Category: ჯანმრთელობა

  • “ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია“–ნანა გეგეჭკორი

    აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი თვლის, რომ ომიკრონის გავრცელების და დომინაციის გამო გადასახედია ვაქცინაციის სტრატეგია. მისი აზრით ახალგაზრდებსა და ბავშვებში ვაქცინაციის რისკები მის სარგებელს აღემატება, ვინაიდან ომიკრონს მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს:

    “ომიკრონი უსწრაფესად ანაცვლებს კორონავირუსის ყველა წინამორბედ ვარიანტს.
    დღეისათვის არსებული მონაცემებით, ომიკრონი გამოირჩევა უსწრაფესი გავრცელებით და შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით წინამორბედ ვარიანტებთან მიმართებაში.
    მედიცინა მთლიანად აგებულია რისკისა და სარგებლის წონასწორობაზე.
    ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, პრევენციის, მკურნალობის თუ დიაგნოსტიკის საშუალებები ასოცირებულია გარკვეულ რისკებთან. სწორედ ამიტომ, მათი გამოყენებისას ზედმიწევნით ფრთხილად ვეკიდებით ამ რისკების შეფარდებას სამედიცინო ჩარევით მიღებულ სარგებელთან.

    კორონავირუსის ვარიანტების ცვლილებისას იცვლება ინფიცირების, დაავადების მძიმე ფორმის განვითარების და სიკვდილობის რისკები. ასევე იცვლება ვაქცინებით მიღებული სარგებელი ყოველი კონკრეტული ვარიანტის მათზე მგრძნობელობის მიხედვით.

    დღეისათვის არსებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ აქამდე ფართოდ გამოყენებული კოვიდ ვაქცინების ეფექტურობა ინფიცირებასთან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. ასევე საგრძნობლად დაქვეითდა ომიკრონით ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი, თუმცა არა იმდენად, რომ რისკ ჯგუფებისთვის დაცვის აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
    ვინაიდან აქტიურად ვარ ჩართული, შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებაში კოვიდ-19თან დაკავშირებული ნებისმიერ სიახლესთან მიმართებაში, პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველა სიტყვას რასაც საჯაროდ თუ პირად საუბრებში გამოთქვამ, ამიტომაც მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე პირადი მოსაზრება ახალი რეალობის გათვალისწინებით. ეს ჩემი პირადი მოსაზრება იქნება და ჭეშმარიტების პრეტენზია არ აქვს. ამ საკითხებზე ჩემზე ბევრად გონიერი პროფესიონალები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მაშტაბით და დარწმუნებული ვარ ახალი რეალობის გათვალისწინებით ალბათ გადაიხედება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის სტრატეგიაც.
    დეტალებით და ციფრებით რომ არ გადაგღალოთ…

    ვაქცინაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვგულისხმობ მიოკარდიტის რისკებს სხვა და სხვა ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფებში), ყველაზე დიდი სარგებელი კოვიდ-19 საწინაანდეგო აცრას აქვს მოზრდილთა ასაკობრივ ჯგუფებში. განსაკუთრებით იმ კატეგორიაში, ვისაც თუნდაც ერთი თანდართული დაავადება ან კოვიდ-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან ასოცირებული რომელიმე სხვა რისკ ფაქტორი აღენიშნება. უდავო და უპირობოა ამ კატეგორიაში ვაქცინაციის უალტერნატივობა.

    ასევე უდავო და უპირობოა ვაქცინაციის უალტერნატოვობა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, კოვიდ-19-ით სიკვდილიანობასთან ასოცირებული მაღალი რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებში. ეს ეხება საბავშვო ასაკსაც.

    ჩემი აზრით, ომიკრონთან დაკავშირებული ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად უნდა გადაიხედოს ბავშვების და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდების ვაქცინაციის სტრატეგია.
    რისკის ფაქტორის არ მქონე ბავშვების ვაქცინაციისას პრევენციით მიღებული სარგებელი შეიძლება არც ისე მნიშვნელოვანი იყოს დაავადების ფორმების შემსუბუქების და დღეს არსებული ვაქცინების ომიკრონის მიმართ ეფექტურობის გათვალისწინებით. აქ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მიოკარდიტების რისკი საბავშო ასაკში ზოგად პოპულაციურთან შედარებით არასასურველია, განსაკუთრებით ბიჭებში.

