Category: ჯანმრთელობა

  • რევოლუცია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში –პრეპარატის ეფექტურობა მეცნიერული კვლევით დადასტურდა

    პრეპარატ სემაგლუტიდის კლინიკურმა კვლევებმა ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ამ პრეპარატის ეფექტურობა დაადასტურა. ეს პრეპარატი შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ შეიქმნა.

    მეცნიერების თქმით, ამ კვირაში ჟურნალ New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები იმდენად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ სემაგლუტიდმა შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მოახდინოს სიმსუქნესთან ბრძოლაში.

    პრეპარატის ყოველკვირეული მიღების დაწყებიდან ერთ წელიწადში ექსპერიმენტის მონაწილეებმა საშუალოდ 15 კილოგრამი ზედმეტი წონა დაიკლეს, ამასთან მათმა ორმა მესამედმა წონის მინიმუმ 10% დაკარგა.

    საკონტროლო ჯგუფის პაციენტებმა, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ, სულ 3 კილო დაიკლეს.

    “მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ მოძებნონ წონის დასაკლები წამალი. უამრავი პრეპარატი გამოიცადა, თუმცა მათი უმრავლესობა ან არასაკმარისად ეფექტური იყო, ან გვერდითი ეფექტები ქონდა. ამიტომაც მათზე უარი თქვეს. ამ კვლვაში კი კლინიკურად მნიშვნელოვანი წონის კლება იმ ჯგუფის პრეპარატების დახმარებით მოხდა, რომლებმაც დიდი ხანია დაამტკიცეს მათი უსაფრთხოება მეორე ტიპის დიაბეტის მკურნალობისას. საჭირო იყო მხოლოდ იმაში დარწმუნება, რომ შედეგი გრძელვადიანი იქნებოდა და დაკლებული წონა აღარ დაბრუნდებოდა“– ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი კიტ ფრეინი.

    ამ ჯგუფის პრეპარატები ბევრ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ენდოკრინოლოგების აზრით პაციენტებს არა მხოლოდ წონის კონტროლში, არამედ სტრესთან გამკლავებაშიც ეხმარება, რომელიც კვებითი ქცევების დარღვევას იწვევს, რასაც შესაძლოა დიაბეტის განვითარება მოჰყვეს.

    კლინიკურ კვლევებში, რომლებიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა მონაწილეობა მიიღო 2000–ზე მეტმა ადამიანმა 16 ქვეყნიდან. მათ შორის  არ იყვნენ დიაბეტით დაავადებულები, თუმცა ყველა მონაწილეს ზედმეტი წონა ჰქონდა.

    სხეულის მასის ინდექსი, რომლის ნორმა 25 –ია, მათ შემთხვევაში 30–ზე ნაკლები არ ყოფილა, რაც გასუქების კლინიკურ განსაზღვრებას შეესაბამება.

    თავიდან პაციენტებში სასწავლო კურსი ჩაატარეს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მავნე ჩვევებზე უარის თქმის შესახებ. ამის შემდეგ მონაწილეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორ ჯგუფად დაყვეს: ორი მესამედი ყოველკვირეულად იღებდა სემაგლუტიდის დოზას (2.4 mg კანქვეშა ინექციის გზით). დანარჩენ მონაწილეებს კი პლაცებოს ნემსს უკეთებდნენ.

    ექსპერიმენტის შედეგები 68 კვირის შეაჯამეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები დღიურს აწარმოებდნენ, რომელშიც მათ მიერ მიღებული პროდუქტების და ფიზიკური ვარჯიშის შესახებ ინფორმაცია შეყავდათ.

    შედეგში სხვაობა მოულოდნელი აღმოჩნდა თავად ორგანიზატორებისთვის: მონაწილეები, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ საშუალოდ 2.4 %–ით გახდნენ სხეულის თავდაპირველ ინდექსთან მიმართებაში, იმ პაციენტებმა კი, რომლებიც სემაგლუტიდს იღებდნენ წონის თითქმის 15% დაიკლეს.

    ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სტატისტიკური მედიცინის პროფესორი, ბატისტ ლიორანი, რომელიც კვლევებში არ მონაწილეობდა ამტკიცებს, რომ ის ყველა მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდა და მისი აზრით შედეგებში დაეჭვების არანაირი მიზეზი არ არსებობს.

    “თუ ექსპერიმენტის არსს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სხვაობა სემაგლუტიდით მკურნალობის შედეგია. გახდომასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კვლევაში ყველაზე რთულია იმის მიღწევა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მონაწილე გავიდეს ექსპერიმენტიდან მის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში ბოლომდე მივიდა მონაწილეთა 90%, ეს კი საუკეთესო შესაძლო შედეგია“– ამბობს ის.

    მიუხედავად ზოგიერთ მონაწილეში გვერდითი ეფექტების, მაგალითად დიარეის ან გულისრევის აღნიშვნისა, პროფესორი ლიორანი ამბობს, რომ სემაგლუტიდს წონასთან ბრძოლაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

  • რა ვიცით Covid19-ის კიდევ ერთი ამერიკული ვაქცინის შესახებ–Novavax–ის პრეპარატი მალე ხელმისაწვდომი გახდება

    ამერიკულმა ფარმაცევტულმა კონცერნმა, Novavax–მა განაცხადა, რომ მის მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ,  NVX-CoV2373–მა კლინიკური კვლევების მეორე და მესამე ფაზები გაიარა. მისი ეფექტურობა 89.3 პროცენტია. დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია და ვირუსის მუტაციის შემთხვევაშიც მოქმედებს, კერძოდ კი ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. პრეპარატმა კლინიკური კვლევები ათასობით ადამიანის მონაწილეობით ჩაატარა. შედეგად კი მისი ეფექტურობა აჩვენა.  თუმცა ბრიტანული ვარიანტის მიმართ პრეპარატმა უფრო მეტი ეფექტურობა აჩვენა, ვიდრე სამხრეთ აფრიკულის მიმართ.

    კომპანია Novavax–ის პრეპარატი ინაქტივირებული კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მისი საფუძველია SARS-CoV-2 პათოგენის  S ცილა, რომელიც რეკომბინანტური ნანონაწილაკების სახით არის წარმოდგენილი. ვაქცინა შეიძლება 2–8 გრადუს ტემპერატურაზე ინახებოდეს, რაც მას უპირატესობას ანიჭებს Pfizer/BioNTech–ის ვაქცინასთან შედარებით.

    კვლევების ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინაციისას იშვიათი იყო გვერდითი მოვლენების შემთხვევები.

    მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორი, ჯონ მური როიტერთან საუბრისას ამბობს, რომ Novavax–ის ვაქცინის კვლევების მონაცემები უკვე ნებადართული ორი ვაქცინის – Moderna და Pfizer/BioNTech–ის მონაცემებთან შედარებისას აგებს, რადგან ამ ორმა პრეპარატმა კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე 94–95 პროცენტიანი ეფექტურობა აჩვენა, მაგრამ სტატისტიკის თვალსაზრისით ეს არც ისე რელევანტურია. “ვაქცინა პრინციპში კარგად მოქმედებს ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეფექტური იქნება აშშ–შიც“– ამბობს მური.

    ამჟამად NVX-CoV2373 –ის ტესტირება აშშ–სა და მექსიკაში მიმდინარეობს კლინიკური ცდების ფარგლებში, სახელწოდებით  PREVENT-19. თებერვლის შუა რიცხვებამდე კვლევებში მონაწილეობა უნდა მიიღოს 30 000–მა ადამიანმა.

    ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა საბაზო უნდა გახდეს გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში პრეპარატის დაშვებისთვის. თუმცა, თავდაპირველად მისი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს. Novavax აპირებს შესაბამის უწყებებს ნებართვისთვის განაცხადით მარტში ან აპრილში მიმართოს.

