Category: ჯანმრთელობა

  • მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

    ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის აფეთქების წინააღმდეგ მიღებული ზომების გაძლიერების“ აუცილებლობით ახსნა.

    „აღმასრულებელი განკარგულება გაცილებით სწრაფი რეაგირების საშუალებას მოგვცემს, ჯანდაცვის სპეციალისტებს კი საშუალება მიეცემათ დამატებითი ზომები მიიღონ მეტი ნიუ-იორკელის ასაცრელად“ ნათქვამია პარასკევს, გვიან ღამით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

    შტატის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ჯანდაცვა 24-საათიან რეჟმში მუშაობს, რათა მოხდეს ტესტირების და ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ნიუ-იორკელთა ინფორმირება არსებული რისკების თაობაზე. გუბერნატორ ჰოქულის განმარტებით, ნიუ-იორკის შტატზე ამერიკაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთა მეოთხედზე მეტი მოდის.

    განცხადების გაკეთების მომენტში, ნიუ-იორკის შტატში ინფიცირების 1 383 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, ამბობს შტატის ჯანდაცვის ოფიციალური ვებგვერდი. თუმცა, „აუცილებელია, რომ ყველა იყოს ინფორმირებული მაიმუნის ყვავილის თაობაზე. ეს ნიშნავს სიმპტომების ცოდნას, ინფორმაციის გაცნობას მისი გავრცელების გზებზე და იმაზე, თუ რა უნდა ვიღონოთ, თუკი ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდა“.

    ინფიცირების მასშტაბი ამერიკაში

    კვირას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 5 189 შემთხვევა აღირიცხა. ყველაზე მეტი, 1 345 ინფიცირებული ნიუ-იორკშია. შემდეგ მოდის კალიფორნიის შტატი – 799 შემთხვევით და მესამე ადგილზეა ილინოისი – 419 ინფიცირებულით.

    მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ამერიკაში 17 მაისს აღირიცხა. დღეისთვის დაავადება მონტანის, ვერმონტის და ვაიომინგის გარდა, ყველა შტატში ფიქსირდება. მზარდი ინფიცირების გამო, საგანგებო ვითარება სან-ფრანცისკოს ჯანდაცვამაც გამოაცხადა.

    რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე

    მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა. ეს საკმაოდ იშვიათი ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობაც ახასიათებს.

    დაავადება ადამიანებში ძირითადად ახლო, ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება. მაიმუნის ყვავილის ბოლო აფეთქებით თუ ვიმსჯელებთ, ის მოსახლეობის ზოგ ჯგუფს გაცილებით მეტ რისკს უქმნის, განსაკუთრებით ჰომოსექსუალ კაცებს. ინფექციის წინა აფეთქებების მიხედვით, რისკის ჯგუფებში იყვნენ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ორსული ქალები, მოხუცები და 8 წლამდე ბავშვები.

    კოვიდ-19-ისგან მაიმუნის ყვავილს განასხვავებს ის, რომ ინფექცია კორონავირუსთან შედარებით ნაკლები გავრცელებით გამოირჩევა. ის ძირითადად უშუალო კონტაქტით და შეხებით გადადის. ამას გარდა, უკვე არსებობს მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ მოქმედი, ადრე დამტკიცებული უსაფრთხო ვაქცინები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.

    მაიმუნის ყვავილს ახასიათებს ცხელება, თავისტკივილი და შეშუპება, ასევე შესაძლოა ტკივილი ზურგის და კუნთების არეში. ტემპერატურის მატების შემდეგ, ინფიცირებულს ეწყება ბუშტუკოვანი გამონაყარი სახეზე, ტანზე და კიდურებზე. გამონაყარი ხშირად მტკივნეული და ქავილის გამომწვევია. დაავადება საშუალოდ 12-დან 21 დღემდე გრძელდება.

    გლობალურ საფრთხედ გამოცხადება

    მაიმუნის ყვავილი უმეტესად აფრიკული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ინფექციაა. თუმცა, გაზაფხულზე მისმა არაენდემურ ქვეყნებში, ევროპის, ამერიკის, თუ ავსტრალიის კონტინენტებზე ცირკულირებამ, სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. 27 მაისისთვის დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.

    ინფიცირების ზრდის გამო, გასულ კვირას, 23 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ მომენტში მთელ მსოფლიოში ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ვირუსი 75 ქვეყანაში გავრცელდა და აფრიკის კონტინენტზე სიკვდილობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

    გლობალურ საფრთხედ გამოცხადება მსოფლიოს ჯანდაცვას ინფექციასთან ბრძოლაში კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების და დამატებითი სახსრების მობილიზებაში ეხმარება. ამას გარდა, ეს ბიძგს აძლევს ქვეყნებს შორის სამკურნალო საშუალებების და ვაქცინების მეტ გაზიარებას.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მამაკაცი 40 წლიანი დაავადების შემდეგ შიდსისგან განიკურნა, თუმცა სულ სხვა დაავადებას მკურნალობდა

    მამაკაცი, რომელსაც ჯერ კიდევ 1980–იან წლებში დაუსვეს შიდსის დიაგნოზი, როგორც ჩანს სრულად განიკურნა ამ ვირუსისგან. მედიცინის ისტორიაში ეს არის მეოთხე შემთხვევა, როცა ადამიანმა შიდსი დაამარცხა.

    შიდსით ინფიცირებული მამკაცი ლეიკემიას მკურნალობდა, როცა დონორის ძვლის ტვინი გადაუნერგეს. დონორს დნმ–ს იშვიათი მუტაცია ჰქონდა, რომელიც ადამიანს შიდსის ვირუსთან შეუთავსებელს ხდის.

    განკურნებული მამაკაცის ვინაობა მისი თხოვნით არ ხმაურდება. ის 66 წლის არის. მას აღარ ჭირდება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ორგანიზმს შიდსის ვირუსის ნეიტრალიზაციისთვის ესაჭიროება.

    მისი თქმით, როცა გაიგო რომ ვირუსი აღარ აქვს, უდიდესი მადლიერების გრძნობა დაეუფლა.

    ექიმემა მას უწოდეს “პაციენტი იმედის ქალაქიდან“ – ასე უწოდებდნენ ოდესღაც მეტაფორიულად კალიფორნიის ქალაქ დუარტეს, სადაც მამაკაცი მკურნალობის კურსს გადიოდა.

