Category: სხვადასხვა

  • “ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი და ვერ მაპატიეს”–ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის დედა

    ლანა ბერძენიშვილი, 51 წლის, თბილისი

    დედობა ძალიან რთულია ჩვენს კულტურაში.

    იმის გამო, რომ ჩემს შვილებს ვერ უგებდნენ, ტალახი ხშირად მომხვედრია. პირველად, ჩემი უფროსი შვილის, სალომეს აქტივიზმის გამო მესროლეს ტალახი. მახსოვს, მაშინ ჯავრს კინაღამ გადავყევი. თან, სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი და ისე მრცხვენოდა იმ ხალხის, ვინც დედობასა და შვილის გაზრდას მიწუნებდა, სიკვდილს ვნატრობდი. მერე სალო დამიჯდა და რაღაცებზე სხვა თვალით შემახედა. მივხვდი, რომ ჩვენ შორის ერთადერთი ბარიერია – ის სხვა თაობაა, მე – სხვა. ძნელია, უცებ გადააბიჯო იმას, რაც წლობით მოგყვება და ტრადიციებს ვეძახით, მაგრამ მცდელობა, ახალი თვალით შეხედო ამ განვითარებას, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მთავარი შვილის მოსმენა და მისი გაგებაა – მე მჯერა ჩემი შვილისა და მისი საქმიანობის. როგორც მე გავზარდე სალომე, ასევე ცდილობს ისიც ჩემს აღზრდას და მეხმარება, ცხოვრებას განახლებული მზერით შევხედო.

    ტალახი მეორედ სოფის გარდაცვალების შემდეგ მესროლეს, როცა ჩემი, როგორც დედის გლოვა, ხალხისთვის საკმარისად ტრაგიკული არ გამოდგა.

    სოფის ”ჩემი სიბერის შვილს” ვეძახდი. ქმარს რომ გავშორდი და უფროსი შვილები – სალომე და საბა საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ, მე და სოფიმ მარტო დავიწყეთ ცხოვრება. ფინანსურად რთული პერიოდი დამიდგა – პედაგოგის ხელფასი მაღალი არ არის და თან, არდადეგების პერიოდშიც უხელფასოდ ცხოვრობ. ამიტომ, მე და ჩემს დას იდეა დაგვებადა, ყვავილების მაღაზია გაგვეხსნა. ეს საქმე შევისწავლე, შესანიშნავი თაიგულები გამომდიოდა და ჩვენმა საქმიანობამაც მალევე გაამართლა, თუმცა იოლი გზა არ ყოფილა – შუაღამეზე მივდიოდი ყვავილების ბაზარში, ახალი მცენარეები რომ მეყიდა, მაღაზიაში მიმქონდა, თაიგულებს ვაწყობდი და დილით, სკოლაში გავრბოდი გაკვეთილების ჩასატარებლად. ხანდახან ყვავილის ფოთოლი ან ფასის მისაკრავი შემომრჩებოდა პალტოზე და მოსწავლეები მაცლიდნენ. ამ შრომის შედეგად, ეკონომიკურად ისე მოვძლიერდით, რომ მე და სოფიმ ახალი საქმიანობა გავიჩინეთ: ვყიდულობდით საკვებს, მეგობრებში სხვადასხვა ნივთებს ვაგროვებდით, რომელიმე სოფელში, ცენტრის მაღაზიასთან ჩამომსხდარ ადგილობრივებს გამოვკითხავდით, ვის უჭირდა იმ მიდამოებში ყველაზე მეტად, მივდიოდით, არც კი გამოვჩნდებოდით, ისე ვუტოვებდით ნობათს და უკან ვბრუნდებოდით.

    როგორია ცხოვრება, არა?! როცა ყველაზე მეტად გიხარია და ფიქრობ, რომ ყველაფერი დაალაგე, შენც და შენი შვილებიც ჯანმრთელად და კარგად ხართ, მაშინ გიმტყუნებს. სოფი 16 წლის იყო, როცა ექსკურსიის დროს, სკოლისა და მასწავლებლების გაუფრთხილებლობით, მოლაშქრეთა ურთულეს გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა.

    გასულ წელს, მეთერთმეტე კლასის დამთავრების შემდეგ, სკოლამ გადაწყვიტა, ბავშვები ექსკურსიაზე წაეყვანა ლაგოდეხის ნაკრძალში. ისეთი ლოკაცია შეარჩიეს, რომელიც სპეციალურად აღჭურვილი გამოცდილი მოლაშქრეებისთვისაა, ამაზე ადგილობრივი რეინჯერებიც საუბრობენ. ასეთ ადგილას, მხოლოდ სამი მასწავლებელი გაჰყვა 18 ბავშვს. როცა ბავშვები ჩანჩქერთან დაბანაკდნენ, ორი მასწავლებელი იქ არ იმყოფებოდა – საკვების მოსატანად იყვნენ წასული. იმ საფრთხეების შესახებ, რაც ჩანჩქერში ბანაობას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბავშვებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და იქ არც ინსტრუქტორი და მეთვალყურე იყვნენ. იმ ადგილას ჩანჩქერი ტბორს აკეთებს, ზედ მდინარე გადაედინება და ქვევით სამმეტრიან წყალვარდილს ქმნის. ამ წყალვარდნილის ბოლოში, მდინარის ფსკერზე, დიდი ლოდია. ტბორში ბანაობისას, სოფი წყალვარდნილს გადაჰყვა, ლოდის ქვეშ აღმოჩნდა, ჩანჩქერის ძალამ გამოსასვლელი გზა ჩაუკეტა და ვეღარ გამოაღწია. მოგვიანებით, ადგილობრივებისგან გავიგეთ, რომ ამ ლოდის ქვეშ მოქცევის გამო, კიდევ ბევრი ადამიანი დაღუპულა და ეს ადგილი, როგორც საფრთხის შემცველი, ისეა მონიშნული. იქ ბავშვები ინფორმაციისა და უფროსების მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩნდნენ. სოფი მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