    კომპანია იმედოვნებს, რომ აშშ–ში სასწრაფო წესით დაშვებას მიიღებს. ევროკომისიას Novavax–ის ვაქცინის 200 მილიონი დოზის შეძენა უნდა. დიდმა ბრიტანეთმა 60 მილიონი დოზა შეუკვეთა. ცდების მეორე და მესამე ეტაპების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Novavax–ის აქციები ამერიკულ საფონდო ბირჟაზე 34%–ით გაიზარდა.

  • Covid19-ის ვაქცინა შესაძლოა მალე აბებად გამოუშვან. პროცესი დაწყებულია

    ბრიტანეთის იმუნიზაციის საქმეთა მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა, რომ მომავალში ვაქცინა შესაძლოა აბების სახით გამოჩნდეს. მისი თქმით, ასეთი ტექნოლოგიები უკვე შემუშავების პროცესშია და ბრიტანეთს აქვს შესაძლებლობა ვაქცინების ფართო სპექტრის წარმოების შესახებ, რომლებიც ნებისმიერ შტამს შეებრძოლება.

    ამასთან,  მან დაადასტურა, რომ ამჟამად ბრიტანეთი პრობლემებს წააწყდა AstraZeneca–ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით, რაც ვაქცინაციის კამპანიის მსვლელობას აფერხებს.

    ასეთივე პრობლემა არსებობს რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებში, და ექსპერტების აზრით ვაქცინა აბების სახით მათ გადაჭრას შეუწყობს ხელს, რადგან აბების ტრანსპორტირება და შენახვა უფრო ადვილია.

    ბიბისი–ს ინფორმაციით ბრიტანულმა გიგანტმა ბიოტექნოლოგიების სფეროში , კომპანია IoBio–მ განაცხადა, რომ ადრე დაწყებული პრეპარატების  აბების ფორმით გამოცდამ ცხოველებზე დადებითი შედეგები აჩვენა. ამჟამად IoBio და ამერიკული კომპანია ImmunityBio მზად არიან კლინიკური კვლევები ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაიწყონ, როგორც კი ბრიტანეთის რეგულატორი მწვანე შუქს აუნთებს. აშშ–ში აბების ფორმით დამზადებული ვაქცინის ცდები ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო.

    “კაფსულების შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ვაქცინაციის პროცესში მედიკოსების ჩართვა, მათი გაგზავნა Amazon Prime–ითაც  კი იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი ერთ დღეში პრაქტიკულად მთელი მოსახლეობის აცრა“– ამბობს IoBio–ს გენერალური დირექტორი უეინ ქენონი.

    ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ვაქცინის ორი დოზის გაკეთება ინექციის სახით, რომლის გაკეთება მხოლოდ მედიკოსებს შეუძლიათ, თანაც რამდენიმე კვირიანი შუალედით, ვაქცინაციის ყველაზე გრძელი და რთული გზაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. აბების გარდა განიხილება პრეპარატის ცხვირში ჩასაწვეთებელი წვეთების და პლასტირების ფორმითაც გამოშვებაც.

  • სამხრეთ აფრიკამ ” AstraZeneca–ს” გამოყენება შეაჩერა. ეს ვაქცინა სამხრეთ აფრიკულ შტამს ვერ ერევა

    მსოფლიოს ქვეყნები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ კომპანია     AstraZeneca–ს მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნა, როგორც აღმოჩნდა ნაკლებ ეფექტურია კორონავირუსის ეგრეთწოდებული სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. პრეპარატი მოხმარებისთვის ბევრ სახელმწიფოშია ნებადართული, თუმცა ახალი შტამის სწრაფად გავრცელების შემთხვევაში ამ პრეპარატით ვაქცინაცია შესაძლოა უშედეგო აღმოჩნდეს.

    სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების განცხადებით ქვეყანაში კოვიდით დაავადების შემთხვევების 90% ახალ შტამზე მოდის.  ბოლო კლინიკურმა კვლევებმა ორიათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობით აჩვენა, რომ ამ ვაქცინას მხოლოდ დაავადების მძიმე ფორმების აღკვეთა შეუძლია, მსუბუქი და საშუალო სიმპტომების შემთხვევებისგან კი მინიმალურად იცავს.

    იოჰანესბურგის ვითვოთერსრენდის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც კოლეგებს ჯერ-ჯერობით არ გადაუმოწმებიათ, დაადგინა, რომ ბრიტანული ვაქცინა იძლევა მხოლოდ “შეზღუდულ დაცვას ახალგაზრდებში, რომლებსაც სამხრეთ აფრიკული ვარიანტით გამოწვეული დაავადების ზომიერი ფორმები აქვთ.”

    ეს სიახლე დარტყმა აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკისთვის, სადაც ვირუსით 46 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა“ასტრაზენეკას” ვაქცინის მილიონი დოზით მოსახლეობის აცრის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავდა. კვლევამ აღმოაჩინა, რომ სამხრეთ აფრიკული ვარიანტით დაავადების ზომიერ შემთხვევებში, ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 22 პროცენტია.

    სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ პრეპარატ  ვაქცინაცია შეაჩერა.კვირას სამხრეთ აფრიკამ AstraZeneca–თი “კოვიდ-19”-ის ვაქცინაცია შეაჩერა.

    კვლევების შედეგები ჯერჯერობით არ არის სერთიფიცირებული, თუმცა უკვე ბევრმა ქვეყანამ ეჭვი გამოთქვა AstraZeneca–ს ახალი პარტიის შესყიდვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მანამდე ევროპის ქვეყნების უმრავლეოსბამ ეს პრეპარატი მხოლოდ 55 წლამდე ასაკის ჯგუფებისთვის ჩათვალა მიზანშეწონილად მისი ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

    ამასობაში სამხრეთ ფრიკული შტამი აქტიურად ვრცელდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. მაგალითად ბრიტანეთში ამ მომენტისთვის უკვე 147 შემთხვევაა გამოვლენილი.   დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა მინიმუმ 12 მილიონმა ადამიანმა უკვე მიიღო. მათგან დიდი ნაწილი სწორედ AstraZeneca–ს პრეპარატით არის აცრილი. ვირუსის ეს ვარიანტი 32 ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში იქნა აღმოჩენილი.

    კომპანიაში პირობას დებენ, რომ ვაქცინის მოდიფიცირებას მოახდენენ.

    კვირას “ასტრაზენეკამ” გამოაცხადა, რომ მუშაობს სხვა ვაქცინაზე, რომელიც შესაძლოა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის მიმართ უფრო ეფექტური იყოს. მოელიან, რომ ახალი ვაქცინა შემოდგომისთვის გამოჩნდება.

  • კოვიდის საწინააღმდეგო ზომები გრიპის ვირუსს ამარცხებს

    კოვიდის საწინააღმდეგო ზომები გრიპის ვირუსს ამარცხებს

    “ანტიკოვიდური ზომების“ დადებითი ეფექტი გრიპის და სხვა რესპირატორული დაავადებების მკვეთრი შემცირება გახდა. გერმანულმა რობერტ კოხის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმად მთელ გერმანიაში ამ წლის დასაწყისიდან გრიპის 400-ზე ნაკლები შემთხვევა დადასტურდა. არადა, გასული წლის იანვარში გრიპის ვირუსით 20 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული. ხაზგასმულია, რომ ეს არის მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული დიაგნოზები, ანუ რეალური ციფრები ბევრად მაღალია, თუმცა შემცირების მაშტაბის საილუსტრაციოდ საკმარისია.

