Category: ახალი ამბები

  • კარდენახში, 36 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით მეზობელი დააკავეს – შსს

    კარდენახში, 36 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით მეზობელი დააკავეს – შსს

    შსს-ს ცნობით, სოფელ კარდენახში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა მეზობელი – 1990 წელს დაბადებული ა.მ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    მიყენებული ჭრილობის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს”. – წერს უწყება.

  • Times: უკრაინელმა ჰაკერებმა Starlink გამოიყენეს რუსული პოზიციების კოორდინატების მისაღებად

    Times: უკრაინელმა ჰაკერებმა Starlink გამოიყენეს რუსული პოზიციების კოორდინატების მისაღებად

    ბრიტანული გაზეთი Times-ის კორესპონდენტები ყვებიან, როგორ გამოიყენეს უკრაინელმა ჰაკერებმა წარმატებით ის მომენტი, როდესაც SpaceX-მა უკრაინის ფრონტზე მყოფ რუსულ დანაყოფებს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისზე წვდომა გაუთიშა.

    პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროებმა კონტრაბანდით შეძლეს Starlink-ის ათიათასობით ტერმინალის შეტანა, თუმცა თებერვალში მათი გამოყენების შესაძლებლობა დაკარგეს.

    შედეგად, კავშირის გარეშე მოულოდნელად დარჩენილმა რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინელების ძებნა, რომლებიც თანხის სანაცვლოდ დათანხმდებოდნენ ამ ტერმინალების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას. ამით ისარგებლეს უკრაინული ჯგუფის — „256-ე კიბერშტურმის დივიზიის“ — სამოქალაქო ჰაკერებმა.

    ისინი თავს IT-სპეციალისტებად ასაღებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება“ გაეწიათ, და საჭირო ინფორმაციის მისაღებად AI-ჩატბოტებს იყენებდნენ.

    თავდაპირველად ისინი ტერმინალების შესახებ ზოგად მონაცემებს ითხოვდნენ, მაგალითად სერიულ ნომრებს, თუმცა საბოლოოდ მათ GPS-კოორდინატების დასახელებას სთხოვდნენ. შედეგად, პუბლიკაციის თანახმად, მათ 2,6 ათასზე მეტი ტერმინალის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება შეძლეს.

    ეს მონაცემები დაუყოვნებლივ გადაეცემოდა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მათ სატელიტურ სურათებს ადარებდნენ, შემდეგ კი ზუსტ დარტყმებს აყენებდნენ სამეთაურო პუნქტებსა და დრონების გაშვების ადგილებს.

    ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ, ამბობს, რომ ასეთი დარტყმების დაწყების შემდეგ9 და Starlink-ის სერვისის გათიშვის შედეგად ამ სექტორში რუსული შეტევების რაოდენობა 45%-ით შემცირდა.

  • რუსული ელიტები უკმაყოფილონი არიან ომით, ეკონომიკითა და ცენზურით: კრემლი განხეთქილებას უახლოვდება-The Washington Post

    რუსული ელიტები უკმაყოფილონი არიან ომით, ეკონომიკითა და ცენზურით: კრემლი განხეთქილებას უახლოვდება-The Washington Post

    The Washington Post წერს, რომ რუსეთის ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ წრეებში იზრდება გაღიზიანება უკრაინის წინააღმდეგ ომის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და შეზღუდვების გამკაცრების გამო — მათ შორის, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებისა და ქვეყნის შიგნით „ხრახნების მოჭერის“ გამო.

    ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ ყოფილ Z-პროპაგანდისტს ილია რემესლოს, რომელიც ადრე ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობდა და პუტინის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, ახლა კი საჯაროდ მოითხოვა მისი გადადგომა და ის სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია.

    ამის შემდეგ რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა უკვე ერთ თვეში გაათავისუფლეს, რაც თანამედროვე რუსეთისთვის უჩვეულოა.

    თავად ის ამტკიცებს, რომ სისტემის ნაწილი „უკვე იწყებს პუტინის წინააღმდეგ მუშაობას“ და მიმდინარე პროცესებს საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს ადარებს, როდესაც ელიტებმა თავად დაიწყეს სისტემის შიგნიდან ნგრევა.

    ამასობაში პუტინის ადმინისტრაციასა და ძალოვნების ნაწილს შორის კონფლიქტზე საუბრობს მიხეილ ხოდორკოვსკიც. მისი თქმით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თითქოს ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ რუსეთში ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს.

  • გუნდის შიგნით ბრძოლაა, ღარიბაშვილის ხალხის გაწმენდა მიმდინარეობს – ირაკლი მელაშვილი

    გუნდის შიგნით ბრძოლაა, ღარიბაშვილის ხალხის გაწმენდა მიმდინარეობს – ირაკლი მელაშვილი

    “გუნდის შიგნით ბრძოლაა, ღარიბაშვილის ხალხის გაწმენდა მიმდინარეობს” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    “ძალიან მეცინებოდა, რომ ერევანში კობახიძის ვიზიტი დასავლეთისკენ შემოტრიალების ნაბიჯად ჩაითვალა. დაბუნდა თუ არა იქიდან, უზარმაზარი გასროლა გააკეთეს [“ქართული ოცნების” წევრებმა] და მთელი დღე ილანძღებოდნენ. ეს პაპუაშვილი საერთოდ მაგისთვის არის მგონი, რომ სულ უნდა ილანძღოს.

    რაღაცნაირი ბალანსი დაიჭირეს – ორი დღის წინ ჰქონდათ პროდასავლური დღე, დღეს კი ანტიდასავლური დღე, ხვალ რა იქნება? სინამდვილეში კლოუნადა არის ეს ყველაფერი. არანაირი შანსი დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ამ პოლიტიკით ახლა არ გვაქვს. ბუნებრივია, რაღაც შეხვედრები იქნება, რაღაც კონტაქტები იქნება, კეთროვანივით არ გეპყრობიან, მაგრამ ძირეულად არაფერი არ შეიცვლება.

