Category: ჯანმრთელობა

  • როგორ მოვემზადოთ პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრებისთვის

    {{ARTICLEIMAGE}}როცა ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა, თითქოს სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თუმცა ხანდახან მეორე და მეათეხარისხოვანი წვრილმანები საქმეს აფუჭებს. ამიტომაც სანამ საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ბევრი რამ უნდა გაიაზროთ.

    შეარჩიეთ იდეალური ბინა


    თუ გადაწყვიტეთ პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრება დაიწყოთ მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ მიზნისთვის არც თქვენი და არც მისი ბინა არ გამოდგება (მაგალითად იქ მშობლები ცხოვრობენ, ან სამსახურამდე ძალიან შორია), ახალი ბინის შერჩევა მოგიწევთ. ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეთ. სწორი ადგილმდებარეობის შერჩევის გარდა ბინის პროექტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა ის ერთოთახიანი იყოს, რაც ორი ადამიანისთვის საკმარისია, მაგრამ თავიდანვე უნდა გათვალოთ სად იქნება თქვენი “კუთხე“ და სად მისი. ასეთი განაწილების გარეშე ერთობლივი ცხოვრება შესაძლოა ჯოჯოხეთად იქცეს.


    სწორად მოაწყვეთ ბინა


    თუ ბინაში წინასწარ არ არის განსაზღვრული რამდენიმე “ზონა“ , ეს თავად გააკეთეთ. მაგალითად, მოილაპარაკეთ, რომ სამზარეულოში ნოუთბუქით თქვენი პარტიორი იმუშავებს, ოთახში კი თქვენ, ან პირიქით. ასევე მოიპალარაკეთ ვინ რომელ თაროს, საკიდს თუ უჯრას გამოიყენებს. ჯობს თითოეულს საკუთარი ტერიტორია ქონდეს, რომელსაც ისე მოაწყობს როგორც სურს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გადასვლის მომენტში ორივეს აუცილებელი ნივთების მინიმუმი თან ჰქონდეს. უცნაურია, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს პირსახოცებზე, ჩუსტებზე და სხვა ყოფით წვრილმანებზე, რაც ყოველდღიურად გვჭირდება. საბოლოოდ ყველაფრის ყიდვა გიწევთ, რამაც შეიძლება ერთობლივი ცხოვრების პირველი კვირები ჩაგიშხამოთ და საბოლოოდ ურთიერთობებზეც აისახოს.

    გაინაწილეთ მოვალეობები


    ის დრო, როცა სახლის საქმეებით მხოლოდ ქალი იყო დაკავებული წარსულს ჩაბარდა, თუმცა ამით ყველა პრობლემა არ მოგვარებულა.  საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, პროდუქტების შეძენა, კომუნალური დავალიანებების გადახდა, სახლში ყოფითი პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას ითხოვს და ერთი ადამიანისთვის მათი მოგვარება ძნელია. ამიტომაც ჯობს ვალდებულებები განაწილდეს: მაგალითად, თუ ერთი საჭმელს ამზადებს, მეორემ სახლი დაალაგოს. მაგალითად, თუ თქვენი პარტნიორი პროდუქტებს ყიდულობს, თქვენ შეგიძლიათ გამოთავისუფლებული დრო სხვა რამეს დაუთმოთ. თუ ერთობლივი ბიუჯეტი გაქვთ, ასეთი გააწილება მითუმეტეს სასურველია.


    სწორად გაანაწილეთ თქვენი დრო


    ყველაფერს ობიექტურად უნდა მიუდგეთ – მათ შორის თქვენს მთავარ რესურსს, ანუ დროს. თუ ხვდებით, რომ ობიექტურად ვერ ასწრებთ ყოველდღიურად სახლის დალაგებას და საჭმლის კეთებას, ნერვებს ნუ მოიშლით. მოელაპარაკეთ პარტნიორს, რომ ერთდროულად დაალაგებთ სახლს გარკვეული გრაფიკით და მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე სახლის გარეთ ივახშმებთ, ან მზა საჭმელს გამოიძახებთ. ყოფითი საქმეების გამო კარიერაზე, დამატებით განათლების მიღებაზე ან დროსტარებაზე (რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში) უარის თქმა არასწორია. ცხოვრებამ, მათ შორის პარტნიორთან ცხოვრებამაც არა მხოლოდ ვალდებულებები, არამედ სიხარულიც უნდა მოგიტანოთ. სამწუხაროდ ეს ხშირად ავიწყდებათ.