    განკურნებული მამაკაცის ბევრმა მეგობარმა ვერ მიაღწია იმ დრომდე, როცა ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოგონებამ პრინციპულად შეცვალა შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი.

    შიდსი, ანუ იმუნოდეფიციტის ვირუსი ადამიანის იმუნურ სისტემას აზიანებს. ამან შეიძლება შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი გამოიწვიოს, რის გამოც ორგანიზმი რაღაც მომენტში ინფექციებს ვეღარ უმკლავდება.

    “როცა 1988 წელს შიდსი აღმომაჩნდა, ისევე, როგორც მაშინ ბევრი თვლიდა, მეც სასიკვდილო განაჩენად ჩავთვალე . არასოდეს მეგონა, რომ იმ დროს მოვესწრებოდი, როცა შიდსი აღარ მექნებოდა“– ამბობს მამაკაცი.

    როგორც უკვე გითხარით, მამაკაცი არა შიდსს, არამედ ლეიკემიას მკურნალობდა, რომელიც სისხლის კიბოს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული  სახეობაა.

    მედიკოსების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ იმ დროისთვის 63 წლის მამაკაცს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა, რათა კიბოთი დაზიანებული სისხლის უჯრედები ახლით შეეცვალათ. ბედნიერი შემთხვევითობით, დონორი, რომელიც მისთვის შეირჩა იშვიათი ბუნებრივი მუტაციის მფლობელი იყო, რაც უჯრედებს შიდსისადმი მდგრადობას ანიჭებს.

    ვირუსი ჩვენი სისხლის თეთრ უჯრედებში მიკროსკოპიული “კარის“ საშუალებით – ცილის დახმარებით აღწევს, რომელსაც  CCR5–ს უწოდებენ.

    თუმცა, ზოგიერთ ადამიანში, (მათ შორის, როგორც გაირკვა,  დონორის ორგანიზმში), დნმ–ს ფრაგმენტი, რომელიც ვირუსს ამის საშუალებას აძლევს, ევოლუციის პროცესში იკარგება, შესაბამისად შიდსი ფიზიკურად ვეღარ ახერხებს მათ უჯრედებში შეღწევას.

    პაციენტს ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ ყურადღებით აკვირდებოდნენ. მისი ორგანიზმიდან ვირუსი თანდათანობით ქრებოდა.

    დღეისათვის მამააცი უკვე მეჩვიდმეტე თვეა რემისიაშია.

    ისტორიაში პირველი მამაკაცი, რომელიც შიდსისგან განიკურნა 2011 წელს ტიმოტი რეი ბრაუნი გახდა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც “ბერლინელი პაციენტი“.

    შემდეგი სამი წლის განმავლობაში კიდევ ორი ასეთი შემთხვევა მოხდა, თუმცა ბოლო პაციენტი ყველაზე ხანდაზმულია ოთხ განკურნებულ პაციენტს შორის და ყველაზე დიდხანს იცხოვრა შიდსის დიაგნოზით.

    თუმცა, ძვლის ტვინის გადანერგვა შიდსის მკურნალობაში რევოლუციას ვერ მოახდენს.

    “ეს რთული პროცედურაა გვერდითი ეფექტების სერიოზული რისკით, ასე რომ, შიდსით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობაში მისი ჩატარება არ შეიძლება“– ამბობს ექიმი დიკტერი.

    დღეისათვის შიდსით მსოფლიოში 38 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული.

    მეცნიერები წლებია ცდილობენ შიდსის განკურნების გზების ძიებას, მათ შორის განიხილება CCR5 ცილაზე გავლენის მოხდენის მეთოდი გენური თერაპიის საშუალებით.

  • დეტოქსი, წნევის და შაქრის რეგულირება, დატენიანება…უბრალო და ხელმისაწვდომი ბოსტნეული უამრავი სასარგებლო თვისებით

    ზახულის თვეებში კიტრი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია იმის გამო, რომ ბევრ წყალს შეიცავს და გამაგრილებელი ეფექტი აქვს, გარდა ამისა, საკვები ნითვიერებების შესანიშნავი წყაროა.

    რატომ უნდა ვჭამოთ კიტრი ყოველდღე:

    კიტრის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 15 კილოკალორიაა. ის მდიდარია უჯრედისით, ანაყრებს და გამაგრილებელი თვისებაც აქვს. კიტრი 95%–ით წყლისგან შედგება, და ძლიერი დამატენიანებელი უნარი აქვს.

    სხვა ბოსტნეულისგან ის ნახშირწყლების დაბალი დონით და წყლის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, გარდა ამისა, კიტრი შეიცავს უჯრედისს, ვიტამინ C–ს, პროვიტამინ A-ს და  ვიტამინ E-ს. ასევე Bв ჯგუის ვიტამინებს მცირე რაოდენობით, როგორიც არის ფოლიუმის მჟავა,  В1, В2 და В3. კიტრის კანი მცირე რაოდენობით შეიცავს ბეტა–კაროტინს.

    E ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლის უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ფერტილობის გაზრდაში, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი. ვიტამინი C ასევე გამოირჩევა ანტიოქსიდანტური მოქმედებით და მონაწილეობს კოლაგენის გამომუშავებაში, ერიტროციტების ფორმირებაში, ძვლების და კბილების გამაგრებაში. ხელს უწყობს რკინის ათვისებას და ზრდის ინფექციებისადმი მდგრადობას.

    კიტრი შეიცავს ბევრ კალიუმს და შედარებით ნაკლებ ფოსფორს და მაგნიუმს. კალიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედშიდა და უჯრედსგარე წყლის ბალანსში, არის მნიშვნელოვანი მინერალი ნერვული იმპულსების გადაცემაში, ნერვული იმპულსების წარმოებასა და ნორმალურ კუნთოვან აქტივობაში.

    ფოსფორი მონაწილეობს ძვლის და კბილების ფორმირებაში. კიტრის შემადგენლობაში შედის ბეტა–სიტოსტეროლი მცირე რაოდენობით. ეს არის ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

    კიტრი ასევე ფართოდ გამოიყენება კანის რეგენერაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება სალათებში და სმუზებში, ასევე სახის ნიღბების მოსამზადებლად.