    ალბათ, ძალიან უხერხული იქნება იმის ახსნა, რას განიცდის დედა ასეთ დროს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი გლოვა საზოგადოების აღქმას ვერ მოერგო და ასეთ მძიმე დროს, ისევ ტალახის სროლის სამიზნე აღმოვჩნდი. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად უძლებს და გამოხატავს ტკივილს. მე ვერ ვითამაშე ლოგინად ჩავარდნილი დედის როლი, რომლის ნახვაც ასე უნდოდათ და ვერ მაპატიეს, ფეხზე რომ დავდექი, რომ დავდიოდი და კვლავ რომ დავჯექი საჭესთან. საზოგადოებას სუსტისა და დაცემულის ნახვა უფრო სჭირდება და მხოლოდ ასეთები ეცოდებათ. ერთის მხრივ, ხალხი გეუბნება, რომ უნდა გამაგრდე, გამხნევდე, ცხოვრება გააგრძელო, მაგრამ თუ გაძლიერებულსა და გამხნევებულს დაგინახავენ, იქვე წამოგაძახებენ, რომ თურმე, შენი ბრალია, რაც დაგემართა, რომ მეტს იმსახურებ და დედად ვერ ივარგე. თითქოს, შენი შვილი მათ უფრო უყვარდათ.

    მახსოვს, რა დღეში ჩავვარდი, როცა ქუთაისის საკრებულოს წევრმა ქალმა, სოლიდარობის ნაცვლად, დაწერა, რომ თურმე, ჩვენი ოჯახი სალომეს აქტივიზმის გამო ღმერთმა დასაჯა. მაგრამ ”ადამიანებშიც” მოიძებნებიან ადამიანები: იმ დღეებში სწორედ მათ მომცეს ძალა, ვინც თანაგრძნობისა და გამხნევების წერილებს მწერდნენ, მათ შორის, სრულიად უცხო ადამიანები. შეიძლება, წარმოდგენაც არ აქვთ, როგორ დამეხმარა მათი თანადგომა იმ უმძიმეს პერიოდში.

    სოფის გარდაცვალების შემდეგ ინერციით ვცხოვრობდი. ჩემთვის ფეისბუქი იყო ტკივილისა და რეალობისგან გაქცევის შესაძლებობა – აქ მქონდა სივრცე, სადაც მას პირველ პირში ვესაუბრებოდი. „ფეისბუქზე რა გინდა, წადი, შენი შვილი იგლოვე!“; „დედამისი სად ეგდო, ექსკურსიაზე ვერ წაყვა და მიხედა?!“ – ეს ის ფრაზებია, ხშირად რომ ვაწყდებოდი სოციალურ ქსელში უცხო ადამიანებისგან და დანაშაულის გრძნობას მიჩენდა, ისევ იმ ფიქრთა ჯაჭვში მაბრუნებდა – ნეტა, ისე რომ ყოფილიყო, ნეტა, ასე მომხდარიყო, არ გამეშვა, მეც გავყოლოდი… და ბოლოს, ეს ჯაჭვი ერთ დიდ სიძულვილად იქცეოდა საკუთარი თავის მიმართ – მე რატომ ვიყავი ცოცხალი და სოფი კი, აღარ…

    საკუთარი თავისთვის ხშირად დამისვამს კითხვა – რატომ ვეზიზღები ადამიანებს? რა დავთესე ისეთი, ამხელა სიძულვილი რომ დავიმსახურე? ან, რატომ დამსაჯა უფალმა მაშინ, როცა მეც და სოფიც სიკეთეს ვაკეთებდით და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ვეხმარებოდით. მერე ცოტა სხვა თვალით შევხედე ამ ყველაფერს – ღმერთმა შექმნა სამყარო და ადამიანებს უთხრა, მიხედეთ თავს და ერთმანეთს გაუფრთხილდითო. ღმერთი არ არის დამსჯელი ჯალათი, როგორც ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ. ის გვაძლევს გონებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც.

    სოფი უპასუხისმგებლობასა და გაუფრთხილებლობას ემსხვერპლა.

