Category: ჯანმრთელობა

  • რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი.  ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

    რამდენი ადამიანია ამ დროისთვის მსოფლიოში Covid19-ის წინააღმდეგ აცრილი. ნახეთ ბოლო მონაცემები ქვეყნების მიხედვით

    მსოფლიოში ამჟამად  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის  64.2 მილიონი  დოზაა გაკეთებული. ეს არის სხვადასხვა ქვეყნების ჯამური მაჩვენებელი და არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანია უკვე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებული, რადგან იმუნიტეტის გამოსამუშავებლად ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.

    ლიდერი გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 20 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გაკეთდა, თუმცა ვაქცინაციის ტემპები აშშ–ში იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ. 20 მილიონი დოზის გაკეთება გასული წლის დეკემბრის ბოლომდე იყო დაგეგმილი, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ბოლო კვირას ვაქცინის ადმინისტრირების ტემპები დაჩქარდა, თუმცა სასურველისგან ჯერ შორს არის. ვაქცინის ერთი დოზა მაინც ამ დროისთვის აშშ–ს მოსახლეობის 5.25%–მა მიიღო.

    გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჩინეთი, – 15 მილიონი ვაქცინა 20 იანვრის მდგომარეობით, თუმცა ეს მისი მოსახლეობის იმდენად მცირე პროცენტია, რომ მოსახლეობის პროცენტულ საერთო სტატისტიკაში  ჩინეთი ლიდერებთან ახლოსაც არ არის.

    მესამე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი – 6.82 მილიონი დოზა ვაქცინით, რაც მისი მოსახლეობის  9.36%–ის მიერ ვაქცინის ერთი დოზის მიღებას მაინც ნიშნავს.

    მეოთხე ადგილზეა ისრაელი – 3.6 მილიონი ვაქცინით, მეხუთეზე  არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 2.49 მილიონი ვაქცინით, თუმცა ეს ორი ქვეყანა აცრილი მოსახლეობის პროცენტის მიხედვით მსოფლიოს ლიდერები არიან.

    ისრაელში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 24 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 29.52%–მა მიიღო, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში კი 22.63%–მა.  აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთია – 9.36%–ით. მეოთხეზე კი ბაჰრეინი, რომელმაც მოსახლეობის 8.47%–ის აცრა მოახერხა. აშშ აცრილი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა.

    რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, აქ დანია ლიდერობს, რომელმაც მოსახლეობის 3.15% აცრა, მას მოჰყვება ირლანდია – 2.47%–ით, დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელი (2%–ის ფარგლებში )აქვთ იტალიას და ესპანეთს, გერმანიას – 1.75%, საფრანგეთს – 1.51% შვედეთს -1.45%

    თურქეთში ამ დროისთვის მოსახლეობის 1.48 პროცენტია აცრილი, რაც 1.24 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყენებას ნიშნავს. რუსეთში 13 იანვრის მონაცემებით აცრილი იყო 1 მილიონი ადამიანი, თუმცა ეს მისი მოსახლეობის 1%–იც არ არის.

     

    რაც შეეხება ადამიანთა რაოდენობას, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღეს, 24 იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მსოფლიოში 5.25 მილიონს შეადგენდა. აქედან 3 მილიონი ამერიკის მოქალაქეა, 1 მილიონი კი ისრაელის. გაერთიანებულ სამეფოში სრულად აცრილი 469 000 მოქალაქე ყავთ, არაბეთის გაერთიანებულ საემიროში კი 250 000. დანარჩენ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ძალიან მცირეა.

    ამ დროისთვის ვაქცინაცია სულ 60 ქვეყანაშია დაწყებული. მათი უმეტესობა Pfizer/BioNTech და  Moderna,–ს ვაქცინებს იყენებს. თურქეთი ამ ეტაპზე ჩინური Sinopharm –ით იცრება, რუსეთი მისივე წარმოებული   Sputnik V–ით. რუსული ვაქცინა ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა არგენტინაშიც.   მას იყენებენ სერბეთშიც, თუმცა სერბეთში პარალელურად   Pfizer/BioNTech–ის და  Sinopharm–ის ვაქცინაც გამოიყენება.

    ინდოეთი მისივე წარმოებით Covaxin–ს და  Covishield–ს იყენებს. ბრაზილია ჩინურ Sinovac–ს. თავად ჩინეთი მისივე წარმოების ორ ვაქცინას – CNBG–ს და  Sinovac–ს.

     

    დასავლეთ ევროპის ქვეყნები  Pfizer/BioNTech–ს და  Moderna–ს ვაქცინებს იყენებენ, ისევე როგორც ამერიკა. ჯერჯერობით Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინა ევროპაში მხოლოდ დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამოიყენება.

     

    ამ დროისთვის მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მიერ წარმოებული კორონავირუსის ცხრა ვაქცინა გამოიყენება:

    აშშ–გერმანია

    Pfizer/BioNTech

    აშშ

    Moderna

    დიდი ბრიტანეთი

    Oxford/AstraZeneca,

    რუსეთი

    Sputnik V

    ჩინეთი

    Sinopharm

    Sinovac

    CNBG

    ინდოეთი

    Covaxin,

    Covishield

  • ანტივაქსერები კოვიდის ვაქცინის წინააღმდეგ: რა არის მათი მთავარი არგუმენტები

    ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ჩქარდება, პარალელურად კი სულ უფრო აქტიურდება ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიები. ამ პროცესს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ–ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში,  საფრანგეთი  კი იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ვაქცინის მიმართ უნდობლობა ყველაზე მეტად არის გამოხატული. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფრანგებს არ ჯერათ ცოტა ხნის წინ შემუშავებული ვაქცინების ეფექტურობის და მათ უსაფრთხოებაში ეჭვი ეპარებათ.

    სოციოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ დღეისათვის ვაქცინის მიმართ უნდობლობა გამოკითხულთა დაახლოებით მესამედმა გამოთქვა – ეს არის სხვადასხვა სოციალური პროფილის და განათლების სხვადასხვა დონის მქონე ადამიანები.