    მთლიანობაში კიტრს შემდეგი სასარგებლო თვისებები ახასიათებს:

    გვეხმარება გახდომაში:

    ის დაბალკალორიული პროდუქტია, თუმცა მდიდარია წყლით და უჯრედისით, გვეხმარება დანაყრების გრძნობა დიდხანს შევინარჩუნოთ და საკვების მიღებას შორის “სუსნაობა“ მინიმუმამდე შევამციროთ. გარდა ამისა, კიტრი მადას ამცირებს, ამიტომაც მისი ჩართვა რეკომენდირებულია გასახდომ დიეტებში.

    ეწინააღმდეგება ორგანიზმის გაუწყლოვნებას

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, კიტრი 95%–ით წყლსისგან შედგება და შეიცავს ელექტროლიტების დიდ რაოდენობას, რაც ამ ნივთიერებების დანაკარგს აკომპენსირებს, განსაკუთრებით სიცხეში და ფიზიკური დატვირთვის დროს. ამიტომაც კიტრი შეიძლება მივიღოთ როგორც ცალკე, ასევე გამაგრილებელი სასმელის შემადგენლობაში წყალთან და პიტნასთან ერთად ორგანიზმის ჰიდრაციის მხარდასაჭერად.

    შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს

    კიტრი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს და მკვებავ ნივთიერებებს კიბოსსაწინააღმდეგო თვისებებით, როგორიც არის კუკურბიტაცინები, რომლებიც კიბოს უჯრედების ზრდას ხელს უშლის და მნიშვნელოვანი პროილექტიკური საშუალებაა ასეთი დაავადებების წინააღმდეგ.

    ეხმარება გულ–სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას

    უჯრედისი და ანტიოქსიდანტები კიტრის შემადგენლობაში ხელს უწყობენ ცხიმოვანი ნადებების დაგდროვებას ორგანიზმში და პირველ რიგში, ტრიგლიცერიდების და “ცუდი ქოლესტერინის“  დაგროვებას სისხლში. ამის წყალობით, კიტრი ხელს უწყობს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებას. კიტრის ყოველდღიურმა გამოყენებამ შეიძლება ისეთი დაავადებებისგან დაგვიცვას, როგორიც არის ათეროსკლეროზი და გულის შეტევა.

    გვეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებაში 

    კიტრი ამცირებს არტერიულ წნევას, რადგან ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ნატრიუმის გამოდევნას შარდთან ერთად და არტერიების მოდუნებას. კიტრის შემადგენლობაში არსებული წყალი, მაგნიუმი და კალიუმი ასევე ეხმარება არტერიული წნევის დაწევას.

    გვეხმარება შაქრიანი დიაბეტის კონტროლში

    როგორც უკვე ვთქვით, კიტრი უჯრედისის კარგი წყაროა და დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რის ხარჯზეც თანდათანობით ზრდის სისხლში შაქრის დონეს. ამასთან ერთად, კიტრი ინსულინის გამომუშავების სტიმულირებას ახდენს და რეკომენდირებულია პაციენტებისთვის შაქრიანი დიაბეტით. გარდა ამისა, პროდუქტი როგორც უკვე ვთქვით, შეიცავს კუკურბიტაცინებს, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებენ, რითაც შაქრიანი დიაბეტის აღკვეთასა და კონტროლში გვეხმარებიან.

    აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

    კიტრის უშუალოდ კანზე დატანას გამაგრილებელი ეექტი აქვს, კანს აცოცხლებს და დამამშვიდებელ ფუნქციას ასრულებს, ხსნის შეშუპებებს და გაღიზიანებას, ამსუბუქებს მზით დამწვრობის შედეგებს.

    აქვს დეტოქსის მოქმედება

    კალიუმი, წყალი და ანტიოქსიდანტები კიტრის შემადგენლობაში ორგანიზმის დეტოქსიკაციას ეხმარება და სითხის შეკავებას ეწინააღმდეგება. კიტრის გამოყენებისას ზედმეტი ნატრიუმი და ტოქსინები ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოდის.

    აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

    კიტრი მოქმედებს როგორც ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება კუჭისთვის, ხელს უწყობს მჟავიანობის შემცირებას და ხელს უშლის გაზების ფორმირებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

    რეკომენდირებულია კიტრის ჭამა ქერქთან ერთად, ვინაიდან სწორედ  ქერქი შეიცავს ყველაზე მეტ უჯრედისს.

  • ამერიკელებმა დაასახელეს ვიტამინი, რომელიც სიკვდილის რისკს 57%–ით ამცირებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

    ამერიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, როგორ გაზარდონ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

    მათ კვლევების სერია ჩაატარეს, რომლის დროსაც გაარკვიეს D ვიტამინის უნიკალური თვისებები, რომელთა წყალობით ის ნებისმიერი სამედიცინო მიზეზით სივდილის რისკს 57%–ით ამცირებს.

    Healthspan-სამედიცინო დირექტორის, სარა ბრიუერის თქმით, მეცნიერებმა შედეგების კორექტირება ასაკის, სქესის, სისხლის აღების სეზონის, განათლების, სხეულის მასის ინდექსის, მწეველობის, ფიზიკური აქტივობის, თანმდევი დაავადებების(რომელთაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ სიკვდილიანობაზე–მაგალითად დიაბეტი, ჰიპერტონია, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო) გათვალისწინებით დააკორექტირეს.

    კვლევები ევროპის 8 ქვეყანასა და აშშ–ში 26 ათასი ზრდასრული ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა, რომელთა ასაკი 50 წელი და მეტი იყო. შედეგად გაირკვა, რომ D ვიტამინის ყველაზე მაღალი დონის მქონე ადამიანებში სიკვდილის ალბათობა ნებისმიერი სამედიცინო მიზეზით 57%–ით დაბალი იყო.

    ექსპერტები ვარაუდობენ, რომ D ვიტამინის დაბალი დონე დაკავშირებულია ტვინის მოცულობის შემცირებასა და ინსულტის მომეტებულ რისკთან, თუმცა D ვიტამინის დეფიციტის კორექტირებამ შეიძლება დემენციის შემთხვევების 17% აღკვეთოს.

    მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ მართალია ჩვენს ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავება მზის სინათლის ზემოქმედებით შეუძლია, ეს როგორც წესი არასაკმარისია ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ იქნებოდა კლასიფიცირებული, როგორც ვიტამინი.

    მეცნიერები ყოველ ადამიანს ურჩევენ დღეში მინიმუმ 10 მკგ ვიტამინი D3 მიიღონ, ამ ვიტამინის დეფიციტის აღსაკვეთად, რაზეც შეიძლება მეტყველებდეს კუნთების და ძვლების ტკივილი, ოსტეომალაცია ან რაქიტი.

    ამასთან, აღინიშნება რომ ოპტიმალური ჯანმრთელობისთვის კარგია D ვიტამინის უფრო დიდი დოზებით – 25–50მკგ–ს მიღება. განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულ ადამიანებს, რადგან ვიტამინის სინთეზირების უნარი ხანდაზმულ ასაკში ქვეითდება.

  • მეცნიერებმა მყინვარებში უცნობი ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომლებსაც მათი დნობის შემთხვევაში ახალი ეპიდემიების გამოწვევა შეუძლიათ

    გლობალურმა დათბობამ კაცობრიობას შეიძლება ახალი დაავადებები მოუტანოს, რომელთა შესახებ ამჟამად წარმოდგენაც კი არ გვაქვს.

    ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ შეიძლება იმოქმედოს დედამიწაზე გლობალურმა დათბობამ. გაირკვა, რომ ეს პროცესი არა მხოლოდ კლიმატურ ცვლილებებს, არამედ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. მყინვარებში, რომლებმაც დნობა უკვე დაიწყეს, მეცნიერებმა დაახლოებით ათასი უცნობი ბაქტერია აღმოაჩინეს, რომლებსაც ახალი დაავადებების და ეპიდემიების გამოწვევა შეუძლიათ.

    ამას მოწმობს კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Nature biotechnology–ში გამოვეყნდა.

    მეცნიერთა ჯგუფმა ტიბეტის მყინვარებში თოვლის და ყინულის ნიმუშები შეაგროვა. გაირკვა, რომ გაყინულ წყალში დაახლოებით ათასობით ისეთი ბაქტერიაა, რომელთა შესახებ მეცნიერებამ არაფერი იცის. მკვლევარები უკვე ვარაუდობენ, რომ ეს ბაქტერიები შესაძლოა კაცობრიობისთვის სერიოზული საფრთხის მატარებლები იყვნენ. მათ შეიძლება ახალი დაავადებები და ეპიდემიების პროვოცირება გამოიწვიონ.

    ბაქტერიების 968 სახეობიდან, რომლებიც მეცნიერებმა ტიბერტის დნობად მყინვარებში აღმოაჩინეს, 98% მეცნიერებისთვის უცნობია და მათ უკვე უწოდეს პოტენციურად საშიში. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 10% ყინულის ფარებით და მყინვარებით არის დაფარული. თუ ყველა მათგანი დნობას დაიწყებს, ადამიანებს ახალი ბაქტერიების “გაცნობა“ მოუწევთ, რომლებიც გაყინულ წყალში ბუდობენ. და არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ თითქმის ყველა ეს ბაქტერია მთელი მსოფლიოსთვის ახალ გამოწვევად იქცევა.

  • ბიძინა კულუმბეგოვი 18 დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს

    ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვი 18 დან 24 აპრილამდე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს:

    • თხილმა (Corylus), მურყანმა (Alnus) და თელამ (Ulmus) დაასრულეს ყვავილობა.
    • ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე მცენარის გვარის კვიპაროსის (Cupressus) მტვრის მარცვლები კვლავ მაღალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში
    • ვერხვის (Populus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია შემცირდება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
    • იფანის (Fraxinus) და ნეკერჩხლის (Acer) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.
    • რცხილას (Carpinus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
    • ჭადარის (Platanus) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია გაიზრდება და მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
    • ყვავილობა დაიწყო მუხამ (Quercus), წიფელმა (Fagus) და კაკალმა (Juglans) მიმდინარე კვირის განმავლობაში დაფიქსირდება მათი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით.
    • დამტვერვა დაიწყო თუთამ (Morus) და დაფიქსირდება მისი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე, თუმცა მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
    • მოსალოდნელია დამტვერვა დაიწყოს ფიჭვმა (Pinus) და დაფიქსირდეს მისი მტვრის მარცვლებიც დაბალი კონცენტრაციით, მაგრამ მის მტვრის მარცვლებს არ აქვს ალერგენული თვისებები.
    • მოსალოდნელია ყვავილობა დაიწყოს ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანმა მცენარეებმა, მარცვლოვნებმა (Poaceae) და დაფიქსირდეს მათი მტვრის მარცვლებიც დაბალ ნიშნულზე.
    • სოკოების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება.
  • უნიკალური ოპერაცია: კიევში ექიმებმა დაჭრილი ჯარისკაცის გულიდან ტყვია ამოიღეს

    კიევის “ფეოფანიის“ საავადმყოფოში ექიმებმა დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცის, ვლადიმირ გორდიენკოს გულიდან ტყვია ამოიღეს. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო წერს.

    20 წლის უკრაინელი სამხედრო რუსების ტყვეობიდან გაქცევისას დაიჭრა. ის მოწინააღმდეგემ ტყვედ ჩაიგდო და აწამა, თუმცა მეგობართან ერთად გაქცევა შეძლო. ავტომობილის დაცხრილვისას ის დაიჭრა, შემდეგ კი გულში ტყვიით და პნევმოჰომოთორაქსით (პლევრის ღრუში გაზის და სისხლის დაგროვება) ორი დღე იარა.

