Category: სხვადასხვა

  • სერიული მკვლელი, რომელსაც ნიუ–იორკის პოლიცია 10 წელი ეძებდა, პიცაზე დატოვებული დნმ–ს დახმარებით დააპატიმრეს

    აშშ-ს ხელისუფლებამ გამოაცხადა მნიშვნელოვანი გარღვევა გაუხსნელი მკვლელობების სერიაში, რომელიც  ნიუ-იორკის მახლობლად ათ წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.

    საუბარია 11 ადამიანის, ძირითადად ახალგაზრდა ქალების მკვლელობაზე, რომელთა ცხედრები 2010-2011 წლებში ლონგ აილენდის სამხრეთ სანაპიროზე, გილგო ბიჩზე იპოვეს.

    მრავალწლიანი გამოძიების შემდეგ, ადგილობრივმა პროკურორებმა პარასკევს განაცხადეს, რომ დააკავეს მთავარი ეჭვმიტანილი, 59 წლის ნიუ-იორკელი არქიტექტორი რექს ჰეუერმანი. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ შეძლო, რაც დნმ-ის კვალი ამოიღეს მისი პიცის ნარჩენებიდან, რომელიც ერთ-ერთ მსხვერპლზე აღმოჩენილ ნიმუშებს ემთხვევა.

    ჰეიერმანს ერთდროულად  ბრალი წაუყენეს პირველი და მეორე ხარისხის მკვლელობაში სამი ქალის მკვლელობის საქმეებში, რომელთა ცხედრების ნარჩენების აღმოჩენის შემდეგ გამოძიება დაიწყო:  მელისა ბართლემის, მოკლული 2009 წელს, მეგან ვატერმენისა და ამბერ კოსტელოს საქმეებზე რომლებიც  2010 წელს მოკლეს.

    ჰეიერმანი ასევე არის მთავარი ეჭვმიტანილი მეოთხე ქალის, მორინ ბრეინარ-ბარნსის გაუჩინარებასა და სიკვდილში 2007 წელს.

    ეს ოთხი ქალი პრესაში „გილგო ოთხეულის“ სახელით გახდა ცნობილი. მათი ნაშთები შემთხვევით იპოვეს 2010 წლის დეკემბერში, კიდევ ერთი დაკარგული ადამიანის – 23 წლის შენენ გილბერტის ძებნის ოპერაციის დროს, რომელიც  იმავე წლის მაისში გაუჩინარდა.

    პროკურორ რეი ტიერნის თქმით, „ოთხივე მსხვერპლი იპოვეს ერთსა და იმავე მდგომარეობაში, ერთნაირად შეკრული თასმებით ან წებოვანი ლენტით, ხოლო სამი მსხვერპლი გახვეული იყო ტომარის  ტიპის მასალაში“.

    გილგოს სანაპირო

    ამ ოთხი გვამის შემდეგ პოლიციამ გილგოს სანაპიროზე აღმოაჩინა მსგავსი სამარხების მთელი სერია, სულ 11. გამომძიებლები თვლიან, რომ მოკლული ახალგაზრდა ქალების უმეტესობა პროსტიტუციით იყო დაკავებული.

    სერიული მკვლელის მსხვერპლთა შორის მამაკაცი და გოგონაც არიან. ოთხის, მათ შორის გოგონას,მისი  დედისა და მამაკაცის ვინაობა უცნობია.

    “გარყვნილების უკიდურესი ხარისხის დანაშაულები”

    ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჰეიერმანი დააკავეს ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს, ბრალდების წარდგენის შემდეგ, სასამართლომ მისი გირაოთი გათავისუფლება უარყო დანაშაულების “უკიდურესი გარყვნილების” გამო.

    ”რექს ჰეუერმანი არის დემონი, რომელიც დადის ჩვენ შორის, მტაცებელი, რომელიც ანადგურებს ოჯახებს”, – თქვა საფოლკის ოლქის პოლიციის კომისარმა როდნი ჰარისონმა პრესკონფერენციაზე.

    სასამართლო პროცესზე ადვოკატის მეშვეობით ბრალდებულმა თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს. ამის შემდეგ მას ცრემლები წამოუვიდა.

    ჰეუერმანის ადვოკატმა მაიკლ ბრაუნმა თქვა, რომ მისი კლიენტი უკიდურესად დაჩაგრულია და მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს “უკიდურესად ირიბი” უწოდა.

    ჰეიერმანის საქმეზე შემდეგი მოსმენა 1 აგვისტოს არის ჩანიშნული.

