც ჰქონდა ნათქვამი: „უკრაინის პოზიცია მაქსიმალურად გამჭვირვალე და პატიოსანია: უკრაინა იმოქმედებს სარკისებურად. სიჩუმე რომ ყოფილიყო, უკრაინული შორი მოქმედების სანქციებიც არ იქნებოდა“.

    „შორი მოქმედების სანქციებს“ ზელენსკი უკრაინის სამხედროების დარტყმებს უწოდებს რუსეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვან მანძილზე მდებარეობს. ამ მიმართვაშიც უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა უკრაინული ძალების ბოლო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო გემზე კასპიის ზღვაში და ნავთობის ობიექტზე პერმის მხარეში.

    მანამდე, ხუთშაბათს, კრემლმა გამოაქვეყნა უცხოელი ლიდერების სია, რომლებიც 9 მაისს მოსკოვში ჩავლენ. ამ სიის მიხედვით, გამარჯვების დღის აღსანიშნავად მოსკოვში ჩავლენ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ლაოსის პრეზიდენტი ტჰონგლუნ სისულიტი, მალაიზიის უზენაესი მმართველი სულთან იბრაჰიმი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელიც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმზე დასწრებას არ გეგმავს.

    გარდა ამისა, მოსკოვში იქნებიან ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკა სერბსკას წარმომადგენლები და თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები.

    „საზეიმო ღონისძიებაზე სპეციალურად არ მოგვიწვევია უცხოელი სტუმრები, ისევე როგორც გასულ წელს“, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

    ეს კრემლის 9 მაისის სტუმრების ყველაზე მოკლე სიაა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლიდან მოყოლებული. იმ წელს მოსკოვში აღლუმზე არცერთი უცხოელი ლიდერი არ ჩასულა. მაშინაც კრემლმა განაცხადა, რომ არავინ მიუწვევია.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ 2026 წელს წითელ მოედანზე აღლუმში, პირველად რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სამხედრო ტექნიკის კოლონა, ასევე სუვოროველები და ნახიმოველები მონაწილეობას არ მიიღებენ.

    კრემლმა აღლუმის ფორმატის შეცვლა საჰაერო თავდასხმების შიშითა და იმით ახსნა, რომ წელს თარიღი საიუბილეო არ არის.

    9 მაისს მოსკოვში მობილური კავშირი სრულად გაითიშება, არ გაიხსნება არც ე.წ. „თეთრი სიების“ საიტები.

    მუქარები კიევზე დარტყმის შესახებ

    ოთხშაბათს საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს უცხოურ საელჩოებს წერილი გაუგზავნა მოწოდებით, „წინასწარ უზრუნველყონ“ თავიანთი თანამშრომლების ევაკუაცია კიევიდან.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ეს ახსნა „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ კიევზე, მათ შორის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე, საპასუხო დარტყმის მიყენების გარდაუვალობით“.

    მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინა 9 მაისს მოსკოვზე დარტყმით იმუქრებოდა და პირობას დებს, რომ თუ ეს მოხდება, უკრაინის დედაქალაქზე მასირებული შეტევით უპასუხებს.

    ზელენსკის პირდაპირი მუქარა არ გამოუთქვამს მოსკოვზე დარტყმის შესახებ სამხედრო აღლუმის დროს. ერევანში გამოსვლისას მან თქვა: „რუსეთმა განაცხადა, რომ 9 მაისის აღლუმი მოსკოვში სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. თუ ეს ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში. მათ არ შეუძლიათ თავს მისცენ სამხედრო ტექნიკის გამოყვანის უფლება და ეშინიათ, რომ დრონებმა შეიძლება წითელ მოედანზე გადაიფრინონ. ეს მეტყველი ფაქტია და აჩვენებს, რომ ისინი ძლიერები არ არიან“.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების საპასუხოდ, ევროკომისიის პრესსპიკერმა ანვარ ალ-ანუნიმ თქვა, რომ ევროკავშირი კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას არ აპირებს.

    „რუსეთის საჯარო მუქარები კიევზე თავდასხმის შესახებ მისი უგუნური ესკალაციის ტაქტიკის ნაწილია“, — განაცხადა მან ხუთშაბათს ბრიფინგზე. „რაც ჩვენ, ევროკავშირს, გვეხება, ჩვენ ჩვენს პოზიციასა და კიევში ყოფნას არ შევცვლით“.