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მას პირველადი დახმარება ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საოლქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევისას ექიმებმა პაციენტის გულში უცხო სხეული აღმოაჩინეს, ამიტომაც კიევში, ფეოფანიის საავამდყოფოს ინოვაციური კარდიოქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

    ვლადიმირ გორდიენკოს გულიდან ამოღებული ტყვიის ფრაგმენტი

    კიეველმა ქირურგებმა ტყვიიის ფრაგმენტი მარცხენა პარკუჭის კედელში აღმოაჩინეს. ნახევარი მილიმეტრიღა იყო დარჩენილი, რომ ის ორგანოს ღრუში მოხვედრილიყო, რაც ნახვრეტს, ინსულტს ან კიდურების დაკარგვას გამოიწვევდა. ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, რომელიც 5 საათს გრძელდებოდა. თან ისე, რომ პაციენტის  გული არ გაუჩერებიათ. მის უწვეტ მუშაობას სპეციალური სტაბილიზატორები უზრუნველყოფდნენ.

    ქირურგიული ჩარევიდან რამდენიმე საათში ვლადიმირ გორდიენკომ ლაპარაკი შეძლო, მეორე დღეს კი სიარული. ექიმებმა ის უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, თუმცა კვლავ მეთვალყურეობას უწევენ.

    უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო რთული ოპერაციის მონაწილე ყველა ექიმს მადლობას უხდის.

  • მთავარია არ გაჩერდეთ–სწორი სტრატეგია ზედმეტი კალორიების დასაწვავად

    მსოფლიო მოსახლეობის ორმოცდახუთი პროცენტი ცდილობს  წონაში რამდენიმე კილო დაიკლოს.  2020 წლის “IPSOS“- ის გამოკითხვის მიხედვით, მათ მიზნის მისაღწევად დიეტის დაცვას ურჩევნიათ მეტი ივარჯიშონ და უკეთ იკვებონ, დიეტის მაგივრად. ამ მეთოდს უწოდებენ  „მიიღე კალორია, დაწვი კალორია“ , რაც იმაზე მეტი კალორიის დაწვას გულისხმობს, რომელსაც ადამიანი დღის განმავლობაში იღებს.  მაგრამ ამ მეთოდს ერთი პრობლემა აქვს: იმის დაზუსტება თუ რამდენ კალორიებს წვავ ბევრად უფრო რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათ.

    კალორიების რაოდენობა რომელსაც  ადამიანიკონკრეტული ვარჯიშით ან მოძრაობით  წვავს, დამოკიდებულია მრავალ წინაპირობაზე, როგორიცაა სიმაღლე, წონა, სქესი, და კუნთის მასა, ასევე აღსანიშნია რომ ამინდსა და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობასაც კი შეუძლია ჰქონდეს გავლენა ზოგიერთი ვარჯიშის დროს დამწვარი კალორიების რაოდენობაზე.

    „თქვენი სხეული იტვირთება მეტად, როდესაც გარბიხართ ათ კილომეტრს, როდესაც გარე ტემპერატურა ოცდაშვიდი გრადუსი ცელსიუსია და ტენიანი ამინდი, ვიდრე მაშინ, როდესაც ათი გრადუსი ცელსიუსია და მშრალი ამინდი.“- ამბობს კით ენდერსონი, ჩრდილოეთ კაროლინის “Novant Health”- ის კლინიკის ოჯახისა და სპორტის მედიცინის ექიმი.

    „თქვენი სხეული ასევე მეტად იტვირთება როდესაც ცდილობს სითბო შეინარჩუნოს სიცივეში, ან როდესაც კარგად არ გეძინათ წინა ღამეს. მეტაბოლიზმი ძალიან ბევრ ნიუანსებს შეიცავს.“- ამბობს ის.

    კალორიების აღმრიცხველი მოწყობილობები, მაგალითად, ფიტნეს საათები, ხანდახან სიზუსტით არ გამოირჩევიან.

    ერთ–ერთი  კვლევის მიხედვით , მიუხედავად იმისა, რომ შვიდი გამოკვლეული ფიტნეს საათებიდან ყველამ მისაღები სიზუსტით გაზომა  პულსი სიარულის, სირბილისა და ველოსიპედის ტარებისას დროს, ზუსტად ვერცერთმა გაზომა ენერგიის (კალორიების) წვა. ყველაზე ზუსტი მოწყობილობა ნამდვილ მონაცემებს 27%-ით იყო აცდენილი, ყველაზე არაზუსტი  კი 93%-ით.

    „სავარჯიშო აღჭურვილობა ყოველთვის საიმედო არ არის“

    ფიტნეს საათების მსგავსად, კალორიების მრიცხველები სავარჯიშო აღჭურვილობებზე, (მაგალითად: სარბენალი ბილიკი, სავარჯიშო ველოსიპედი და ელიფსური მოწყობილობები) არ არის საიმედო. კონკრეტულად ელიფსურ მოწყობილობები გამოირჩევიან კალორიების წვის არაზუსტი მაჩვენებელით გამირჩევიან,  სავარჯიშო არჭურვილობის ყველა მოდელს კი ახასიათებს გადაჭარბებული შეფასება იმის, თუ რამდენ კალორიებს წვავთ სინამდვილეში. ამის შესახებ კვლევა  ჟურნალი „Exercise Medicine“-ში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ  მოცემული აღჭურვილობების მრიცხველების მიხედვით გამოკვლევაში მონაწილე პირები საათში წვავდნენ 200 კალორიით მეტს, ვიდრე სინამდვილეში, როდესაც საშუალო დონის ინტენსიურობით  ვარჯიშობდნენ.

    „უბრალოდ შეუძლებელია ამ მოწყობილობებს ენდო,“ -ამბობს რეგისტრირებული დიეტოლოგი, კვების ტრენერი ა.შ.შ-ს სპორტული მედიცინის ეროვნულ აკადემიაში.კეტ ბეარფილდი:

    „მაშინაც კი როცა ივარჯიშებ ფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში და გამოიყენებ დახვეწილ საზომ ეკიპირებას, სრულიად ზუსტ რეზულტატებს ვერ მიიღებ“- ამბოს ის.

    შესაბამისად, თუ ზუსტად ვერავინ დაადგენს, რამდენ კალორიებს წვავს ადამიანი კონკრეტული ვარჯიშის დროს, როგორ შეიძლება, მათთვის დადებით ფიტნეს გეგმა შეარჩიონ? „აირჩიეთ აქტივობები რომლებიც მთლიან სხეულს ავარჯიშებენ, რადგან ისინი წვავენ ყველაზე მეტ კალორიებს“- ამბობს ექიმი კით ენდერსონი.