    ვინაიდან კორონავირუსი და გრიპის ვირუსი მსგავსი გზებით ვრცელდება, საწინააღმდეგო ზომებიც ორივეს მიმართ ეფექტურია: ნიღბების ტარება, სოციალური დისტანცია, დეზინფექცია და მასობრივი თავშეყრის აკრძალვა გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც ეფექტური აღმოჩნდა.

    ეს ეფექტი ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შენიშნეს, როცა პირველი ლოქდაუნის ფონზე რესპირატორული დაავადებების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, გრიპის სეზონი კი ჩვეულებრივზე ადრე დამთავრდა.

  • პანდემიის გამო ევროპაში სიმსივნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით Covid-19–ის პანდემიამ ევროპაში ონკოლოგიური სამსახურების კატასტროფიული მოშლა გამოიწვია.  ევროკავშირის ყოველ მესამე ქვეყანაში დიაგნოსტიკის და მკურნალობის შეფერხება დაფიქსირდა, განსაკუთრებით კორონავირუსის პირველი ტალღისას, გასული წლის გაზაფხულზე. ამან განკურნებისა და გადარჩენის შანსები შეამცირა ასობით ათასი პაციენტისთვის. ამ რეალობაზე საუბრობენ სიმსივნური დაავადებების მკვლევარები და ონკოლოგები.

    “აპრილში დიაგნოსტირებული შემთხვევების რაოდენობა 44%–ით შემცირდა, სექტემბერში კი 14%–ით, გასული წლის იმავე თვეებთან შედარებით.  ეს იმას ნიშნავს, რომ სექტემბერში სიმსივნით დაავადებულმა 5 000 მა პაციენტმა საკუთარი დაავადების შესახებ ვერ გაიგო.“– ამბობს ბელგიელი ონკოლოგი ან ბუკიო.

    “ათიდან ოთხმა პაციენტმა მაგალითად დროულად ვერ გაიკეთა ქიმიოთერაპია. ამან დამღუპველი გავლენა იქონია დავადებულებზე და ონკოლოგიურ სამსახურებზე მთელ ევროპაში“ – ამბობს სიმსივნური დაავადებების ბრიტანელი მკვლევარი მარკ ლოულერი.

    ბოლო წლის გამოცდილების გათვალისწინებით ევროკომისიამ პირობა დადო, რომ სამომავლოდ მსგავს გაუთვალისწინებელ გარემოებებში მოქმედების გეგმას შეიმუშავებს. კერძოდ, გადაწყდა, რომ უფრო მეტად გამოიყენებენ ტელემედიცინას და დისტანციურ მონიტორინგს. თუმცა, ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ გეგმა არ ითვალისწინებს ზომებს სულიერი და ფიზიკური პრობლემების წინააღმდეგ, ასევე მატერიალურ დანაკარგებს, რასაც ადამიანები მსგავს სიტუაციებში განიცდიან.

    “ადამიანები მეტისმეტად არიან კონცენტრირებული პანდემიაზე, მისი სიმპტომები დიდ შეშფოთებასა და სტრესს იწვევს. არიან ადამიანები, ვინც მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდა, როცა მათ ვერც სახელმწიფო და ვერც სხვა ვინმე ეხმარება. ბევრი ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის, თუმცა ექიმს არ მიმართავენ, თუნდაც საგანგაშო სიმპომები ქონდეთ. ჩვენი პროფილის სპეციალისტებისათვის ეს არის პირველ რიგში კანის კიბოს ნიშნები. ასეთმა ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ექიმს.“– ამბობს ენ ბუკიო.

    ევროპის ონკოლოგიური ორგანიზაცია მთავრობებს სთავაზობს მასმედიიით საინფორმაციო კამპანია აწარმოოს ადამიანებისთვის იმის განსამარტად, რომ პანდემიის გამო თავი არ უნდა შეიკავონ სამედიცინო დახმარების მიღებისგან. ექსპერტები ცდილობენ კვლევების ხარჯების გაზრდასაც მიაღწიონ.