    ხაზგასმით გავიმეორებ, საუბარია მიოკარდიტების ერთეულ შემთხვევებზე მილიონიონობით აცრილში. კოვიდ ვაქცინებთან ასოცირებულ მიოკარდიტს ავთვისებიანი მიმდინარეობა არ ახასითებს, ძალიან ადვილად იმართება მარტივი მედიკამენტოზური ჩარევით, მაგრამ რისკის და სარგებლის აწონვისას უდავოდ გასათვალისწინებელი ფაქტორია.

    უფრო დეტალურად რომ განვმარტო… დღემდე გამოქვეყნებული ყველა კვლევა საიმედოდ გამოიყურება ბავშვებში კოვიდ ვაქცინების უსაფრთხოების პროფილის კუთხით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტურობა ომიკრონის შემთხვევებში წინა კვლევებში ნაჩვენებს არ უტოლდება, რისკის და სარგებლის თანაფარდობა ვფიქრობ, კონკრეტულად ბაშვების ასაკობრივ ჯგუფებში, გადასახედია.

    დიდებს კი მეტი გონიერება გვმართებს, რათა დავიცვათ ჩვენი პატარები კოვიდით ინფიცირებისგან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მათი დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი პრევენციის ზომების იდეალური დაცვაა. თუ დიდები ზედმიწევნით ზუსტად დავიცავთ წესებს აღარ დაგვჭირდება პატარების მასიური ვაქცინაცია. დღესდღეობით ჩვენი უგუნურების გამო გვიწევს მაქსიმალურად მასიურად მოვიცვათ ყველა ასაკი ვაქცინაციით. რისკ ჯგუფებისთვის და მაღალი ასაკის პოპულაციისთვის სარგებელი უდავოა, ბავშვებისთვის და სრულიად ჯანმრთელი ახალგაზრდებისთვის კი ჩემი აზრით სადაო.

    ჩვენი, მოზრდილების, პასუხისმგებლობაა ყოველი ბავშვის პრობლემა ვისაც შეიძლება სარისკო გვერდითი ეფექტი გამოუვლინდეს.

    და ბოლოს, რა გახდა მართლა პრევენციის უმარტივესი წესების დაცვა, რომ სასიკვდილოდ არ გაიმეტოთ ერთმანეთი?..“– წერს ნანა გეგეჭკორი.

  • პირველად მსოფლიოში მამაკაცს გენმოდიფიცირებული ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

    ამერიკელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც პაციენტს ღორის გენმოდიფიცირებული გული გადაუნერგეს. ექიმები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი შანსია დევიდ ბენეტმა სიცოცხლე შეინარჩუნოს. გადანერგვის გარეშე მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.

    ქირურგების თქმით ოპერაცია, რომელიც შვიდ საათს გრძელდებოდა ბენეტს სამი დღის წინ გაუკეთეს. ამჟამად მისი მდგომარეობა ნორმალურია.

    “ჩემთვის არჩევანი იყო სიკვდილსა და ამ გადანერვას შორის. მესმის, რომ მომავალში ჩემი ბედი სრულიად გაურკვეველია, თუმცა ჩემთვის ეს უკანასკნელი შანსია“ – თქვა 57 წლის ბენეტმა ოპერაციის წინ.

    მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა ხელისუფლებისგან ოპერაციის სპეციალური ნებართვა მიიღეს მას შემდეგ, რაც დაასაბუთეს, რომ მის გარეშე პაციენტი მოკვდებოდა. დასრულდება თუ არა გადანერგვა საბოლოოდ წარმატებით, ჯერჯერობით უცნობია.