    „მე პირადად ვემზადები ტრიატლონის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, და მე ბევრად მეტ კალორიებს ვწვავ ცურვითა და სირბილით ვიდრე ველოსიპედის ტარებით,“ „ასევე კარგი არჩევანია  პილატესი და მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში, ასევე ცნობილი როგორც H.I.I.T”- ამბობს ექიმი კით ენდერსონი.

    „რაც მეტი სახის მოძრაობა შეგიძლია გაურიო ვარჯიშში, მით უკეთესია იგი“-ამბობს კეტ ბეარფილდი. იგი აღნიშნავს, რომ შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ტრეკინგის ჯოხები როდესაც გადიხართ სასეირნოდ ან სარბენლად, რომ რამოდენიმე კალორიით მეტი დაწვათ. თუნდაც მუსიკის მოსმენასაც შეუძლია დაგეხმაროთ. „მუსიკა მოგცემთ მეტ ენერგიას, რათა ირბინოთ უფრო ინტენსიურად“- ამბობს ის.

    „წონის დაკლების იოლი მეთოდები“

    ბევრს ურჩევნია ყურადღება გაამახვილოს  იმაზე თუ რამდენ კალორიას იღებს კვების დროს. კონკრეტული საკვების ენერგეტიკული ღირებულების (კალორიების) სავარაუდო მაჩვენებელები,  ინფორმაციის წყაროს მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში  ნამდვილ მაჩვენებელთან მიახლოებულია . მაგალითად: ა.შ.შ-ს აგროკულტურის დეპარტამენტის რეესტრის მიხედვით, ერთი ცალი საშუალო ზომის ვაშლი შეიცავს დაახლოებით 100 კალორიას, ეს ციფრი რათქმაუნდა ცვალებადია და დამოკიდებულია ვაშლის კონკრეტულ სახეობაზე და ზომაზე. მაგრამ ექიმი კით ენდერსონი ამბობს, რომ კალორიების დათვლაც ხანდახან შეიძლება პრობლემატური იყოს.

    „მე არ ვიცნობ ბევრ პაციენტს, რომელსაც სიზუსტით შეუძლია დაითვალოს თავისი დღიური კალორიების რაოდენობა. მათ შეიძლება ნახონ ინტერნეტში, რომ ეს(საკვები) არის ამდენი კალორია, მაგრამ იციან თუ არა ზუსტად რამდენ კარაქს ადებენ თავიანთ სენდვიჩს? ჭამენ თუ არა პურის ქერქს? საბოლოო ჯამში მაინც ვარაუდი უწევთ“- ამბობს კით ენდერსონი.

    ექიმი კეტ ბეარფილდიც უმეტეს შემთხვევაში არ ურჩევს პაციენტებს,  დაითვალონ კალორიების რაოდენობა.  ამის ნაცვლად იგი მოუწოდებს მათ, რომ ხშირად ანაცვლონ ვარჯიშის სახეობები, რადგან, რაც უფრო მეტს შეასრულებთ რაიმე სახის აქტივობას (მაგალითად: ველოსიპედით სიარული.), მით უფრო მეტად ადაპტირდება თქვენი სხეული ამ ვარჯიშის შესრულების მიმართ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს. შედეგად კი ნაკლებ კალორიებს დაწვავთ ამ კონკრეტული აქტივობით. ამიტომაც ყოველ ერთ კვირაში ახალი ვარჯიშის მეთოდის ათვისება ხელს უწყობს წონის კლებას.

    ექიმი კეტ ბეარფილდი ასევე მოყვარულია ეგრედწოდებული „NEAT“ (ნით) მეთოდის, რაც არის ტერმინი კალორიებისთვის რომელსაც წვავთ ნებისმიერი მოძრაობით, გარდა ჭამისა, ძილისა და დაგეგმილი ვარჯიშებისა.

    „ეს (NEAT-ი) არის ჩვეულებრივი აქტივობები როგორიცაა კიბეებზე ასვლა, ყვავილების მორწყვა-მოვლა და აქეთ-იქეთ სიარული როდესაც ტელეფონზე ლაპარაკობთ – ეს ყველაფერი არის NEAT“- ამბობს ის.

     „განაგრძე მოძრაობა“

    ექიმი ჯეიმს ლევინის  2009 წელს გამოცემულ წიგნში:“იმოძრავე ცოტა, დაიკელი ბევრი“, იგი ამბობს, რომ მჯდომარე და არააქტიური ცხოვრების წესი ყოველდღიურად ამცირებს წონის დაკლების პონტეციალს საშუალოდ 1500 კალორიით. ექიმი ლევინი გახლავთ ენდოკრინოლოგი, რომელმაც შექმნა პირველი ეგრეთწოდებული „სარბენი მაგიდა“, რაც არის საინტერესო ნაზავი სარბენ ბილიკსა და სამუშაო მაგიდის შორის. ექიმმა ლევინმა სარბენი მაგიდა შექმნა მათთვის ვისაც სურს, რომ არ მოუწიოთ მჯდომარე ცხოვრების წესი ჰქონდეთ, მიუხედავად მათი სამუშაოს სტილისა და დაწვან ის კალორიები, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდნენ და ასევე,   გაზარდონ „NEAT“ მეთოდის ეფექტიურობა.

    ალბათ ბევრი ამჯობინებს „NEAT“ მეთოდით წონის დაკლებას, ვიდრე კალორიები დაითვალონ ან გაარკვიონ რომელი ვარჯიშის სახეობა დაწვავს ყველაზე მეტს. მაგრამ მაშინაც კი როდესაც დაუფიქრდებით „NEAT“ მეთოდს, არ დაიკარგოთ დეტალებში, მოგიწოდებთ ექიმი ენდერსონი.

    „თქვენ შეგიძლიათ დახარჯოთ ძალიან ბევრი დრო კალორიების დათვლაში, მაგრამ ეს ძალიან სტრესულია, ჩვენ ისედაც ძალიან ბევრი სტრესი გვაქვს ცხოვრებაში“.

    ამის მაგივრად ექიმი ენდერსონი მოგიწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჯანმრთელობას და არა წონას, და რომ ხშირად იმოძრაოთ, იქნება ეს სირბილი, სიარული თუ სახლში ცეკვა როდესაც მარტო ხართ, მნიშვნელობა არ აქვს მთავარია არ გაჩერდეთ. „ვარჯიში ყოველთვის აჯობებს დიეტას“-ამბობს კით ენდერსონი.