    განიხილეთ “დასაშვების ზღვარი“


    ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს პირად კომფორტზე: მაგალითად, ვიღაცას სახლში შიშველი სიარული უყვარს, ვიღაცას არ შეუძლია სხვა ადამიანის თანდასწრებით ბანაობა, თუნდაც ეს საყვარელი ადამიანი იყოს. ეს ყველაფერი ერთობლივი ცხოვრებისას მშვიდად გაარკვიეთ. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ, ნერვები არ აიშალოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეიქმნათ. პარტნიორთან კონკრეტული სიტუაციები განიხილეთ და ეცადეთ კომპრომისს მიაღწიოთ. ეს კარგი ტესტია ზოგადად ურთიერთობებისთვის. თუ რაღაც მომენტში ხვდებით, რომ თქვენი რჩეული ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან და არ სურს თუნდაც მცირედი დათმოს თქვენი კომფორტისთვის, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ ადამიანთან დაკავშირებული მომავლის დაგეგმვა.

    განსაზღვრეთ ერთობლივი ცხოვრების მიზანი


    ეს პუნქტი ბოლოსკენ შემთხვევით არ მოხვედრილა. მხოლოდ გარკვეული დროის ერთად გატარების და ერთ ბინაში ცხოვრების შემდეგ მიხვდებით, შეგეფერებათ თუ არა პარტნიორი. მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გაგების, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში მისი გამოცდის შემდეგ ადრე თუ გვიან ზუსტად მიხვდებით, ხართ თუ არა კარგი წყვილი. მას შემდეგ, რაც ამას გაარკვევთ კითხეთ საკუთარ თავს – რა გინდათ ამ ადამიანისგან? ხანმოკლე ურთიერთობა, მყარი ოჯახი, შემოქმედებითი ტანდემი თუ რამე სხვა. პასუხი შეიძლება ნებისმიერი იყოს, თუმცა მთავარია გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოთ, რათა შემდეგ არ ინანოთ ტყუილად დაკარგული დროის გამო.

    და ბოლოს


    რა თქმა უნდა, ერთობლივი ცხოვრების დაწყება ყოველთვის სასიხარულო მოვლენაა, თუმცა მზად უნდა იყოთ სხვადასხვა მოულოდნელი და ფორს–მაჟორული სიტუაციებისთვის. პარტნიორმა შესაძლოა ყოველთვის ვერ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, ან ხანდახან უცნაურადაც მოგეჩვენოთ. თუმცა ხელს ნუ ჩაიქნევთ. პირველ ეტაპზე შეიძლება ყველაფერი არ აეწყოს, მაგრამ თანდათანობით კარგად შეეწყოთ ერთმანეთს . თუმცა პირიქითაც ხდება.

  • როგორ დავიკლოთ და შევინარჩუნოთ წონა

    ზედმეტი წონა თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.  ის ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.  ზედმეტ წონასთან ბრძოლა კი მუდმივად აქტუალური საკითხია. რა მოხდება, თუ ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად დავიკლებთ. მოდით ვნახოთ რა მოსდის ჩვენს სხეულს და ტვინს წონის კლებასთან ერთად.


    ცხიმოვანი ქსოვილები ისევე არის კაპილარებით და დაქსელილი, როგორც კუნთები. ამის გამო, რაც უფრო მეტია ზედმეტი წონა, მით მეტი მოცულობის სისხლის გადაქაჩვა უწევს გულს.  ეს კი მის გადატვირთვას იწვევს. ამიტომ წონის კლება ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას ყველა ორგანოში,  შესაბამისად, ჩვენს ტვინსაც სისხლი უფრო ადვილად მიეწოდება და მისი მუშაობა უმჯობესდება.


    მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ წონის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ ადამიანებს მეხსიერების, კონცენტრაციის და ანალიტიკური უნარების გაუმჯობესება აღენიშნებათ.

    არასწორი დიეტის დროს ხშირად ცხიმის ნაცვლად კუნთოვანი მასა მცირდება. რაც ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. საქმე იმაშია, რომ ორგანიზმისთვის ნახშირწყლების და ცილების დაწვა უფრო ადვილია, ვიდრე ცხიმოვანი უჯრედების, განსაკუთრებით, თუ  წონაში კლება მეტისმეტად სწრაფია.   იმისათვის, რომ წონაში სწორად დაიკლოთ, აუცილებელია ყოველდღიური თუნდაც მარტივი ვარჯიში, რაც იმ ჰორმონების წარმოქმნას შეუწყობს ხელს, რომლებიც ცილოვან სტრუქტურებს ახალი უჯრედების წარმოქმნისა და აღდგენისკენ უბიძგებს.  ასეთ შემთხვევაში ჩვენს სხეულს ისღა დარჩენია ენერგიის წყაროდ ცხიმი და ნახშირწყლები გამოიყენოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეული წონის კლების პარალელურად სხეული კვლავ ენერგიული და აქტიური იქნება.