    ექიმებმა ჩათვალეს, რომ დევიდ ბენეტისთვის ადამიანის გულის გადანერგვა შეუძლებელი იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როცა პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

    ქირურგებისთვის ოპერაცია მრავალწლიანი კვლევების შედეგია. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ოპერაციის წარმატება მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას გამოიწვევს. თავის განცხადებაში მერილენდის უნივერსიტეტი ქირურგ ბარტლი გრიფიტს ციტირებს, რომლის თქმით ოპერაცია “მოაახლოვებს დონორთა ორგანოების უკმარისობასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრას.“

    ვებგვერდ OrganDonor.gov–ის მონაცემებით მხოლოდ აშშ–ში დონორის ორგანოების გადანერგვას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ელოდება, დღეში კი ორგანოების უკმარისობის გამო 17 პაციენტი კვდება.

    მეცნიერები უკვე დიდი ხანია განიხილავენ ცხოველების ორგანოების ადამიანისთვის ტრანსპლანტაციის, ანუ ქსენოტრანსპლანტაციის შესაძლებლობას. კარდიოქირურგიაში უკვე საყოველთაოდ გამოიყენება ადამიანისთვის ღორის გულის ზოგიერთი ნაწილის, კერძოდ სარქველების გადანერგვა.

    2021 წლის ოქტომბერში ნიუ იორკელმა ქირურგებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია და ადამიანს ღორის თირკმელი  გადაუნერგეს. იმ მომენტისთვის ეს იყო ისტორიაში ჩატარებული ამ ტიპის  ყველაზე რთული ოპერაცია. თუმცა, პაციენტის ტვინი, რომელსაც თირკმელი გადაუნერგეს იმ დროისთვის უკვე მკვდარი იყო და მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ არსებობდა.

    ამჯერად კი პაციენტ ბენეტს იმედი აქვს,  რომ ნორმალურ ცხოვრებას განაგრძობს. ოპერაციამდე ის ექვსი კვირის მანძილზე საწოლზე იყო მიჯაჭვული გულის დაავადების გამო. მისი სიცოცხლე სამედიცინო აპარატურის დახმარებით ნარჩუნდებოდა.

    როგორ განვითარდება მოვლენები ოპერაციის შემდეგ ჯერჯერობით უცნობია. სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, რომ ცხოველი, რომლის გული ტრანსპლანტაციისას გამოიყენეს, გენმოდიფიცირებული იყო: მეცნიერებმა მოაშორეს ის გენი, რომელსაც შესაძლოა გადანერგილი ორგანოს შეუთავსებლობა გამოეწვია.

    გოფიტის თქმით ახლა ექიმები დიდი სიფრთხილით მოქმედებენ და ყურადღებით აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას.

    ბენეტის შვილმა სააგენტო ასოშეითედ პრესთან ინტერვიუში თქვა, რომ ახლა მათი ოჯახი სრულ გაურკვევლობაშია. “მას ესმის, რამდენად დიდია იმის მნიშვნელობა, რაც გაკეთდა. ესმის რამხელა მიღწევაა ეს ოპერაცია“– თქვა მან მამაზე.

  • როგორ ჩავდგეთ ფორმაში: გაუკეთეთ საკუთარ თავს მასაჟი ლიმფოდრენაჟისთვის

    ჩვენი კანი ბევრ რამეს იტანს: საკვები ნივთიერებები მას ყველაზე ბოლოს ხვდება. მას უწევს გარეგანი ზემოქმედების ატანა და იცავს შინაგან ორგანოებს, ახდენს თერმორეგულაციას, გამოაქვს ორგანიზმიდან დღეღამეში დაახლოებით ერთი ლიტრი სითხე, რითაც თირკმელებს ეხმარება… სწორედ ამ უკანასკნელ ფუნქციაზე ვისაუბრებთ. ჩვენი ორგანიზმიდან ხრწნის პროდუქტების და მავნე ნივთიერებების გამოდევნაზე ლიმფური ნაკადია პასუხისმგებელი. ანუ, ლიმფური სითხეების გადაადგილება. ეს სწორედ კანის საფარში ხდება. ლიმფის მოცულობა ადამიანის ორგანიზმში სისხლისას აღემატება, ამიტომაც ეს დატვირთვა სულაც არ არის სახუმარო. სისტემაში პატარა ხარვეზი და სითხე დაგროვებას იწყებს, განსაკუთრებით თეძოებში, მუცელზე და ღაბაბთან.