    უკვე ერთი წელია, ამ ტრაგედიაში ჩართული მასწავლებლების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ სასამართლოში. აქაც მადანაშაულებენ, როგორ შემიძლია, ციხეში გავუშვა ადამიანები, ეს ხომ შვილს ვერ გამიცოცხლებს?! ჩემთვის ეს ბრძოლა პრინციპული საკითხია. ამ ადამიანების დაუდევრობითა და გაუფრთხილებლობით, მე ნივთი არ დამიკარგავს, შვილი დავკარგე და ამაზე პასუხი უნდა აგონ. ერთმა ადვოკატმა მკითხა, თუ დედას შვილი ხელიდან გაუსხლტა და მანქანა დაეჯახა, დედა უნდა დაისაჯოს თუ არაო. მე ვიტყოდი, რომ კი, ასეთ დროს დედამ უნდა აგოს პასუხი – როცა ვერ ამოიცნობ საფრთხეებს და შვილს შესაძლო უბედურ შემთხვევას ვერ აარიდებ, ეს დაუდევრობაა.

    ჩვენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას მივეჩვიეთ, სადაც არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი. მე ბავშვი სკოლას ჩავაბარე, რომელმაც ისე დაგეგმა ექსკურსია, არცერთ ეტაპზე არ გაუთვალისწინებია არსებული საფრთხეები და უსაფრთხოების ნაბიჯები არ დაუგეგმავს. მიუხედავად არსებული რისკებისა, თუ სკოლა მაინც გადაწყვეტს ასეთ ადგილას წასვლას, მშობლებმა ზედმიწევნით უნდა იცოდნენ ამ რისკების შესახებ და თავად გადაწყვიტონ, გაჰყვნენ შვილს თან თუ საერთოდ არ გაუშვან. როგორც ლიტერატურას უნდა ასაკის მიხედვით შერჩევა, ექსკურსიებიც ასეთი გათვლებით უნდა დაიგეგმოს. ჩემი მიზანია, სასამართლოში საქმის დაწყებით, შეიქმნას ისეთი პრეცენდენტი, რომელიც სხვებში ამ პასუხისმგებლობის გრძნობას გააჩენს და სხვა ადამიანებს აარიდებს მსგავს უბედურ შემთხვევებს.

    სოფის მამა

    ჩვენს საზოგადოებაში რაც ქალს არ ეპატიება, ის კაცისთვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი. ასე მოხდა სოფის მამის შემთხვევაში. 9 წლის იყო სოფი, როცა მამამ ქუდი დაიხურა და სახლიდან წავიდა. თანაცხოვრებისას, ოჯახში დიქტატორი იყო, თავისუფლებას გვიზღუდავდა, რამდენჯერ მიფიქრია, რომ აი, ახლა ავდგები და წავალ, მაგრამ ვცდილობდი, მის სახელს მოვფრთხილებოდი. სახელი, მიუხედავად ტირანული ხასიათისა, კარგი ჰქონდა. მისი ცუდიც კი არავის ეჯერა. ბოლოს, დამასწრო და თვითონ წავიდა. ქუჩაში გასვლისაც ძალიან მრცხვენოდა, მიტოვებული ქალის სირცხვილით ვიწვოდი. ამ დროს სალომე ძალიან დამეხმარა და ეს სირცხვილის გრძნობა მომაშორებინა. სოფის ყოველთვის ძალიან ენატრებოდა მამა, რომელიც მას იშვიათად ნახულობდა. შემოვიდოდა სახლში და უცებ ბუზღუნით მეტყოდა – „დედააა, მამა მომენატრა!“, თუმცა ძალიან გაბრაზებული იყო მისი საქციელის გამო, ყურადღებას რომ არ აქცევდა – მამის ჯიბრზე, ჩემს გვარზეც მოინდომა გადმოსვლა. სოფის ამბავი რომ გავიგეთ, მამამისი იმ დღეს არ მოვიდა, ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდებიო.
    ——————————————-
    სოფი ჩემთვის ცოცხალივითაა. რაღაცნაირად მშვიდად ვარ. ვგრძნობ, რომ ახლოსაა და სულ ვესაუბრები. უფრო და უფრო ნაკლებად მადარდებს, რას იტყვის ხალხი. სიტუაციებს წარმოვიდგენ ხოლმე, ახლა როგორ მოიქცეოდა, რას მეტყოდა, როგორ გადაძვრებოდა ფანჯრიდან და ნერვებს ამიშლიდა.

    ქველმოქმედებას ისევ დავუბრუნდი. ახლა ხალხის დასახმარებლად სოფლებში მარტო დავდივარ. ძალას ისევ შრომა მაძლევს. როცა ჩემი ყვავილების მაღაზიაში უცხო შემოივლის და სოფიზე დამელაპარაკება, მიკვირს და მიხარია, ამდენი ადამიანი იცნობდა ჩემს შვილს და უყვარდათ. საცხოვრებელი სახლი გამოვიცვალე, წარსულის გახსენებას ხელი რომ არ შეეშალა, ცხოვრება გამეგრძელებინა. ბევრს ვკონტაქტობ ახალი სამეზობლოს ბავშვებთან – კორპუსის ეზოში, ჩემი სახსრებით გავუკეთე საქანელები ასაკის მიხედვით, ქვიშა დავუყარე და ნაგავსაყრელისგან მინი რანჩო გავაკეთე, ეთნოელემენტებით, სადაც ხშირად მოდიან და ფოტოებს იღებენ. ბავშვებსაც უხარიათ ჩემთან ურთიერთობა, რადგან ცხოველები მყავს და ისინიც სწავლობენ მათ სიყვარულს.