    ზედმეტი წონა თქვენს სახსრებზე დიდ ზეწოლას ახდენს.არ აქვს მნიშვნელობა, დარბიხართ, ზიხართ თუ წევხართ.  ყოველი დაკლებული კილოგრამი სახსრებზე დაწოლას ოთხი კილოგრამით ამცირებს. შესაბამისად, სწორი კვებით და წონის კლებით შეძლებთ სახსრების ბევრი დაავადების თავიდან აცილებას და კუნთ–სახსროვანი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.


    ინსულინი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც  საკვების ათვისების პროცესზე  დიდ  გავლენას ახდენს. ზედმეტი წონა ინსულინისადმი მგრძნობელობის შემცირებასაც იწვევს, რის გამოც ჭარბწონიანებს ხშირად ქრონიკული შიმშილის გრძნობა და ქრონიკული დაღლილობა აღენიშნებათ. ტკბილი და ცხიმიანი საკვების შემცირების, ასევე საკვების ულუფების შემცირების შემდეგ ორგანიზმი ინსულინის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება. შედეგად ნაკლები საკვების მიღებით ბევრად მეტ ენერგიას მიიღებთ. შიმშილის  დაუძლეველი გრძნობა და სტრესი, რაც დიეტის დაწყებისას გაწუხებთ,  რამდენიმე კვირაში გაქრება როდესაც სხეული ჰორმონების სწორად გამომუშავებას მიეჩვევა.

    კვლევების შედეგად, რომელიც ტვინის სკანირებასაც მოიცავდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაკლებული ზედმეტი წონის 9  თვის მანძილზე  შენარჩუნების შემდეგ ადამიანები კალორიული საკვების გამოსახულების დანახვისას განსხვავებულად რეაგირებდნენ, ვიდრე წონის დაკლებამდე. მოტივაციაზე , წახალისებაზე  და გემოზე   პასუხისმგებელი ტვინის უბნები  საკვების დანახვაზე  უფრო სუსტად რეაგირებდნენ, ვიდრე ის უბნები, რომლებიც თვითკონტროლზე არიან პასუხისმგებელი. ამგვარად, საკვების მიმართ დამოკიდებულება დროთა განმავლობაში იცვლება და ორგანიზმი კვების ახალ, ზომიერ რეჟიმს ეჩვევა. ასე რომ, ყველაზე რთული წონის კლებისას პირველი რამდენიმე კვირაა.

  • რატომ ვჭაღარავდებით ადრეულ ასაკში?

    30–35 წლის ასაკში ცალკეული ჭაღარა თმის გაჩენა ნორმად ითვლება. პირველ რიგში თმა საფეთქლებთან და თავის წინა მხარეს ჭაღარავდება. 50–55 წლის ასაკში კი თეთრი თმა მთელ თავს ედება.

    ადრეულ ასაკში ჭაღარის გაჩენის მიზეზი თმის ფოლიკულების მიერ პიგმენტ მელანინის გამომუშავების შეწყვეტაა, რომელიც თმის ფერზეა პასუხისმგებელი. ეს შესაძლოა გენეტიკასთან იყოს დაკავშირებული, თუმცა შესაძლოა მიზეზი მიკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობაც გახდეს (მაგალითად A,B,C ჯგუფის ვიტამინების,  სელენის, რკინის, თუთიის და სპილენძის ნაკლებობა). ნაადრევი ჭაღარის მიზეზად შეიძლება იქცეს ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევაც. ჰორმონი ადრენალინი, რომელიც სტრესის დროს გამოიყოფა მელანინის გამოყოფას ხელს უშლის.

    ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება მკაცრმა დიეტებმაც გამოიწვიოს, რომლებიც რაციონში ცილებოვანი საკვების შემცირებას გულისხმობს. კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა მზის გულზე ხანგრძლივი ყოფნა გახდეს.

    პროცესის უკან შემობრუნება და თმისთვის ძველი ფერის დაბრუნება შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ ახალი ჭაღარა თმის გაჩენის პროცესი შეაჩეროთ. ამისათვის სტრესებს უნდა ერიდოთ, სწორად იკვებოთ და ძილის რეჟიმი დაიცვათ. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, კარგი იქნება თუ ყურადღებას გაამახვილებთ В ჯგუფის ვიტამინების კომპლექსებზე და ენდოკრინოლოგსაც მიმართავთ კონსულტაციისთვის. ადრეული ჭაღარა ხომ შესაძლოა ჰორმონალური ფონის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის სიგნალიც იყოს.
  • როგორ განვიკურნოთ მეტეოდამოკიდებულებისგან

    რატომ ხდება, რომ ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის ცვალებადობისას სასწრაფო დახმარების სამსახური საქმეს ვეღარ აუდის?