  • ევროკავშირმა აშშ–ში აღიარებული ალცჰეიმერის საწინააღმდეგო წამალი არ დაამტკიცა

    ევროკავშირმა უარი თქვა ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად შექმნილი ახალი პრეპარატის გამოყენებაზე თანხმობა გაეცა იმ მოტივით, რომ ის უსაფრთხო არ არის.  საქმე ეხება ადუკანუმაბს. ეს არის  20 წლის მანძილზე ალცჰეიმერის წინააღმდეგ შექმნილი პირველი პრეპარატი, რომელიც აშშ–ში დაუშვეს.

    თავად აშშ–შიც ამბობდნენ, რომ ჯერჯერობით ამ წამლის სასარგებლოდ ნაკლები მტკიცებულებები არსებობს. პრეპარატი მიმართულია ამილოიდოზის აღკვეთისკენ. ეს არის ცილოვანი მიმოცვლის  დარღვევა, რომელიც ადამიანის ტვინში ანომალური ცილის კონცენტრაციას იწვევს, რაც მათ აზროვნებაზე ახდენს გავლენას.

    ევროპის წამლის სააგენტომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ადუკანუმაბის გამოყენების ნებართვის გაცემაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ პრეპარატი ზრდასრული სიმპტომიანი ადამიანების ადრეულ სტადიაზე სამკურნალოდ არაეფექტურია.

    სააგენტომ ეს გადაწყვეტილება ორი ხანგრძლივი კვლევის შედეგად მიიღო, რომელშიც ალცჰეიმერის ადრეული სტადიით დაავადებულმა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნაწილი 20 თვის განმავლობაში იღებდა ადუკანუმაბს, ნაწილი კი პლაცებოს. ამ ვადის გასვლის შემდეგ მეცნიერებმა მათი მდგომარეობა თავდაპირველ მდგომარეობას შეადარეს.

    “შედეგები წინააღმდეგობრივი იყო და მთლიანობაში არ აჩვენა, რომ ადუკანუმაბი ეფექტურია ზრდასრული ადამიანების ალცჰეიმერის ადრეულ სტადიაზე სამკურნალოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი პაციენტის ტვინის სკანირებამ გამოავლინა შეშუპება ან სისხლნაჟღენთი, რამაც პოტენციურად პაციენტს შეიძლება ზიანი მიაყენოს. შედეგებმა არ აჩვენა, რომ პრეპარატი საკმარისად უსაფრთხოა“– ნათქვამია ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებაში.

    სააგენტოს განცხადებით პრეპარატის სარგებელი არ აღემატება მის  შესაძლო რისკებს და ის ამ პრეპარატის გაყიდვის უფლებას არ იძლევა.

    საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ალცჰეიმერით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად მუშაობენ ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან, რადგან ათასობით ადამიანმა დაკარგა იმედი, რომ პოტენციურად წამალი დაეხმარება.

    ამჟამად ევროკავშირში დემენციის მქონე 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დიდ ბრიტანეთში დაახლოებით მილიონი. ვარაუდობენ, რომ 2050 წლამდე მათი რაოდენობა გაორმაგდება.

    დემენციის შემთხვევების უმრავლესობა ალცჰეიმერის დაავადებით არის გამოწვეული.

    პრეპარატ ადუკანუმაბის მწარმოებელ კომპანია Biogen–ს შეუძლია ევროპის წამლის სააგენტოს შემდგომი ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით მიმართოს.

  • 5 ფარული მიზეზი, რომელთა გამო წონაში იმატებთ

    ხანდახან ხდება ისე, რომ დილით იღვიძებ, სასწორზე დგები და გაოგნებული ხარ. როგორ? რატომ? საიდან გაჩნდა ზედმეტი კილოგრამები, როცა მთელი კვირა დაძაბულ მუშაობაში, ყოველგვარი ტკბილეულის, ცომეულის, კალორიული საკვების თუ გაზიანი სასმელის გარეშე გაატარე, მკაცრად აკონტროლებდი კვებას და შედეგი საპირისპირო მიიღე. იწყებ გონებაში ყველა “საეჭვო გარემოების“ გადახედვას, რამაც ზედმეტი კილოგრამების მატება გამოიწვია.

    სიმართლე კი ის არის, რომ ზოგჯერ წონის მატებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რას ჭამთ ან რამდენს ვარჯიშობთ. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც წონის კლების გზაზე დიდი დაბრკოლებაა:

    1. არასაკმარისი ძილი

    რეგულარული გამოუძინებლობა არა მხოლოდ ფიზიკურად ფიტავს ორგანიზმს, არამედ პერსპექტივაში წონის მატებასაც იწვევს. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ ზუსტ კავშირს ძილის უკმარისობასა და ჭარბ წონას შორის, თუმცა ერთი იმთავითვე ცხადი მიზეზი სახეზეა– უძილობის შემოტევისას საკვებს მეტად ეტანებით.

    გარდა ამისა, ძილის ქაოსური რეჟიმი ცირკადული რიტმების ციკლს არღვევს, რაც ჰორმონალურ და მეტაბოლურ რეგულაციაზე მოქმედებს. სანამ საჭირო დროს არ გძინავთ,  ჰორმონები სერიოზულ გადატრიალებას აწყობენ: ლეპტინგის ნაცვლად, რომელიც ენერგიას არეგულირებს და მადას თრგუნავს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით გრელინი, რომელიც შიმშილის გრძნობას აღვიძებს. სწორედ ამიტომ, მათ, ვინც სამსახურში გვიანობამდე შემორჩებახოლმე, ასე იზიდავს ტკბილეული და ცხიმიანი პროდუქტი – კალორიებით სწრაფი “დამუხტვა“ მათ განსაკუთრებით ესაჭიროებათ.

    როგორ მოვიქცეთ: სცადეთრეჟიმის აღდგენა – ეცადეთ დროულად დაწვეთ დასაძინებლად და ერთი და იმავე დროს გაიღვიძოთ, რათა ცირკადული ციკლი აღადგინოთ. დაიცავით ძილის ჰიგიენის ნორმები, გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები დაძინებამდე ორი საათით ადრე, ასევე ამ დროს შეწყვიტეთ საკვების მიღება. და აუცილებლად შეზღუდეთ კოფეინის მიღება დღის მეორე ნახევარში, თუ დაძინების პრობლემა გაქვთ.