    “პანდემიის პირველი ფაზისას ვნახეთ კლინიკური კვლევების აქტივობის ვარდნა, ასევე სამეცნიერო შედეგების ანალიზების კლება – ორივე დაახლოებით 80%–ით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაახლოთ კვლევების ტემპები. ვნახეთ, რა სწრაფად მოხდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა, როცა ყველა რესურსი ამოქმედდა. ახლა კი უნდა გაიზარდოს ინვესტიციები კიბოს კვლევისთვის, რათა პაციენტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის უფრო ეფექტქური მეთოდები მოვძებნოთ.“– ამბობს მარკ ლოულერი.

    ევროკომისია აცხადებს, რომ უკვე ამ წელს შექმნის კიბოს შესწავლის ახალ ცენტრს და მიაღწევს იმას, რომ ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკამ მოსახლეობის ყველა ჯგუფი მოიცვას.

  • ამერიკელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად სახისა და ხელების გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს

    ნიუ იორკელმა ექიმებმა მსოფლიოში პირველად სახისა და ხელის ორივე მტევნის გადანერგვის  წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს. გასული წლის აგვისტოში 22 წლის ჯო დიმეომ საოპერაციოში 23 საათი გაატარა. მასთან 140 მედიკოსებისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა.

    2018 წელს დიმეო ღამის ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როცა საჭესთან ჩაეძინა. მისი ავტომობილი ავარიაში მოყვა და დაიწყვა. შედეგად ამერიკელმა მამაკაცმა მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო, რომელმაც მისი სხეულის თითქმის 80% დააზიანა. მას ხელის თითების ამპუტაცია გაუკეთეს, დაკარგა ტუჩები და ქუთუთოები.

    ჯომ ოთხი თვე დამწვრობის განყოფილებაში გაატარა – ამ დროის ნაწილი კი ხელოვნურ კომაში. დიმეომ 20–ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ხელებისა და სახის მოტორიკის სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა.

    2019 წელს პაციენტი ნიუ იორკში, NYU Langone–ის სამედიცინო ცენტრში გაგზავნეს, სადაც ერთი წლის შემდეგ ხელისა და სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაიკეთა.

    “ასეთი საჩუქარი ცხოვრებაში ერთხელ ხდება. იმედი მაქვს მისი (დონორის) ოჯახის წევრებისთვის შვება იქნება, თუ ეცოდინებათ, რომ მისი ნაწილი ჩემში განაგრძობს სიცოცხლეს. ჩემი მშობლები მადლობლები არიან, რომ ცხოვრებაში მეორე შანსი მომეცა“– თქვა ჯომ.

    “ჩვენი ოპერაციის მიზანი არა მხოლოდ მისი გარეგნობის გაუმჯობესება იყო. ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაფერს იდეალურად ემუშავა, განსაკუთრებით ხელებს“– განაცხადა სახის გადანერგვის პროგრამის დირექტორმა, ედუარდო როდრიგესმა.

    ოპერაციის შემდეგ ჯო დიმეომ 45 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა, კიდევ დაახლოებით ორი თვე კი საავადმყოფოში. იქ მან თავიდან ისწავლა თვალების გახელა და ახალი ხელების გამოყენება. ახლა მას უკვე შეუძლია დამოუკიდებლად ივარჯიშოს და ყოველდღიური საქმეები გააკეთოს, მაგალითად საუზმე მოიმზადოს.

    ექიმი როდრიგესი ამბობს, რომ ჯო დიმეო, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 5 საათი ფიზიოთერაპიით არის დაკავებული, ყველაზე მიზანდასახული პაციენტია მათ შორის, ვინც  კი ოდესმე შეხვედრია. მას უნდა სპორტით დაკავდეს, აღმერთებს გოლფს, უნდა ისევ ითამაშოს.

    “ყოველთვის მაოცებს, რამხელა სიმძიმის აწევა შეუძლია და როგორი ძალა აქვს“– ამბობს ექიმი.