    “მეტეოდამოკიდებულება“, როგორც დიაგნოზი საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკაციაში არ არსებობს. მრავალი კვლევის მიუხედავად მეცნიერებმა ვერ დაადგინეს მკაფიო კავშირი ამინდის ცვალებადობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. სწორედ ამიტომაც ოფიციალური მედიცინა მეტეოდამოკიდებულებას, როგორც დაავადებას არ ცნობს, თუმცა დამტკიცებულია, რომ ადამიანთა დაახლოებით 35%  ატმოსფერული მოვლენებისადმი – ატმოსფერული წნევის, ტენიანობის, ჰაერის ტემპერატურის ცვალებადობის და მაგნიტური ქარიშხლების მიმართ მგრძნობიარეა.  გულ სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთა შორის კი  მეტეოპატები 70%–ს შეადგენენ.

     

    დაავადება თუ ახირება

    მეტეომგრძნობელობა –ეს არის ამინდის ცვალებადობასთან ორგანიზმის ადაპტაციის უნარის დარღვევა.

    მაგალითად, ატმოსფერული წნევის ცვალებადობისას სისხლძარღვების კედლების მდგომარეობა იცვლება, ტენიანობის მატებისას სასუნთქი სისტემის მუშაობა ძლიერდება, ჰაერის ტემპერატურის მატებისას კი ოფლის გამოყოფა მატულობს. ცივ ამინდში სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს.

    ჯანმრთელ ადამიანებში ეს პროცესები დისკომფორტს არ იწვევს. თუმცა ბევრი დაავადება ორგანიზმის ადაპტაციის უნარს აქვეითებს და შედეგად მეტეომგრძნობელობა ჩნდება, რაც არა მხოლოდ ზოგად მდგომარეობას აუარესებს, არამედ ძირითადი დაავადებების სიმპტომებსაც აძლიერებს. ზოგ შემთხვვაში ეს პრცესი სერიოზული გართულებების პროვოცირებას იწვევს. მაგალითად, სისხლძარღვების ძლიერი სპაზმი შეიძლება ჰიპერტონიული კრიზის, მიოკარდის ინფარქტის, ტრანზიტორული იშემიური შეტევის და ინსულტის მიზეზიც კი  გახდეს.


    ამინდის პროგნოზი

    რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამინდის პროგნოზის მოსმენისას? ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რა დაავადებამ გამოიწვია თქვენი მეტეოდამოკიდებულება.

    ატმოსფერული წნევის ცვალებადობა :
    ამ დროს სისხლძარღვების სპაზმი ან გაფართოება ხდება. ეს შეიძლება საშიში იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც გულსისხლძარღვთა დაავადებები  ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები აწუხებთ. მაგალითად, ჰიპერტონიით დაავადებულთათვის ატმოსფერული წნევის მომატება სისხლძარღვების შევიწროვებას და არტერიული წნევის ზრდას იწვევს. ათეროსკლეროზის არსებობა კი სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან ქოლესტერინის  ფოლაქები  სისხლძარღვების გამტარიანობას კიდევ უფრო ამცირებს.

    ჰაერის ტენიანობის ზრდა (85% და მეტით): ტენიანობის ზრდასთან ერთად ჰაერში ჟანგბადის შემცველობა მცირდება, რამაც შეიძლება ჰაერის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმის შეტევა, ტახიკარდია, თავბრუსხვევა გამოიწვიოს. განსაკუთრებით საშიშია ტენიანობის მატება სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, თუმცა მაღალმა ტენიანობამ შესაძლოა საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მქონე ადამიანებსაც შეუქმნას პრობლემები, განსაკუთრებით თუ პარალელურად ჰაერის ტემპერატურა დაბალია.

    მაგნიტური ქარიშხლები: ეს მოვლენა სისხლის მიმოქცევის შენელებას იწვევს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში, რამაც შეიძლება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის მუშაობის გაუარესება გამოიწვიოს. ჯანმრთელ ადამიანში კი მაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს.

    დღე–ღამის განმავლობაში ტემპერატურის უცაბედი ვარდნა 10 და მეტი გრადუსით: ასეთი მოვლენა სისხლძარღვების უცაბედ შევიწროვებას იწვევს, რაც შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს ჰიპერტონიკებისთვის, გულის იშემიური დაავადებების მქონეთათვის, ინსულტგადატანილთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის დარღვევა აწუხებს.

