Category: ახალი ამბები

  • შიო III-ის მოღვაწეობა მშვიდობას, სიყვარულს დაეფუძნება – ყაველაშვილი

    შიო III-ის მოღვაწეობა მშვიდობას, სიყვარულს დაეფუძნება – ყაველაშვილი

    თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

    ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან.

    მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება.

    თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას. დაე, თქვენი მოღვაწეობა იქცეს მრავალი კეთილი საქმის საფუძვლად ჩვენი ეკლესიის, სამშობლოსა და თითოეული თანამემამულისთვის. გულწრფელად გისურვებთ, ღირსეულად განაგრძოთ ერის მთავარი საყრდენის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მემკვიდრეობა.

    ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!

    წერს “ქართული ოცნების”  პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ

    ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავენ

    “გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა” – ამის შესახებ ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი.

    „თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო!“- ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების განცხადებაში.

    წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.
    საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:
    მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
    მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
    ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
    გაუქმდა — 1 ბიულეტენი.
    გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.
    არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა.
    მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
    მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა.
    მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.
    ხალი პატრიარქის ინტრონიზაცია [ტახტზე აყვანის წეს-განგება] ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს სვეტიცხოველში გაიმართება
    მსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
  • საქართველოს 142-ე პატრიარქად  შიო მუჯირი აირჩიეს

    საქართველოს 142-ე პატრიარქად შიო მუჯირი აირჩიეს

    წმინდა სინოდმა საქართველოს 142-ე პატრიარქად ეპისკოპოსი შიო მუჯირი 22 ხმით აირჩია.

    “ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით” – თქვა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ გაფართოებულ კრებაზე

    საეკლესიო კრებაზე დაფიქსირებული ხმები ასე გადანაწილდა:

    • მიტროპოლიტი შიო — 22 ხმა;
    • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი — 9 ხმა;
    • ფაზისისა და ჭიათურის მიტროპოლიტი გრიგოლი — 7 ხმა;
    • გაუქმდა — 1 ბიულეტენი.

    გაფართოებულ კრებას სამების საპატრიარქო ტაძარში 1 200-მდე დელეგატი ესწრებოდა, თუმცა ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ.

    არჩევნების შედეგად, ახალი პატრიარქი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო კათედრაზე შიო III-ის სახელით ავა.

    მისი სრული ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

    მეუფე შიო კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს, ქაშვეთის ტაძარში, გიორგობაზე წირვის დაწყებამდე დაასახელა. 

    მოსაყდრედ სინოდმა მიტროპოლიტი შიო პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, 2026 წლის 18 მარტს, დაამტკიცა.

    მოსაყდრის ბიოგრაფიული ცნობები:

    • მეუფე შიო თბილისში 1969 წლის 1 თებერვალს დაიბადა; დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა; სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
    • 1991 წელს შიომღვიმის მონასტერის მორჩილი გახდა.
    • 1993 წელს, 24 წლის ასაკში, ბერად აღკვეცეს – მიანიჭეს სახელი შიო.
    • 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს.
    • 1996 წელს ბერ-დიაკონი შიო მღვდლად თავად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.
    • 1997 წელს დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
    • 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება – ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
    • ანჩისხატისა და ნარიყალას ტაძრებში მსახურების შემდეგ, 2001 წლის ოქტომბრიდან, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა.
    • 2003 წლის 18 აგვისტოს იღუმენი შიო სენაკისა და ჩხოროწყუს ახლადშექმნილი ეპარქიის წინამძღოლი გახდა; 2009 წელს – მთავარეპისკოპოსი.
    • 2010 წელს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

    2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. 2018 წლის 21 ივნისს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

    უმაღლესი განათლება:

    • 1998 წელს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გააგრძელა – დაუსწრებელ განყოფილებაზე.
    • 2001 წლიდან [როცა მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს ტაძრის წინამძღვარი გახდა], პარალელურად, სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
  • 12-14 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი

    12-14 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი

    12-14 მაისს სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

    თბილისში 12-13 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14 მაისს კი უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ, ხოლო 14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი,14 მაისს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე გაიზრდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 12-13 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, 14 მაისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე გაიზრდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსს პროგნოზირებენ.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

  • ადრე სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქი თბილისი იყო, ახლა ეს ერევანია – იუკნევიჩიენე

    ადრე სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქი თბილისი იყო, ახლა ეს ერევანია – იუკნევიჩიენე

    ერევანი სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა. ადრე ეს თბილისი იყო, ახლა კი ერევანია. მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიაში ხელში ვინმეს ევროპული დროშა ეჭიროს. სომხეთი ლიდერობას იღებს და ვფიქრობ, მომავალში ქართველებისთვისაც სასარგებლო იქნება, თუ სომხეთი წარმატებას მიაღწევს და პრორუსული ძალები ვერ შეძლებენ ქვეყნის უკან, ძველ მდგომარეობაში დაბრუნებას.

