Category: სლაიდერი

  • შატილის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა

    ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე ნებისმიერი ტიპის ავტომობილით გადაადგილება აიკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზის ჩაკეტვის მიზეზი, ძლიერი წვიმა და სეტყვაა.

    ცნობისთვის, სვანეთში ძლიერი წვიმის გამო 20 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, 500-მდე ოჯახი დახმარებას ამ დრომდე ელის. სტიქიამ შავი ზღვის სანაპირო ზოლი მთლიანად დატბორა.

  • მედიასთან ბრძოლა არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა – გიორგი მარგველაშვილი

    ‘მედიასთან ბრძოლა არის ერთი მხრივ კრიტიკულ აზრთან ბრძოლა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა.”- განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა პოლიტმეტრში. ის მედიის წარმომადგენლების მიმართ გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა.

    “მედიაზე თავდასხმები არის სამწუხაროდ არა შემთხვევითი, არამედ აბსოლუტურად ლოგიკური, მიზანმიმართული პროცესი. მედია არ არის პირველი საფეხური ამ პროცესისა, მედია არის სამწუხაროდ ბოლო ინსტიტუტი, რომლის დანგრევის შემდეგაც ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად ტოტალიტარულ სახელმწიფოს. მარტივი შეჭმარიტებაა – დემოკრატიული საზოგადოება დგას ოთხ ძირითად ბურჯზე, ეს არის აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება. ამ სამიდან რეალურად უზურპირებული, დევალვირებული და ლეგიტიმაცია დაკარგული არის სამივე. მეოთხე არის მედია. ეს მეოთხე ძირითადი კოლონაც თუ ჩამოინგრა და შეწყვიტა ფუნქციონირება, როგორც თავისუფალმა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების წყარომ, მაშინ სამწუხაროდ, მიღწეული იქნება ეტყობა ის მიზანი, რომელიც ჩადებული იყო ქართული ოცნების საფუძველში, რომ საქართველოსგან გაკეთდეს ტოტალიტარული სახელმწიფო. “ეტყობას” იმიტომ ვამბობ, რომ მეთოდურობა წინა სამი ინსტიტუტის განადგურებისა, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში ვიგრძენით და ვნახეთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ მიმდინარეობს ინსტიტუტებთან ბრძოლა. მედიასთან ბრძოლა არის ერთი მხრივ კრიტიკულ აზრთან ბრძოლა, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ბრძოლა. მედიის დამარცხებით დამარცხდება ის, რაც იყო ჩემი და წინა თაობების მიზანი, რასაც არაერთმა ადამიანმა შესწირა თავისი სიცოცხლე, ეს არის დემოკრატიული საზოგადოება.”- განაცხადა მარგველაშვილმა.

  • ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება – ნანა გეგეჭკორი

    “ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება “- ამის შესახებ, აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს და  საქართველოს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს.

    „საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყიფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტალებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ამოყორილი მუცლით მიღებული სიამოვნება?

    ნუთუ ასე რთულია გავიგოთ,  ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიკური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობაკ ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?

    სანამ დროა, იქნებკ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებკ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს…

    აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები. გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ“ – აცხადებს გეგეჭკორი

  • ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა – თურნავა

    „არ ვგეგმავთ ეკონომიკის ჩაკეტვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იმუშაონ, ოჯახებს შემოსავალი ჰქონდეთ, ეკონომიკა განვითარდეს და გაჯანსაღდეს“, – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არსებული კოვიდ-სიტუაციის კომენტირებისას. ნათია თურნავას თქმით, ამჯერად მდგომარეობის გარდატეხა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის საშუალებით უნდა მოხდეს.

    „ახლა ქვეყანაში სრულიად საკმარისი რაოდენობითაა ვაქცინები იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჩაიტაროს დროული ვაქცინაცია და სწორედ ამ გზით გარდავტეხოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით – ჩაკეტვა ახლა, პრაქტიკულად, მიუღებელი ფორმაა. რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებას – საუბარია არსებული რეგულაციების გამკაცრებაზე, ანუ ჩვენ კვლავ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოსახლეობამ პირბადეები ატაროს და დაიცვას ელემენტარული წესები. დაწესებულებებში ხდება ამ წესების დაცვა, სადაც არ იცავენ, ხდება ამის კონტროლი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

    „გასაგებია, რომ ლოქდაუნის პრაქტიკა არსებობდა გლობალურად მსოფლიოში და პანდემიის დასაწყისში საქართველოც ამას იყენებდა – მაშინ ცოდნაც ნაკლები იყო, გამოცდილებაც და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წელი – 6%-ით დავამთავრეთ, ეს იყო გარდაუვალი, მაგრამ ძალიან მტკივნეული. დღესდღეობით, გვაქვს რა ვაქცინები და შეგვიძლია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას უკვე აღარ მივყვებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

  • მაშფოთებს მედიაზე თავდასხმა, ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე მედია დგას – მოსამართლე

    “მაშფოთებს მედიაზე თავდასხმა, ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე მედია დგას “- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, დავით ნარიმანიშვილი მედიაზე გახშირებულ თავდასხმებს  Facebook-ზე ეხმაურება.