    რომელ ტიპს განეკუთვნებით თქვენ:


    მეტეომგრძნობელდობის სიმპტომები განსხვავებულია და ყოველ მეტეოპატს ამინდის ცვლილებაზე  თავისებური რეაქცია აქვს. იმის გათვალისწინებით, რა სიმპტომებია გამოხატული, მეტეომგრძნობელობის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ.

    ტვინის  – ამ ტიპს ახასიათებს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურადღების გაფანტულობა, ხმაურის შეგრძნება თავში.

    გულის – გამოიხატება სუნთქვის აჩქარებაში, გულის არეში დისკომორტში
    .
    შერეული – ამ ტიპისთვის დამახასიათებელია როგორც გულის, ასევე ტვინის სიმპტომები.

    ასტენონევროტული –
    ახასიათებს გაღიზიანება, მომეტებული მგრძნობელობა, უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა. როგორც წესი, ამ ტიპის მეტეოპატები საკუთარ ჩივილებს ძალიან ემოციურად და დეტალურად აღწერენ.

    განუსაზღვრელი – ახასიათებთ საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებს. ასეთი ავადმყოფები უჩივიან კუნთებისა და სახსრების ტკივილს და მდგომარეობის ზოგად გაუარესებას.
    მეტეოპატიის ცალკე სახეობად გამოყოფენ მეტეონევროზს, როცა მეტისმეტად ემოციური ადამიანი ამინდის ცუდი პროგნოზის მოსმენისას წინასწარ აპროგრამებს საკუთარ თავს, რომ ცუდად უნდა გახდეს იმ დროს, როცა ჯანმრთელობის გაუარესების ობიექტური ნიშნები არ არსებობს.

    როგორ დავიცვათ თავი

    იმისათვის, რომ ამინდის ჭირვეულობამ რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები შეუქმნას, მეტეომგრძნობელმა ადამიანებმა საშიშ დღეებში საკუთარ თავს განსაკთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.
    ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. მაგალითად, თუ საყრდენ– მამოძრავებელი აპარატის დაავადებას უჩივით, აუცილებელია ცივ და ტენიან ამინდში სხეული თბილად გქონდეთ. მათ კი, ვისაც თავის ტკივილებისკენ აქვს მიდრეკილება ან შაკიკი აწუხებს,  ქარიან ამნდში აუცილებლად უნდა დაიხურონ ქუდი და გაიკეთონ შარფი, რათა ადგილობრივი გადაციების გამო სისხლძარღვების სპაზმი თავიდან აიცილონ.

    უარი თქვით მავნე ჩვევებზე – ალკოჰოლი და სიგარეტი ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს ამცირებს.
    ცუდ დღეებში პირველადი დახმარების მედიკამენტები თან ატარეთ.

    ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ყურადღება დაუთმეთ ცხოვრების წესს – სწორად იკვებეთ, დრო დაუთმეთ სპორტს, იძინეთ მინიმუმ 8 საათი დღეღამეში და დღეში 40 წუთი მაინც გაატარეთ ჰაერზე.
  • სტრესთან გამკლავების 10 ხერხი, რომელსაც ცნობილი მილიონერები იყენებენ

    მუდმივი დაძაბულობა თანამედროვე სამყაროს განუყოფელი  ნაწილია. როცა წარმატებულ ადამიანებს ვუყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ ყველაფერი შესანიშნავად აქვთ და წარმოდგენაც კი არ აქვთ რა არის სტრესი. თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ მათ, ვინც ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს, სტრესის დამარცხება ისწავლეს. ყველას საკუთარი მეთოდი აქვს.

    გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების სტრესთან გამკლავების  მეთოდებს.

    1. დაეხმარეთ სხვებს

    კორპორაცია Virgin–ის ხელმძღვანელი, რიჩარდ ბრენსონი გვირჩევს პრიორიტეტები სწორად განვსაზღვროთ და სხვებს დავეხმაროთ.  როცა რაღაც კარგს ვაკეთებთ, ადამიანებს ვეხმარებით უფრო სუფთები და ბედნიერები ვხდებით. ამიტომაც ბიზნესმენი გვირჩევს, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვაქვს იმ ადამიანებზე ვიფიქროთ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.

    “ფიქრობთ რომ გაიჭედეთ? კითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საიმისოდ, რომ ვიღაცას ერთი დღე მაინც გაულამაზოთ.“ ამბობს რიჩარდ ბრენსონი.