    ეს არის პირველი ოპერაცია მსოფლიოში, როცა ექიმებმა წარმატებით მოახერხეს სახისა და ორივე კიდურის გადანერგვა. წარსულში მედიკოსებმა მსგავსი რამ ორჯერ სცადეს, თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად. ერთ–ერთი პაციენტი გართულებების შედეგად გარდაიცვალა, მეორეს კი ახლადგადანერგილი ხელების ამპუტაცია გაუკეთეს, რადგან ისინი ორგანიზმთან ვერ შეთავსდა.

    ამჯერად ექიმებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ჯო დიმეოს სხეულმა გადანერგილი ორგანოები მიიღო. მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადეს მათ წარმატებული ოპერაციის შესახებ.

  • დღისით ძილი იმაზე სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ახალი კვლევა

    დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის განვითარებაც კი შეაფერხოს. ამ დასკვნამდე ჩინელი მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ, რომლის შესახებ სტატია ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნდა.

    მკვლევარებმა 60 წლის 2200 ჯანმრთელი ადამიანის ძილის რეჟიმი შეისწავლეს, რომლებიც ჩინეთის დიდ ქალაქებში – პეკინში, შანხაისა და სიანში ცხოვრობენ. მათგან 1534 დღისით მუდმივად იძინებდა – ზოგი 5 წუთით, ზოგი კი 2 საათით. დანარჩენ 680 ადამიანს კი დღისით არასოდეს დაუძინია.

    გაირკვა, რომ დღისით ძილი ხანდაზმულ ადამიანებში სივრცეში უფრო ზუსტ ორიენტაციას, სწრაფ მეტყველებას და კარგ მეხსიერებას იწვევს.

    კვლევის ყველა მონაწილე დემენციის ნიშნებზეც შეამოწმეს. გაირკვა, რომ მათ, ვისაც დღისით ცოტა ხნით მაინც ეძინათ ბევრად უკეთესი სიტუაცია აღმოაჩნდათ.

    განვითარებულ ქვეყნებში დემენცია 65 წლის ზევით ყოველ მეათე ადამიანში ვითარდება. სულ მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ამ დაავადებით ცხოვრობს. ის მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას იწვევს, ასევე დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს აქვეითებს და დაავადებულები ახლობელ ადამიანებსაც კი ვეღარ ცნობენ.

    ასაკთან ერთად ადამიანს ძილის რეჟიმი ეცვლება და სულ უფრო ხშირად იძინებს დღისით. ადრე მეცნიერები ვერ თანხმდებოდნენ იმის შესახებ, დღისით ძილი დემენციის განვითარებას ამცირებდა თუ პირიქით, მისი სიმპტომი იყო.

    მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლვევა მიმოხილვითი იყო და ისინი ჯერ ვერ ამტკიცებენ, რომ დღის ძილი მართლაც ახდენს გავლენას კოგნიტიური ფუნქციების შენარჩუნებასა და დემენციის განვითარების შეჩერებაზე. არ იქნა გათვალისწინებული მაგალითად დღის ძილის ხანგრძლივობა და დღის მონაკვეთი, როცა კვლევის მონაწილეებს ეძინათ. ეს ფაქტორები კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

    თუმცა, გარკვეული დასკვნები მკვლევარებმა მაინც გააკეთეს.

    მათ ივარაუდეს, რომ დღის ძილი ორგანიზმის რეაქციაა ამა თუ იმ ანთებით პროცესზე.

    “ანთების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები უშუალო მონაწილეობას იღებენ ძილის მოშლაში. ძილი არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, დღის ძილი კი შესაძლოა ჩვენში ანთებაზე რეაგირების უნარს ავითარებდეს. ადამიანებს, რომლებსაც უფრო აქტიური ანთებითი პროცესები აღენიშნებათ, უფრო დიდხანს ძინავთ“–ნათქვამია კვლევაში.