    ასეთი კონტექსტში სულ უფრო ხმამაღლა ისმის მტკიცე ანტივაქსერთა ხმა – ასე უწოდებენ ვაქცინის მოწინააღმდეგეებს. სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ადამიანებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებთ – ზოგი მართლაც რეალურად შიშობს საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ზოგი პოპულარობის მოხვეჭას და საზოგადოებრივი გავლენის მოხვეჭას ცდილობს, ზოგი პირდაპირი გაგებით მოგებისაც – მაგალითად ნატუროპატიური პრეპარატების გაყიდვის გზით.

    ვნახოთ უფრო დეტალურად, რა არგუმენტები აქვთ ანტივაქსერებს, მათ შორის ფრანგებს, სადაც აცრის საწინააღმდეგო განწყობები ევროპაში ყველაზე ძლიერია.

    მაგალითად, ერთ–ერთი ფრანგი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელებში 125 ათასი ხელმომწერი ყავს, დარწმუნებულია რომ მასზე ფარმაკომპანიები ნადირობენ. ამბობს, რომ მუქარებს იღებს, თუმცა მედიასთან საუბრისას ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს.

    “ბილ გეითსის ზოგმა ვაქცინამ, როგორც ცნობილია, მსხვილი ეპიდემიები გამოიწვია ზოგ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთში, სადაც გეითსმა ვაქცინა მიიტანა, მგონი პოლიომელიტის საწინააღმდეგ. მაშინ იქ 450 000 ბავშვი დაავადდა. სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად კენიაში, აცრის გამო ათასობით ახალგაზრდა ქალი უშვილოდ დარჩა.“– ამბობს ის, თუმცა როცა ჟურნალისტები მტკიცებულებების შესახებ ეკითხებიან, პასუხობს, რომ ამის შესახებ ბილ გეითსმა თავად ისაუბრა საკუთარ ლექციებზე დე კონფერენციებზე.

    ანტივაქსერების თანადგომაში სოციალურ ქსელებში ხშირად არიან შემჩნეული სხვადასხვა ჯგუფები – სატანისტები, ანტისემიტები, შეთქმულების თეორიების მომხრეები, ნათელმხილველები და ა.შ.

    განსხვავებული პოზიციების და მსოფლმხედველობის მიუხედავად ამ ადამიანებს ერთი რამ – ფარმაცევტული ბიზნესის სიძულვილი აერთიანებთ.

    “არის ასეთი კომპანია მოდერნა, რომელმაც მერკის ლაბორატორიისგან ინვესტიციები მიიღო დაახლოებით ხუთი წლის წინ. და უკვე 2015 წელს ისინი კოვიდის ვაქცინას იკვლევდნენ. რატომ? ისინი რა, ნათელმხილველები არიან? ჩვენ კორონავირუსზე ახლახანს გავიგეთ, მეცნიერები კი უკვე წლებია მუშაობენ. პასტერის ინსტიტუტმა საკუთარი გამოგონება დააპატენტა კიდევაც“– ამბობს ბიბისი–სთან საუბარში ანონიმი ანტივაქსერი.

    არადა ინსტიტუტი, რომელსაც დიდი ფრანგი მეცნიერის სახელი ჰქვია, აცხადებს, რომ არანაირი პატენტი კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებაზე წლების წინ  არ მიუღია.

    ანტივაქსერების 4 არგუმენტი:

    აცრის საწინააღმდეგო მოძრაობების ისტორიაზე წიგნის ავტორი, ლორან ანრი ვინიო ამბობს, რომ დღეისთვის ანტივაქსერული მოძრაობის წარმომადგენლები სულ უფრო რადიკალურები ხდებიან, და ვაქცინების მიმართ უნდობლობას მსოფლიო შეთქმულების თეორიებთან მჭიდროდ აკავშირებენ.

    “ჩვენ ვნახეთ, რომ შეთქმულების თეორიების მომხრეებმა მკაფიოდ გაითავისეს რადიკალ ანტივაქსერთა იდეები. ტიპაჟები იცვლებიან…. ვაქცინის ჩვეულებრივი მოწინააღმდეგე, ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე, შვილების ჯანმრთელობაზე შფოთავს: არ უნდა, რომ მას რაიმე ქიმიური პრეპარატი შეუყვანონ ორგანიზმში. ანუ მათი მთავარი თემა ჯანმრთელობაა. როგორც წესი, ისინი არ იგონებენ ისტორიებს ვირუსებზე ან ვაქცინებზე, რომლებიც სადღაც მარსზე შეიქმნა დედამიწის მოსახლეობის გასანადგურებლად.“– ამბობს ის.

    პროფესორი მკაფიოდ მიჯნავს მოყოყმანეთა ეჭვებს და ნამდვილი ანტივაქსერების პოზიციებს, რომელთა წარმოდგენებს ისტორიული ფესვები აქვს.

    “ისინი აუცილებლად იშველიებენ ფატალისტურ და რელიგიურ თემებს. ისინი ამბობენ: ჩვენ არ გვინდა ვაქცინა, იმიტომ რომ ღმერთი წყვეტს, ავად გახდები თუ არა. არ შეიძლება ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა. შემდეგი ჯგუფი ფსევდომეცნიერული წარმოდგენების მქონე ჯგუფია, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ვირუსი საერთოდ არ არის საშიში. ასევე არსებობს ნატურალისტური მიდგომა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებას უნდა მივენდოთ. მეოთხე თემა კი პოლიტიკურია. მას ის ადამიანები ავითარებენ, რომლებსაც არ უნდათ სახელმწიფომ გადაწყვიტოს, რა მედიკამენტი უნდა მიიღონ მათ“ – ამბობს პროფესორი.

    ერთ–ერთი ყველაზე აქტიური, ფრანგული antivax–ის ყველაზე აგრესიული ფრთა პაწაწინა სოფლიდან კოორდინირდება, სადაც 120 ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლის მკვიდრი, მარი ვერბგერი დარწმუნებულია, რომ მის ქალიშვილს, ისევე როგორც ბევრ სხვა ბავშვს ადრეულ ბავშვობაში გაკეთებული აცრების გამო აუტიზმის სიმპტომები განუვითარდა.