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

    • მიმოიხედეთ გარშემო: შესაძლოა მარტოხელა მოხუცი მეზობელი გყავთ, რომელსაც პროდუქტების საყიდლად წასვლა უჭირს, ან მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც სხვადასხვა ნივთები და სათამაშოები ძალიან სჭირდება.
    • შესაძლოა დასვენება სასარგებლო საქმესაც შეუთავსოთ და მაგალითად, შაბათ–კვირას ცხოველთა თავშესაფარში მოხალისედ წაიმუშაოთ.

      2. მოაწესრიგეთ თქვენი საქმიანობა

    Twitter –ის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ჯეკ დორსი თვლის, რომ სტრესის წყარო უსიამოვნო მოულოდნელობებია. ამიტომაც სამუშაო საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს და მაქსიმალურად შეეცადოთ გეგმას მიჰყვეთ. მნიშვნელოვანია მოსახერხებელი და თანმიმდევრული განრიგის შექმნა.

     

    “თუ სწორად შეადგენთ თქვენს განრიგს და მკაცრად მიჰყვებით მას, იშვიათად აღმოჩნდებით ცაიტნოტში, შესაბამისად ნაკლებ სტრესს მიიღებთ“ – ამბობს ჯეკ დორსი.

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

     

    • გამოიყენეთ სხვადასხვა აპლიკაციები და პროგრამები, რომლებიც ინფორმაციის სტრუქტურირებაში და ვადების დაცვაში დაგეხმარებათ (Toodledo, HabitForge, Objectiveli)  .   შესაძლოა ძველებური ტრადიციული მეთოდი – კარგი ბლოკნოტი და საწერი კალამიც გამოგადგეთ.

    • ისწავლეთ პრიორიტეტების განსაზღვრა და მუდმივად ივარჯიშეთ ყურადღების კონცენტრირებაში.

    3. გიყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ

     

     

    Google –ის ერთ ერთ დამფუძნებელს, სერგეი ბრინს დაძაბულობის და სტრესის მოხსნაში საკუთარი საქმის სიყვარული ეხმარება. სტრესის მიზეზი ხომ ხშირად ისიც არის რომ ადამიანს არ უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.

     

     

     

    “არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი. მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სიამოვნებას ვიღებ იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებ. სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე“ – ამბობს ბრინი.

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

     

    • განსაზღვრეთ, რომელ სფეროში ხართ ყველაზე ნიჭიერი. მოუსმინეთ საკუთარ თავს: რისი კეთება გესიამოვნებოდათ.

    • საკუთარი საქმის სიყვარულის საუკეთესო ხერხია თქვენი საყვარელი ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოთ.

      4. არ ღირს პრობლემების იგნორირება

    კომპანია Amazon –ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი თვლის, რომ სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება წინდახედულებაა.  იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური დაძაბულობა არ დაუშვათ, დროულად უნდა დაიწყოთ მოქმედება.

    “სტრესი იმის შედეგია, რომ დროულად არ იმოქმედეთ და არაფერი გააკეთეთ მაშინ, როცა სიტუაციის კონტროლი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. როგორც კი პრობლემას აღმოვაჩენ, მაშინვე ვრეკავ ან ელექტრონული ფოსტით წერილს ვგზავნი, რათა სიტუაციის შეცვლა დავიწყო. პრობლემა რომც არ გადაწყდეს ის ფაქტი, რომ მისი კონტროლი დავიწყე სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს“ – ამბობს ჯეფ ბეზოსი.

     

     

     

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • შეადგინეთ გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები. ეს დაგეხმარებათ საქმის მსვლელობას და მდგომარეობას ეფექტურად დააკვირდეთ.
    • კვირაში ან თვეში ერთხელ გაკეთებული საქმეები შეაჯამეთ. ასე შეძლებთ საკუთარი ეფექტურობა და შესაძლო რისკები შეაფასოთ.

    5. შეეცადეთ კონცენტრირდეთ

     

    მსოფლიოში ცნობილი კომპანია Apple–ს ხელმძღვანელის, ტიმ კუკის აზრით, რომლის მსოფლხედველობაზე სტივ ჯობსთან მეგობრობამ დიდი გავლენა იქონია ამბობს, რომ სტრესის თავიდან ასაცილებლად იმაზე უნდა კონცენტრირდეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. 

    “რა ვისწავლე სტივისგან? ის, რომ კომპანიისა და პირადი ცხოვრების მართვისას მთავარია კონცენტრირება. მხოლოდ იმ საქმეზე უნდა კონცენტრირდე, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. დანარჩენს თავი უნდა გაანებო“ , ამბობს ტიმ  კუკი.