    მთავარი გადაწყვეტილების მიმღები თავად ქართველი ხალხია. ამიტომ, მოთმინება გვჭირდება. დღეს რეალობა ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს მუდამ არ გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია ერის შინაგანი სული – მიუხედავად რეპრესიებისა და ყველაფრისა. მესმის, რამდენად რთულია ეს, მაგრამ ის შეცდომები რაც დაშვებული იქნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა ის, რასაც დღემდე აკეთებს, გარკვეულწილად ქართველი ერის შეცდომაც იყო – ბოდიშს ვიხდი ამის თქმისთვის. უნგრელებს 16 წელი დასჭირდათ ახალი გადაწყვეტილების მისაღებად და იმის გასააზრებლად, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვეს, როდესაც ადრე ორბანს აძლევდნენ ხმას.

    ერთ ან ორ დღეში ასეთი ცვლილებები არ ხდება. ამიტომ უნდა გავაგრძელოთ გზა, დავრჩეთ ჩვენი ღირებულებების ერთგულნი და რეალობას თვალი გავუსწოროთ. არ უნდა დავთმოთ ის, რისიც გვჯერა. სწორედ ასე ვხედავ საქართველოში ხალხს – ისინი კვლავ იბრძვიან და მომავალის იმედი ჯერ კიდევ აქვთ. ეს მარტივი პროცესი არ არის. გარედან არავინ მოვა რეჟიმის შესაცვლელად. ვითარების შეცვლა მხოლოდ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლია.

    განაცხადა ევროპარლამენტარმა და საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის ავტორმა, რასა იუკნევიჩიანემ.

  • სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია – მეუფე ანდრია

    სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია – მეუფე ანდრია

    ”წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია ” – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება.

    ”წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია.[…]დღეს ვირჩევით კათოლიკოს – პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, – აღნიშნავს მეუფე ანდრია.

    რაც შეეხება ჩარევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც მეუფე ანდრია აღნიშნავს, მასთან არავის ჰქონია საუბარი.

    „ამ კითხვაზე, მეღიმება. ვფიქრობ, ჩარევა როდესაც ხდება, ხდება ყველას მიმართებაში. შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და აზრები გავუზიაროთ, მე ის კანდიდატი მომწონს, თქვენ მეორე, როგორ გამოდის? ჩარევა არის?! ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“,- აღნიშნავს მეუფე ანდრია გვაზავა.

  • კანადის არმიის რიცხოვნობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. მიზეზი მხოლოდ ტრამპი არ არის

    კანადის არმიის რიცხოვნობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. მიზეზი მხოლოდ ტრამპი არ არის

    ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ კანადა თავდაცვის დაფინანსებაში ჩამორჩებოდა. სულ რაღაც ორი წლის წინ კი ახალწვეულების მიღების მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ყველას აფრთხილებდა: შეიარაღებული ძალები „სიკვდილის სპირალში“ შედიოდა.

    ახლა კანადის არმია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რეკორდული ტემპით იზრდება და ახალწვეულების რაოდენობამ ბოლო 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია. შესაძლოა, ქვეყანამ შეძლო პირადი შემადგენლობის ქრონიკული დეფიციტის დაძლევა — პრობლემის, რომელიც კანადის შეიარაღებულ ძალებს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ზრდა ხდება მსოფლიოში მსხვილი შეიარაღებული კონფლიქტებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, ასევე იმ დროს, როდესაც კანადა მილიარდებს გამოყოფს ახალი სამხედრო დაფინანსებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ნატოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.

    ეს ასევე ემთხვევა ნაციონალიზმის არატიპურ ზრდას, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას „51-ე შტატი“ უწოდა — კომენტარი ბევრმა კანადის სუვერენიტეტის მიმართ უახლოესი მეზობლის მხრიდან მუქარად აღიქვა.