    ახლა ოთხნი ვცხოვრობთ: მე, ნაპოვნი ცალთვალა ფისო, შეკედლებული ცუგა მიმი და სოფის დატოვებული ძაღლი – ბლექი.

    ავტორი: მაიკო ჩიტაია
    ფოტო: გედა დარჩია

     

    პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქალ­თა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის „ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან“ (ავ­ტო­რე­ბი: მა­ი­კო ჩი­ტა­ია, იდა ბახ­ტუ­რი­ძე, ნინო გა­მი­სო­ნია, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი: გედა დარ­ჩია, ნინო ბა­ი­და­უ­რი, სა­ლო­მე ცო­ფუ­რაშ­ვი­ლი, სოფო აფ­ცი­ა­უ­რი) მიერ.

    პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) მხარ­და­ჭე­რით და შვე­დე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (SIDA) და­ფი­ნან­სე­ბით. ამ­ჟა­მად, ახა­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა და სტა­ტი­ე­ბის ნა­წი­ლის მომ­ზა­დე­ბა ხდე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლე­თის მარ­თვის ინ­სტი­ტუ­ტის (EWMI) ACCESS-ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბით.

  • ამრიკელი ანალიტიკოსები საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტის პერსპექტივის შესახებ

    საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, არცერთ პარტიას არ აქვს საკმარისი ნდობა საზოგადოებაში, რომელიც მათ საშუალებას მისცემს უმრავლესობით შევიდნენ პარლამენტში და შეძლონ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ მთავრობა. დიდია იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომლებსაც პოზიცია არ დაუფიქსირებიათ ან არ იციან ვის მისცემენ ხმას.

    მაგალითად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მხოლოდ გამოკითხულთა 36 აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. კვლევის შედეგები 14 სექტემბერს გამოქვეყნდა. 17 სექტემბერს საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, სადაც გამოკითხულთა 23 პროცენტი ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემდა ხმას. გამოკითხულთაგან, ვინც იცის ვის აძლევს ხმას 2020-ის არჩევნებში, მონაცემები პარტიებზე ასე გადანაწილდა:

    • ქართული ოცნება 36%
    • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია 15%
    • ევროპული საქართველო 4%
    • სტრატეგია აღმაშენებელი 4%
    • პატრიოტთა ალიანსი 4%
    • ლეიბორისტული პარტია 3%
    • ალეკო ელისაშვილის პარტია 2%
    • ლელო 2%
    • გირჩი 2%

    სწორედ ამ მონაცემების გამო ჩნდება კითხვა, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები შევლენ და ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ მთავრობის ფორმირებას? ამ კითხვით “ამერიკის ხმამ” ვაშინგტონში გამოცდილ დიპლომატებს მიმართა, რომლებსაც საქართველოს თემატიკაზე აქვთ ნამუშევარი, კარგად იცნობენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და პოლიტიკურ პროცესებს.

    კურტ ვოლკერი რომელიც ამერიკის ელჩი იყო ნატოში და კარგად იცნობს როგორც რეგიონში, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამბობს, რომ პარტიებს შორის ურთიერთობა ძალიან რთული იქნება. დიპლომატი საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა და როგორც მმართველ გუნდთან, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან გამართა შეხვედრა.

    “მე ბევრი რამ ვიცი ორ პარტიას [“ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”] და განსაკუთრებით, ორი პარტიის ორ ლიდერს შორის [მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი] მტრობის შესახებ, ასე რომ, რეალისტურად რომ ვიფიქროთ, მათ შორის რეალური თანამშრომლობა ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. მე ორივე პარტიაში მყავს მეგობრები და როდესაც მათთან მაქვს საუბარი, რეალურად მათ შორის არსებობს საკითხები, რომლებზეც თანხმდებიან და საკითხებს ერთნაირად აღიქვამენ. მიუხედავად მხარეებს შორის მტრობისა, ზოგ საკითხზე მათ შეუძლიათ გამონახონ საერთო ენა. შეძლებენ, თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია,”- ამბობს კურტ ვოლკერი.

    მმართველი გუნდი “ქართული ოცნებიდან” ამბობს, რომ ისინი არჩევნებს მოიგებენ და მთავრობას დააკომპლექტებენ. ამ დროისთვის ამ პარტიას ყველაზე მაღალი ნდობა აქვს საზოგადოებაში ყველა კვლევის მიხედვით. თუმცა, ამ კვლევებით არ იკვეთება, რომ პარტია შეძლებს საკუთარი ძალებით დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა.

    საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, მეორე ადგილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იკავებს. ოპოზიციურ სპექტრში პარტიას ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს. რამდენიმე კვირის წინ, კი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პრემიერობა სურს

    თუმცა, საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად ამ პარტიას არ აქვს საკმარისი ნდობა საზოგადოებაში, რომ მიღებული ხმებით მთავრობა დააკომპლექტოს.