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

    • ისწავლეთ დელეგირება. თუ სხვა ადამიანი თანახმაა საქმის ნაწილი გადაიბაროს და თუ მას თქვენზე უკეთ აკეთებს, დაე აკეთოს.
    • თუ თქვენ რაღაც სხვებზე უკეთ გამოგდით, თავად აკეთეთ. გახსოვდეთ, რომ პროდუქტი ინჟინრებმა უნდა შეიმუშავონ, პროცესი კი მენეჯერმა უნდა მართოს.

      6. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან


      სწორედ ამერიკელმა ბიზნესმენმა, YouTube –ის გენერალურმა დირექტორმა, სიუზენ ვოიჯიტსკიმა მოიფიქრა სადღესასწაულო  დღეებში სიტყვა Google -ის ანიმაციითა და სურათებით შეცვლა. სიუზენი ყველას ურჩევს მუშაობაში პაუზა გააკეთონ და თავისუფალი დრო ახლობლებთან ურთიერთობას დაუთმონ. ის წარმატებული ბიზნესვუმენია და კარგად იცის რასაც ამბობს. მას დიდი ოჯახი და ხუთი შვილი ყავს.

    “ძალიან მნიშვნელოვანია ხანდახან პაუზის გაკეთება. შევამჩნიე, რომ დასვენებისას თავში შესანიშნავი აზრები მომდის, “ ამბობს სიუზენ ვოიჯიტსკი.

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • ყოველდღე ახლობლებს პირადი დროის მინიმუმ 15 წუთი დაუთმეთ.
    • წელიწადში მინიმუმ ერთხელ შვებულებაში გადით და  მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად დაისვენეთ. არ აქვს მნიშვნელობა სად – მშობლებთან სტუმრად სოფელში, აგარაკზე თუ ეგზოტიკურ კურორტზე. 

      7. ეძებეთ სიხარული წვრილმანებში

    კითხვა შესანიშნავია ყურადღების გადასატანად და დასამშვიდებლად. განტვირთვის ამ მეთოდს იყენებს ბილ გეითსი. მას წესად აქვს დღეში მინიმუმ ერთი საათი იკითხოს. მაშინაც კი, როცა ძალიან გვიან წვება დასაძინებლად ამ ჩვევაზე უარს არ ამბობს. ის ასევე გვირჩევს არასაჭირო ინფორმაციისგან აბსტრაგირებას და პირველ რიგში პირველხარისხოვანი საქმეების კეთებას.

     

    “ბრიჯის თამაში ძალიან ძველმოდურია, თუმცა მე ძალიან მომწონს… კიდევ, ყოველ საღამოს ჭურჭელს ვრეცხავ. აუცილებლობა არ არის, თუმცა მომწონს, რომ ამას მე თვითონ ვაკეთებ.“– ამბობს ბილ გეითსი.

     

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • ეცადეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე სხვადასხვა საქმეზე გადაერთოთ. გამოძებნეთ სეირნობისთვის ნახევარი საათი, ისაუზმეთ ან მიირთვით ლანჩი მყუდრო კაფეში.
    • შეეცადეთ საღამო კომპიუტერთან არ გაატაროთ . საუკეთესო დასვენება საქმიანობის შეცვლაა. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ჰობისთვის ან სასიამოვნო სახლის საქმეებისთვის.

      8. დაუთმეთ დრო მედიტაციას

      ამერიკელი ბიზნესმენის და გამომგონებლის, სტივ ჯობსის რჩევით სტრესთან გამკლავება მედიტაციის საშუალებით კარგი გზაა. მედიტაცება საშუალებას გვაძლევს მოვდუნდეთ და ფიქრებისგან გავთავისუფლდეთ. ყველას შეუძლია  მისთვის მისაღები მეთოდი შეარჩიოს. კარგია სუნთქვითი ტექნიკების გამოყენებაც, რათა ტვინი და ორგანიზმი ჟანგბადით  გაჯერდეს. 

      მედიტაცია დაგეხმარებათ სამყაროს ახლებურად შეხედოთ და საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრირდეთ. 

    “კონცენტრაცია და სიმარტივე. იმისათვის, რომ საღად იაზროვნოთ, დიდი ძალისხმევა გჭირდებათ. თუმცა ეს ამად ღირს. ასე ხომ მთების გადატრიალებას შეძლებთ “.

    სტივ ჯობსი

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • თავიდან საკმარისია 10–15 წუთიანი მედიტირება.
    • ივარჯიშეთ გაცნობიერებაში. შესაძლოა უბრალოდ ისეირნოთ ან სადმე მიდიოდეთ, თუმცა ეცადეთ ყოველი ნაბიჯი და ჩასუნთქვა გააცნობიეროთ – ესეც ერთგვარი მედიტაციაა.