    დნმ პიცის ქერქზე

    სერიული მკვლელი არქიტექტორი

    ჰეიერმანი – არქიტექტორი, რომელიც მანჰეტენზე 1987 წლიდან მუშაობდა – ეჭვმიტანილიად იდენტიფიცირებულ იქნა 2022 წლის დასაწყისში. მას შემდეგ გამომძიებლები აკვირდებოდნენ მას და მის ოჯახს, აგროვებდნენ დნმ-ის ნიმუშებს მათი ნაგვიდან.

    ბოლო მტკიცებულება, რომელიც საჭირო იყო ბრალდების წასაყენებლად, სწორედ ნაგავი აღმოჩნდა – პიცის ნარჩენები, რომელიც მან მანჰეტენში 2023 წლის იანვარში ჩააგდო ურნაში, თქვა პროკურორმა.

    მისი თქმით, პიცის ქერქზე აღმოჩენილი დნმ-ის სრულფასოვანი ნიმუში იდენტური იყო იმ გენეტიკური მასალისა, რომელიც ნაპოვნია ტომარაზე, რომელშიც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო გახვეული. ეს იყო გარღვევა გამოძიებაში.

    2022 წლის თებერვალში ჰარისონმა შექმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი გილგო ბიჩის მკვლელობების გამოსაძიებლად. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლების გარდა, მასში შედიოდნენ ნიუ-იორკის შტატის პოლიცია და FBI.

    ჰეუერმანის წინააღმდეგ საქმეში გამოყენებული იყო ჩანაწერები სატელეფონო ანძებიდან, ასევე საკრედიტო ბარათებისა და მობილური ტელეფონის გადასახადები, რომლებმაც გამომძიებლებს აჩვენეს, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროს  დანაშაულის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდა.

    სამართალდამცავები დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულს ჰქონდა სპეციალური „ერთჯერადი“ მობილური ტელეფონები, რომლებითაც მოკლულ ქალებს ურეკავდა, შემდეგ კი ეს ტელეფონები მოიშორა.

    გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ ჰეუერმანმა გამოიყენა თავისი მსხვერპლების, ბრეინარ-ბარნსისა და ბართლემის პირადი ტელეფონები მათი ხმოვანი ფოსტის შესამოწმებლად, ასევე რამდენიმე დამცინავი ზარი გააკეთა ქალების ნათესავებთან მათი გაუჩინარების შემდეგ.

    კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი საქმეში იყო მწვანე პიკაპი, რომელიც მოწმემ დანაშაულის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა. მოგვიანებით ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ჰეუერმანმა მართავდა მწვანე პიკაპს, რომელიც დარეგისტრირდა მის ძმაზე და დაემთხვა თვითმხილველთა აღწერილობას, იტყობინება CNN.

    გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ გასული წლის განმავლობაში, ჰეუერმანმა 200-ზე მეტჯერ შეიყვანა საძიებო სისტემაში კიდევ ერთი „ერთჯერადი“ ტელეფონიდან კონკრეტიზირებული მოთხოვნები  სერიულ მკვლელებთან და ლონგ აილენდის მკვლელობის გამოძიებებთან დაკავშირებით.

    ტიერნის თქმით, ჰეიერმანის კომპიუტერში ნაპოვნი იქნა „წამების პორნო“ და „ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის სურათები“ .

    სხვა ნაპოვნ ცხედრებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

    “სამსახურში  კოსტიუმით და ჰალსტუხით დადიოდა”

    შენენ გილბერტის ნეშტი, რომლის გაუჩინარებით დაიწყო საზარელი აღმოჩენები გილგოს სანაპიროზე,  2011 წელს იპოვეს, მაგრამ ოფიციალურმა გაკვეთამ შედეგი არ გამოიღო. მისი ოჯახი თვლის, რომ ის შეიძლება მოკლული ყოფილიყო, და ეს თეორია, დამოუკიდებელი გაკვეთითაც დადასტურდა, რომელიც მათ შეუკვეთეს.

    ამ მოვლენებს მიეძღვნა Netflix-ის სატელევიზიო ფილმი Lost Girls, რომლის მთავარი გმირი იყო გილბერტის დედა, რომელიც აიძულებდა პოლიციას საქმის საწყის ეტაპზე უფრო აქტიურად ეძია მისი ქალიშვილი. ფილმში აღნიშნული იყო, რომ პოლიციაში და საზოგადოებაში ბევრი გოგონების სიკვდილში ისევ გოგოებს ადანაშაულებდა იმის გამო, რომ ისინი პროსტიტუციით იყვნენ დაკავებულნი.