    კანადის გლობალური საკითხების ინსტიტუტის მკვლევარმა შარლოტა დიუვალ-ლანტუანმა, რომელიც კანადის სამხედრო კულტურას იკვლევს, აღნიშნა, რომ ახალწვეულების ბოლო ზრდის უკან შესაძლოა „ტრამპის ეფექტი“ იდგეს, თუმცა სამხედრო სამსახურში მიღების განაცხადების რაოდენობამ მკვეთრი ზრდა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო — დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

    „როდესაც ადამიანები ხედავენ, რომ მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხო ხდება, რომ მათი ქვეყანა შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს… ჩვეულებრივ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სამხედრო სამსახურში შესვლა სურს“, — თქვა მან.

    დიუვალ-ლანტუანის აზრით, გლობალური კონფლიქტები ამ ზრდის ერთადერთი ფაქტორი არ არის. მისი თქმით, გარკვეული როლი ითამაშა ახალგაზრდებში უმუშევრობის მაღალმა დონემაც, რომელიც კანადაში მარტში 14%-ს უახლოვდებოდა, ასევე გარანტირებული დასაქმებისა და უფრო მაღალი ხელფასების დაპირებამ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ სამხედროების ანაზღაურების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა გამოაცხადა ბოლო თაობის განმავლობაში.

    თანამდებობაზე გასულ წელს მოსვლის შემდეგ კარნიმ შეიარაღებული ძალები თავისი მთავრობის პრიორიტეტად აქცია და წარმოადგინა, როგორც თავად უწოდა, „ამბიციური“ გეგმა კანადის შეიარაღებული ძალების სწრაფი მოდერნიზებისა და გაფართოებისთვის.

    მარტში მან განაცხადა, რომ კანადამ 1980-იანი წლების ბოლოდან პირველად ოფიციალურად მიაღწია ნატოს მიერ დადგენილ მიზანს — თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ის დახარჯვას, რაც ერთ წელიწადში 63 მილიარდზე მეტ კანადურ დოლარს, ანუ 46 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კარნი ასევე შეუერთდა ნატოს ვალდებულებას, 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ის 5%-მდე დაიხარჯოს.

    კანადამ 2%-იან ნიშნულს მიაღწია ხელფასების ზრდის, ახალი აღჭურვილობის შესყიდვაზე აღებული ვალდებულებების, არსებული ბაზების მოდერნიზებისა და არქტიკაში ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯზე.

    ანალიტიკოსების აზრით, ახალი რეკრუტების მიუხედავად, კანადის შეიარაღებული ძალები მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის მოკავშირეებს. ისინი აფრთხილებენ, რომ დამატებითი თანხები შედეგს მაშინვე ვერ გამოიღებს.

    რიჩარდ შიმუკა, მაკდონალდ-ლორიეს ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი — ეს არის საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრი — ამბობს, რომ ამჟამად კანადის შეიარაღებულ ძალებს ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე ათასი ჯარისკაცისა და შეზღუდული რაოდენობის გამანადგურებლების განთავსება შეუძლიათ. შედარებისთვის, მისი თქმით, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს საჭიროების შემთხვევაში 10 000 სამხედრო მოსამსახურის განთავსება შეუძლიათ.

    „კანადის შეიარაღებული ძალების მდგომარეობა ამჟამად ძალიან დაბალ დონეზეა და ხუთი ან ათი წელი გავა, სანამ რეალურ აღმავლობას დავინახავთ“, — თქვა შიმუკამ.

    შიმუკას აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის კანადის ისტორიული გადაჭარბებული დამოკიდებულება თავდაცვის საკითხებში აშშ-ზე — თავის მეზობელზე და მსოფლიოს უდიდეს სამხედრო ძალაზე.

    აშშ-ის  პრეზიდენტები და ოფიციალური პირები არაერთხელ ახდენდნენ ზეწოლას კანადაზე თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიზნით, კრიტიკოსები კი კანადას „მუქთამჭამელს“ უწოდებდნენ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 2024 წელს კანადა დაადანაშაულა იმაში, რომ ის „ამერიკას კისერზე აზის“.

    გასულ წელს ტრამპმა კანადა გამოყო, როგორც ნატოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავდაცვაზე საკმარის თანხას არ ხარჯავს. ივნისში მან ჟურნალისტებს უთხრა: „კანადა ამბობს: რატომ უნდა გადავიხადოთ, თუ აშშ უფასოდ გვიცავს?“

    გასულ წელს გამოქვეყნებული ალიანსის ანგარიშის თანახმად, კანადა კვლავ ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გულუხვ წევრად რჩება — ჩამორჩება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს — მიუხედავად იმისა, რომ 2%-იან მიზანს მიაღწია.