      9. კვირაში ერთი დღე ნამდვილი დასვენება მოიწყვეთ

      ცნობილი ტელეწამყვანი, ოფრა უინფრი ძალების აღდგენას დასვენების დღეების დახმარებით ახერხებს. ყოველ კვირას ის არაფრის კეთებით არის დაკავებული. ასეთ დღეებში მისი საყვარელი საქმიანობაა კითხვა, ცხელი აბაზანა ან სეირნობა.

    “პოზიტიური ემოციები სამყაროს საპასუხო რეაქციას იწვევს. როდესაც რამე კარგზე, თბილზე და კეთილზე  ფოკუსირდებით, ცხოვრებაც ასეთ ფერებს იძენს.“

    ოფრა უინფრი

     

     

    როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:

     

    • განსაზღვრეთ საქმეები, რომელთა კეთება გსიამოვნებთ და კვირა დღე ამ საქმეებს დაუთმეთ.
    • შექმენით სახლში მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე, რათა საღამოობით იქ მისვლა გესიამოვნოთ.

      10. დაისვენეთ სიჩუმეში და უსარგებლო არჩევანზე დროს ნუ დახარჯავთ

    Facebook–ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი თვლის, რომ ყოველდღიურად ტანსცმლის შერჩევას დიდი დრო მიაქვს. იმისათვის, რომ ამაზე დრო არ დაკარგოს და აღარ იდარდოს, რას რა შეუხამოს მან გარდერობი ერთნაირი სამოსით გაავსო. მისი აზრით, ასეთი გარდერობი დროის და ნერვების ეკონომიაა.

     

     

     

    მარკი საკუთარი ზომიერი მოთხოვნილებებით არის ცნობილი და თავს ყოველდღიურად ერთნაირ მაისურში და შარვალშიც კომფორტულად გრძნობს. ბიზნესმენს ასევე უყვარს განმარტოება და მოდუნება.

    “მაქვს ერთი ბინა, რომელშიც მხოლოდ საწოლი, სკამი, მაგიდა და ჩაიდანია. იმ ბინაში ინტერნეტიც არ მაქვს. ასე რომ, როცა მომინდება შემიძლია სრულ იზოლაციაში დავისვენო. “

     

    მარკ ცუკერბერგი

     

     

    როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:

     

    • ყველას არ აქვს საშუალება განმარტოებისთვის ცალკე ბინა შეიძინოს, ამიტომაც ეცადეთ სახლში რაც შეიძლება ნაკლები ზედმეტი ნივთი გქონდეთ.
    • თუნდაც კვირაში ერთხელ მოიწყვეთ საღამო ინტერნეტის გარეშე. თქვენს ცხოვრებაში ხომ ძალიან ბევრი ინფორმაციული ხმაურია და ხანდახან უბრალოდ სიჩუმეში ყოფნაც სასარგებლოა.

     

     

     

  • საძილე საშუალებები

    {{ARTICLEIMAGE}}

    თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი და რიტმი ისეთია, რომ ბევრ მათგანს დამხმარე სამედიცინო პრეპარატების გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები ადასტურებს სამწუხარო ფაქტს, რომ დასავლეთ ევროპის მცხოვრებნი სულ უფრო ხშირად იღებენ პრეპარატებს ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    მუდმივი გადაღლილობა და რეგულარული სტრესი დეპრესიულ აშლილობას და შედეგად უძილობას იწვევს. ადამიანების უმეტესობა უძილობასთან ბრძოლის სწრაფ და ხელმისაწვდომ გზას ირჩევს და საძილე პრეპარატებს იღებს.  რა თქმა უნდა, ეს დაძინების ყველაზე სწრაფო და მარტივი გზაა, რომ მძიმე სამუშაო დღის წინ კარგად გამოიძინო. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა უძილობის პრობლემის მოგვარების ეს მეთოდი ადამიანის ორგანიზმისთვის.

    ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ საძილე პრეპარატების რეგულარული მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის უვნებელი არ არის. მათ კვლევაში ნათქვამია, რომ საძილე პრეპარატების რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა ორ კვირაში გამოიწვიოს პრეპარატზე დამოკიდებულება, რაც ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე არანაკლებ მძიმეა.

    კიდევ ერთი, საგრძნობი უარყოფითი ეფექტი საძილე პრეპარატის მიღების მეორე დღეს თავის ტვინის ფუნქციონირების დაქვეითებაა. შემთხვევითი არ არის საძილე პრეპარატების ანოტაციებში მითითება, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ ავტოტრანსპორტის მართვა არ არის რეკომენდირებული.