    ჰეიერმანი  არის RH Consultants and Associates-ის მფლობელი, მანჰეტენზე დაფუძნებული არქიტექტურული ფირმისა, რომელიც საკუთარ თავს  ნიუ-იორკის წამყვან არქიტექტურულ ფირმას უწოდებს.

    სააგენტო AP-ის ცნობით, მას ჰყავს ქალიშვილი და გერი ბიჭი.

    ეჭვმიტანილის მეზობელი ამბობს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, არქიტექტორი ყოველ დილით სამსახურში მიდიოდა კოსტიუმითა და ჰალსტუხით, პორტფელით ხელში.

    ტიერნის თქმით, ჰეუერმანს ჰქონდა ლიცენზია 92 იარაღზე და “ძალიან დიდი სეიფი”, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

  • “ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს“–სააკაშვილის სტატუსი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

    “ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“– წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • როგორ მოხვდა ზურა შევარდნაძე გერმანელი ქალის ანდერძში. ერთი ჩანთის საოცარი ისტორია

    “გარ­დე­ნია შე­ვარ­დნა­ძის“ მფლო­ბე­ლი, ცნო­ბი­ლი მე­ბა­ღე ზურა შე­ვარ­დნა­ძე facebook-ზე  ემო­ცი­ურ ისტორიას   აქ­ვეყ­ნებს და ერთი ჩან­თის ის­ტო­რი­ას გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც 15 წლის წინ, გერ­მა­ნი­ა­ში შე­ი­ძი­ნა.

    “ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ დიდი ტყა­ვის ჩან­თით დავ­დი­ვარ. რა მი­ლა­გია, რას და­ვა­ტა­რებ, ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია და სხვა დროს მო­გიყ­ვე­ბით, დღეს მისი უც­ნა­უ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ. 15 წლის წინ მი­უნ­ხენ­ში ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე ვი­ყი­დე ძვე­ლი, სას­კო­ლო, ტყა­ვის ჩან­თა. სამ­ხრე­ე­ბი მოვხსე­ნი, გავ­წმინ­დე და მას მერე ბედ­ნი­ე­რად ვი­ყე­ნებ. შიგ­ნი­თა მხა­რეს ტყავ­ზე მელ­ნით აწე­რია Ziglinde Neuman, Schteinekschtrase 171… არ და­მე­ზა­რა, დავ­წე­რე მოკ­ლე წე­რი­ლი და გავ­გზავ­ნე ფოს­ტით: “ქალ­ბა­ტო­ნო ზიგ­ლინ­დე, მე თქვე­ნი ყო­ფი­ლი სას­კო­ლო ჩან­თა ბაზ­რო­ბა­ზე შე­ვი­ძი­ნე, ვცხოვ­რობ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში, ვარ მე­ბა­ღე, კმა­ყო­ფი­ლი და მად­ლი­ე­რი ვარ…”

    სამი თვის შემ­დეგ წე­რი­ლი და­მიბ­რუნ­და უკან, სხვა სა­პა­სუ­ხო წე­რილ­თან ერ­თად: “ბა­ტო­ნო შე­ვარ­დნა­ძე, თქვე­ნი წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნი 35 წე­ლია აღარ ცხოვ­რობს ამ მი­სა­მარ­თზე, მაგ­რამ მე ვიც­ნობ მის შვილს, თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, შე­მიძ­ლია თქვე­ნი წე­რი­ლი მას გა­ვუგ­ზავ­ნო…”

    აზარ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ, მაგ­რამ არ გავ­ჩერ­დი. გავ­გზავ­ნე წე­რი­ლი ახა­ლი წე­რი­ლით უკან: “რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით…” რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ უკვე ვი­ღებ ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნის ვა­ჟიშ­ვი­ლი­სა­გან წე­რილს, “ბა­ტო­ნო შე­ვარ­დნა­ძე, მე არ ვიცი, რა გა­კავ­ში­რებთ დე­და­ჩემ­თან, მაგ­რამ თუ ისურ­ვებთ, შე­მიძ­ლია თქვე­ნი წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნო მას. დედა უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია ცხოვ­რობს “სი­ნი­ო­რე­ნ­ჰა­უს­ში” (მხო­ლოდ გერ­მა­ნე­ლებს შე­უძ­ლი­ათ ასე.)