    ვინაიდან სწორი კვების წესებს ყველა ვარღვევთ, ცოტას ვმოძრაობთ, გემრიელ და მავნე საკვებზე უარს არ ვამბობთ, გასაკვირი არ არის, რომ სისტემა მწყობრიდან ხშირად გამოდის. კარგი ამბავი ის არის, რომ თუ დღეში საკუთარ თავს 10 წუთს დაუთმობთ, ნორმალური ლიმფოდრენაჟი აღდგება და ერთი კვირის შემდეგ შეამჩნევთ, როგორ სწრაფად იკლებთ წონაში. შეიძლება საკუთარ თავს ლიმფოდრენაჟული მასაჟი გაუკეთოთ როგორც სხეულზე, ისე სახეზე.

    • საკუთარ სხეულს ლიმფოდრენაჟული მასაჟი ნატურალური ბეწვის ჯაგრისით უნდა გაუკეთოთ.
    • ჯობს მასაჟი შხაპის მიღებამდე გაიკეთოთ
    • მთელი მასაჟი წრიული მოძრაობებით კეთდება, ქვევიდან ზევით, პერიფერიებიდან ცენტრისკენ. სწორედ ასე მოძრაობს ლიმფა ჩვენს ორგანიზმში.
    • არ არის საჭირო კანზე ჯაგრისის უხეში მოძრაობა. შეხება კომფორტული უნდა იყოს.
    • მუცლის მასაჟი წრიულად უნდა გაკეთდეს, მარჯვნიდან მარცხნივ.
    • მასაჟი ფეხების, ხელის გულების და ტერფების ლიმფოდრენაჟული მასაჟით უნდა დაასრულოთ.
  • შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

    იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი პირადი ტრაგედიების დროს.

    ადამიანები ბუნებრივი მიზეზების გამოც ჭაღარავდებიან – ასაკთან ერთად თმა პიგმენტს კარგავს. ეს რა თქმა უნდა, ტრაგედია არ არის და თმის შეღებვა ბევრისთვის კარგი გამოსავალია. თუმცა, თმას რომ  საკუთარი ფერი თავისით, ბუნებრივად დაბრუნებოდეს, ასეთი შემთხვევა არავის ახსოვს. ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ საქმეში კოლუმბიის უნივერსიტეტის დოცენტი, მარტინ პიკარდი არ ჩაერთო.

    მან ჩაატარა კვლევა 14 მოხალისის მონაწილეობით, რომელთა ასაკი 9–დან 65 წლამდე იყო. მათ სრულიად ჭაღარა თმა ქონდათ, ან გაჭაღარავების პროცესი უკვე დაწყებული იყო.

    კვლევის პროცესში მათი თმის ნიმუშების მაღალი გარჩევადობის სკანირება მოხდა, რათა ზუსტად განესაზღვრათ, ზუსტად რამდენი პიგმენტი დაკარგეს მათ. ამასთან, გაირკვა საინტერესო თავისებურება: ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნებოდა თმის ფერის დაკარგვის პროცესის დასაწყისი, თუმცა შემდეგ ეს პროცესი მუხრუჭდებოდა.

    ფერთა ვარიაციების ექსპერიმენტის მონაწილეთა დღიურებთან შეადარეს, რომელშიც ისინი წლის განმავლობაში სიმშვიდისა და სტრესის პერიოდებს აღწერდნენ, მეცნიერებმა შეამჩნიეს გარკვეული კავშირი სტრესის ციკლებსა და თმის პიგმენტაციის დაკარგვას შორის.

    “ერთ–ერთი მათგანი შვებულებაში წავიდა, და ამ ხნის მანძილზე მისი თმის 5 ღერი კვლავ გამუქდა“– აღნიშნავს პიკარდი.

    თმის შიგნით ასობით ცილის გაანალიზებისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი გაჭაღარავების პროცესსა და ცილოვან მიტოქონდრიებს შორის – უჯრედულ დონეზე  ენერგიის ხარჯვის მაჩვენებელსა და მეტაბოლურ სტრესს შორის.