    „რუსული თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა კიევსა და უკრაინის სხვა ნაწილებში“, — განაცხადა ალ-ანუნიმ და აღნიშნა, რომ წინა დარტყმებმა ზიანი მიაყენა დიპლომატიურ მისიებსაც, მათ შორის ევროკავშირის მისიას.

    რუსეთმა უგულებელყო უკრაინის წინადადება 6 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაგრძო უპილოტო აპარატების გაშვება ხარკოვის, სუმის, დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებისა და სხვა ადგილების მიმართულებით.

    უკრაინელმა სამხედროებმა უპასუხეს შორი მოქმედების უპილოტო აპარატების ახალი გაშვებებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. კერძოდ, 7 მაისის დილით დრონებმა ისევ, ორ კვირაში უკვე მესამედ, შეუტიეს ნავთობის ობიექტებს პერმში.

  • ანდრია ჯაღმაიძე:იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ დღევანდელი სინოდი შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი

    ანდრია ჯაღმაიძე:იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ დღევანდელი სინოდი შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, 11 მაისს, 13:00 საათზე სამების ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ  გარკვეული „არაკორექტული გამოსვლების, ემოციური კომენტარების“ მიუხედავად ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არ არის.

    „საზოგადოება მიჩვეულია საერო არჩევნებს და იქ მომხდარ დაპირისპირებებს, სინოდში ასეთი რამ არ ხდება. იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები, ემოციური კომენტარებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელი სინოდი, შეიძლება ითქვას, იყო ერთსულოვანი და ორიენტირებული იმაზე, რომ როგორც აქამდე, ღირსეულად ტარდებოდა სინოდი იქნებოდა თუ სხვა პროცესები, ასევე სამაგალითო და სანიმუშო იქნება ეს არჩევნებიც. ეს იყო მათი სულისკვეთება, ხოლო მცდელობები, რომ ერთმანეთში დაპირისპირება წარმოაჩინონ, არარეალურია“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსის, ზენონ იარაჯულის განცხადებას, რომ საპატრიარქოში არაფორმალური ე.წ. „ენდემოსას სინოდი“ არსებობს.

    მამა ანდრია აცხადებს, რომ საპატრიარქოს ყოველი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან თანხმდებოდა.

    „საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის პერიოდში არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და განცხადება არ გაკეთებულა მასთან შეუთანხმებლად. ასეთი კონსპირაციები გვესმის და შეიძლება მასაც უთხრა ვიღაცამ, მაგრამ რეალურად ასეთი რამ არ ხდება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

    რაც შეეხება მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის დიპლომის დაკარგვის საკითხს, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, რადგან დაკარგული დიპლომის აღდგენა სრულიად შესაძლებელია.

    „დიპლომის მოპარვასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟი იყო, დაიკარგა ეს დიპლომი თუ მოიპარეს. ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ დიპლომი არ არის ცარიელი ყდები და ფურცელი, ეს არის არქივში ჩანაწერები. ადამიანი რომ კარგავს პირადობის მოწმობას თუ მართვის მოწმობას, ამის აღდგენა სრულიად შესაძლებელია და ახლიდან არ აბარებინებენ გამოცდას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • ხელისუფლების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა – „ლელო-ძლიერი საქართველო“  სპეცრაზმელების დაკავებაზე

    ხელისუფლების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა – „ლელო-ძლიერი საქართველო“ სპეცრაზმელების დაკავებაზე

    “ხელისუფლების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა”- ასე ეხმაურება, „ძლიერი საქართველო“ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირის დაკავებას.

    განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება არ არის სამართლიანობის აღდგენა, არამედ არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების „იძულებითი ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გადაიდგა, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ საზოგადოებას სახელობით წარუდგინა ძალადობაში მონაწილე პირები და მათი დანაშაულები“.