    მეცნიერებმა არაერთხელ გააბათილეს ეჭვები ვაქცინაციისა და აუტიზმის კავშირის შესახებ, თუმცა ქალს ამ არგუმენტების არ ჯერა. მისი აზრით ვაქცინები თაღლითობა და ხაფანგია. ქალი თვლის, რომ ვაქცინები უარყოფით ეფეტებს იწვევს და თანაც ბოლომდე ვერ იცავს დაავადებისგან. ისიც ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსელში 12 000 ხელმომწერი ყავს. ქალი ანტვაქცინური მოძრაობის პერსპექტივების მიმართ ოპტიმიზმით არის განწყობილი და თვლის, რომ მალე ვაქცინაციის მავნებლობას ყველა მიხვდება.

    როცა საქმე ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება, აქ უკვე რადიკალი ანტივაქსერებისა და მოყოყმანეთა პოზიციებს შორის ზღვარი თითქოს იშლება. სოციოლოგი ჯერემი უორდი იმ ადამიანებს სწავლობს, ვისაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ.

    მისი თქმით, ადამიანების ასეთ განწყობებს დიდი ხნის წინ დამკვიდრებული სკეპტიციზმი და საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების მიმართ უნდობლობა აღვივებს. გარდა ამისა, საფრანგეთში მისი თქმით ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მეტი დებატები იმართებოდა სხვადასხვა ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ.  მისი აზრით, სწორედ ეს განაპირობებს საფრანგეთში ვაქცინის საწინააღმდეგო განწყობებს.

    სპეციალისტების აზრით ამ რთული ვითარებიდან გამოსვლა მეტი გამჭვირვალობით და არგუმენტების ფაქტებით გამყარებით არის შესაძლებელი. ისინი დაუშვებლად თვლიან ვაქცინის მოწინააღმდეგეთათვის იარლიყების მიკერებას და მათ სტიგმატიზაციას. საფრანგეთში სწორედ ამ გზით აპირებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ უნდობლობიბს შემცირებას.

  • ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები ისევე იცავს კორონავირუსისგან, როგორც სამედიცინო – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არ აპირებს შეცვალოს ნიღბების ტარების წესი, ანუ ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები დაუშვებლად გამოაცხადოს კორონავირუსის ახალი შტამის გამო. ჯანმოს განცხადებით ახალი შტამი იგივე გზით გადადის, როგორც თავდაპირველი ვარიანტი. ჩვეულებრივი ნაჭრისგან შეკერილი ნიღბები კი ისევე იცავს ადამიანებს, როგორც სამედიცინო.

    ჯანმოს იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთბინა მას შემდეგ, რაც ავსტრიის და გერმანიის ხელისუფლებებმა მოქალაქეები დაავალდებულეს ტრანსპორტში და მაღაზიებში მხოლოდ ქირურგიული ნიღბები ან რესპირატორები  (FFP2 ტიპის) ატარონ.

    ამასთან, ერთ–ერთმა წამყვანმა გერმანელმა ვირუსოლოგმა, კრისტიან დროსტენმა ჟურნალ შპიგელთა ინტერვიუში გააქარწყლა იმედები იმის შესახებ, რომ გაზაფხულის დადგომასთან და თბილ ამინდთან ერთად ვირუსი უკან დაიხევს.

    მისი თქმით,არასწორია თბილი სეზონი შარშანდელ წელს შევადაროთ, რადგან 2020 წლის გაზაფხულზე დაავადებულთა რაოდენობა გავრცელების კრიტიკულ ზღვარს დაბლა იყო.

    “თუმცა ახლა სიტუაცია განსხვავებულია. ვშიშობ, რომ შეიძლება ესპანეთის სიტუაცია განვითარდეს, როცა როგოროც კი კარანტნი შესუსტდა, ციფრები მკვეთრად ზევით წავიდა, მიუხედავად ცხელი ამინდისა. სამხრეთ აფრიკაში ახლა ზაფხულია, თუმცა ამის მიუხედავად დაავადება მაღალ ნიშნულზეა“– ამბობს დროსტენი.

    “როგორც კი მოხუცები და ისინი, ვინც რისკის ჯგუფში არიან ვაქცინას მიიღებენ, გაჩნდება კოლოსალური ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და შესაძლოა სამართლებრივი ზეწოლაც კი ანტიკორონავირუსული ზომების წინააღმდეგ. ამის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება ძალიან მოკლედ როში. იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია. ჩვენ გეყოლება არა 20–30 ათასი , არამედ 100 0000 ახალი დაინფიცირებული დღეში მოვლენების ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში“– ამბობს პროფესორი დროსტენი და ხაზს უსვამს, რომ ეს დიდწილად არა მოხუცები, არამედ ახალგაზრდები და საშუალო ასაკის ადამიანები იქნებიან, თუმცა ისინიც ისევე მოხვდებიან საავადმყოფოებში და გადაავსებენ რეანიმაციულ განყოფილებებს.

  • კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

    პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ერთობლივ კვლევაშია ნათქვამი.

    მკვლევარებმა შეისწავლეს 47 480 ყოფილი პაციენტისგან შემდგარი ჯგუფი. 140 დღის განმავლობაში საავადმყოფოებში დაბრუნებულთა ზუსტი წილი 29.4% აღმოჩნდა. გარდაიცვალა 12.3%. ბევრ პაციენტს განუვითარდა ან გაუმწვავდა გულის დაავადებები, დიაბეტი, თირკმელების და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.

    პოტენციურად ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის სტატისტიკაში ბევრად მეტი შემთხვევა უნდა შევიდეს. დღეისათვის ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვალებად ითვლება სიკვდილი, რომელიც დიაგნოზის დასმიდან 28 დღის განმავლობაში დადგა. მკვლევარები ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანეს მოუწოდებენ ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას.

    ეს კვლევა ბრიტანეთში ყველაზე მაშტაბური მსგავსი კვლევაა. ლესტერის უნივერსიტეტის პროფეორი, კამლეშ კუმლი ამბობს:

    “როგორც ჩანს, ადამიანებს საავადმყოფოებიდან გაწერის შემდეგ გრძელვადიანი სიმპტომები უვითარდებათ, რის შემდეგაც ისინი კვლავ ხვდებიან საავადმყოფოებში და კვდებიან. მთავარი დასკვნა ის არის, რომ უნდა მოვემზადოთ “ხანგრძლივი კოვიდისთვის.“ ეს რთული ამოცანაა. ძნელია ყველა გაწერილი პაციენტის მეთვალყურეობა. ჯანდაცვის სამსახურები ზღვარზე არიან. თუმცა, რაღაც ტიპის მონიტორინგის ორგანიზება აუცილებელია“– ამბობს მეცნიერი.

  • კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

    კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწუხებთ, საკმაოდ დიდია.

    უკვე ბევრი რამ ითქვა საერთო სისუსტის, გულ-სისხლძარღვთა და ნეოროლოგიური სახის დაავადებების შესახებ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ამ ჩამონათვალს შესაძლია სხვა სახის ჩივილებიც დაემატოს.

    მაგალითად ერექციული დისფუნქცია. ამ დასკვნამდე მივიდნენ იტალიელი მეცნიერები. მიზეზი, მათი აზრით, შეიძლება იყოს სწორედ ის, რომ Covid-19 გავლენას ახდენს სისხლ-ძარღვებზე. დაავადებით მიღებულ ფსიქოლოგიურ სტრესს ასევე შეუძლია გაზარდოს ერექციული დისფუნქციის რისკი. რამდენად ხშირია ერექციული დისფუნქცია, როგორც Covid-19 დაავადებით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგი და რა ვითარებაში ვლინდება იგი ჯერჯერობით სრულად გამოკვლეული არ არის.

    იტალიელი მეცნიერების კვლევის შესახებ არაერთი უცხოური მედიასაშუალება და ექსპერტი წერს.

  • ნახეთ მირანდა ქერის ფეხის მასაჟი, რომლითაც ის ჯანმრთელობას და სილამაზეს ინარჩუნებს

    Victoria’s Secret–ის ყოფილი მოდელი, ამჟამად კი ორგანული კოსმეტიკის ბრენდის, KORA–ს დამფუძნებელი, მირანდა ქერი მისი ლამაზი ფეხების საიდუმლოს ამხელს. პირველი: გოგონა რეგულარულად ვარჯიშობს. ის ინსტაგრამზე რუბრიკასაც უძღვება  «welness wednesday»–ს , რომელშიც ხელმომწერებს ფიტნეს–ექსპერტებს აცნობს.

    გარდა ამისა, ამ დღეებში მირანდა ქერიმ გაამხილა, როგორ ახერხებს დამოუკიდებლად ფეხების სილამაზის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას კოსმეტიკური პროცედურების გარეშე:

    “ჩემი მთავარი საიდუმლო – ჯაგრისით მშრალი მასაჟია. ამას ყოველ დილით ვაკეთებ, შხაპის მიღების წინ. ეს მეთოდი მიკროცირკულაციას აუმჯობესებს, კანის გარქოვანებულ ფენას აცილებს.“ – ამბობს მირანდა ქერი და ამტკიცებს, რომ თუ ფეხის მასაჟს ყოველდღიურ რუტინად აქცევთ, კანი უფრო დაჭიმული და მოვლილი გახდება.

     

     

    View this post on Instagram

     

    A post shared by Miranda (@mirandakerr)

  • ინფექციას უმეტესად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ – ახალი კვლევა Covid19-ზე

    ინფექციას უმეტესად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ – ახალი კვლევა Covid19-ზე

    შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ს ძირითადად უსიმპტომო ადამიანები ავრცელებენ. სხვადასხვა სცენარით ანალიტიკური მოდელების შეფასებამ აჩვენა, რომ იმ ინდივიდებზე, ვისაც დაავადების სიმპტომები არ ჰქონიათ, ინფექციის გავრცელების ნახევარზე მეტი შემთხვევა მოდის. მეცნიერებმა შეისწავლეს პრესიმპტომატური პაციენტები, სიმპტომატური და ისეთები, ვისაც სიმპტომები არასდროს გამოვლენიათ.

    ნაშრომის მიხედვით, ასიმპტომატურ ადამიანებზე მოდის აღრიცხული გავრცელების 59%. აქედან 35 პროცენტს გავრცელებისას სიმპტომები ჯერ არ ჰქონდა, 24 პროცენტს კი კოვიდ-19-ის სიმპტომები საერთოდ არ ჰქონია. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოდელს ზუსტი ანგარიშის მომზადების პრეტენზია არ აქვს და ეს უმეტესად ახალი კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო შეფასებებია.

    შესაბამისად, მხოლოდ იმ ადამიანების ამოცნობა და იზოლირება, ვინც ინფექციის მატარებელია, ახალი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს. „გავრცელების ეფექტური კონტროლი მოითხოვს ისეთი ადამიანებისგან გადაცემის რისკის შემცირებას, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ“ – აღნიშნავენ ამერიკელი მეცნიერები. მათი აზრით, „სტრატეგიული ტესტირება იმ ადამიანების, ვინც ავად არ არის, იქნება გადამწყვეტი კოვიდ-19-ის გავრცელების შენელების საქმეში, სანამ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გახდება ფართოდ ხელმისაწვდომი“.

    კვლევის ავტორები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ ჯანმრთელად ყოფნა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჯანდაცვის რეკომენდაციები არ დავიცვათ. ნიღბების ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა და ჯგუფური თავშეყრებისთვის თავის არიდება, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება.

    „ისეთი ზომები, როგორიცაა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა, ინდივიდებს თავდაცვის და სხვების დაცვის საშუალებას აძლევს, და ინფიცირების შემთხვევაში კი, გარშემომყოფებში რისკებს ამცირებს“ – ნათქვამია კვლევაში.

    მოდელში საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 5 დღით განისაზღვრა. ინფექციის გადაცემის პერიოდი კი 10 დღეზე შენარჩუნდა. ინფექციის გადაცემის პიკი დაახლოებით მესამედან მეშვიდე დღემდე მერყეობდა (საინკუბაციო პერიოდთან მიმართებაში, პლუს-მინუს 2 დღე).

    თავიდან, ასიმპტომატური გადაცემა კორონავირუსისთვის უჩვეულო რამ იყო, რადგან 2003 წელს, როცა ვირუსი სახელად სარს-კოვ პირველად გავრცელდა, უსიმპტომო ადამიანებისგან ინფექციის გავრცელება საერთოდ არ დაფიქსირებულა. 2020 წელს კი, სარს-კოვ-2 გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე მისი პირველი ვერსია და დღეისთვის უკვე საკმარისადაა აკუმულირებული მტკიცებულებები, რომელიც უსიმპტომო გავრცელებას ადასტურებს.