    მეცნიერებმა კვლევის შედეგების ექსტრაპოლირებისთვის მათემატიკური მოდელი გამოიყენეს სხვადასხვა ასაკის ადამიანების დიდ რაოდენობაზე და ივარაუდეს, რომ გაჭაღარავების პროცესში მყოფმა და გაჭაღარავებულმა თმებმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მართლაც დაიბრუნონ ძველი ფერი. მართალია ეს ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება თაგვებზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, თუმცა ასეთი განსხვავება შეიძლება თაგვებისა და ადამიანების თმის ფოლიკულებს შორის განსხვავებით აიხსნას.

    “იმ მექანიზმების გაგებამ, რომელიც გაჭაღარავების პროცესში მყოფ თმას ახალგაზრდულ პიგმენტაციას დაუბრუნებს, შეიძლება ბევრი ახალი ინფორმაცია მოგვცეს ადამიანის დაბერების პროცესზე და იმაზე, როგორ მოქმედებს სტრესი ამ პროცესზე“– ამბობს მარტინ პიკარდი.

    მკვლევარები არ ჩქარობენ მათ დაიმედებას, ვინც ჭაღარას მომატებას განიცდის. ისინი ამბობენ, რომ თმის ფერის ნაწილობრივ აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე, ასე რომ, სტრესის  ან სხვა ბიოლოგიური მიზეზების გამო დროზე ადრე გაჭაღარავება ადვილია, თმის ძველი ფერის დაბრუნება კი ასაკში საღებავის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა.

  • რატომ არ უნდა გეშინოდეთ კორონავირუსის, როცა გაციებული ხართ

    წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში – ცხვირში, ყელში და ფილტვებში არსებული უჯრედები სახლებია. როგორც კი ვირუსი ამ სახლების შიგნით ხვდება, მას შეუძლია კარი ღია დატოვოს და სხვა ვირუსებიც შეუშვას, ან შეიძლება კარი ისე დაკეტოს, რომ შიგნით ვერავინ შეაღწიოს და “მარტოობით დატკბეს.“ სწორედ ასე იქცევა მაგალითად, გრიპის ვირუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ეგოისტური ვირუსია.

    გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რინოვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს შეიძლება ადამიანის ორგანიზმს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავდეს. რა თქმა უნდა, საქმე ეხება არა მუდმივ იმუნიტეტს, არამედ დროის იმ პერიოდს, როდესაც ვირუსი უჯრედებში იმყოფება.

    ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის შედეგად, რომლის დროსაც  სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ასლი, რომელიც იმავე ტიპის უჯრედებისგან შედგებოდა, ერთდროულად კორონავირუსით და რინოვირუსით დააინფიცირეს.

    გაირკვა, რომ თუ უჯრედებთან წვდომას ორივე ვირუსი ერთდროულად იღებს, რინოვირუსი იმარჯვებს და ახალ კორონავირუსს შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს. ამავე დროს, როგორც კვლევამ აჩვენა, ასე ხდება სამი ვარიანტიდან ნებისმიერის შემთხვევაში: თუ რინოვირუსს უჯრედებში 24 საათით ადრე უშვებენ, ვიდრე SARS-CoV-2–ს, თუ ორივე ვირუსს უჯრედებზე წვდომა ერთდროულად აქვთ და იმ შემთხვევაშიც, თუ კორონავირუსს 24 საათიან ფორას აძლევენ, ანუ მას უჯრედებში 24 საათით ადრე უშვებენ, ვიდრე რინოვირუსს.

    “გამოდის, რომ რინოვირუსი კორონავირუსს თრგუნავს,შესაბამისად,  ჩვეულებრივი გაციების და სურდოს დაავადებების სეზონზე კორონავირუსით დაინფიცირება ბევრად ნაკლები იქნება“– უთხრა ბიბისი–ს დოქტორმა პაბლო მურსიამ.

    კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ უჯრედში მოხვედრის შემდეგ რინოვირუსი ორგანიზმის იმუნურ პასუხს აამოქმედებს და საკუთარ ასლებს ქმნის, რომელიც კორონავირუსს გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

    თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცდები შოტლანდიელმა მეცნიერებმა ლაბორატორიულ პირობებში ჩაატარეს და ვირუსებით სასუნთქი გზების ხელოვნურად გამოყვანილი უჯრედები დააინფიცირეს.

    ცოცხალ ორგანიზმში უამრავი სხვა პროცესი მიმდინარეობს, რომლებმაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინონ ვირუსების უჯრედებთან და ერთმანეთთან ურთიერთქმედებაზე. ამიტომაც, ლაბორატორიული ცდების შედეგებს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

    თუმცა, მსგავსი შემთხვევები ადრეც შეინიშნებოდა. მაგალითად, არსებობს ვერსია, რომ სწორედ რინოვირუსის დიდმა აფეთქებამ შეუშალა ხელი 2009 წელს ევროპის ზოგიერთ ნაწილში ღორის გრიპის პანდემიას.

    თუმცა, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა მოვდუნდეთ, რადგან კორონავირუსით მას შემდეგ შეიძლება დაინფიცირდეთ, როცა გაციება გაგივლით და რინოვირუსი ორგანიზმს დატოვებს.

    “ჰიგიენის ზომებმა, ასევე ვირუსების ურთიერთქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს კორონავირუსით დაავადება, მაგრამ მაქსიმალურ ეფექტს მხოლოდ ვაქცინაცია იძლევა“–ამბობს დოქტორი მურსია.

    უირიკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ლოურენს იანგი კოლეგას ეთანხმება, რომ რინოვირუსი, რომელიც კორონავირუსზე ბევრად უფრო გადამდებია, შეიძლება შემოდგომის და ზამთრის თვეებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემნელებელი აღმოჩნდეს.

    თუმცა, ზუსტად როგორ განვითარდება უახლოესი ზამთრების განმავლობაში გაციების და გრიპის სეზონები, ჯერჯერობით რთული სათქმელია. სავარაუდოდ კორონავირუსი არსად გაქრება, სხვა ინფექციები კი, რომლებიც ბოლო დროს თითქმის აღარ ვრცელდება მთელ მსოფლიოში შემოღებული ამკრძალავი ზომების გამო, არა მხოლოდ დაბრუნდებიან, არამედ ძლიერი ეფექტი ექნებათ იმ ადამიანებზე, რომლებმაც მთელი წელი სახლში გამოკეტილებმა, სოციალური კონტაქტების გარეშე გაატარეს და რომელთა იმუნიტეტი ძლიერ არის დასუსტებული.

  • ანგელა მერკელი Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინით აიცრა

    გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. ამის შესახებ მისი პრეს სპიკერი, სტეფან ზეიბერტი ტვიტერზე წერს.

    “ბედნიერი ვარ, რომ დღეს მივიღე  Oxford-AstraZeneca–ს ვაქცცინის პირველი დოზა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია ვაქცინაციის კამპანიაში და ყველას, ვინც აიცრა. ვაქცინაცია პანდემიის დასრულების საშუალებაა “–ციტირებს მერკელს ზეიბერტი.

    Oxford-AstraZeneca–ს ვაქცინა გერმანიაში სადაო გახდა. ბევრმა ადამიანმა თავდაპირველად უარი თქვა მის გაკეთებაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო.

    მარტში გერმანიამ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ეს ვაქცინა მხოლოდ 60 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს გაუკეთდებათ. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც პირველი დოზის შემდეგ 31 ადამიანს, ძირითადად ახალგაზრდა ქალებს სისხლის იშვიათი თრომბოზები გამოუვლინდა.

  • “ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

    ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.

    “ ევროპის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას გვერდითი ეფექტების სიაში შეიტანა თრომბოციტოპენიით მიმდინარე უჩვეულო თრომბოტული გართულება. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უკიდურესად იშვიათი გართულება და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან. ასევე, შემთხვევების აბსოლიტური უმრავლესობა აღწერილია ქალებში 55 წელს ქვემოთ.