    „ეს არ არის რეალური ბრძოლა დანაშაულთან, რადგან ივანიშვილის ანტიქართული რეჟიმი დღემდე კვლავ ხელს აფარებს ათობით მოძალადეს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევაში. მათ შორის დაუსჯელები რჩებიან ალეკო ელისაშვილის გატაცების და მისი უმოწყალო ცემის განმხორციელებლები, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეზე, მის ტელეოპერატორზე, ასევე დავით ქაცარავასა და სხვა მშვიდობიან მომიტინგეებზე მოძალადე სპეცრაზმელები.

    უფრო მეტიც, რეჟიმი დღესაც აგრძელებს ძალადობას სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, იყენებს რა სამართალდამცველებს ცრუმოწმეებად უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.

    ის, რაც დღეს ვიხილეთ, არის იაფფასიანი ფარსი და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი, რომლის მიზანია საზოგადოების მოტყუება და საერთაშორისო ზეწოლის დროებით განეიტრალება. რამდენიმე შემსრულებლის დაკავებით რეჟიმი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

    ფაქტები არსებობს. საზოგადოებამ იცის მოძალადეების სახელები და გვარები. პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ, როგორც შემსრულებლებმა, ისე ბრძანების გამცემმა მაღალჩინოსნებმა და პოლიტიკურმა დამკვეთებმა.

    კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” მიმართავს “ქართულ ოცნებას”, მხოლოდ დაბალი რგოლის პოლიციელებისა და სპეცრაზმელების შეწირვით ვერ გადარჩებით. დააკავეთ დამკვეთები, ვინც გასცა ბრძანება ქართველი ხალხის ცემის, დასახიჩრებისა და ტერორის შესახებ.

    ამავე დროს, თითოეულ სპეცრაზმელს უნდა ახსოვდეს: როდესაც რეჟიმი მათ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებს, სინამდვილეში მათვე წირავს, რადგან სისტემა, რომელსაც დღეს ემსახურებიან, პირველივე კრიზისის დროს სწორედ მათ გადააგდებს მსხვერპლად საკუთარი პასუხისმგებლობის გადასაფარად.

    გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რეჟიმის ცვლილების შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელო” , უზრუნველყოფს რეჟიმის მიერ დაზარალებული ყველა მოქალაქის ღირსებისა და უფლებების დაცვას. არცერთი მოძალადე, არცერთი ცრუმოწმე და არცერთი პოლიტიკური დამკვეთი არ დარჩება დაუსჯელი. საქართველოში აუცილებლად დადგება დრო, როდესაც სახელმწიფო აღარ იქნება მოძალადეთა მფარველი და სამართალი აღსრულდება სრულად!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ-ექსპერტი 9 მაისს კრემლზე შესაძლო დარტყმის შესახებ

    თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ-ექსპერტი 9 მაისს კრემლზე შესაძლო დარტყმის შესახებ

    “2022 წელს ვინმეს რომ ეთქვა, პუტინი მოსკოვში აღლუმის ჩატარების საშუალებას შეგვეხვეწებოდაო, ეს სრულიად გაუგებარი იქნებოდა. ახლა კი ის ფაქტობრივად ტრამპს სთხოვს, ზეგავლენა მოახდინოს ზელენსკიზე, რათა უკრაინამ ამ დღეებში რუსეთზე ზედმეტად ძლიერი დარტყმები არ განახორციელოს. ეს მართლაც ძალიან საინტერესო და უნიკალური სიტუაციაა “— მიიჩნევს ავიაციის ექსპერტი კონსტანტინ კრივოლაპი.

    „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვზე ჩვენი მხრიდან არსებითი დარტყმები არ იქნება. თუმცა პირადად მე ვისურვებდი, რომ ჩვენს „ფლამინგოს“ რაკეტებსა და დრონებს მოსკოვის აღლუმზე გადაეფრინათ და შემდეგ მოხვედროდნენ, პირობითად, ვოტკინსკის მანქანათმშენებელ ქარხანას, რომელიც აწარმოებს რაკეტებს: „ისკანდერს“, „ორეშნიკს“ და ა.შ.“ — აღნიშნა მან.