    არ და­ვი­ზა­რე “ბა­ტო­ნო ჰოლცმან, მად­ლი­ე­რი დაგ­რჩე­ბით…” იმ წლის ბო­ლოს, ახა­ლი წლის წინ მი­ვი­ღე ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნის თბი­ლი, ემო­ცი­უ­რი პა­სუ­ხი.. კულ­ტუ­რუ­ლად, ლა­მა­ზად წერს თა­ვის ბავ­შვო­ბა­ზე, სკო­ლა­ზე, გავ­ლილ რთულ და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე. რა თქმა უნდა, ვუ­პა­სუ­ხე, მი­პა­სუ­ხა… სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა… ვფიქ­რობ, ეს წე­რი­ლი და­ბეჭდ­ვას, გა­სა­ჯა­რო­ე­ბას იმ­სა­ხუ­რებს.

    გა­ზა­ფხულ­ზე მი­უნ­ხენ­ში ჩა­ვე­დი, დარ­ჩე­ნი­ლი გა­მოც­და მქონ­და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. ჩემს მას­პინ­ძელს, მე­გო­ბარს ვთხო­ვე: – ან­დრე­ას, გამ­ყე­ვი მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლში, მე­გო­ბა­რი უნდა მო­ვი­ნა­ხუ­ლო. გა­ვაკ­ვირ­ვე ადა­მი­ა­ნი. შევ­კა­რი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, ფე­რა­დი ბა­ი­ე­ბის თა­ი­გუ­ლი და ვეწ­ვიე ქალ­ბა­ტონ ზიგ­ლინ­დეს ჩან­თით მხარ­ზე. სი­ტყვე­ბით ძნე­ლია გად­მოვ­ცე ემო­ცია, არც შე­ვეც­დე­ბი.

    დავ­მე­გობ­რდით, მი­უნ­ხენ­ში თუ ჩავ­დი­ვარ, მას­თან სტუმ­რო­ბა ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია. “სი­ნი­ო­რე­ნ­ჰა­უ­ზის” კა­ფე­ტე­რი­ა­ში ვხვდე­ბით და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ზე ვსა­უბ­რობთ, იქ უკვე ყვე­ლა მიც­ნობს, მე­ლო­დე­ბი­ან. ათი წელი მა­ინც გა­ვი­და ამ უც­ნა­უ­რი მე­გობ­რო­ბი­დან. შარ­შან გა­გა­ნია პან­დე­მი­ის დროს მი­ვი­ღე მე­ი­ლი, იუ­რის­ტი­სა­გან, რო­მე­ლიც მა­ტყო­ბი­ნებს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ი­მა­ნის ან­დერ­ძის სი­ა­ში ვარ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი რი­გით მეშ­ვი­დე.

    იმ დღეს­ვე მივ­წე­რე ვა­ჟიშ­ვილს, სა­დაც ვწერ­დი, რომ თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, არ მინ­და მათ­თან, შვი­ლებ­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა და ასე შემ­დეგ. ქალ­ბა­ტო­ნი სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ღირ­სე­უ­ლი სამი შვი­ლი გა­ზარ­და. მათი პა­სუ­ხით ეს ჩემ­თვის და­დას­ტურ­და. ვა­ჟიშ­ვი­ლი მე­მად­ლი­ე­რე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და მპა­სუ­ხობს.

    “გა­ვა­ცა­ნი თქვე­ნი წე­რი­ლი ჩემს ორი­ვე დას. მინ­და გი­პა­სუ­ხოთ ჩვე­ნი, სა­მი­ვეს სა­ხე­ლით. ბა­ტო­ნო შე­ვარ­დნა­ძე, დე­დას სი­ტყვას და მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ჩვენ ყო­ველ­თვის პა­ტივს ვცემ­დით და ვას­რუ­ლებ­დით. ასეა ახ­ლაც მისი ღრმა მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბის­და მი­უ­ხე­და­ვად, მისი სი­ტყვა ჩვენ­თვის კა­ნო­ნია, ასე ისურ­ვა? ესე იგი ასეა სა­ჭი­რო…

    “არ ვიცი (ამის კი­თხვა ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია) ქალ­ბა­ტო­ნი ზიგ­ლინ­დე­სა­გან სა­სახ­ლეს მი­ვი­ღებ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­უნ­ხენ­ში, თუ ერთ წინ­დას ან წიგნს, მაგ­რამ ეს ამ­ბა­ვი რჩე­ბა ჩემ­თვის ამ ერის, ამ ხალ­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბის მა­გა­ლი­თად. რამ­დე­ნი რამ მას­წავ­ლეს, რამ­დე­ნი… რა მა­გის პა­სუ­ხია და ჩან­თა ისე­თი ხა­რის­ხი­საა, კი­დევ ჩემი და ზიგ­ლინ­დესნა­ირს ცხრას მო­ა­ხუ­ცებს…” – წერს ზურა შევარდნაძე.