    თუმცა, პანდემიის დასაწყისში, ამ საკითხის წინააღმდეგობრივი ხასიათის, ეკონომიკაზე, თუ სხვა სოციალურ აქტივობებზე უარყოფითი გავლენის და ამ ყველაფრის პოლიტიზების გამო, შედეგად მივიღეთ ის, რომ ვირუსის გავრცელების ამ მხარეზე, ყურადღება ნაკლებად მახვილდებოდა – წერენ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მეცნიერები.

    ეს პანდემიის არასწორი მართვის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა, რადგან ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის შესწავლას და მის პრევენციას, პანდემიის კონტროლის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „უსიმპტომო ადამიანებში სარს-კოვ-2-ის გადაცემის პროპორციის განსაზღვრა ფუნდამენტურია კონტროლის პრაქტიკის პრიორიტეტების და პოლიტიკის განსაზღვრაში“ – წერენ ამერიკელი მეცნიერები.

    ნაშრომის სახელწოდებაა „სარს-კოვ-2-ის გადაცემა კოვიდ-19-ის სიმპტომების გარეშე“. ის ხუთშაბათს, 7 იანვარს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ჯამა“ (JAMA). თითქმის 140 წლის ისტორიის მქონე პროფესიულ ჟურნალს, ამერიკის სამედიცინო ასოციაცია გამოსცემს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • გადატრიალება მედიცინაში:mRNA–ს ვაქცინებით,რომლებიც Covid19-ისთვის შეიქმნა ახლო მომავალში სიმსივნის დამარცხებას შეძლებენ

    კორონავირუსი, რომელმაც ერთი წელია მსოფლიო თავდაყირა დააყენა შესაძლოა მედიცინაში უდიდესი გარღვევის მიზეზი გახდეს. რომ არა Covid19 ალბათ კიდევ დიდხანს არ დაჩქარდებოდა მატრიცულ რიბო ნუკლეინის მჟავებზე დაფუძნებული პრეპარატების წარმოება, რამაც შესაძლოა მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს.

    გამოცემა ბლუმბერგი ამ თემაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ღამე ყველაზე ბნელი გარიჟრაჟის წინ არის. “ახლა, რა თქმა უნდა ბნელა – SARS-CoV-2 –ის ყველაზე გადამდები ვარიანტები დიდი ბრიტანეთიდან და აფრიკიდან პანდემიას ამძიმებენ მანამ, სანამ საყოველთაო ვაქცინაცია მის დასრულებას შეძლებს. თუმცა, თუ გადავხედავთ  Covid19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინებიდან რამდენიმეს, უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გარიჟრაჟი, რომელიც შორს აღარ არის – არა მხოლოდ მზის პირველი სხივები უახლოეს თვეებში, არამედ კაშკაშა სინათლე მომავალ წლებში და ათწლეულებში.“– წერს გამოცემა.

    თანდათან სულ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება მოსაზრება, რომ იარაღი, რომელსაც Covid19-ის წინააღმდეგ ვიყენებთ, შეძლებს უფრო მძიმე დაავადებების დამარცხებას, მათ შორის სიმსივნის, რომლითაც დედამიწაზე ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი კვდება.

    Covid19-ის–ის საწინააღმდეგო ყველაზე წარმატებული ვაქცინები ნუკლეინის მჟავებს იყენებენ, რომლებსაც მატრიცულ რიბო ნუკლეინის მჟავებს ანუ   mRNA –ს უწოდებენ.

    ერთი ვაქცინა გერმანული  BioNTech–ის და მისი ამერიკელი პარტნიორის –  Pfizer Inc–ის შექმნილია, მეორე კი ამერიკული კომპანია  Moderna Inc.–ის. კიდევ ერთი ვაქცინის დამზადება მალე დასრულდება CureVac NV– ისგან, რომელიც ასევე გერმანიაში მდებარეობს.

    ჩვეულებრივი ვაქცინები, როგორც წესი დეაქტივირებული ან შესუსტებული ვირუსებია, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრისას იმუნური პასუხის სტიმულირებას ახდენენ, რომელიც ცოცხალი პათოგენისგან ორგანიზმს იცავს. თუმცა, ასეთი ვაქცინების შესაქმნელად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები და უჯრედული კულტურებია საჭირო. ეს კი დროს ითხოვს და დაინფიცირების შესაძლებლობას ტოვებს.

    mRNA ვაქცინებს კი ასეთი პრობლემა არ აქვთ.

    ვაქცინის მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: ის ორგანიზმს ინსტრუქტაჟს აძლევს, რომ წარმოქმნას ცილა, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზე გვხვდება. იმუნური სისტემა შემდეგ ამ ცილის ამოცნობას, მის საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოებას სწავლობს და იმ მომენტისთვის ემზადება, როცა იგივე ცილები კორონავირუსთან ერთად გამოჩნდება.

    სწორედ ამაში მდგომარეობს mRNA–ს დიდი პერსპექტივა: მას შეუძლია ჩვენს უჯრედებს უბრძანოს ნებისმიერი ცილის წარმოება. მათ შორის Covid19-ის გარდა სხვა ბევრი დაავადების ანტიგენისა.

    თავის ყოველდღიურ მუშაობაში mRNA  მისი მოლეკულური ნათესავის – ჩვენი უჯრედების ბირთვში არსებული დნმ–სგან იღებს ინსტრუქციებს. გენომის ნაწილების კოპირების შემდეგ mRNA– ის ისინი ციტოპლაზმაში გადააქვს, სადაც პატარა უჯრედული „ქარხნები“, ე. წ. რიბოსომები ინფორმაციას ცილის წარმოებისთვის იყენებენ.

    BioNTech–მა და  Moderna–მ ეს ციკლი დნმ–ს ბირთვში რთული პროცესის გამოტოვებით შეამცირეს. ამის ნაცვლად ისინი ჯერ არკვეევნ, რომელი ცილა სჭირდებათ – მაგალითად, შესაძლოა ეს იყოს ვირუსის გარსზე არსებული სპაიკი. შემდეგ კი ამინომჟავების თანმიმდევრობას მიყვებიან, რისგანაც ეს ცილა შედგება. სწორედ აქედან იღებენ ისინი ზუსტ ინსტრუქციებს, რომელსაც   mRNA  უნდა იძლეოდეს.