    “წინა ხელისუფლებასაც და მოქმედსაც აქვთ დადებითი და უარყოფითი მხარეები. არცერთი მათგანი არ არის სრულყოფილი. ამ დროისთვის ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ არავის აქვს უმრავლესობა. ამიტომ, საჭირო იქნება ერთგვარი კოალიციის შექმნა მთავრობის ფორმირებისთვის. კარგია, რომ პოლიტიკური კრიზისი დასავლელი პარტნიორების ძალისხმევით გადალახულია და საქართველოში ჩამოყალიბდა ბევრად უფრო პროპორციული სისტემა, ვიდრე ეს იყო წარსულში. ეს უკვე არის ვითარების გაუმჯობესება. როგორც უკვე აღვნიშნე, მოქმედიც და წინა ხელისუფლებაც არ არიან სრულყოფილები. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში ის იკავებდა კონკრეტულ თანამდებობას, რაც ვერ ვნახეთ ივანიშვილის შემთხვევაში. მე ვისურვებდი, რომ პროცესები უფრო ნაკლებად გახდეს კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული და ის იყოს საკითხებზე დაფუძნებული. მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება და ეს პერიოდი, რაც არჩევნებამდე არის დარჩენილი, გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში, რადგან ბოლო კვლევები, რომელსაც მე გავეცანი, ცალსახად აჩვენებს, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ბევრია. ეს კი ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრამდე მოვლენების განვითარებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ადამიანები,”- ამბობს დევიდ კრამერი.

    პოლიტოლოგები, დიპლომატები და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე ამერიკელი სპეციალისტები ცალსახად ამბობენ, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იქნება, რათა უნდა მოხდეს დადასტურება იმის, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ყველა მათგანი ასევე თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები მხოლოდ კონკრეტულ პირებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ე.წ. მესიების დრო უნდა დასრულდეს. ამის შესახებ “ამერიკის ხმასთან” ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა ისაუბრა.

    კენეტ იალოვიცი ისურვებდა, რომ “ძველმა, გამოცდილმა და ძლიერმა” ქართველმა პოლიტიკოსებმა საშუალება მისცენ ახალგაზრდებს ჩაერთონ პოლიტიკაში და მათ ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა.

    “საქართველოში დაახლოებით ისეთი ვითარება იქნება, როგორიც იყო 2012 წელს. მაშინ, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის პოსტს მიხეილ სააკაშვილი იკავებდა მანამ, სანამ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს აირჩევდა ქართველი ხალხი. ეს ერთგვარი კოჰაბიტაცია იყო. ეს არ იყო კატასტროფა, თუმცა ვერ ვიტყვით რომ კარგად მუშაობდა მაშინ ეს სისტემა. საქართველოში ახლა არის დრო, პერიოდი, როცა უნდა დასრულდეს ე.წ. მესიების დრო – ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, სააკაშვილი, ახლა ივანიშვილი. პოლიტიკურ პარტიებს ბევრი შრომა მოუწევთ, რათა შექმნან კოალიციური მთავრობა და ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება.კოალიციური მთავრობის შექმნა სხვადასხვა პრობლემებს ითვალისწინებს. ამის ნათელი მაგალითი ვნახეთ ისრაელში. თუმცა პოლიტიკოსებს ბევრი შრომა მოუწევთ და საჭირო იქნება კონსენსუსი, მეტი მოსაზრება უფრო ჯანსაღ პოლიტიკურ ვითარებას ქმნის და მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა პროცესის მართვა შესაძლებელია, აქ განსაკუთრებით საჭირო იქნება პოლიტიკური უნარების გამოვლენა. ბევრი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში ეს ის არის, რაც ქართველ ხალხს სურს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის,”- ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

    საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 3 კვირაა დარჩენილი. პროცესს დასავლეთი ყურადღებით აკვირდება. “[ეს ეტაპი] ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა” ამბობენ, ანალიტიკოსები და დიპლომატები ვაშინგტონიდან და იმედოვნებენ, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩაივლის.

    არის, თუ არა საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგული-ამ, ერთგვარ ტესტზე შედეგი, 2020 წლის არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებით დადგება-ფიქრობენ ისინი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოში ხელახალი კარანტინი გამოცხადდეს– პაატა იმნაძის განმარტება

    რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოში ხელახალი კარანტინი გამოცხადდეს– პაატა იმნაძის განმარტება

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აკონკრეტებს, რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საქართველოში ხელახალი ლოქდაუნი:

    “ ერთადერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, თუ მოხდება ისეთი კატასტროფული მატება , რომ საავამდყოფოში ადგილი  არ დარჩა მძიმე ავადმყოფებისთვის.

    ის, რაც თავის დროზე გააკეთეს იტალიამ თუ ესპანეთმა, იქ იმიტომ გააკეთეს, რომ მათი კლინიკები ვეღარ იტევდა ავადმყოფებს.

    ჩვენთან ძირითადად ხომ მარტო აჭარაშია, ანუ აჭარაზე ახლა მოდის ისეთივე დატვირთვა, იტალიაში რომ იყო ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში, დაახლოებით ისეთივეა ავადობა, მაგრამ აჭარის ჯანდაცვის სისტემა ამას უმკლავდება. დახმარება შეიძლება ჭირდებოდეს გარედან, მაგრამ ძირითადად უმკლავდება სიტუაციას.