  • “გვჭირდება სიმართლის გარკვევა და ობიექტური მართლმსაჯულებით დადგენილი რეალობა“–ვახო სანაია კეზერაშვილის საქმეზე

    ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია BBC-ს დოკუმენტურ ფილმს ქოლცენტრების თაღლითური სქემის შესახებ, რომელიც არხის დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება, ფეისბუქით ეხმაურება:
    “სატელევიზიო გაშუქების გარდა, ვფიქრობ, უნდა გაგაცნოთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ მიმდინარე პროცესებზე. შეამჩნევდით, ქვეყანაში მიმდინარე სხვა თემებზე არაფერი დამიწერია, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ფორმულას გარშემო უნდა გითხრათ ჩემი მოსაზრება.
    ცოტა ვრცელი სტატუსი გამომივა. არ დავიწყებ იმის ახსნას, ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია BBC-ზე გამოქვეყნებული ჟურნალისტური პროდუქტი. მე და ჩემი კოლეგები არასდროს ვიქცევით ისე, როგორც ,,ქართული ოცნება” ან მისი პროპაგანდისტული საშუალებები სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპარლამენტის, CNN-სა თუ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.

    1. გამოძიება ქოლ-ცენტრების პრობლემაზე დიდი ხანია მიმდინარეობს. ესაა საერთაშორისო გამოძიება. ყურადღების ცენტრშია საქართველოც. ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის მედია წლებია, აქტიურად მუშაობს. ახლა საგამოძიებო მასალა BBC-ზეც გამოქვეყნდა და იქ გამოთქმულია დაშვებები ,,ფორმულას” დამფუძნებლის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი სამხილები მასალაში მოყვანილი არ იყო, ჩვენთვის ცხადია, ეს ამბავი უაღრესად საყურადღებოა.

    2. უმნიშვნელოვანესია ერთი საკითხი. მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება. დავით კეზერაშვილმა, რომელიც ევროპული იურისდიქციის სივრცეში ცხოვრობს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, განაცხადა, რომ ცხადია, ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი ასეთი დაინტერესება იქნება. ბრიტანეთის, გერმანიის თუ სხვა ქვეყნების მართლმსაჯულება ეს არ არის ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო, რომელსაც არანაირი ნდობა არა აქვს. იქ გადაწყვეტილებები არ მიიღება ისე, როგორც საქართველოში, მაგალითად, იმგვარად, როგორც ეს მოხდა დავით კეზერაშვილის შემთხვევაში უზენაეს სასამართლოში, რაც მიზნად ,,ფორმულას” ხელში ჩაგდებასა და მერე მის დახურვას ისახავს მიზნად.

    3. დავით კეზერაშვილმა უარყო ყველანაირი კავშირი BBC-ის საგამოძიებო მასალაში გამოთქმულ დაშვებებსა და ვარაუდებთან თუ აღწერილ სქემებთან და მკაფიოდ განაცხადა, რომ არასდროს ჰქონია რაიმე კავშირი ქოლ-ცენტების არალეგალურ ბიზნესთან.

    უფრო მეტიც, განაცხადა, რომ თავადვე მიმართავს სამართლებრივ ბერკეტებს, დაამტკიცოს, რომ BBC-ის მასალაში აღწერილია საკითხები მასთან არ არის შემხებლობაში და მას დაადასტურებს.
    შესაბამისად, რეალობა ასეთია: ერთი მხრივ, BBC-ზე გამოქვეყნა საგამოძიებო ნამუშევარი, მეორე მხრივ, დავით კეზერაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და, მესამე, არსებობს ობიექტური მართლმსაჯულება ევროპის მასშტაბით, რომლის მხრიდან დავით კეზერაშვილის დაინტერესების შემთხვევაში ობიექტური მართმსაჯულება განხორციელდება, რა შემთხვევაშიც თავად კეზერაშვილი მზადაა სათანამშრომლოდ და თავისი პოზიციის დასამტკიცებლად. ამას მკაფიოდ ამბობს.

    4. თუ გამოძიება დავით კეზერაშვილით დაინტერესდება და რეალობა ობიექტური ევროპული მართლმსაჯულებით დადგინდება, ამაზე იქნება იქნება დამოკიდებული ,,ფორმულას” მომავალიც. სწორედ ეს განსაზღვრავს ყველაფერს ამ არხსა და თანამშრომლებთან დაკავშირებით, მანამდე კი ცხადია, განვაგრძობ ფორმულას გუნდთან ერთად ჩვეულ რეჟიმში მიშაობას.