    ეს პროცესი შესაძლოა შედარებით სწრაფი იყოს, ამიტომაც არის, რომ წელიწადზე ნაკლები აღმოჩნდა საკმარისი ვაქცინის შესაქმნელად. ასეთ ტემპებში ვაქცინის შექმნა ადრე წარმოუდგენელი იყო. ეს პროცესი ასევე გენეტიკურად უსაფრთხოა – mRNA–ს არ შეუძლია უჯრედის ბირთვში უკან დაბრუნება და ჩვენს დნმ–ში შემთხვევით გენის ჩანერგვა.

    მკვლევარები 1970 –იანი წლებიდან ხვდებოდნენ, რომ ამ ტექნიკის საშუალებით ყველა დაავადებასთან ბრძოლა იყო შესაძლებელი. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება მეცნიერების სფეროში, კვლევების გაგრძელებას და ყველა მიმდინარე პრობლემებში გარკვევას უზარმაზარი ფული, დრო და მოთმინება ჭირდება, რაც ამ შემთხვევაშიც არ გამოინახა. ათწლიანი ენთუზიაზმის შემდეგ 1990-იან წლებში mRNA აკადემიურ წრეებში არამოდური აღმოჩნდა. პროგრესი თითქოს შეჩერდა. მთავარი წინააღმდეგობა ის გახდა, რომ mRNA–ს ინექციები ცხოველებში ხშირად ფატალურ ანთებებს იწვევდა.

    უნგრელმა მეცნიერმა, კატალინ კარიკომ, რომელიც 1980–იანებში აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად, მთელი თავისი კარიერა mRNA–ს მიუძღვნა, მიუხედავად წარმატებებისა თუ მარცხისა. 1990–იანებში მან დაფინანსება დაკარგა, სამსახურში დააქვეითეს, ხელფასი შეუმცირეს და სხვა პრობლემებსაც წააწყდა. თუმცა, დაჟინებით მიჰყვებოდა დასახულ მიზანს. მოგვიანებით, მას სიმსივნე აღმოაჩნდა, რომელიც დაამარცხა, ამის შემდეგ კი გადამწყვეტი გარღვევა სცადა.

    2000-იან წლებში მან და მისმა პარტნიორმა, ვისთან ერთადაც კვლევებს ატარებდა, აღმოაჩინეს, როგორ უნდა შეეცვალათ ურიდინი ისე, რომ თავიდან აეცილებინათ ანთებითი პროცესები და კოდისთვისაც ზიანი არ მიეყენებინათ. საცდელი თაგვები ცოცხლები გადარჩნენ.

    ამის შემდეგ კვლევა სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერმა, დერიკ როსიმ წაიკითხა, რომელიც მოგვიანებით Moderna-ს თანადამფუძნებელი გახდა. მან ასევე მიიქცია უგურ საჰინის და ოზლემ ტურეჩის ყურადღება– ონკოლოგი ცოლ–ქმრის, რომლებიც BioNTech–ის დამფუძნებლები გახდნენ. მათ კარიკოს ტექნოლოგიის ლიცენზირება მოახდინეს და ის თავისთან დაასაქმეს. თავდაპირველად მათ ყველაზე მეტად სიმსივნის მკურნალობა აინტერესებდათ.

    მათ გააცნობიერეს, რომ ტექნოლოგიები, რომლითაც დღეს მსოფლიო კიბოს ებრძვის, მომავალში ისეთივე პრიმიტიულად მოგვეჩვენება, როგორც ცული საოპერაციოში. ავთვისებიანი სიმსივნის გასანადგურებლად მას როგორც წესი რადიაციით ან ქიმიური ნივთიერებებით უმკლავდებიან და ამავე დროს უამრავ სხვა ქსოვილს აზიანებენ.

    საჰინის და ტურეჩის აზრით, კიბოსთან ბრძოლის საუკეთესო გზაა მისი ყოველი სახეობა გენეტიკურად უნიკალურად განვიხილოთ და ცალკეული პაციენტების იმუნური სისტემა ამ კონკრეტული მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში “ვავარჯიშოთ“. ამის გაკეთება კი mRNA–ს იდეალურად შეუძლია. მთავარია იპოვოთ ანტიგენი, მიიღოთ მისი “თითის ანაბეჭდი,“ მოახდინოთ უჯრედული ინსტრუქციების რეკონსტრუირება რათა მან “სამიზნე“ სწორად ამოირჩიოს და შემდეგ უკვე ორგანიზმი დანარჩენს თვითონ აკეთებს.

    თუ   Moderna–ს და  BioNTech–ის საქმიანობას გადავხედავთ, ისინი  მკერდის, პროსტატის,  კანის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ტვინის, ფილტვების და სხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალო წამლების ცდებზე მუშაობენ, ასევე ყველა ტიპის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაზე – გრიპით დაწყებული, ზიკას ვირუსით და ცოფით დამთავრებული. პერსპექტივები კი იმედისმომცემად გამოიყურება.

    ყველა აღიარებს, რომ ამ მიმართულებით პროგრესი ნელი იყო. საჰინი და ტურეჩი ამას ნაწილობრივ იმით ხსნიან, რომ ინვესტორებმა ამ სფეროში უზარმაზარი კაპიტალი უნდა ჩადონ, შემდეგ კი ათ წელზე მეტი ელოდონ – კვლევების დაწყების მომენტიდან მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის მიღებამდე. ამის სურვილი კი ადრე ბევრს არ ქონდა.

    ბლუმბერგი წერს, რომ Covid19-ის გამო მსოფლიოში ეს პროცესები დაჩქარდა. პანდემიამ  mRNA–ს ვაქცინის გრანდიოზული დებიუტი და მათი კონცეფციის საბოლოო დადასტურება გამოიწვია. უკვე საუბრობენ იმაზე, რომ კარიკოს შესაძლოა ნობელის პრემია მიენიჭოს. ამიერიდან mRNA–ს დაფინანსების პრობლემა აღარ ექნება. არც ყურადღება და ენთუზიაზმი მოაკლდება ინვესტორების, მარეგულირებელი ორგანოების და პოლიტიკოსების მხრიდან.