    თუ ეს პაციენტები განაწილებულები იქნებიან ქვეყანაში ეს ნაკლები პრობლემა იქნება. თუ ეს კონცენტრირებული იქნება ერთ რეგიონში, ეს მეტი პრობლემა იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია ძალიან კონკრეტულ სიტუაციაზე.

    ჩვენ თან ლეტალობის მაჩვენებელი 0.6 პროცენტია ევროპაში ყველაზე დაბალი გვაქვს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით. ეს არის ბუნების კანონზომიერება – რაც მეტია ინფიცირებული, მით მეტია გარდაცვლილი.

    ვერ ვიტყვით რომ საქართველოში ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც არავის არ მოკლავს კოვიდი.“ –განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • მთავრობამ თვითონვე დაიჯერა, რომ კორონა დაამარცხა – გიორგი კავკასიძე

    “რეპროარტის” კლინიკური განვითარების მენეჯერი, გიორგი კავკასიძე გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ ხელისუფლებამ თვითონვე დაიჯერა კორონის დამარცხება. მისი თქმით, ის მკაცრი ზომები, რაც ხელისუფლებამ მარტში მიიღო, “ფალშ-სტარტი” აღმოჩნდა.

    “მათ თვითონვე დაიჯერეს, რომ კორონა დაამარცხეს. აი, ვინმემ რომ ამოიღოს ივნისი-ივლისის მთავრობის სხდომის კადრები, ვნახავთ, რომ პირბადე არავის უკეთია. არცერთ საერთაშორისო შეხვედრაზე პირბადე არ იყო. ამიტომ ხალხმაც დაიჯერა, რომ ეს კორონა ან არის, ან არ არის, ხოლო ის ადამიანები, მათ შორის, ექიმები, ვინც აფრთხილებდნენ, რომ ასე არ არის, ლამის შეაჩვენეს. მე არ მიცხოვრია საქართველოში და არ ვიცი აქაური პროტოკოლი, მაგრამ იქაური პროტოკოლით, სადაც ვმუშაობ, ერთ პაციენტზე მოდის ერთი ექთანი, თანაც ისე, რომ იქ ექთანზე გადანაწილებულია ექიმის ფუნქციებიც”, – ამბობს გიორგი კავკასიძე.

  • ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

    26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა.

    Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც შანელის პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა, შიშველი ფოტო საწოლზე გადაიღო.

    გოგონამ სელფი სარკეში გადაიღო და ინსტაგრამზე დადო. “რამდენი შეურაცხყოფაც არ უნდა მომაყენოთ, ამით მხოლოდ უკეთესი გავხდები“ – განაცხადა მოდელმა, რომელიც ხშირად აწყდება სიძულვილის ენას და კრიტიკას.

    ხელმომწერებში კვინლივანის სექსუალურმა კადრმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია: “რა საჭიროა ყველაფრის ასე გამოფენა?“, “აღარ არის საინტერესო, უკვე ყველაფერი ვნახეთ“, “რა გამხდარია“ , “საშინელი ფეხები აქვს“–წერდა ზოგი.

    თუმცა ბევრი ფანატი წერდა, რომ მათ ფოტო მოეწონათ “იდეალური სხეული“, “რა ლამაზი მუცელი გაქვს“, “კარგი გოგო ხარ“ – წერდნენ კომპლიმენტებს ხელმომწერები.

    თეოდორამ აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრება შეურაცხყოფასთან და დამცირებასთან ბრძოლაა. ეს ჯერ კიდევ ოჯახიდან დაიწყო, სადაც მამა სცემდა, გაგრძელდა სკოლაში, ახლა კი სოციალურ ქსელებში გრძელდება. თუმცა მოდელი არ ნებდება და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობს. კვინლივანი ბოსტონში დაიბადა. ტრანსგენდერული ტრანსფორმაცია მან 17 წლის ასაკში დაიწყო. მას დედა მხარს უჭერდა, მამა კი წინააღმდეგი კიო. თუმცა საბოლოოდ სქესის შეცვლის შემდეგ შვილი მაინც მიიღო.

    გოგომ კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკოლა ჟესკიერმა შეამჩნია. პირველად პოდიუმზე ოთხი წლის წინ გამოვიდა, მას შემდეგ კი ისეთი ბრენდების ჩვენებებში მონაწილეობდა, როგორებიც არიან Saint Laurent, Dior, Chloe, Louis Vuitton, Paco Rabban და სხვები.

  • ლედი გაგა Valentino–ს სარეკლამო კამპანიის სახე გახდა

    იტალიური ბრენდის, Valentino Beauty –ს პარფიუმერულმა განყოფილებამ Voce Viva–ს ახალი არომატი წარმოადგინა, რომლის სახე და იდეური შთაგონება ლედი გაგა გახდა. არომატის დასახელება შეიცავს მოწოდებას ყველა ქალის მიმართ  დაიპყრონ გულები, შეეცადონ თვითგამოხატვას,  შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ, შთააგონონ სხვები, საყვარელი ადამიანები, გაახმოვანონ ოცნებები და აუცილებლად განახორციელონ ისინი.