    ორგანიზაცია Alzheimer’s Research UK –ის თანამშრომელი, სარა იმარისიო კაპა Daily Mail–თან ინტევიუში აღნიშნავს, რომ დემენციით დაავადებულ ადამიანებს ძილის რეჟიმის დარღვევები ახასიათებთ, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ მისი ცვლილებები შეიძლება დაავადების სიმპტომების, მაგალითად მეხსიერების დაკარგვის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოს.

    მისი თქმით, კვლევის ავტორებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს დღის ძილი მეხსიერებაზე ან აზროვნებით პროცესებზე. მათ მხოლოდ ის დაადგინეს,  რომ მათ შორის კავშირი არსებობს.

  • მეცნიერმა კორონავირუსით დაინფიცირების ზრდასა და მზის სხივების ნაკლებობას შორის კავშირი დაადგინა

    შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა და ორგანიზმში დე ვიტამინის დონე გახდა – თვლის ბელგიელი მეცნიერი სტეფან ვილრანდი. თავისი დასკვნები მან ჟურნალ Nature–ში გამოაქვეყნა.

    მკვლევარმა 18 ქვეყნის ბოლო ორი თვის ახალი დაინფიცირების მაჩვენებლები გააანალიზა, რომლებიც 39–დან 62 განედამდე მდებარეობენ. მან ვერანაირი კავშირი ვერ იპოვნა ტემპერატურულ მაჩვენებლებს ან ტენიანობასა და კოვიდით დაავადებულთა მაჩვენებლის ზრდას შორის, თუმცა შენიშნა პირდაპირი კორელაცია ქვეყნის გლობუსზე მდებარეობასთან.

    დაინფიცირების ზრდის მრუდის მკვეთრი ზრდა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ულტრაიისფერი გამოსხივების დღეღამური დოზა ეკვადორზე ანალოგიური მაჩვენებლის 34%–ით ეცემოდა.

    შესაბამისად, მზის სხივის ნაკლებობის გამო ადამიანეში დე ვიტამინის გამომუშავება ქვეითდებოდა, რაც დაავადების ზრდას უწყობდა ხელს.

    მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება არ არის მთავარი მიზეზი, რაც დაინფიცირების მაჩვენებელს აუარესებს, თუმცა შეიძლება ერთ–ერთი განმსაზღვრები ფაქტორი იყოს.

  • Moderna–ს ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამსაც ერევა

    ფარმაცევტულმა კომპანია მოდერნამ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებულ ვაქცინას დიდი ალბათობით შეუძლია კორონავირუსის ახალ, უფრო გადამდებ შტამებსაც მოერიოს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩნდა.

    თავდაპირველი ლაბორატორიული კვლევების მიხედვით,  ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს ვირუსის ახალი ვარიანტების “ამოცნობაც“ შეუძლიათ და მათაც წარმატებით ებრძვიან.

    მკვლევარებმა რვა ადამიანის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რომლებმაც მოდერნას ვაქცინის ორი დოზა მიიღეს და თავდაპირველი შედეგები დამაიმედებელი აღმოჩნდა. თუმცა ეს დასკვნები აცრილი ადამიანების უფრო გრძელვადიანი კვლევით უნდა გამყარდეს.

    ვირუსის ახალი შტამი უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოვლინდა. ბრიტანული და აფრიკული ვარიანტები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე თავდაპირველი ვირუსი. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით არის მტკიცებულებები, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან იყოს დაკავშირებული.

    კომპანია Moderna–ს კვლევის მონაცემებით ვაქცინა საკმარისი რაოდენობით ანტისხეულებს ქმნის ორივე ვარიანტთან საბრძოლველად, თუმცა სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური პასუხი უფრო სუსტია. როგორც კომპანია აღნიშნავს, ეს შედეგი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ვირუსის ამ ვარიანტის შემთხვევაში დაცვა შეიძლება უფრო ხანმოკლე იყოს.