    ახლა რაც შეეხება კონტექსტს, რომელიც BBC-ისგან დამოუკიდებლად, საქართველოშია შექმნილი.
    ივანიშვილის მორჩილი სასამართლოს ხელით დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამას მე კი არა, საერთაშორისო დონეზე ობიექტური შემფასებლები ამბობენ. მისი გვარი, როგორც მედიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხვდება; საუბარია ევროპული ინსტიტუციების მხრიდან დასკვნებსა და განცხადებებში. ეს ისედაც ცხადია ყველასთვის – ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს და დახუროს ,,ფორმულა”. უზენაესმა სასამართლომ ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და ყოფილი მთავარი პროკურორის ხელით, რომელიც მოსამართლის მანტიაში გამოეწყო, გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება. მთლიანად უარყო უტყუარი ფოტო-და ვიდეომტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი კეთდება ,,ფორმულას დასახურად”.
    თითქოს არ ჩატარებულა წვრთვნა, რომელიც ჩატარდა და ამის კადრები არსებობს.
    ახლა თავად ,,ფორმულას” შესახებ.

    მიმაჩნია, რომ ,,ფორმულა” მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის დახურვა ივანიშვილს გზას უხსნის მედიასივრცის მთლიანად დასაპყრობად. ამ არხის განადგურება ივანიშვილს აძლიერებს და გვასუსტებს ჩვენ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც წინააღმდეგია რუსული რეჟიმის.

    ფორმულას აქვს სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ევროპულ არჩევანს უჭერს მხარს და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში ამ არჩევანს ხელი შეუწყოს. ეს ფორმულას ძლიერი მხარეა. აქ მომუშავე ჟურნალისტები თავად წყვეტენ, როგორი იქნება მათი გადაცემის შინაარსი და ამაში ვერავინ ერევა. აქ ხალხი შეიკრიბა ფასეულობების გარშემო.

    განა არ შემეძლო, უსაფრთხო და პრივილეგირებულ სივრცეში მემუშავა, მაგრამ ავირჩიე ის, რაც ვალდებულება და აუცილებლობაა – არ შევეგუოთ რუსულ რეპრესიულ რეჟიმს თუნდაც ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასად.

    ,,ფორმულა” შეიქმნა და შეიკრა ფასეულობების გარშემო და არა იმ ნიშნით, როგორც პროპაგანდისტული არხები.

    ჩემთვის გადამწყვეტია რეპუტაცია. სწორედ ამიტომ ყოველთვის გახსნილი ვარ კრიტიკის მიმართ, ეს არხი შეცდომებზეც სწრაფად რეაგირებს.

    სწორედ რეპუტაციაა ის საკითხი, რის გამოც ქოლცენტების საკითხზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული. ამიტომაა, რომ BBC-ის საკითხი ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ეს უნდა დაადგინოს ევროპულმა მართმსაჯულებამ და ამ ნაწილში, როგორც დამფუძნებელი ამბობს, მზადაა, დაადასტუროს, რომ არანაირი კავშირი არა აქვს ქოლ-ცენტრეთან. სხვათა შორის, ფორმულას არაერთი სიუჟეტი აქვს გაკეთებული ამ პრობლემაზე.

    ბევრი რომ არ გავაგრძელო. ფორმულას წინაშე სამი საკითხი დგას. აქედან ორი დამოკიდებულია გამოძიებასთან, ერთი კი თავად ფორმულაზე:

    1. უცხოურმა ობიექტურმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოიძიოს ქოლ-ცენტრების თემა.
    2. ივანიშვილის პოლიტიზირებული სასამართლო სულ სხვა და აბსურდული საქმის აპირებს არხის დახურვას
    3. ფორმულა მუშაობს ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. რადგან ეს ჩენი პირადი სტატუსია, ვიტყვი – მე, როგორც ერთი კონკრეტული ადამიანი, ამ მესამე პუნქტის ნაწილში საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ.
    ,,ფორმულას” გარეშე რუსი ოლიგარქი უფრო ძლიერდება;
    ,,ფორმულას” არსებობით კი სამოქლაქო საზოგადოება ცოტათი უფრო ძლიერია.
    ამიტომ : გვჭირდება სიმართლის გარკვევა და ობიექტური მართლმსაჯულებით დადგენილი რეალობა.“– წერს სანაია ფეისბუქზე.