    Voce Viva–ს სარეკლამო ფილმი ვალენტინოს სახლის კრეატიული დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის, რეჟისორ ჰარმონი კორინის და ლედი გაგას თანამშრომლობით შეიქმნა და ის უფრო ინკლუზიური საზოგადოების შექმნის მოწოდებაა.

    ფილმი ბუნების და მუსიკის მკურნალ ძალაზე, ადამიანებს შორის ურთიერთობების მოთხოვნილებაზე და ისეთ სამყაროზეა, სადაც ყველას საკუთარი ხმა აქვს. ვიდეოკლიპის დევიზი – “ჩემი ხმა ჩემი ძალაა“ ადამიანებს მოუწოდებს გამოსცადონ ხმის ძალა, რათა საკუთარ ფასეულობებზე და მრწამსზე ყველას უამბონ.

  • საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

    ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის უმაყურებლოდ ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

    “5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო – ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

    მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

    თბილისის “დინამო არენას” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

    როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.
    მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

    როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროს რეკომენდაციაა,  საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი არ დაესწროს.

  • “შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას“–როგორ გადაიტანა ზურაბ გურულმა Covid19

    “შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას“–როგორ გადაიტანა ზურაბ გურულმა Covid19

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსის დიაგნოზს და ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიებს ფეისბუქზე ეხმაურება. ამავე დროს იხსენებს დეტალებს, როგორ გადაიტანა თავად კორონავირუსი ზაფხულში:

    “ვუსმენ CNN-ზე დოქტორ ფაუსტს და ვფიქრობ …

    დოქტორი ფაუსტი ჰარვარდიდანაა. საოცრად აღშფოთებულია, რომ თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ დაწვრილებით არ მოახსენა „ამერიკელ ხალხს“ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა; კერძოდ, როდის დაეწყო სიმპტომები, როდის და როგორ დაუმძიმდა, რა აჩვენა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, ლაბორატორიულმა ტესტებმა და ა.შ. ცხადია, დოქტორ ფაუსტს წამითაც არ უფიქრია, რომ ამერიკელი ხალხის გარდა ამ ყველაფერს უსმენს და აანალიზებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ათასი სხვა „ძაღლისა და მამაძაღლის“ სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც ამის მიხედვით აწყობენ ათასნაირ მავნებლურ გეგმებს, რომ დრო იხელთონ და პლანეტარული მასშტაბის ქაოსი შექმნან. მე კიდევ ქართულ მედიაზე მეღიმებოდა, როცა დაწვრილებით, პირდაპირ ეთერში აცნობდნენ ყველას ქართული ჯარის გადაადგილებებს საომარი მდგომარეობის დროს. მავნებელია თუ იდიოტი დოქტორი ფაუსტი? თუ ორივე ერთად? აცნობიერებს კი CNN, რას აკეთებს?

    რიტორიკული კითხვებია. ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით გასცეს პასუხი. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ დოქტორ კონლის გამოსვლა უაღრესად არაპროფესიონალური იყო; იმდენად ჰარიფული, რომ ალალია მასზე CNN-ის ეთერის „ტალახში თრევა“.

    შეუძლია თუ არა ნებისმიერ განათლებულ ექიმს პათეტიკის გარეშე, მშვიდად ისაუბროს კოვიდზე? ცხადია შეუძლია. ოღონდ, აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში. ნებისმიერი ექიმი სხაპასხუპით ჩამოგიყალიბებთ პროცენტებს, თუ რა შანსები ექნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში, თუნდაც ძირითადი კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დროს პაციენტს, მაგრამ აბა სცადოს ვინმემ იგივე სიზუსტით კოვიდის მიმდინარეობის წინასწარმეტყველება. ჰო! ჯერ არ შეუძლია ეს მსოფლიო მედიცინას.

    და რომ არ შეუძლია, ეს იწვევს მღელვარებას, შიშს, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში. შიში კი საოცრად ურტყამს იმუნურ სისტემას, დაუნდობლად.

    …. 12 ივნისი … დილიდან მტკივა მთელი სხეული და ყველა სახსარი. უსიამო წინათგრძნობამ შემიპყრო. შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას. ძალიან ბევრ სარისკო სიტუაციაში მომიხდა ყოფნა და თანაც არავინ იცის ზუსტად ჩვენი ნიღბების დაცვის სრული პოტენციალი.

    შუადღეზე საშინლად შემამცივნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა ძვალი გაყინული მიდევს სხეულში, არადა, გარეთ 35 გრადუსიანი სიცხეა. დაყოვნება აღარ ღირს. სადღაც გულის სიღრმეში ვიმედოვნებ რომ იქნებ გავცივდი, მაგრამ …