    ნაკლები ბიუროკრატია და კეთილგანწყობილი მიღება უცხოელებისთვის

    კანადის უნარი, უფრო მეტი ახალწვეული მიიზიდოს, იმის ნიშანია, რომ მდგომარეობა შესაძლოა თანდათან უმჯობესდება. კანადის თავდაცვის მინისტრმა დევიდ მაკგინტიმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქვეყანამ შეიძლება პირადი შემადგენლობის დაკომპლექტების მიზნებს პროგნოზირებულზე ადრე მიაღწიოს.

    სამხედროების წასვლის მაჩვენებელიც ოდნავ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2024 წელს მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბილ ბლერი ამ მდგომარეობას „სიკვდილის სპირალად“ ახასიათებდა.

    აპრილის ბოლოს კანადის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ გასულ ფინანსურ წელს სამსახურში 7 000-ზე მეტი ადამიანი მიიღეს — ეს ახალწვეულების რაოდენობით ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანების საერთო რაოდენობიდან, რომლებმაც სამხედრო სამსახურში შესვლის სურვილი გამოთქვეს.  კანადის თავდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, თებერვლის მდგომარეობით, კანადის შეიარაღებულ ძალებში მიღებაზე დადასტურებული განაცხადების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა — 21 700-დან 40 116-მდე გაიზარდა.

    ეს მაჩვენებლები ასახავს იმ აპლიკანტების რაოდენობას, რომლებმაც საჭირო დოკუმენტები წარადგინეს სამსახურში მიღების უფლების დასადასტურებლად. განაცხადების საერთო რაოდენობა ბევრად უფრო მაღალი იყო და ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 100 000-ს მიაღწია.

    ეს მნიშვნელოვანი ნახტომია 2019–2020 წლებთან შედარებით, როდესაც განაცხადი დაახლოებით 36 000-მა ადამიანმა შეიტანა.

    კანადის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა ტრევის ჰეინსმა BBC-ს უთხრა, რომ, მისი აზრით, მსურველთა რაოდენობის ზრდა დიდწილად იმით არის გამოწვეული, რომ სამხედროებმა ბიუროკრატიული პროცედურები გაამარტივეს.

    კანადის შეიარაღებულ ძალებს დიდი ხნის განმავლობაში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ განაცხადების სწრაფად განხილვას და კანდიდატების სამსახურში მიღებას. ცოტა ხნის წინ არმიამ განაცხადის პროცესის ზოგიერთი ელემენტი ციფრულ ფორმატზე გადაიყვანა — მათ შორის, დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა დაუშვა — პროცესის დასაჩქარებლად.

    „ინტერესი ყოველთვის არსებობდა, — თქვა ჰეინსმა. — უბრალოდ, სისტემის გავლა რთული იყო“.

    ბოლო წლებში რეკრუტირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა ის, რომ განაცხადის შეტანა შეუძლიათ კანადის მუდმივ რეზიდენტებსაც და არა მხოლოდ მოქალაქეებს. ეს ზომა 2022 წელს ამოქმედდა. გასულ წელს უცხოეთის მოქალაქეები ახალწვეულების დაახლოებით 20%-ს შეადგენდნენ.

    ამჟამად კანადა თავისი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს: გეგმის მიხედვით, რეგულარული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 85 500-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო მობილიზაციის ძალები 300 000-მდე რეზერვისტით უნდა შეიქმნას.

    დიუვალ-ლანტუანის თქმით, კანადას ასეთი მასშტაბის მობილიზაციის გეგმა 2004 წლის შემდეგ არ განუხორციელებია. ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ითვალისწინებს უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელიც, როგორც მან აღნიშნა, დიდწილად სწორედ უკრაინის სამხედრო პოტენციალის წყალობით გრძელდება.

    კანადა, ისევე როგორც მისი ევროპელი მოკავშირეები, ცდილობს „მომავალი ომებისთვის მოემზადოს მიმდინარე ომის გაანალიზებით“, — თქვა მან.

  • ქალი, რომელიც ერთდროულად ორი კაცისგან დაორსულდა: როგორ არის ეს შესაძლებელი და რატომ ხდება  ასე იშვიათად?

    ქალი, რომელიც ერთდროულად ორი კაცისგან დაორსულდა: როგორ არის ეს შესაძლებელი და რატომ ხდება ასე იშვიათად?

    2018 წელს კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის პოპულაციური გენეტიკისა და იდენტიფიკაციის ლაბორატორიას მიმართა ქალმა, რომელსაც თავისი ორი წლის ტყუპი ვაჟის მამობის დადასტურება სურდა.