  • შვარცნეგერმა სამეზობლოში ასფალტი საკუთარი ხელით დააგო – ვიდეო

    მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა სამეზობლოში ასფალტი საკუთარი ხელით დააგო. როგორც ცნობილია, გზის შეკეთებას სამეზობლო  სამი კვირის განმავლობაში ელოდებოდა. შვარცნეგერმა, ასფალტზე ორმო კი საკუთარი ძალებით ამოავსო.

    გადავწყვიტე შემეკეთებინა გზის ორმო, რომელიც ჩვენს სამეზობლოს კვირების განმავლობაში აწუხებდა. ყოველთვის ვამბობ, მოდით ნუ ვიწუწუნებთ, სჯობს რამე მოვიმოქმედოთ. – წერს არნოლდ შვარცნეგერი სოციალურ ქსელში.

  • “ ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული“-ჩერგოლეიშვილი ყვება, ვინ გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი

    “ ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული“-ჩერგოლეიშვილი ყვება, ვინ გაუვრცელა მელიას ფარული ჩანაწერი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქ სტატუსში წერს, საიდან გავრცელდა ნიკა მელიას ჩანაწერი, რომელიც პარტიული არჩევნების წინ გამოჩნდა. ჩანაწერში მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ სიტყვით მოიხსენიებს:

    “სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.

    ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

    ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

    მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).

    რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.
    მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.

    მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.

    ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

    ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს (ამიტომაც წევდნენ პოლიტიკიდან – ყველაფრის კადრებაში უშლიდა ხელს).

    ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.

    ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.

    როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.

    ასეთი სამარცხვინოები არიან.

    უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

    მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს.“– წერს ჩერგოლეიშვილი.

  • ავსტრალიაში მომაკვდინებელი რადიაციული კაფსულა დაიკარგა. ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეიძლება ის ვეღარც იპოვონ

    ავსტრალიაში რადიოაქტიური ცეზიუმ-137 კაფსულა სატვირთო მანქანიდან  გადმოვარდა და დაიკარგა. ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მისი ძებნა, მაგრამ აღიარა, რომ შესაძლოა წარმატებული არ აღმოჩნდეს. სახიფათო ობიექტმა შეიძლება  მწვავე რადიაციული დაავადება და კიბო გამოიწვიოს. ამის შესახებ The Guardian კვირას, 29 იანვარს წერს.

    8 მმ x მმ კაფსულა – ცეზიუმ-137-ის 19 გიგაბეკერელის კერამიკული წყარო, რომელიც ჩვეულებრივ რადიაციის სენსორებში  გამოიყენება –  სატვირთო ავტომანქანაზე არსებული დაცული მოწყობილობიდან –მანომეტრიდან გადმოვარდა. მანქანა დასავლეთ ავსტრალიის პილბარას რეგიონის მაღაროდან საწყობში მიდიოდა შტატის დედაქალაქ პერტიში. ცნობილია, რომ სატვირთო მანქანამ კაფსულით  მაღარო 12 იანვარს დატოვა და პერტში 16 იანვარს ჩავიდა, მაგრამ კაფსულის დაკარგვა მხოლოდ ცხრა დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

    გამომძიებლების თქმით, ჭანჭიკი, რომელიც მანომეტრს ამაგრებდა, რომელშიც კაფსულა იყო, მგზავრობის  დროს  სადღაც მოძვრა და კაფსულა  დაკარგული ჭანჭიკის მიერ დატოვებულ ხვრელში გავარდა.

    “არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩვენ (კაფსულა) ვერ ვიპოვოთ. ეს შესაძლებელია”, – აღიარა დასავლეთ ავსტრალიის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელობამ.

    სახელმწიფო სახანძრო და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა უკვე განათავსა სამძებრო ჯგუფები რადიაციული აღმომჩენი მოწყობილობებით და ლითონის დეტექტორებით სატვირთო მანქანის მარშრუტის კრიტიკულ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. ძიებას ართულებს ის ფაქტი, რომ მთლიანი მანძილი, რომელიც სატვირთომ გაიარა მაღაროდან პერტამდე, დაახლოებით 1400 კმ-ია.

    იმავდროულად, მაშველებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ავსტრალიის ხელისუფლებას უკვე შემოაქვს რადიაციის აღმომჩენი ახალი აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება რეგიონის მანქანებზე დამონტაჟდეს.