    მედიცინაში უამრავ ისეთ წამალს ვიყენებთ რომელიც სიკვდილის რისკსაც კი შეიცავს. მაგალითად, კარდიოლოგიაში გამოყენებული ყველაზე ეფექტური ანტიარითმიული პრეპარატების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება პარკუჭების ფიბრილაციაა, რაც შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს, თუ დროული დახმარება არ გაეწია პაციენტს. ალბათ იკითხავთ, რატომ ვიყენებთ არითმიის სამკურნალოდ პრეპარატს რომელსაც სასიცოცხლო საფრთხის შემცველი სხვა არითმიის გამოწვევა შეუძლია? რისკის და სარგებლის შეფასებაშია პასუხი.

    ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს რისკის და სარგებლის გაცნობიერება. კოვიდი ძალიან მაღალი პროთრომბოტყლობით ხასიათდება და ეს რისკი შეუდარებლად მაღალია ვაქცინაციით გამოწვეულ გვერდით ეფექტებთან მიმართებაში. გამოსავალი გონიერ გადაწყვეტილებაშია. ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება წარმოუდგენელია. ამავე დროს, აუცილებელია რისკ ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღება და ვაქცინის შერჩევა მოხდეს თუნდაც თეორიული საფრთხის გათვალისწინებით.

    ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია…
    კოვიდი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს…
    ვაქცინაცია კოვიდით სიკვდილისგან იცავს…
    ადამიანებს უპირობოდ უნდა ჰქინდეთ არჩევანი აცრებთან მიმართებაში…
    უსაფრთხო ვაქცინაცია სწორი მენეჯმენტის პირობებში ნამდვილად შესაძლებელია…

    კვლევების ინტერპრეტირება არაპროფესიონალების მიერ და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება პანდემიის პირობებში დანაშაულის ტოლფასია. კვლევების სწორად ინტერპრეტირება არ შეუძლია ყველა ექიმსაც კი. ამას სპეციალური განათლება სჭირდება. საბაზისო სტატისტიკის ცოდნაც კი არაა საკმარისი ამისთვის. არასწორ ინფორმაციას შეუძლია ადამიანს უბიძგოს სასიკვდილო საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებისკენ. გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს.“– წერს ნანა გეგეჭკორი.

  • ევროპაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის და თრომბის რისკის შესწავლა გრძელდება

    ევროკავშირის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) წარმომადგენელი, სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, საუბრობს იმაზე, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინას და თავის ტვინში მომხდარ უიშვიათეს თრომბს შორის, კავშირი იკვეთება. თუმცა, ამის სავარაუდო მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

    “ჩემი აზრით, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვევით არის კავშირი [თრომბების] ვაქცინასთან, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა იწვევს ამ რეაქციას” – თქვა მარკო კავალიერიმ იტალიურ გაზეთთან Il Messagero ინტერვიუში. კავალიერი ევროპის მედიკამენტების სააგენტოში ვაქცინების შეფასების გუნდის თავმჯდომარეა. მას საკუთარი აზრის დამადასტურებელი მტკიცებულება გამოცემისთვის არ წარუდგენია.

    კავალიერის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ, რომელიც ევროკავშირის მთავარი მარეგულირებელია, განცხადება გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ ვაქცინის თაობაზე კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მისი შედეგები ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს გახდება ცნობილი. “სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტს (PRAC) განხილვის შემდეგ საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოუტანია” – აცხადებს მარეგულირებელი. ბრიტანული კომპანიის “ასტრაზენეკა” პრესსპიკერმა კი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

    სააგენტო გამუდმებით იმეორებს, რომ “ასტრაზენეკას” და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივად შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრჯერ აღემატება მისგან შექმნილ რისკებს. თუმცა, ევროკავშირის მარეგულირებელი კვლავ აგრძელებს 44 შემთხვევის შესწავლას, რომელიც ბლოკში მცხოვრები 9.2 მილიონი ადამიანის აცრის შემდეგ დაფიქსირდა.