    ამასთანავე, მან დასძინა, რომ ტექნიკურად მოსკოვზე დარტყმა შესაძლებელია, მაგრამ ამის ეფექტიანობა დაბალი იქნება:

    „თეორიულად, მოსკოვში კრემლის გუმბათს შეიძლება მოვახვედროთ. მაგრამ აქვს კი ამას აზრი? წმინდა ფსიქოლოგიურ კმაყოფილებას, რა თქმა უნდა, მივიღებთ, მაგრამ როგორი იქნება ეფექტიანობა?“

  • ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მოსიაშვილის, ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

    ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მოსიაშვილის, ცემის ფაქტებზე 4 სპეცრაზმელი და შსს დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

    გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 5 პირი დააკავა.  დაკავებულთა შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელია.

    გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით ხუთი ბრალდებულიდან ორი მათგანი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დააკავეს.

    „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, იდენტიფიცირებული და დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. უფრო კონკრეტულად: ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული დღეს დავაკავეთ.

    აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებულია ათასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის მოწმის სახით გამოკითხულია 550-ზე მეტი ადამიანი.

    პირველი ეპიზოდი: 2024 წლის 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმჟამინდელმა ორმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთი დღეის მდგომარეობით დაცვის პოლიციის თანამშრომელია, ფიზიკურად იძალადა ზვიად მაისაშვილზე, რის შედეგადაც მაისაშვილმა დაკარგა გონება. ეს კადრები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.

    მეორე ეპიზოდი: 2024 წლის 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა, რომელიც დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ფიზიკურად იძალადეს ლევან ხაბეიშვილზე.

    მესამე ეპიზოდი: 2024 წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე, რომელიც თავდასხმის მომენტში ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

    ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინება ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურა სასამართლოს ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

    სხვა სამართალდამცავ უწყებებთან საერთო კოორდინაციით, განვაგრძობთ გამოძიებას როგორც აღნიშნულ ეპიზოდებში, ასევე სხვა ძალადობრივ ფაქტებში მონაწილე პირთა დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”, – განაცხადა გვარაკიძემ.

    6 მაისს, ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა “ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან” ცნობით, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმიდან წელიწადნახევრის შემდეგ, ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს. გამოძიების თანახმად, პროევროპულ აქციებზე ჟურნალისტს თავს გდდ-ის თანამშრომელი ი.შ. დაესხა, რომელიც იმ დროისთვის 21 წლის იყო. ჯარიაშვილის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ უწყებაში მომუშავე სანდო პირებმა მიაწოდეს. საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი და გურამ როგავა პროკურატურაში დაკითხეს.

  • რუსეთი ქვეყნებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების გაყვანისკენ მოუწოდებს

    რუსეთი ქვეყნებსა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების გაყვანისკენ მოუწოდებს

    რუსეთი უცხო ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლობებს კიევიდან დიპლომატების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვა, Telegram-ზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ქვეყნებმა სერიოზულად უნდა მიიღონ 4 მაისს გავრცელებული გაფრთხილება კიევზე შესაძლო მასშტაბური დარტყმების შესახებ, თუ უკრაინა 9 მაისის მოსკოვის აღლუმზე თავდასხმას განახორციელებს.

    მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დროული ევაკუაცია, რადგან რუსეთის პასუხი „გარდაუვალი“ იქნება.

    “რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებებს… მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა წარმომადგენლობების პერსონალის დროული ევაკუაცია ქალაქ კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიევზე საპასუხო დარტყმის გარდაუვალობის გამო” – განაცხადა ზახაროვამ.

    ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილება აგრესიულ ნაბიჯს არ წარმოადგენს და კიევზე იერიშის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, დაესხმება თუ არა უკრაინა თავს მოსკოვში გამარჯვების დღის ღონისძიებებს.

  • ახალი პატრიარქის ვინაობა 11 მაისს იქნება ცნობილი

    ახალი პატრიარქის ვინაობა 11 მაისს იქნება ცნობილი

    საპატრიარქოს ცნობით, წმინდა სინოდის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

    საპატრიარქოს ცნობით, გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა აირჩიონ 11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

    “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
    კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით,” – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცახდებაში.

    28 აპრილს სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი შეირჩა. სინოდის წევრებმა კანდიდატებად მოსაყდრე შიო (მუჯირი), მეუფე იობი (აქიაშვილი) და მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) აირჩიეს.  ხმათა უმრავლესობა (20 ხმა) მოსაყდრე შიომ, ხოლო დანარჩენმა ორმა კანდიდატმა 7-7 ხმა მიიღეს.