    კაფსულაში შემავალი რადიოაქტიური მასალის ნახევრადდაშლის პერიოდი, რომელიც  როგორც გამა, ასევე ბეტა სხივებს ასხივებს, 30 წელია. ახლო ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რადიაციული დაავადება და არსებობს კიბოს განვითარების გრძელვადიანი რისკი.

    „ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ვინმემ შეიძლება აიღოს კაფსულა ისე, რომ არ ეცოდინება რა არის, ჩათვალოს, რომ ეს რაღაც საინტერესოა და შეინახოს“, -განაცხადა ავსტრალიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.

  • ბრიუს უილისის მდგომარეობა თანდათან მძიმდება

    67 წლის ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი, რომელსაც აფაზიის დიაგნოზი აქვს დღეებს მოსიყვარულე ოჯახთან ერთად ატარებს. მისმა 44 წლის მეუღლემ ემა ჰემინგმა Instagram-ზე გამომწერებს აჩვენა, როგორ უყვარს ქმარი და როგორ ზრუნავს მასზე. ქალმა გამოაქვეყნა ორი ფოტო Story-ში, რომელთაგან ერთ-ერთში ასახულია ბრიუსი,რომელიც საყვარელ ქალს ხელზე ეფერება,  ხოლო მეორე სურათზე ჩანს, რომ ისინი ტყეში სეირნობენ.

    21 მარტს ბრიუსისა და ემას ქორწილიდან 14 წელი შეუსრულდებათ. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი–10 წლის მეიბლი და 8 წლის ეველინი.

    უილისს სამი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავს დემი მურთან ქორწინებიდან – 34 წლის რუმერი, 31 წლის სკაუტი და 25 წლის ტალულა. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ რუმერი მალე პირველ შვილს გააჩენს, რითაც მისი მშობლები ბებია-ბაბუა გახდებიან. ბრიუსისთვისაც და დემისთვისაც ეს  პირველი შვილიშვილი იქნება.

    გასულ წელს უილისს აფაზიის დიაგნოზი დაუსვეს.  ეს დაავადება განუკურნებელია და გამოწვეულია ტვინის იმ უბნის დაზიანებით, რომელიც აკონტროლებს მეტყველებას და საუბრის აღქმას.

    ექიმების განაჩენის შემდეგ ბრიუსმა თავისი ძვირადღირებული უძრავი ქონების უმეტესი ნაწილი გაყიდა და   სამსახიობო კარიერის დასრულება გამოაცხადა. ის დღეებს მედიის თვალთაგან მოშორებით ატარებს, მხოლოდ ხანდახან ჩნდება სასეირნოდ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. მსახიობის მეუღლის თქმით, მას გულს უკლავს იმის ყურება,თუ როგორ ცვლის დაავადება მის ქმარს.

    უილის ქალიშვილები და მისი ყოფილი მეუღლეც დიდ დროს ატარებენ მასთან, მაგრამ აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება და ის თანდათან ახლობლებს და ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობს.

  • საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონი გახდა

    ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო და თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუბანოვამ ორი დისციპლინის ჯამში 199,91 ქულა დააგროვა და საკმაოდ დიდი უპირატესობით – 6,43 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ ლეონა ჰენდრიკს. ბრინჯაოს მედალს კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი დაეუფლა.

    დღემდე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების არცერთ წევრს ისტორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული  არ მოუპოვებია. აქამდე არსებული საუკეთესო შედეგი სამი ბრინჯაო იყო. ელენე გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი ორჯერ მოიპოვა, მორის ყვითელაშვილმა ერთხელ.

     

  • მედია: აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე შესაძლოა ევროპაში გაემგზავროს

    ამერიკული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაძლოა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ევროპაში ვიზიტით ჩავიდეს.

    ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ტელეკომპანია NBC-მ გაავრცელა, შემდეგ კი ინფორმაცია CNN-ის წყაროებმა დაადასტურეს.

    ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენის სამომავლო მოგზაურობა ჯერ არ არის საბოლოოდ შეთანხმებული და მისი დეტალები დადგენილი არ არის.

    CNN-ის წყაროს თქმით, ბაიდენის მოგზაურობის დროს ერთ-ერთი გაჩერება შესაძლოა პოლონეთი იყოს. ამასთან, წყაროს ინფორმაციით უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის ალბათობა უკიდურესად დაბალია უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

    რუსეთის შეჭრის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბაიდენი ეწვია ბრიუსელსა და პოლონეთს, რათა გამოეხატა სოლიდარობა უკრაინისა და მის მოკავშირეებისადმი.

    შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა ასევე გამოაცხადოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი მაშტაბური პაკეტი, იტყობინება NBC.