Category: სლაიდერი

  • მტერსაც უნდა ველაპარაკოთ, ჩვენი სალაპარაკოა ეს – გახარია რუსეთზე

    “მტერსაც უნდა ველაპარაკოთ, ჩვენი სალაპარაკოა ეს”- ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ “მტერსაც უნდა ველაპარაკოთ” რადგან ეს ჩვენი სალაპარაკოა და სხვა ჩვენს ნაცვლად ოკუპანტს არ დაელაპარაკება.

    “ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით, მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია. რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით. რაც უფრო დროულად დავიწყებთ ფიქრს, როგორ დავალაგოთ, როგორ ვესაუბროთ ოკუპანტს და ჩვენი ქვეყნის მტერს დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს გარდა ამას არავინ არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, — აცხადებს ის.

  • წარდგენილები არიან მუდმივ მოსამართლეებად, კატასტროფაა – გახარია მოსამართლეებზე

    “წარდგენილები არიან მუდმივ მოსამართლეებად, კატასტროფაა “- ექსპრემიერი, პარტია საქართველოსთვის დამფუძნებელი გიორგი გახარია დაუჯერებელს უწოდებს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს.

    “რამდენიმე მოსამართლემ შეფასების დონეზე თქვა, რომ 2012 წლამდე ქართული სასამართლო იყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. და ეს ხალხი დღეს თავიდან არის წარდგენილი, რომ განწესდეს მუდმივ მოსამართლედ.  ვინმე გამოვა კიდევ და „საქართველოსთვის“ და გახარიას პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე დაიწყებენ ლაპარაკს მაშინ, როდესაც მოსამართლეებად წარდგენილი ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში ამბობენ, რომ თურმე საქართველოში 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც ხდება. დაუჯერებელი იყო! რამდენჯერმე ვუყურე, როგორ ამბობს მოსამართლე, რომ თურმე 2012 წლამდე ჩვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო გვქონდა”. – თქვა მან.

  • იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე – კელი დეგნანი 5 ივლისზე

    იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სამწუხარო დღეასე აფასებს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

    “ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იყო გამოყენებული, როცა ნათელი გახდა, რომ ამ ხალხში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალადობდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არ უჭერს მხარს ძალადობრივ ქმედებებს მოქალაქეების ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ”, – ამბობს დეგნანი. 

  • “თბილისი პრაიდის” 3 თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

    “თბილისი პრაიდის” 3 თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

    5 ივლისს,  “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას, ასევე დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ედავება.

     

  • გმირები არიან, უნდა გათავისუფლდნენ – “პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულების ადვოკატი

    გმირები არიან, უნდა გათავისუფლდნენ – “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

    ერთ-ერთი დაკავებულის, ადვოკატი, ანა ჟღენტი აცხადებს, რომ დაკავებული არსად შეჭრილა და უბრალოდ ჩამოხსნა ის რაც არ მოსწონდა.

    “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმაზე ბრალდებულ 3 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

  • 3 წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო და ცემა-ტყეპაც არ ყოფილა – გახარია

    “სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული ყოფილიყო”- ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თბილისი პრაიდის კვირეულს და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

    “ვიღაცა რაღაცას იქ დამიძახებს ან რაღაცნაირ შეფასებას გააკეთებს, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის ამას არა აქვს. მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი და ერთი და იგივე ხდება, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა. ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი”, –  აცხადებს გახარია.

  • ოხანაშვილის განცხადებით, ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი  გაუგებარია

    ოხანაშვილის განცხადებით, ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი გაუგებარია

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეუთო/ ოდირის დასკვნაში არსებული მოსაზრებების ნაწილი მისთვის გაუგებარია, ნაწილი კი მშრალი.

    “ეუთო/ოდირის შეფასება ეს არის შუალედური და არა საბოლოო. დაველოდებით საბოლოო დასკვნის ფორმულირებებს და გამოქვეყნებას. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხებს, ეუთო/ოდირი საუბრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა განახორციელა ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა სიტუაცია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეგულაციების, თუმცა რჩება გამოწვევები და ეს რა გამოწვევებია, ჩემთვის მშრალია. ყოველგვარი არგუმენტი, თუ რაზე დაფუძნებით მიაჩნიათ, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა პროცესი, გაუგებარია. ამიტომ დაველოდებით საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით გავაკეთებთ შეფასებებს.შესაძლებელია ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას საფუძვლად დაედოს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათ შეფასებაში იქონიოს გავლენა, პირიქით ვერ იქნება”,- აღნიშნა ოხნაშვილმა.

    ეუთო/ოდირი “ოცნებას” 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს

  • თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, დამილოცნიხართ! – ნონა გაფრინდაშვილი სპორტსმენებს

    თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც გიყურებთ, დამილოცნიხართ! – ასე მიმართა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიელებსა და პარაოლიმპიელებს საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე.

    „მოგესალმებით ძვირფასო ოლიმპიელებო, ძვირფასო პარაოლიმპიელებო, მე მგონი დღეს არის ღირსშესანიშნავი დღე, იმიტომ, რომ დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარება-არ ჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება. თუმცა თქვენ უფრო დიდი გამოცდა გელით იქ, იმიტომ, რომ პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ძალიან შეზღუდულები იქნებით ყველაფერში – თქვენ ამხელა მანძილი უნდა დაფაროთ, ჩაფრინდეთ, უცებ გამოხვიდეთ შეჯიბრზე და დაბრუნდეთ, ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდა თქვენის. მაგრამ თქვენს უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას. დღეს აქ მობრძანებულია მთელი ხელისუფლება, მოსულები არიან ვეტერანი სპორტსმენები და ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი – „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და დარწმუნებული ვარ ამ შემართებით იბრძოლებთ და ასე ღირსეულად დაგვიბრუნდებით. დამილოცნიხართ ისე, როგორც გლოცავთ აქ დამსწრე საზოგადოება!“- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

  • თბილისში დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა კლინიკა დატოვა

    თბილისში დაჭრილმა პოლონელმა ტურისტმა, იაცეკ კოლანკიევიჩიმ კლინიკა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არვრცელებს. ტურისტი სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში, ახლადგახსნილ სასტუმრო ბიოგრაფიში გაივლის.

    “საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.

    ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ”, – აცხადებს იაცეკ კოლანკიევიჩი.

    პოლონელი ტურისტ ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს, როცა თბილისში ღირსების მარსშის ჩასაშლელად ძალადობრივი კონტრაქცია გაიმართა.

  • “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

    “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

    “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა.

    “ბრალდების მხარე “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული 3 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობას. აღნიშნულ პირებს ბრალდება წარდგენილი აქვთ შეუწყნარებლობის მოტივით განხორციელებული დევნისთვის, ასევე მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის და ორგანიზებულ ძალადობრივ მოქმედებაში მონაწილეობის მიღებისთვის, რაც გამოიხატა მათ მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებში, ოფისში შეჭრაში, რბევასა და “თბილისი პრაიდის” კუთვნილი ნივთების და ინვენტარის დაზიანებასა და განადგურებაში. აღნიშნული ბრალდება სასჯელის საზით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით”,- განაცხადა გურულმა.