    იგივეს აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, სადაც ამ ვაქცინით ათეულ მილიონობით ადამიანია აცრილი. თავად “ასტრაზენეკამაც” ჩაატარა შიდა გამოძიება, რომელმაც აცრას და თავის ტვინში მომხდარი თრომბის უიშვიათეს სახეს შორის კავშირი არ დაადასტურა.

    ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა საფრანგეთი, გერმანია და ჰოლანდია, ვაქცინის გამოყენება საბოლოო შედეგების დადგენამდე, ახალგაზრდა ადამიანებში საერთოდ შეწყვიტა.

    გასულ კვირაში, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ განაცხადა, რომ მათ ჯერჯერობით კონკრეტული რისკფაქტორები ვერ გამოავლინეს, როგორიცაა მაგალითად: ასაკი, სქესი ან ადამიანის ავადმყოფობის ისტორია შესაბამისი რისკებით. პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის, თუმცა ანალიზი გრძელდება – თქვეს სააგენტოს რისკების შეფასების კომიტეტის წევრებმა.

    შემთხვევებს შორის ახალგაზრდა და შუახნის ქალები ჭარბობდნენ. თრომბი აცრიდან რამდენიმე დღეში, ან კვირაში ვითარდებოდა. იყო ეჭვი ზოგიერთ პრეპარატზე, მათ შორის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, რაც ამ ეტაპზე არ დადასტურდა. ასევე განიხილება თეორია, იწვევს თუ არა ვაქცინა უჩვეულო ანტისხეულების წარმოქმნას.

    ფაქტია, რომ ეს ძალიან დიდი იშვიათობაა. 2 აპრილს, ბრიტანეთში გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იქ თრომბოზული მოვლენების მხოლოდ 30 შემთხვევა აღირიცხა. ეს მაშინ, როცა იმ დროისთვის ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 18.1 მილიონი დოზა იყო ადმინისტრირებული.

    აღნიშნული განცხადება გასულ ხუთშაბათს ბრიტანეთის მთავარმა მარეგულირებელმა გააკეთა. მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ ისიც თქვა, რომ მსგავსი მოვლენები მათ არ დაუფიქსირებიათ “ფაიზერის” და “ბიონტექის” ერთობლივი ვაქცინის შემთხვევაში. ბრიტანული სააგენტო იმეორებს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება მის შესაძლო უსაფრთხოების რისკებს, თუნცაც ეს თრომბის განვითარების მცირე რისკი იყოს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

    „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში.

    შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

    „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.

    თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქს პლატფორმაში“.

    რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

  • კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

    ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში დამტკიცებული რიგით მესამე ვაქცინა იქნება კორონავირუსის წინააღმდგე.

    სანიტარული ზედამხედველობის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების სამმართველომ განაცხადა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ეფექტურად აღკვეთს კრონავირუსის მძიმე ფორმებით დაავადებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ საჭიროებს მეორე დოზას.

    ექსპერტების აზრით ახალი ვაქცინა შესაძლოა Pfizer–ის და Moderna–ს ვაქცინების იაფფასიანი ალტერნატივა გახდეს, რადგან მათგან განსხვავებით ახალი ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც შეიძლება და განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი არ ჭირდება.

    აშშ–ში, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ჩატარებულმა წინასწარმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალს ვაქცინას შეუძლია 85%–ზე მეტად აღკვეთოს დაავადების მძიმე შემთხვევები, თუმცა კრონავირუსის საშუალო და მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ მისი ეფექტურობა 66%–ს არ აღემატება.

    ამასთან, კვლევის არცერთი მონაწილე ვაქცინის მიღებიდან 28 დღის განმავლობაში არ გარდაცვლილა და არც საავადმყოფოში მოხვედრილა.

     

    კომპანია Johnson & Johnson აცხადებდა, რომ მარეგულირებლის მიერ დამტკიცების შემთხვევაში მაშინვე შეუძლია 4 მილიონი დოზის გამოშვება, მარტის ბოლოსთვის კი უკვე 20 მილიონი დოზის დამზადება.

    ვაქცინის პირველი 12 მილიონი დოზა ამერიკის ფედერალურ მთავრობას გადაეცემა.