    1. მუდმივ სტრესში ცხოვრება

    შეიძლება ამას ვერც კი ხვდებოდეთ, თუმცა დაძაბული სამუშაო კვირა, შაბათ–კვირის დასვენებაზე უარის თქმა დამატებითი შემოსავლისთვის, პრობლემები პირად ცხოვრებაში აუცილებლად აისახება თქვენს წონაზე, ანუ წონაში მოიმატებთ. ასეა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი. ის ცხიმის დარეზერვებას იწყებს, როგორც კი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ტვინს სიგნალს უგზავნის და გადარჩენა/თავდაცვის რეჟიმზე გადასვლის ბრძანებას აძლევს.

    კორტიზოლის მომეტებული დონე შესაძლოა სასარგებლო იყოს დროის მოკლე პერიოდებში, თუმცა ქრონიკული სტრესი მხოლოდ ნეგატიურ მაჩვენებლებს იწვევს. უჯრედული მეტაბოლიზმის კვლევამ, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა 2018 წელს ჩაატარეს, დაამტკიცა, რომ არსეობს პირდაპირი კავშირი კორტიზოლის მაღალ დონესა და პროგრესირებად სიმსუქნეს შორის. ამასთან, მუდმივად გადატვირთული ადამიანები ვერ ახერხებენ დროის გამონახვას ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ასევე ნორმალური საკვებიბს მომზადებისთვის.

    როგორ მოვიქცეთ: დავიცვათ ძილის რეჟიმი, როგორმე მოვახერხოთ ვარჯიში, გამოვიმუშავოთ ჯანსაღი და გემრიელი საკვების მომზადების ჩვევა, ასევე ავითვისოთ მეთოდები ქრონიკული სტრესის მოსახსნელად, მაგალითად ღრმა სუნთქვა და მედიტაცია. დიეტოლოგები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მათი პაციენტები გახდომას იწყებენ, როგორც კი მათი რჩევების და პრაქტიკების რეგულარული განხორციელების რეჟიმზე გადადიან.

    1. პრობლემები ნაწლავურ ფლორასთან დაკავშირებით

    საჭმლის მონელების პრობლემები, კუჭნაწლავის დისკომფორტიდან დაწყებული, ბანალური შეკრულობით დამთავრებული, ასევე იწვევს წონის მატებას. წონის მატების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი მიკროფლორასთან დაკავშირებული პრობლემებია. სამეცნიერო კვლევები სასარგებლო და პათოგენურ ნაწლავურ ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევას წონის მატებას უკავშირებენ. სხვათაშორის, ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც ხელოვნური დამატკბობლები ზედმეტი კილოგრამებისგან ვერ გვიცავს – ისინი უარყოფითად მოქმედებს დადებით მიკრობიოტიკებზე და კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე. არასწორი ნაწლავური ფლორა ასევე ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას, რაც გლუკოზის ათვისებას ართულებს და წონის მატებას იწვევს.

    როგორ მოვიქცეთ: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც სავარაუდოდ პრობიოტიკების კურსს დაგინიშნავთ და შეცვალეთ კვების რაციონი. დაამატეთ მენიუში მეტი უჯრედისი, რომელიც ბაქტერიებს ძალიან უყვართ და ფერმენტირებული პროდუქტები.

    1. არ გყოფნით ვიტამინები ან მინერალები

    მაგნიუმის, რკინის დაბალი დონე და D ვიტამინის უკმარისობა იმუნური სისტემის მუშაობას აფერხებს, ანელებს მეტაბოლიზმს და უბრალოდ ორგანიზმს ენერგიას აცლის. გრძნობთ, რომ დაღლილი და დასუსტებული ხართ, რის გამოც ვარჯიშს ვერ ახერხებთ, იძულებული ხართ უძლიერესი ყავა დალიოთ, შოკოლადი ან სხვა მარტივი ნახშირწყლები მიიღოთ, არადა მშვენივრად იცით ეს რასაც იწვევს.

    როგორ მოვიქცეთ: მიირთვით წითელი ხორცი, წიწიბურა, ღვიძლი, ისპანახი, თხილი ან ნუში, რათა რკინის და მაგნიუმის მაჩვენებლები გააუმჯობესოთ. იმ შემთხვევაში, თუ მზეზე ცოტა დროს ატარებთ D ვიტამინი აბების სახით უნდა მიიღოთ, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან ზედოზირება თირკმელებში კენჭის გაჩენას იწვევს.

    1. უყურადღებობა იმის მიმართ, რასაც ჭამთ

    მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ხშირად სერიოზულად არ აღიქმება: მცირე ცვლილებებმა ცხოვრების წესში ხშირად შეიძლება როგორც წონის კლება, ასევე მისი მატება გამოიწვიოს. მაგალითად, ახალ ადგილზე გადახვედით საცხოვრებლად, რომელიც შორს არის იმ პარკისგან, სადაც ყოველ საღამოს სეირნობდით, მჯდომარე სამუშაოზე გადაერთეთ ან უცებ თავი შეგახსენათ სადილის დროს გაზიანი სასმელის დალევის ჩვევამ. ამ მინი ცვლილებების სულ რამდენიმე კვირა საკმარისია იმისათვის, რომ თქვენს მუცელზე და დუნდულებზე აისახოს. დიეტოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ სასუსნავი და ალკოჰოლური სასმელი ხშირად თავგზას გვიბნევს კალორიების დათვლისას.

    როგორ მოვქცეთ: პირველ რიგში კვების სასარგებლო ჩვევებს უნდა დაუბრუნდეთ. ამისათვის შეიძლება დღიურიც აწარმოოთ და ჩაიწეროთ, რა და როდის ჭამეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ასე შეძლებთ ნათლად დაინახოთ სრული სურათი და განსაზღვროთ ცვლილებები, რომლებმაც წონაში მატება გამოიწვია, შესაბამისად მათი გაკონტროლების შემთხვევაში წონის კლებას შეძლებთ.