    ამას ხვდება “ქართული ოცნებაც”, რომ მათ დაუშვეს უმძიმესი შეცდომა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში ძალიან მალე მოიგებდა რუსეთი და მაშინ ეს მათი თავდაცვითი პოზიცია იყო, რომ “გამარჯვებულ რუსეთთან” სალაპარაკო ჰქონოდათ”, – განაცხადა მელაშვილმა

  • მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნებზე – პაპუაშვილი

    მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყნებზე – პაპუაშვილი

    „თავისთავად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კონტრდაზვერვითი საქმიანობა. ჩვენ ვხედავთ თანამედროვე სამყაროში, როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, დაიმორჩილონ საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა უფრო პრიორიტეტული, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზოგადად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება. ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს ძლიერად და მობილიზებული“,

     

    ასე გამოეხმაურა”ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით გიორგი უძილაურის დაკავებას.

  • სამწუხაროა, როცა შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი ემსახურებიან სხვას – მარიამ ლაშხი გიორგი უძილაურის დაკავებაზე

    სამწუხაროა, როცა შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი ემსახურებიან სხვას – მარიამ ლაშხი გიორგი უძილაურის დაკავებაზე

    „ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გაკეთდა, სახელმწიფო ეროვნული ინტერესის დაცვაა, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის გაძლიერდა უსაფრთხოების სამსახურები იმისათვის, რომ ყველა მსგავსი ქმედება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, იყოს გამოაშკარავებული და პასუხისგებაში იყოს მიცემული. ყველაზე უფრო დიდი მტერი თუ ვინმე ჰყოლია საქართველოს, ეს იყვნენ მავნებელი ქართველები და ძალიან სამწუხაროა, როდესაც, ალბათ, შეგნებულად თუ შეუგნებლად ისინი ემსახურებიან სხვას, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციული ხასიათიც ექნება ამ ტიპის დაკავებას და კიდევ უფრო ძლიერად მოახერხებს სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“

    ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ჟურნალისტ გიორგი უძილაურის დაკავებას.

  • ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

    ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯათ

    ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები -დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო.

    გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, ორივე მათგანზე პროკურატურას ძებნა აქვს გამოცხადებული.

    ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.

    ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა – გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

  • წელს ევროპის დღე საქართველოში შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო – ჰერჩინსკი

    წელს ევროპის დღე საქართველოში შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო – ჰერჩინსკი

    „მალე ეს ადგილი ისე გარდაიქმნება, რომ დაუვიწყარი გახდება. ჩვენი წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს, მათ კულტურასა და ინოვაციებს, იმას, რაც მათ უნიკალურს ხდის. პავილიონებში დაგხვდებათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა გაეცნოთ. უამრავი აქტივობა პატარებისთვის. პირდაპირ ეთერში სცენაზე მნიშვნელოვანი საუბრები გაიმართება. წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის. ეს შეხსენებაა, როaმ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო.

    შემოგვიერთდით 9 მაისს „ექსპო-ჯორჯიაში“, აღვნიშნოთ ევროპის დღე ერთად!“

    ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოება ევროპის დღეზე დასასწრებად მიიწვია.

  • მოპარულია დიპლომი, სადაც იყო, იქ აღარ არის – ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევაც – მეუფე იობი

    მოპარულია დიპლომი, სადაც იყო, იქ აღარ არის – ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევაც – მეუფე იობი

    მოპარულია დიპლომი, სადაც იყო, იქ აღარ არის – ყველამ ვიცით, რომ ზეწოლაც ხდება და ჩარევაც – ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა.

    „დამირეკეს საპატრიარქოდან. მეუფე თეოდორემ მითხრა, აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ თქვენი დიპლომიო, სასულიერო სასწავლებლის დამთავრების დიპლომიო და როდესაც მე წავედი, სადაც იყო და სადაც ვიცოდი რომ იყო, იქ აღარ იყო.[…] მინდოდა, რომ მიეღო მონაწილეობა მეუფე დანიელსაც და მეუფე ისაიასაც, წესდება ითვალისწინებდა ამას, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ეს წესდება შესაცვლელია და ალბათ, უნდა შევცვალოთ მომავალში, იმიტომ, რომ ეს შეზღუდვები არ უნდა იყოს არც სასულიერო დიპლომთან დაკავშირებით და არც წლოვანებასთან დაკავშირებით.[…]მე ჩემი ხედვები წერილობით უკვე მაქვს დაფიქსირებული და ალბათ, გაფართოებულ სხდომაზე ვიტყვი ამის შესახებ. ცვლილებები უნდა მოხდეს, აუცილებლად, რეფორმები უნდა გატარდეს ძალიან ბევრი მიმართულებით. ჩვენ გვაქვს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და ეს კრება აუცილებლად უნდა ჩატარდეს მომავალში, როცა ამისთვის მზად ვიქნებით“, – განაცხადა მეუფე იობმა.

  • 103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოვიღეთ, ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს – შსს

    103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოვიღეთ, ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს – შსს

    “103 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ ამოვიღეთ, ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს ” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

    სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს.

    განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებულია ერთი პირი.

    სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილი, რომელიც დატვირთული იყო კაუსტიკური სოდით, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მესამე ქვეყანაში უნდა გასულიყო.

    სამართალდამცველებმა, ტვირთის დეტალური დათვალიერებისას, ტომრებში გადანაწილებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი საშუალება აღმოაჩინეს.

    მოცემულ საქმეში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, სამართალდამცველები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს, ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადა დავით კიკნაძემ.