    “საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის “მსხვერპლი”. თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს გაცხადებაა. ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ”, – წერს დავით ნარიმანიშვილი.  

  • ჟურნალისტებზე თავდასხმები ხდება ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით – ხოშტარია

    ჟურნალისტებზე თავდასხმები ხდება ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით – მოძრაობა დროას დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მედიის წარმომადგენლებზე გახშირებულ თავდასხმებს ეხმაურება.

    “ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ჟურნალისტებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ახალგაზრდებს, პრაქტიკულად უწევთ ფიზიკური ჯანმრთელობის საფრთხის ფონზე მუშაობა. უკვე ყოველდღიურია და არაერთჯერადი დღის განმავლობაში, როდესაც კორესპონდენტები და ჟურნალისტები არიან თავდასხმის ობიექტები.

    ეს ხდება მინისტრების და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით, ორგანიზებით, მაგალითებით, რასაც ემსახურებოდა სწორედ თეა წულუკიანის ბანდიტური გამოხტომა მთავარის ჟურნალისტის მიმართ. ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმა ამ ქვეყანაში არის მიღებული, წახალისებული და ამისთვის არავინ დაისჯება”, – აღნიშნა ხოშტარიამ.

  • მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება – შემოსავლების სამსახური

    ” მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება”- ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მთავარი არხის გაყიდვების სახლში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ უწყებაში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება.

    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის მიერ, გავრცელებულ განცხადებას და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმიური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეფუძნება საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას, ავტომატიზებული ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით, საგადასახადო კონტროლის ღონისძიება ყოველწლიურად ხორციელდება საშუალოდ 8000-ზე მეტ გადამხდელთან მიმართებით.

    აღნიშნული მიდგომით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში შერჩეულ იქნა დამატებით 500-მდე გადამხდელი, მათ შორის ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გაჟღერებული სარეკლამო სააგენტო, რომელიც სხვა მეწარმე სუბიექტებთან ერთად მომსახურებას უწევს ამ ტელეკომპანიას. შესაბამისად, გაცხადებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიება არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ ავტომატიზებულ ელექტრონულ სისტემაში მოხვდნენ სხვა სარეკლამო კომპანიებიც.

    აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების კამერალურ შესწავლას და შესაბამისი რისკების გაქარწყლების შემთხვევაში მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულებას.

    დამატებით განვმარტავთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმება ითვალისწინებს გადამხდელთან მხოლოდ დისტანციურ კომუნიკაციას და არ გულისხმობს გადამხდელის საქმიანობის ადგილზე რაიმე სახის ქმედების განხორციელებისა და საქმიანობის რაიმე სახით შეზღუდვას.

    გამომდინარე აქედან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას”, – წერია განცხადებაში.

  • სერბეთმა საქართველოში გაცემული კოვიდპასპორტი აღიარა

    სერბეთის რესპუბლიკამ ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შესაბამისი დადგენილება სერბეთის მთავრობამ 23 ივლისს გამოსცა.

    საქართველოში გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეებს სერბეთში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ

  • მთავარ არხში ე.წ. ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის დათრგუნვას – ნათელაშვილი

    “მთავარ არხზე ე.წ ფინანსური სამსახურების შესვლა მიზნად ისახავს თავისუფალი მასმედიის ისე დათრგუნვას,რომ ივანიშვილის ბატონობას მრავალი წელი არავინ შეუშალოს ხელი და მთელმა მასმედიამ ისწავლოს როგორც იტყვიან ჭკუა. აღვირახსნილი რეპრესიების შეჩერების ორად–ორი გზაა—ხალხის მრისხანება და ამერიკულ–ევროპული სანქციები.პირველი ჩვენ უნდა გავაკეთოთ მეორე ჩვენმა მოკავშირეებმა თუ ისინი არ არიან მარტო მთავრობის მოკავშირეები”

    განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. დღეს მთავარ არხში საგადასახადო სამსახური შევიდა.

  • “3 ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს” – რას ამბობდა კობახიძე 2 კვირის წინ

    ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 14 ივლისს რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ 3 კრიტიკულ ტელევიზიაში, ფორმულაში, მთავარ არხსა და ტვ პირველში “შავი ფული ტრიალებს”, რაც კანონდარღვევაა და გამოსაძიებელია.

    “2012 წლიდან მოყოლებული ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიებზე ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება. ერთია კანონის დარღვევა, რასაც აკეთებენ, მეორეა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები”,– განაცხადა კობახიძემ.

    დღეს მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა. ნიკა გვარამიას თქმით, ეს გეგმური შემოწმება არ არის, რაც მიუთითებს, რომ უწყება კობახიძის ბრძანებას ასრულებს. მისივე თქმით, სხვა კრიტიკულ მედიასაშუალებებსაც სავარაუდოდ იგივე ელოდებათ.