    ტესტი გამიკეთეს, მაგრამ პასუხი მხოლოდ 48 საათის შემდეგ იქნება. სამსახურიდან ბრძანება მივიღე რომ მკაცრ თვითიზოლაციაში წავიდე. გაჭირვებით მივაღწიე სახლამდე და ჩავწექი. სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია. ვცდილობ თავი დავიმშვიდო და არ ვიფიქრო შესაძლო გართულებებზე; არადა, გონებამ თავისით ამოაგდო ყველა მძიმე შემთხვევა. ნეტავ ლაბორატორიული ტესტების გაკეთება მაინც შემეძლოს სახლში, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდე რას ველოდო. მივხვდი რომ კოლეგისა და მეგობრის გონება მჭირდებოდა დასამშვიდებლად. ჩემი სიცხიანი გონება ვეღარ ქაჩავდა რაციონალურ აზროვნებას. მოვიკრიბე ძალა და ნანა გეგეჭკორს დავურეკე, ძალიან მაგარ ექიმს და კარგ მეგობარს. საოცარი სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. უცებ ჩამოაყალიბა ჩემი მკურნალობის გეგმა და დამაწყნარა. საუბრის მერე უკეთ ვიგრძენი თავი. -ბოლოსდაბოლოს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, რატომ უნდა გამირთულდეს, ვცდილობ დამშვიდებას და პრაგმატულად ფიქრს.

    18 ივნისი … 48 საათმა გაიარა, რაც სიცხე არ მქონია. მგონი ვრჩები. მიხარია. – ჯერ ნუ იჩქარებ – მაფრთხილებს ნანა და მაიძულებს რომ მაქსიმალურად ვიაქტიურო ფიზიკურად. მიჭირს სიარული, სისუსტისაგან თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ მინდა თრომბის მსხვერპლი გავხდე და ვცდილობ ეზოში ვისეირნო, ყველასაგან მოშორებით.

    შუადღეზე უცებ ამივარდა სიცხე და საშინლად შემამცივნა. ძალიან ცუდად ვარ. ვრძნობ რომ საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის.

    – ველოდი ამ გართულებას – მაინც ოპტიმისტურად არის ნანა. რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირს; პირჩაღმა დავწექი და ცოტა შვება ვიგრძენი.

    – საავადმყოფოში უნდა წახვიდე – მტკიცე ტონით მეუბნება ჩემი ექიმი.

    ტაქსის გამოძახება არ მსურს. არ მინდა უცნობი ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩავაყენო, ველოდები სიცხის დაკლებას და მერე თავად ვჯდები საჭესთან.

    -ორმხრივი კოვიდ პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები; უნდა დაგაწვინოთ – ოდნავ შეშფოთებას ვამჩნევ ხმაში ახალგაზრდა ექიმს, რომელიც ჩემი ყოფილი რეზიდენტი აღმოჩნდა.
    საავადმყოფოს დერეფანში არავინაა. ვერავის სახეს ვერ ვხედავ. ყველა შეფუთულია და ორმაგი ნიღაბი უკეთია. არაფრის თავი არ მაქვს, პალატაში შემიყვანეს თუ არა, მაშინვე ჩავწექი. საშინლად მცივა. ექთანს ვთხოვე რამდენიმე საბანი მოეტანა. ყველა საოცრად თბილად მეპყრობა. ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. უსიზმროდ ჩამეძინა.

    ღამის 3 საათზე გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირს. მეცოდება ექთანი გამოსაძახებლად. მთელი აღჭურვილობა უნდა აისხას ჩემთან შემოსასვლელად. სიცხე გავიზომე, 40-ს გადასცილდა. მე კი ძალიან, ძალიან მცივა. პარაცეტამოლს ვიღებ მაგიდიდან და ვსვამ; მერე მუცელზე ვწვები…

    … ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია; ყოველი. ექიმი ამ პლატფორმიდან უნდა მოქმედებდეს მუდამ და არასოდეს, არასოდეს არღვევდეს საექიმო ეთიკას.“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

  • შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა

    საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ არველაძემ ცოტა ხნის წინ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

    “ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“– წერს ფეხბურთელი.

    23 სექტემბერს უზბეკურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგვიანებით შოთა არველაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ მას სწრაფმა ტესტმა უჩვენა დადებითი პასუხი და PCR ტესტის პასუხს ელოდებოდა.

  • ცნობილი დიზაინერი კენზო კორონავირუსით გარდაიცვალა

    იაპონური წარმოშობის ფრანგი დიზაინერი, კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.კენზოს ცნობილი ბრენდის შემქმნელი  Neuilly-sur-Seine–ში მდებარე   ამერიკულ ჰოსპიტალში გარდაივალა

    ტაკადა 1939 წლის 27 თებერვალს იაპონიაში დაიბადა.1964 წლიდან პარიზში გადავიდა, სადაც დიზაინერის კარიერა დაიწყო. მან საკუთარი მოდის სახლი 1970 წელს შექმნა. კენზოს  ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტს კი 1999 წლამდე იკავებდა.

    მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას წინ უძღოდა პარიზის მოდის კვირეულზე კენზოს ბრენდის 2021 წლის გაზაფხული–ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

    ბრენდის კრეატიული დირექტორი ამჟამად ფელიპე ოლივეირა ბაპტისტაა, რომელმაც კენზოს გარდაცვალების შემდეგ ინსტაგრამზე დაწერა:

    “ძალიან სევდიანია ბატონი კენზო ტაკადას გარდაცვალება. მისი საოცარი ენერგია, სიკეთე, ნიჭი და ღიმილი გადამდები იყო. მისი მონათესავე სული ყოველთვის ცოცხალი იქნება. მშვიდობით განისვენე მაესტრო.“