    ლაბორატორიაში ჩაატარეს სტანდარტული მამობის ტესტი. შემდეგ ტესტი ხელახლა გაიმეორეს, რადგან შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა: ბიჭებს ერთი დედა ჰყავდათ, მაგრამ სხვადასხვა მამა.

    ეს უკიდურესად იშვიათი ფენომენია, რომელსაც ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაცია ეწოდება — ანუ სხვადასხვა მამის მიერ სხვადასხვა კვერცხუჯრედის განაყოფიერება. მსოფლიოში, სამეცნიერო ლიტერატურაში, ადამიანებში ასეთი მხოლოდ დაახლოებით 20 შემთხვევაა აღწერილი.

    მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ექსპერტებმა იცოდნენ, თეორიულად ეს შესაძლებელი იყო, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არასდროს ჰქონიათ. ამან მაშინვე გააღვიძა მათი სამეცნიერო ინტერესი.

    როგორ გაირკვა ეს

    მამობის ტესტის ჩასატარებლად კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის მეცნიერები იყენებენ მიკროსატელიტური მარკერების ანალიზის მეთოდს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ბავშვის, დედისა და სავარაუდო მამის დნმ-ის ძალიან პატარა ფრაგმენტების შესწავლა და ერთმანეთთან შედარება.

    „ჩვენ თითოეული ადამიანის დნმ-ს ვიღებთ, ვიკვლევთ 15-დან 22-მდე უბანს, რომლებსაც მიკროსატელიტები ეწოდება, და მათ ერთმანეთთან ერთიმეორის მიყოლებით ვადარებთ“, — უთხრა BBC Mundo-ს ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა უილიამ უსაკენმა.

    თუმცა ეს პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დნმ-ის უბრალოდ ძლიერი მიკროსკოპით დათვალიერება.

    თითიდან სისხლის აღების შემდეგ მეცნიერები ქიმიური გზით გამოყოფენ დნმ-ს დანარჩენი კომპონენტებისგან.

    შემდეგ დნმ-ს სპეციალურ მოწყობილობაში ათავსებენ მისი ამპლიფიკაციისთვის, ანუ დნმ-ის გარკვეული უბნების დამატებითი ასლების შესაქმნელად.

    მიღებულ სითხეს ფლუორესცენტულ საღებავებთან ურევენ, რათა მონიშნონ 15-დან 22-მდე მიკროსატელიტური უბანი, რომელსაც იკვლევენ.

    ამის შემდეგ ნიმუშს ელექტროფორეზის მეთოდით აანალიზებენ — ეს მეთოდი დნმ-ის ფრაგმენტებს ზომის მიხედვით ყოფს. აპარატი აფიქსირებს ფლუორესცენტულ სიგნალებს და მათ რიცხვით მონაცემებად გარდაქმნის.

    საბოლოოდ, ამ რიცხვითი თანმიმდევრობების გამოყენებით მკვლევრები ადგენენ, რამდენად სავარაუდოა, რომ შემოწმებული მამაკაცი ბავშვის მამაა.

    როდესაც ბავშვის გენეტიკური პროფილის ნახევარი დედის პროფილს ემთხვევა, მეორე ნახევარი კი — სავარაუდო მამისას, მამობა დასტურდება.

    უჩვეულო შედეგი

    კოლუმბიელი ბიჭების შემთხვევაში მეცნიერებმა დედის, ორივე ბავშვისა და სავარაუდო მამის დნმ-ში 17 მიკროსატელიტი გააანალიზეს.

    მათ აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის დნმ ემთხვეოდა ერთ-ერთი ბავშვის დნმ-ს, მაგრამ არა მეორისას.

    „ლაბორატორიის დირექტორი უკვე 26 წელია ვარ და ეს პირველი ასეთი შემთხვევაა — და ჯერჯერობით ერთადერთი“, — ამბობს უსაკენი.

    „სხვა კვლევებიდან ვიცოდით, რომ მსოფლიოში ასეთი რამ მართლაც ხდება, მაგრამ ასეთი მოვლენების სიხშირე უკიდურესად დაბალია“, — ამატებს ანდრეა კასასი, გენეტიკის ექსპერტი და კოლუმბიის ეროვნული უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევარი.

    როგორც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, გუნდმა ტესტი თავიდან ბოლომდე ხელახლა ჩაატარა, რათა გამოერიცხათ შეცდომები, რომლებიც შეიძლება ნიმუშების დამუშავებისას ან მათი არევის გამო წარმოქმნილიყო. შედეგი ზუსტად იგივე აღმოჩნდა.

    ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავდათ.

    რატომ არის ასეთი შემთხვევები ასე იშვიათი

    2014 წელს ბალტიმორის ამერიკული ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ 39 000 მამობის ტესტის მონაცემთა ბაზაში ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაციის მხოლოდ სამი შემთხვევა აღმოაჩინეს.

    უსაკენი განმარტავს, რატომ გვხვდება ეს ბიოლოგიური მოვლენა ასე იშვიათად.

    „პირველ რიგში, ქალს ორი სქესობრივი პარტნიორი უნდა ჰყავდეს. მეორე — მას ორივე მამაკაცთან სქესობრივი კავშირი ძალიან მოკლე დროის შუალედში უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, უნდა მოხდეს პოლიოვულაცია“, — ამბობს ის.

    პოლიოვულაციის დროს ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ორი ან მეტი კვერცხუჯრედი გამოიყოფა.

    „და ბოლოს, ორივე კვერცხუჯრედი უნდა განაყოფიერდეს, — ამბობს უსაკენი. — ეს იშვიათი მოვლენაა, რომელსაც ემატება კიდევ ერთი იშვიათი მოვლენა, შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ ერთი. სამწუხაროდ, ლატარიას არ ვთამაშობთ“.

    ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მამისგან დაბადებული ტყუპები არასდროს იქნებიან ერთმანეთის იდენტურები ისე, როგორც ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები, რომლებიც ერთი კვერცხუჯრედისა და ერთი სპერმატოზოიდისგან ვითარდებიან.

    მეცნიერებს, ეთიკური მიზეზების გამო, არ შეუძლიათ დეტალურად გამოკითხონ ადამიანები იმ გარემოებების შესახებ, რომლებმაც ჰეტეროპატერნალურ სუპერფეკუნდაციამდე მიიყვანა.

    პირადი ცხოვრება

    უმეტეს შემთხვევაში, თუ ქალს ერთზე მეტი კვერცხუჯრედი გამოუთავისუფლდა და მხოლოდ ერთი მათგანი განაყოფიერდა, მეორე — ან დანარჩენები — სწრაფად ბერდებიან და კვდებიან.

    ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც სუპერფეკუნდაცია ასე იშვიათად ხდება: მეორე განაყოფიერება უნდა მოხდეს მანამდე, სანამ გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი დაიღუპება.

    აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის მონაცემებით, კვერცხუჯრედი საკვერცხიდან გამოსვლის შემდეგ 24 საათზე ნაკლებ ხანს ცოცხლობს.

    თუმცა ანდრეა კასასი განმარტავს, რომ კვერცხუჯრედები აუცილებლად ერთდროულად არ გამოიყოფა.

    „ზოგჯერ ერთი საკვერცხე გამოყოფს ერთ კვერცხუჯრედს, ხოლო ორი ან სამი დღის შემდეგ — კიდევ ერთს“, — ამბობს ის.

    მისი თქმით, ეს ზრდის სხვადასხვა დროს განაყოფიერების ალბათობას.

    კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ასეთი ცოტა შემთხვევაა ცნობილი, ის არის, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მამობის ტესტს არ იტარებს.

    გენეტიკის ინსტიტუტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მომავალში ეს მოვლენა შეიძლება ნაკლებად იშვიათად ჩაითვალოს „თანამედროვე მოლეკულური მეთოდების ხელმისაწვდომობისა და მამობის ტესტების მზარდი პოპულარობის“ წყალობით.

    მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს აინტერესებთ ჩასახვის გარემოებები ჰეტეროპატერნალური სუპერფეკუნდაციის შემთხვევებში, სამეცნიერო კვლევის ეთიკა მათ არ აძლევს უფლებას, ტესტირებაში მონაწილე ადამიანებს პირად ცხოვრებაზე კითხვები დაუსვან.

    „მამობის ტესტები ყოველთვის ტარდება ყველა ჩართული პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სრული პატივისცემით“, — განმარტავს უსაკენი.

  • ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

    ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

    ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. თავდასხმა “ფორმულას“ ეთერში გადაცემის დასრულების შემდეგ მოხდა. გადაცემა ჰესების მშენებლობას ეხებოდა.

    როგორც მთივლიშვილი “ფეისბუქზე” წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.

    ,,ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, “ქართული იცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!”,- წერს მთივლიშვილი.

  • ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

    ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ

    ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

    სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან, ერთს კი დამატებით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლასაც.

    პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

    ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

    ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.