  • ნიკოლ ფაშინიანი,  9 მაისს რუსეთში არ  მიემგზავრება

    ნიკოლ ფაშინიანი, 9 მაისს რუსეთში არ მიემგზავრება

    სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 მაისს რუსეთში არ მიემგზავრება. მიზეზად ფაშინიანმა,  სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანია დაასახელა.

    „ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს აპრილში ვიზიტის დროს ვაცნობე“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

    სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.

  • რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული – ზელენსკი

    რუსეთმა იქამდე იომა, რომ მათი აღლუმი ჩვენზეა დამოკიდებული – ზელენსკი

    უკრაინის მეთაურმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უგულებელყო და თავდასხმები გააგრძელა, რასაც კიევი  კიევი მოსკოვს „სარკისებურად“ უპასუხებს.

    კრემლმა კიევს დროებითი ზავი 8-9 მაისისთვის შესთავაზა, რასაც ზელენსკიმ  „ცინიკური“ და „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა, რომელიც პირველ რიგში აღლუმის უსაფრთხოებას და მოსკოვის შესაძლო უკრაინული დარტყმებისგან დაცვას ისახავდა მიზნად.

    უკრაინამ რუსეთს ზავის 6 მაისიდან დაწყება შესთავაზა. კიევის შეფასებით, ეს რუსეთის ნამდვილი ნების გამოცდა იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის პროცესში.

    „რუსეთმა ჩვენგან მიიღო მკაფიო წინადადება სიმშვიდისა  და დიპლომატიის შესახებ და იცის, როგორ დაუკავშირდეს უკრაინას ან პარტნიორებს დეტალების შესათანხმებლად. მოსკოვში იმ ერთ ადამიანს, რომელსაც ომის გარეშე არ შეუძლია, თუ მხოლოდ ერთი აღლუმი აინტერესებს და არაფერი მეტი, ეს სხვა საქმეა. უკრაინა მზადაა, იმუშაოს მშვიდობისთვის და ამ ომის ღირსეულად დასამთავრებლად. რუსეთი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ მათი მთავარი აღლუმიც კი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ეს მკაფიო სიგნალია, დასასრულის დროა“, – აღნიშნა ზელენსკი.
    თუმცა, როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთმა ეს შეთავაზება რამდენიმე საათში უგულებელყო – უკრაინის რამდენიმე რეგიონში 1800-ზე მეტი დარტყმა და თავდასხმა დაფიქსირდა.

     

  • „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს სცდება რეკომენდაციები, რაც გაიცა  – პაატა სალია

    „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს სცდება რეკომენდაციები, რაც გაიცა – პაატა სალია

    „ასეთ რეკომენდაციებს რომ გასცემს ეს დასკვნა, სწორედ ამიტომ არის არასერიოზული და სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ მისი კრიტიკა. სხვაგვარად ასეთი დასკვნები რომ არ დაეწერა, არ შევიდოდი ამ დასკვნის კრიტიკაში, მაგრამ ის, რაც ექსპერტმა დასკვნით ნაწილში რეკომენდაციების სახით დაწერა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სტრასბურგის სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, ასევე ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლონ საქართველოს, ეს წარმოუდგენელია. აისახა მხოლოდ ერთი მხარის განცხადებები. ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი და არ აისახა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. რაზეც მათივე მხრიდან იყო მოთხოვნა, წარვუდგინეთ, თუმცა არცერთი ეს დოკუმენტი დასკვნაში არ მოხვდა. არ აჩენს ეს კითხვებს, რატომ არ ხდება მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები დასკვნაში? არ აჩენს კითხვებს, რატომ არის დასკვნა ძირითადად დამყარებული პოლიტიკურ განცხადებებზე, გადაუმოწმებელ ფაქტებზე? როცა გექნებათ შესაძლებლობა, გეკითხათ იმ ქალბატონისთვის, ვინც ეს დასკვნა დაწერა, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი დაახლოებით 150 გვერდიანი ინფორმაცია“,

    ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.