    ეს კი იმას ნიშნავს, რომ mRNA–ს კვლევების ბოლო ეტაპი ადვილი და სწრაფი იქნება, რამაც ახლო მომავალში სიმსივნეების და სხვა მძიმე დაავადებების მკურნალობაში შესაძლოა გრანდიოზული გარღვევა მოახდინოს.

    რომ არა Covid19 და მსოფლიოს სასოწარკვეთილი სწრაფვა, გამოსავალი დაუყოვნებლივ მოეძებნათ, mRNA–ს ავტორებს ალბათ კიდევ დიდი დრო დაჭირდებოდათ მეთოდის უპირატესობის დასამტკიცებლად.

  • “Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელი არ არის“–თენგიზ ცერცვაძე

    “Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის ხელსაყრელი არ არის“–თენგიზ ცერცვაძე

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემოტანა საქართველოსთვის არახელსაყრელია, რადგან ეს ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა ინახებოდეს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია.

    ცერცვაძის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი AstraZeneca-ს ვაქცინაა:

    “ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.

    ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს”,-ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

    ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დაახლოებით ერთ თვეში შემოვა, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი რომელ ვაქცინას შემოიტანს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში.

  • ექიმი, რომელიც ხუთი წელია არ ბანაობს ამტკიცებს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. ამერიკელი პროფესორის ექსპერიმენტის დეტალები

    “თავს მშვენივრად ვგრძნობ“–ასე პასუხობს ექიმი ჯეიმს ჰემბლინი მუდმივად კითხვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმ ადამიანებისგან, ვისაც მისი გადაწყვეტილება აშფოთებს – ექიმი უკვე ხუთი წელია არ ბანაობს.

    “ამას ეჩვევი და თავს სრულიად ნორმალურად გრძნობს“– ეუბნება ბიბისი–ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის 37 წლის პროფესორი, რომლის სპეციალიზაცია პროფილაქტიკური მედიცინაა.

    ექიმი ჰემბლინი რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ამერიკულ ჟურნალ Atlantic–ში. სწორედ აქ დაიბეჭდა 2016 წელს მისი სტატია სათაურით: “დაბანა შევწყვიტე, ცხოვრება კი გრძელდება“.

    “ჩვენ ცხოვრების დაახლოებით ორ წელს შხაპში ან აბაზანაში ვატარებთ. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს, ფულს და წყალს ვხარჯავთ ტყუილად?“– წერდა ის სტატიაში.

    2020 წელს მან დეტალურად აღწერა საკუთარი გამოცდილება წიგნში: “სისუფთავე: ახალი მეცნიერება კანზე და იმაზე, თუ რა მშვენიერია აკეთო ნაკლები.“ (Clean: The New Science of Skin and the Beauty of Doing Less).

    ჰემბლინი მყარად არის დარწმუნებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელების საპნით დაბანის და კბილების გახეხვის შეწყვეტა, თუმცა თვლის, რომ არ ღირს ასეთივე ყურადღება დავუთმოთ სხეულის სხვა ნაწილებს.

    ბანაობის შეწყვეტა თავდაპირველად ექიმისთვის ექსპერიმენტი იყო

    “მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა. ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც იშვიათად იბანს, თუმცა მინდოდა ეს საკუთარ თავზე გამომეცადა და გამეგო როგორი იქნებოდა ეფექტი. დროთა განმავლობაში თქვენი სხეული სულ უფრო ეჩვევა ამას. თუ საპონს და დეზოდორს არ იყენებთ, თქვენი სხეული ისე ძლიერ აღარ ყარს. თქვენი კანი სულაც არ ხდება უფრო ცხიმიანი. ბევრი ადამიანი თავს შამპუნით იბანს, რათა თმიდან ცხიმი მოიშროს, შემდეგ კი კონდიციონერს იყენებს, რათა თმაში ხელოვნური ზეთები შეიყვანოს. თუმცა, თუ ამ ციკლს შეწყვეტთ, თქვენი თმა ზუსტად ისეთივე ქნება, როგორც ამ საშუალებების გამოყენებამდე“– ამბობს ექსპერიმენტატორი ექიმი.

    თუმცა, მისი თქმით ეს თანდათანობით უნდა მოხდეს.

    ჰემბლინმა თავიდან საპნის, შამპუნის და დეზოდორის გამოყენება შეამცირა და ბანაობებს შორის ინტერვალი გაზარდა. შხაპის ყოველდღიური მიღების ნაცვლად სამ დღეში ერთხელ იღებდა, შემდეგ კი ბანაობაზე საერთოდ უარი თქვა:

    “ხანდახან შხაპის მიღება ძალიან მინდოდა უბრალოდ იმიტომ, რომ მენატრებოდა, ცუდი სუნი მქონდა ან თავს ჭუჭყიანად ვგრძნობდი. მაგრამ ეს თანდათანობით სულ უფრო იშვიათად ხდებოდა“– ამბობს ჰემბლინი.

    მისი თქმით, რაც უფრო იშვიათად იყენებდა წყალს და დასაბან საშუალებებს, მით უფრო ნაკლებად ჭირდებოდა ისინი.

    სხეულის სუნი და ბაქტერიები

    როგორც ამერიკელი მეცნიერი განმარტავს, სხეულის სუნს ბაქტერიები განსაზღვრავს, რომლებიც კანზე ცხოვრობენ და ოფლით თუ კანისგან გამოყოფილი სხვა ნივთიერებებით იკვებებიან.

    დასაბანი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება კანის ცხიმოვან ბალანსს ცვლის და ბაქტერიებში განგაშს იწვევს.

    “შხაპის ენერგიული მიღებისას მთელ ეკოსისტემებს ანგრევთ. ნიშა რა თქმა უნდა ივსება, თუმცა სულ უფრო მეტად მიკრობების იმ სახეობებით, რომლებიც ცუდ სუნს იწვევენ“– წერდა ის საკუთარ სტატიაში ჯერ კიდევ 2016 წელს.

    ის ამტკიცებს, რომ როცა საერთოდ არ ვიბანთ, იწყება ამ ეკოსისტემების თვითრეგულაციის პროცესი, ხდება მათი სტაბილიზაცია და ადამიანს ცუდი სუნი აღარ აქვს.

    “რა თქმა უნდა, ოდეკოლონის სუნი არ გექნებათ, მაგრამ არც აყროლებული იქნებით. უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური სუნი გექნებათ“– ამბობს ჰემბლინი

    ჟურნალ BBC Science Focus–თან ინტერვიუში 2020 წლის აგვისტოში მას დაუსვეს კითხვა, აწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს, მაგრამ მის გარშემო ადამიანები მეტისმეტად ზრდილობიანები იყვნენ ამის ხმამაღლა სათქმელად.

    ამაზე პროფესორმა განაცხადა, რომ ის მუდმივად დაჟინებით თხოვდა კოლეგებს,მეგობერბს და ნაცნობებს, ეთქვათ თუ მისი სუნი აწუხებდათ. სწორად ასე მიაღწია ბალანსს, როცა მისმა სხეულმა არასასიამოვნო სუნის გამოყოფა შეწყვიტა.

    უფრო მეტიც, ჰემბლინი ამტკიცებს, რომ მის ცოლს მისი ახალი სუნი მოსწონს კიდევაც. სხვა ადამიანებიც ამბობენ, რომ მას მშვენიერი სუნი აქვს.

    “კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სუნები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანებს შორის ურთიერთობებში. ახლა კი პრაქტიკულად გაქრნენ ჩვენი სოციალური ბიოლოგიიდან. ამიტომაც ახლა ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს არანაირი სუნი არ ქონდეთ, ან სხვადასხვა პარფიუმერიის სუნი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვთვლით, რომ მათ ცუდი სუნი აქვთ. ადამიანის სხეულის ნებისმიერი  ბუნებრივი სუნი ავტომატურად ითვლება ნეგატიურად.“– ამბობს ის.

    შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჰემბლინმა კატეგორიულად და სამუდამოდ თქვა უარი ბანაობაზე?

    არა, ის ამბობს, რომ ხანდახან, როცა ძალიან ჭუჭყიანდება ან ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ შეიძლება წყალი გადაივლოს, თუმცა მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია ზედმეტი ჭუჭყი დავარცხნით ან ფხანითაც მოიშოროს.

    ექიმი ამბობს, რომ თავის მოვლის საშუალებების ინდუსტრიამ თავს მოგვახვია სხვადასხვა საშუალებების ფეტიში, მაშინ, როცა ჩვენი კანის მდგომარეობა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების სტილზე და ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

    ჰემბლინკი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავება დავინახოთ მეცნიერებასა და მარკეტინგს შორის. მისი აზრით ჩვენ იმაზე ბევრად მეტ თავის მოვლის საშუალებებს მოვიხმართ, ვიდრე სინამდვილეშია საჭირო და გვგონია, რომ ამით ჩვენს ჯანმრთელობას რამეს ვმატებთ. ექიმი შეგვახსენებს, რომ თავის მოვლა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს თანამედროვე გამოგონებაა.

    “ჯერ კიდევ ასი წლის წინ ადამიანების უმრავლესობას არ ქონდა წვდომა წყალგაყვანილობასთან, ასეთი რამ მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი. უბრალო ადამიანები კი მხოლოდ იშვიათად ახერხებდნენ დაბანას. შეიძლება მდინარეში ან ტბაში ებანავთ, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამას ყოველდღე ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, მაშინ მასობრივი წარმოებები არ არსებობდა და ადამიანები ხელნაკეთი საპნით სარგებლობდნენ, თანაც არა ყოველდღე, რადგან ის კანს ჭამდა“– ამბობს ექიმი.

    თავის წიგნში ის ასკვნის, რომ ადამიანები გადაჭარბებული დოზით  ბანაობენ და ამის შეწყვეტა მხოლოდ სასარგებლო იქნებოდა. ერთ–ერთ არგუმენტად მას ის ფაქტი მოყავს, რომ ჯერჯერობით საკმარისად არ არის შესწავლილი, როგორ ცვლის დაბანის პროცესი მიკრობების შემადგელობას ჩვენს კანზე.

    “ჩვენს კანზე მცხოვრები ბაქტერიები არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის, ვიდრე ნაწლავებში არსებული ბაქტერიებია საჭირო საჭმლის მონელებისთვის. ბაქტერიებს ცუდი რეპუტაცია ჩამოუყალიბდათ, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი გავიგეთ იმის შესახებ, რომ ბაქტერიები ყველგან არსებობენ და როგორც წესი, ისინი ზიანს არ გვაყენებენ. მავნებელი მხოლოდ მათი ძალიან მცირე ნაწილია. ამან ადამიანები უნდა დააფიქროს, რა ხდება დაბანის დროს. რა თქმა უნდა, გვინდა თავიდან გვინდა მოვიშოროთ ის მიკრობები, რომლებიც დაავადებებს იწვევენ, მაგრამ არ უნდა მოვსპოთ ყველა მიკრობი“– ამბობს მეცნიერი.

    ღირს თუ არა ჰემბლინის მეთოდის ცდა?

    ექიმი ამბობს, რომ არ აპირებს ვინმეს უმტკიცოს, რა არის კარგი და რა ცუდი, ან ამტკიცოს, რომ მისი მიდგომა ყველასთვის კარგია. თუმცა მათ, ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ან უნდა ეს მეთოდი სცადოს, ექიმი ურჩევს უფრო იშვიათად დაიბანონ და შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს.

    “მაგალითად, ვიღაც უფრო ნაკლები შამპუნის გამოყენებას იწყებს, ვიღაც კი უფრო ნაკლებ დეზოდორს მოიხმარს. შეგიძლიათ იმით დაიწყოთ, რომ შხაპში გატარებული დრო შეამციროთ, უფრო ცივი შხაპი მიიღოთ, იშვიათად იბანაოთ ან ნაკლები საპონი მოიხმაროთ. კარდინალური ცვლილებები სულაც არ არის საჭირო“– ამბობს ექიმი.

    მის მიდგომას ექიმების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მართალია ბევრი თანამედროვე მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ ადამიანები დასაბანი საშუალებების მეტისმეტად დიდ რაოდენობას მოიხმარენ, მაგრამ არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ შამპუნის და საპნის მოხმარებაზე სრულიად უარის თქმა ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

    სამაგიეროდ  საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ თავის კანის რეგულარულ გასუფთავებაზე უარის თქმამ შეიძლება სერიოზული პრობლემები, მაგალითად სებორიული დერმატიტი გამოიწვიოს.